აზროვნების განსხვავებულობისა და ენების სწავლის შესახებ

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მრავალი ენის შესწავლა ვცადე და თითოეული რაღაც დონეზე ვისწავლე. იაპონურში მხოლოდ ჰირაგანას და კატაკანას ასოები, რამდენიმე ათეული იეროგლიფი და რამდენიმე ფრაზა მახსოვს (აი, დაახლოებით ასეთი ცოდნა მაქვს თურქულში, სპარსულში, ესპერანტოში და სხვებში :დ). არაბულში შემიძლია ლექსიკონის დახმარებით უცნობი ტექსტის თარგმნა, რაღაც მარტივი ფრაზების გაგება და ვარ ბედნიერი. იტალიურში უფრო მეტი შემიძლია: ვრცელი ტექსტების კითხვა, მოსმენა და დამტვრეული საუბარი. ფრანგულში 2005 წელს DALF-ის დიპლომი ავიღე, რაც იმას ნიშნავს რომ ოდესღაც კარგად ვიცოდი და მერე რა, რომ ისე აღარ ვიცი როგორც ოდესღაც, ლიტერატურას ვკითხულობ და ფილმებს ვუყურებ, ჰოდა საკმარისია. ახლა კი გერმანულს ვსწავლობ, ვინაიდან მჭირდება და იმედი მაქვს მალე ვისწავლი…
წინა აბზაცში განზრახ გამოვტოვე რუსული და ინგლისური ენები, ვინაიდან ეს ორი ენა არც არასოდეს მისწავლია (ხანმოკლე ინტერვალებს თუ არ ჩავთვლით სკოლაში და უნივერსიტეტში) და არც არასოდეს მქონია პრეტენზია, რომ რომელიმე მათგანის გრამატიკა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მისაღებად და ადამიანებთან საკომუნიკაციოდ ბოლო ორი წელია ჩემთვის ეს ორი ენაა არსებითი. უფრო მეტიც ეს ენები ჩემთვის არალოგიკურ სისტემად რჩება და არ მესმის ამდენი გამონაკლისის პირობებში, როგორ არის შესაძლებელი ვინმემ ისინი გრამატიკის საშუალებით ისწავლოს. ჰოდა, რადგან არ მესმის, არც არასოდეს ვეცდები გაგებას. ამ ქვეყნად კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება, ამაზე დრო რომ არ დავხარჯო.
უცხო ენების შესასწავლად ჭკვიანმა ბიძიებმა და დეიდებმა მრავალი მეთოდოლოგია შექმნეს. საინტერესოა, რომ ორი ნებისმიერად აღებული მეთოდოლოგია როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისან: ზოგი დიალოგებზეა ჩაციკლული და აქცენტს კომუნიკაციაზე აკეთებს, ზოგი გრამატიკის სავარჯიშოებით ღუნავს ტვინს, ზოგი პატარ-პატარა ტექსტებით ცდილობს ფონს გასვლას… საერთო ჯამში თუ ადამიანი მოიწადინებს ენის ინდივიდუალურად შესწავლას ძალიან დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდება ვინაიდან ვერ გაიგებს რითი დაიწყოს, როგორ დაიწყოს და რა აკეთოს.
სწორად ამის გამო შევეცდები ოდნავ მაინც მოვფინო ნათელი იმ ქაოსს თუ რატომ არსებობს ამდენი მეთოდოლოგია და რატომ იჩემებს თითოეული ერთადერთი ჭეშმარიტი მეთოდოლოგიის შემქმნელობას. საქმე იმაშია, რომ სწავლა არ არის სწორხაზოვანი პროცესი. ხელოვნური ნეირონული ქსელების სპეციალისტები ამბობენ, რომ რაღაცის სწავლის დროს სავარჯიშოების კეთებით, გრამატიკის წესების გააზრებით, დიალოგების ზუთხვით და ა.შ. ტვინის ნეირონები ისე იმუხტებიან, რომ როგორც კი უცნობი აზრის გამოთქმა მოგინდებათ ადეკვატური ინფორმაცია გამოდის სამეტყველო აპარატიდან, ან პირიქით შედის ტვინში ყურების გავლით.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ტვინის ნეირონული ქსელის ზედმიწევნით ზუსტი არქიტექტურა. ადამიანებმა ბოლო ორი ათას ექვსასი წლის განმავლობაში რაღაცის გაგება მაინც მოახერხეს იმ ფენომენის შესახებ რასაც აზროვნება ჰქვია და რასაც ძვ. ბერძნები „ლოგიკას“ ეძახდნენ. საინტერესო ისაა, რომ აზროვნების სხვადასხვა ტიპი არსებობს, სწორად ამან განაპირობა უცხო ენების შესასწავლი მეთოდოლოგიების ნაირგვარობა. თუმცა უხეშად რომ ვთქვათ აზროვნების და მსჯელობის ყველა ტიპი შეიძლება მოკლედ ასე განვიხილოთ: ჩვენ გვაქვს მოცემული ნაცნობი ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც უნდა გავიგოთ უცნობი ინფორმაცია.
აზროვნების ტიპების განსხვავების დასანახად მოდით მაგალითები განვიხილოთ: 1) ჩვენ გვეუბნებიან, რომ მესამე რაიხში არის მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომლის თანახმადაც ყველა ებრაელს უნდა ეკეთოს დავითის ვარსკვლავი. შესაბამისად თუ ჩვენ ვიმყოფებით მესამე რაიხში და ვხედავთ დავითისვარსკვლავიან ადამიანს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ებრაელია 2) ჩვენ მოვხვდით მესამე რაიხში და ვხედავთ, რომ ზოგიერთ მაცხოვრებელს უკეთია დავითის ვარსკვლავი და მათ შორის ვისაც ვკითხეთ, გვითხრა რომ ებრაელია. ჩვენ ვასკვნით, რომ მესამე რაიხში დავითის ვარსკვლავი ებრაელებს უკეთიათ 3) ჩვენ მოვხვდით მესამე რაიხში და აღმოვაჩინეთ, რომ დავითის ვარსკვლავი უკეთიათ მხოლოდ ებრაელებს. ჩვენ გამოვთქვამთ ჰიპოთეზას, რომ ეს ნაციონალ-სოციალისტებმა იმიტომ გააკეთეს, რომ ებრაელები გამოერჩიათ ვიზუალურად და შესაბამისად დავითის ვარსკვლავის ტარება შემთხვევითი არ არის, შესაბამისად ყველას ვისაც უკეთია დავითის ვარსკვლავი არის ებრაელი, ჩვენი ჰიპოთეზის შესაბამისად.
ზემოთ განხილული სამ შემთხვევას ლოგიკაში: 1) დედუქცია 2) ინდუქცია 3) აბდუქცია ეწოდებათ. საინტერესოა, რომ სწორად მათ შორის განსხვავებები განსაზღვრავს უცხო ენების შემსწავლელი მეთოდოლოგიების რაობას. ასე მაგალითად წიგნები, სადაც ჯერ გრამატიკას გასწავლიან, წესს განგიმარტავენ და შემდეგ გაჩვენებენ, როგორ მოარგოთ ეს წესი კონკრეტულ შემთხვევას დედუქციურ მსჯელობაზე დგას. წიგნები, სადაც ბევრი დიალოგის ტექსტს გაზეპირებინებენ, წესების მინიმალურ რაოდენობას, ან საერთოდ არ გიხსნიან და სწავლის პროცესში თქვენ თავად ხვდებით ენის შინაგან სტრუქტურას, გრამატიკულ წესებს და თავისებურებებს – ეს ინდუქციაა. აბდუქციის შემთხვევაში კი გრამატიკა და ტექსტები პარალელურად მიდის, ოღონდ ისე რომ წესებს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გეუბნებიან პოსტ-ფაქტუმ, რათა ნათელი მოჰფინონ თუ რატომაა ეს ფრაზა ასე და არა ისე.
ერთი კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: ყველას ვისაც გერმანულის ანა-ბანის სწავლა განუზრახავს აუცილებლად ისწავლიდა მისალმებებს: Guten Morgen, Guten Abend, Guten Tag და (!) Gute Nacht. ეს უკანასკნელი რატომაა Gute და არა Guten თავიდან არავინ გვეუბნება და ოდესმე, როცა ზედსართავების ბრუნებას და არსებითი და ზედსართავი სახელების შეწყობის წესებს ვსწავლობთ, მხოლოდ მაშინ ხდება გასაგები (ეს აბდუქციაა). ინდუქციის შემთხვევაში არავინ არაფერს გვეუბნება, ვიზეპირებთ ყველა შემხვედრ ზედსართავს და არსებითს მოცემულ დიალოგებში და ერთ მშვენიერ დღეს შვილებსაც ასე ვასწავლით: „Gute Nacht-ში ბოლოში “n” არ უნდა მეთქი და მორჩა!“ – დედუქციის შემთხვევაში კი ჯერ წესებს ვსწავლობთ და მერე ყველაფერი მარტივია.
ჰოდა, ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ ადამიანებს ებადებათ კითხვა: რომელი მიდგომაა უკეთესი? – პასუხი ამ შემთხვევაში არის შემდეგი: გააჩნია ვისთვის! – ზოგი ადამიანისათვის აზროვნების ბუნებრივი ფორმა ინდუქციაა, ზოგისთვის აბდუქცია და ზოგისთვის კი – დედუქცია (ამ უკანასკნელებზე ამბობენ, რომ ფორმულებით და სქემებით აზროვნებს :დ), შესაბამისად მეთოდოლოგია ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული და ერთი მარტივი რაღაც უნდა გვახსოვდეს: ყველა მეთოდოლოგია ყველა ადამიანზე არ მუშაობს და სანამ ენის შესწავლას დააპირებთ ჯერ ის დაადგინეთ აზროვნების რომელი სახესხვაობაა თქვენთვის ყველაზე ახლობელი და ამის შემდეგ შეარჩიეთ სახელმძღვანელო.
ლექსი შეშლილ მათემატიკოსზე

ლექსს შეშლილი მათემათიკოსის შესახებ ორი წლის წინ გადავაწყდი ერთ ბლოგზე, სადაც მათემატიკოსთა ჭკუამხიარული და გონებამახვილური ლექსებია თავმოყრილი. ლექსის ავტორი მარშალის უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი ჯონ დროსტია, რომლის მეუღლეც თურმე მათემატიკის მასწავლებელი ყოფილა. ეს ლექსი გამოქვეყნდა კრებულში Strange Attractors: Poems of Love and Mathematics და ისე მომეწონა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე იმდენჯერ წავიკითხე, ზეპირად შემომესწავლა. თარგმნის სურვილი თავიდანვე გამიჩნდა, თუმცა კეპლერის უნივერსიტეტის დაძაბული სასწავლო კურიკულუმის გამო ეს გასულ წელს ვერ მოვახერხე. დღეს როგორც იქნა მოვიხელთე თავისუფალი დრო და როგორც ლეგოს სათამაშო კუბები ისე ჩალაგდა ერთმანეთში სიტყვები. ლექსის შინაარსიდან გამომდინარე თარგმანი შედარებით თავისუფალი გამოვიდა და ამიტომ ჩემს თარგმანში შეშლილ მათემატიკოსს ეშლი ჰქვია:
I Even Know of a Mathematician by John L. Drost
“I even know of a mathematician who slept with his wife only
on prime-numbered days…” Graham said.
―Paul Hoffman, The Man Who Loved Only Numbers
A mathematician was obsessed with things prime.
He thought about them almost all of the time.
Said to his dear wife, “It truly seems right
That we should only make love on a prime-numbered night.”
His wife thought for a bit (’cause she was no dummy),
“At the month’s start this does seem quite yummy,
For there’s two, three, five, seven
A three-night hiatus and then there’s eleven.
But of the month’s end I start to be wary
Near the twenty-third day of the month February.
For the next prime day after will be March the first
Such sexual continence might cause me to burst!”
He shook his head sadly, “As it’s commonly reckoned,
The next prime day would be found on the second.”
ლექსი შეშლილ მათემატიკოსზე
მათემატიკოსს ვიცნობდი, ეშლის:
მარტივ რიცხვებზე ფიქრებით შეშლილს.
უთხრა ცოლს: “სექსი გვექნება მხოლოდ
მარტივრიცხვიან დღეებში“, – ხოლო
დაფიქრდა ცოლი, ქალი უთბესი:
„თვის დასაწყისი მოჩანს უტკბესი:
ორი და სამი, ხუთი და შვიდი,
და თერთმეტამდე ვიქნები მშვიდი,
თუმცა თებერვლის ოცდასამიდან
მე უსექსობას ვეღარ ავიტან.
თავშეკავება პირველ მარტამდე,
ჭკუიდან შემშლის, სულ მთლად გადამრევს!“
მიუგო ეშლიმ კრძალვით და კიცხვით:
“არ არის ერთი მარტივი რიცხვი!”
P. S. დღეს 16 მარტია და ჯონ დროსტის მეუღლის “სიხარულს” ვიზიარებ :)
ჰაინეს ერთი ლექსის თარგმანი

დღეს ეს ლექსი შემომხვდა ფეისბუქში და იმდენად გამიხარდა ყველაფერი რომ გავიგე, რამდენიმე წაკითხვაში დამამახსოვრდა. ჰოდა, სამსახურიდან შინ დაბრუნებულზე, როცა ვისვენებდი თავისით შემომეთარგმნა. იყოს აქ, რომ არ დაიკარგოს:
* * *
შენმა წერილმა არ გამაბრაზა,
ჩემს გულთან ახლოს არც კი მივიდა.
ამბობ მშორდები, თუმცა ეგ არზა
ცოტათი ვრცელი გამოგივიდა.
წვრილად ნაწერი თორმეტი გვერდი
ერთი პატარა ფოლიანტია -
თუ არ გიყვარვარ, ამდენს რას მწერდი,
შენს გულში ცეცხლი თუ არ ანთია?!
ჰაინრიხ ჰაინე
* * *
Der Brief, den du geschrieben,
Er macht mich gar nicht bang;
Du willst mich nicht mehr lieben,
Aber dein Brief ist lang.
Zwölf Seiten, eng und zierlich!
Ein kleines Manuskript!
Man schreibt nicht so ausführlich,
Wenn man den Abschied gibt.
Heinrich Heine
“სოციალური ქსლის” თუ “სოციალური ქსელის”?!
რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლების“ ეთერით გადაიცა რეპორტაჟი სოციალური ქსელების შესახებ, სადაც გადაცემის ავტორები შეეცადნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინტერნეტაქტივობა გაეშუქებინათ. გადაცემა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული გამოვიდა, თუმცა ჩემი ყურადღება ჩემი ყურისთვის უჩვეულო ფრაზამ „სოციალურმა ქსლებმა“ მიიპყრო, რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა. ამ „ქსლებს“ შემდგომში დიდი განხილვა მოჰყვა ჩემი მეგობრის, თამუნა მირიანაშვილის ფეისბუქის კედელზე, რომელშიც გადაცემის ავტორი, დათო ჩიხლაძე ჩაერთო და განგვიმარტა: „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით სიტყვა “ქსელი” კუმშვადია, ანუ თუ სახელობით ბრუნვაში გვაქვს “ქსელი”, ნათესაობითში იქნება “ქსლისა”. ჟღერადობა ერთია და ენობრივი ნორმები მეორე. ვისაც გსურთ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედაქტორები ვარლამ თოფურია და ივანე გიგინეიშვილი, გამომცემლობა “განათლება”, თბილისი, 1998 წ.)“, ამასთან ისიც დასძინა, რომ „რადიო თავისუფლების“ მომზადებულ სიუჟეტებში ეს სიტყვა ამ ფორმით ძალიან ხშირად გამოიყენება.
„რადიო თავისუფლების“ რედაქციის დიდი პატივისცემის მიუხედავად ზემოხსენებული სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსლების“ შესახებ ჩემს ყურს იმდენად ჭრის, რომ გადავწყვიტე დამედგინა სიმართლე, კერძოდ თუ რა წერია ლექსიკონში, რა ფორმითაა დამკვიდრებული თანამედროვე ქართულში სიტყვა “ქსელი” ნათესაობით ბრუნვაში და საერთოდ რატომ იკუმშება არსებითი სახელები… პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნო, რომ გადაცემის ავტორის მიერ დამოწმებულ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (1990 წ. გამოცემა) ვკითხულობთ: „ქსელი (ქსლისა) 1. საფეიქრო დაზგაზე სიგრძივ გაბმული საქსოვი ძაფები. 2. ძაფი, რომელსაც გამოყოფს აბრეშუმის ჭია 3. ერთობლიობა რაიმე ტერიტორიაზე, რაიმე სივრცეში განლაგებული გზებისა, ხაზებისა“. ამასვე მოწმობს ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (1968 წ. გამოცემა), სადაც წერია: „ქსელი (ქსლისა)“. გამოძიება დასრულებულად მქონდა გამოცხადებული და უკვე ვიწყებდი „სოციალური ქსლების“ ყურის შეჩვევას, რომ გამახსენდა კიდევ ერთი რესურსი: www.ena.ge – ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი!
ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი (www.ena.ge) შექმნილია არსებული ნორმატიული გამოცემების: თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“ ბაზაზე, მოქმედი ორთოგრაფიული წესების გათვალისწინებით. ეს ლექსიკონი წარმოადგენს ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიმდინარე ინტერნეტ-გამოცემას და მასში ასახულია ყველა ნორმატიული ცვლილება, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ქართულ ენაში. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სწორი ფორმებია: „ქსელად“, „ქსელიანად“, ხოლო ფორმა „ქსლის“ საერთოდ არ გვხვდება მონაცემთა ბაზაში. ბუნებრივია გამიჩნდა შეკითხვა: რომელია სწორი „ქსელის“ თუ „ქსლის“, „ქსელების“ თუ „ქსლების“. ამის გამოსარკვევად, მოდით, ჯერ გამოვარკვიოთ თუ რა არის რედუქცია, ანუ არსებითი სახელის ფუძის კუმშვის პროცესი.
„ქართული ენის ენციკლოპედიაში“ (2008 წ. გამოცემა) სტატიაში „რედუქცია“ ვკითხულობთ: „ხმოვანდაკარგვითი რედუქცია ქართულში გვხვდება ფუძეთა შეკუმშვის გზით სამ ბრუნვაში − ნათესაობითში, მოქმედებითში და ვითარებითში. რედუქცია ქართულში არ არის მოქმედი პროცესი. ამჟამად იგი მხოლოდ ტრადიციული ნორმაა, შემონახული იმ დროიდან, როდესაც ენას უნდა ჰქონოდა ძლიერდინამიკური სიტყვათმახვილი (გ. ახვლედიანი, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია)“. ე.ი. “ქსელ”-ის შემთხვევაში მოქმედებით, ნათესაობით და ვითარებით ბრუნვებში სწორი ფორმებია: „ქსლით, ქსლის, ქსლად“, თუმცა როგორც ზემოთ ჩანს ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი ამბობს, რომ სწორი ფორმაა: „ქსელად“ და „ქსელიანად“, რაც ეწინააღმდეგება რედუცირებულ ვარიანტებს. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაზე არსებულ Google-ის მიერ დაინდექსებულ ვებ-გვერდებში სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსელების“ გვხვდება 59200, ხოლო „სოციალური ქსლების“ კი – 5 შემთხვევაში. „სოციალური ქსელის“ ვარიანტი დაფიქსირებულია 112000 ვებ-გვერდში, „სოციალური ქსლის“ კი – 75-ში და, რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, ამ 75 შემთხვევაში ბმულების უმრავლესობას „რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებულ სტატიებამდე მივყავართ.
ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით სავსებით შეგვიძლია იმის დასკვნა, რომ „სოციალური ქსლის“, ან „სოციალური ქსლების“ ფორმა არ წარმოადგენს თანამედროვე ქართული ენის ნორმას (ამას მოწმობს ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი და ამას მოწმობს ქართულად მოლაპარაკეთა უმრავლესობა, რომლებიც „სოციალურ ქსელებს“ ანიჭებენ უპირატესობას). პირადად ჩემთვის უცნობია, თუ რატომ განიცადა ენამ ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და რატომ იცვალა იერსახე სიტყვამ „ქსლის“ და მოგვევლინა ახლებური ფორმით „ქსელის“, მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხიტყსაოსანში“ ვხვდებით შემდეგ ციტატას: „კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“, თუმცა ფაქტია ერთი რამ: ქართული ენა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ენა, ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომაც მე პირადად როცა მსურს გავარკვიო თუ რომელია სწორი ფორმა, მაგალითად „სოციალური ქსლის“ თუ „სოციალური ქსელის“, საამისოდ მტვერდადებულ ლექსიკონს არ მივაშურებ ხოლმე და ამ შემთხვევაში ჩემს ყურს უფრო ვენდობი, რომელიც უკიდურესი ფორმით აპროტესტებს „სოციალურ ქსლებს“.
P. S. დამატებითი ინფორმაცია კუმშვის და კვეცის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ვებ-გვერდზე.
თსუ–ს 2012 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი, ფინალი
1. ერთი სექსისტური ხუმრობის თანახმად ეს მიიღება მაშინ, როცა ქერა თმიანი ქალბატონი თმას შავად იღებავს. ეს იქცა 2001 წელს ეკრანებზე გამოსული ბლოკბასტერის სახელწოდებად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
პასუხი: ხელოვნური ინტელექტი
კომენტარი: ქერა თმიანი ქალები ანეკდოტებში უინტელექტოები არიან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
2. ეს თამაში 1986 წელს შექმნა დიმიტრი დავიდოვმა. მის ფორმალურ აღწერაში ვკითხულობთ: ეს არის მოდელირებული ბრძოლა ინფორმირებულ უმცირესობასა და არაინფორმირებულ უმრავლესობას შორის. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ თამაშს?
პასუხი: მაფია
კომენტარი: საუბარია თამაშზე, რომელსაც საქართველოში ტელეკომპანია „იმედის“ წყალობით „მაფიის ღამის“ სახელწოდებით იცნობენ. ამ თამაშში ინფორმირებული მაფიოზები უნდა დაამარცხონ არაინფორმირებულმა მოქალაქეებმა.
წყარო: 1. ბმული
3. თქვენს წინაშეა ხუმრობა ჩაკ ნორისის შესახებ: ” Chuck Norris knows (…………….)”, სადაც გამოტოვებულია ქალაქ სან-ფრანცისკოში 1977 წელს შექმნილი ბრენდის სახელწოდება. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ბრენდს?
პასუხი: Victoria’s Secret
კომენტარი: Victoria’s Secret 1977 წელს დაარსდა ქალაქ სან-ფრანცისკოში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
4. ერთმა ცნობილმა კომპანიამ, დაამზადა სარეკლამო ბილბორდების სერია. სადაც შეგვიძლია ვიხილოთ ლიონელ მესი ბრაზილიის ნაკრების #10 ნომერი მაისურით და კრიშტიანუ რონალდო არგენტინის ნაკრების #7 მაისურით. ის, რის რეკლამირებასაც ახდენს ეს ბილბორდები საქართველოში აქტუალური ბოლო 2 წელიწადში გახდა. ყურადღება შეკითხვა: რას უწევენ რეკლამას ეს ბილბორდები?
პასუხი: ნომრის პორტირებას
კომენტარი: კომპანია UniverCell-მა მესი გამოსახა ბრაზილიის #10 მაისურით და მიაწერა: შეიცვალე ქსელი და შეინარჩუნე შენი ნომერი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
5. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთისა და მესამე რაიხის სამხედრო შტაბებს შორის შედგა ჯენტლმენური შეთანხმება, რომლის თანახმადაც თუ გერმანელები არ დაბომბავდნენ ოქსფორდს და კემბრიჯს, სანაცვლოდ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები არ გაილაშქრებდნენ ამ ორი ქალაქის ცაზე. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი ქალაქის ხელუხლებლობის პირობა დადეს ბრიტანელებმა სანაცვლოდ?
პასუხი: ჰაიდელბერგი, გეტინგენი
კომენტარი: გეტინგენი და ჰაიდელბერგი გერმანიის საუნივერსიტეტო ცენტრებია ისევე, როგორც ოქსფორდი და კემბრიჯია დიდი ბრიტანეთის.
წყარო: 1. John Gribbin, Michael White, “Stephen Hawking: A life in Science”, The Joseph Henry Press, Washington D.C, 2002, p. 5
6. 1949 წელს ტორბიორნ ეგნერმა დაწერა საბავშვო წიგნი „კარიუსი და ბაქტუსი“. ამ რომანში კარიუსი და ბაქტუსი პაწაწინა ტროლები არიან, რომლებიც გამოქვაბულის ნაცვლად ღრმულებში ცხოვრობენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა გამოვტოვე მე შეკითხვაში წაკითხვის დროს?
პასუხი: კბილის
კომენტარი: ეს ტროლები კბილების ღრმულებში ცხოვრობენ. კარიუსი იგივე კარიესია, ბაქტუსი კი – ბაქტერია.
წყარო: 1. ბმული.
7. ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა საგაზეთო სტატიაში ეს მსახიობი მოიხსენია ზედსართავი სახელით, რომლითაც ბოტანიკაში კვიპაროსს და სექვოიას მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ მსახიობის სახელი და გვარი.
პასუხი: ევა გრინი
კომენტარი: სიტყვების თამაშია, მსახიობის სახელი და გვარი ჟღერს დაახლოებით ისევე, როგორც ინგლისური სიტყვა Evergreen (მარადმწვანე). კვიპაროსი და სეკვოია მარადმწვანე მცენარეებია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
8. თქვენს წინაშეა ვიკიპედიის სტატიის სათაური და ილუსტრაცია ამავე სტატიიდან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით როგორ ითარგმნება სტატიის სათაური ქართულად?

პასუხი: შვედური მაგიდა
კომენტარი: ესაა ე.წ. „შვედური მაგიდა“ რომელსაც სკამები არ აქვს.
წყარო: 1. ბმული
9. დასავლური პრესა ანდერს ბრეივიკს მოიხსენიებს ორი სიტყვით. ეს ორი სიტყვა იმ ნაწარმოების სათაურია, რომელიც მას შესაძლოა ორიგინალში აქვს წაკითხული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: ხალხის მტერი
კომენტარი: ნორვეგიელ ანდერს ბრეივიკს, რომელმა კუნძულ ოტოიაზე 87 ადამიანი მოკლა ხალხის მტერს უწოდებენ. „ხალხის მტერი“ დიდი ნორვეგიელი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესის სათაურია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული 4. ბმული
10. ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის პოსტერზე გამოსახულია ხელი, რომელსაც ჯვარი უჭირავს. ყურადღება შეკითხვა: რა პროფესიისაა ადამიანი, რომელსაც ეს ხელი ეკუთვნის?
პასუხი: მარიონეტების მმართველი
კომენტარი: ე.წ. „ჯვარი“ მარიონეტების სამართავი ნაწილია, რომელზეც ძაფებითაა გამობმული მარიონეტები. ეს არაორაზროვნად მიუთითებს ვიტო კორლეონეზე, რომელიც როგორც მარიონეტებს ისე მართავს ფილმის სხვა პერსონაჟებს.
11. ერთმა ბლოგერმა 2011 წლის 24 აპრილს თავის ბლოგზე დაწერა: ეშმა ყოველთვის იქ არის ჩასაფრებული, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით. ჰოდა, სიფრთხილე ყოველთვისაა საჭირო, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ვამბობთ სიტყვას… ყურადღება შეკითხვა: რომელ სიტყვას?
პასუხი: ჭეშმარიტად
კომენტარი: 2011 წლის 24 აპრილს აღდგომა იყო. სიტყვაში „ჭეშმარიტად“, რომელსაც აღდგომას წარმოთქვამენ მორწმუნეები პასუხად „ქრისტე აღსდგასი“ დაფიქსირებულია „ეშმა“ − ჭ-ეშმა-რიტად.
წყარო: 1. ბმული
12. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შარლ ტელიემ შექმნა მოწყობილობა, რითაც ძალიან იხეირეს არგენტინელებმა, ვინაიდან მათ საშუალება მიეცათ მოეხდინათ თავიანთი საქონლის ექსპორტირება ევროპაში, რასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ. ყურადღება შეკითხვა: რა მოწყობილობა გამოიგონა შარლ ტელიემ?
პასუხი: მაცივარი
კომენტარი: მანამდე არგენტინელებს ძროხის ხორცი ვერ გაჰქონდათ ვერსად, ვინაიდან ტრანსპორტირებისას ფუჭდებოდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
13. თქვენს წინაშეა ოჯიბვეს ტომის ინდიელთა ამულეტი, რომელსაც ისინი კონკრეტული მიზნით საწოლის თავთან კიდებენ. ერთი ცნობილი ამერიკელის შვილმა დაწერა წიგნი საკუთარი მამის შესახებ და წიგნის სათაურად ამ ამულეტის სახელწოდება შეარჩია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ამერიკელი.

პასუხი: ჯერომ დევიდ სელინჯერი
კომენტარი: ეს ამულეტი არის ე.წ. Dreamcatcher (სიზმრების დამჭერი). მწერლის შვილმა, მარგარეტ სელინჯერმა ასე უწოდა წიგნს მამამისის შესახებ, რომლის უმთავრეს ნაწარმოებსაც Catcher in the rye წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული
14. თეოდორ დრაიზერის რომანის შესახებ დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ: ეს არის რომანი ამერიკის მართლმსაჯულების შესახებ, სადაც თვალსაჩინოდაა ნაჩვენები თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს ასეთი იქსი, ასეთ იგრეკად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ასეთი იქსიც და ასეთი იგრეკიც.
პასუხი: ამერიკული ოცნება, ამერიკული ტრაგედია
კომენტარი: თეოდორ დრაიზერის რომანის, „ამერიკული ტრაგედიის“ მთავარმა პერსონაჟმა, რომელიც წარმატებულია, ანუ მისი ამერიკული ოცნება ახდა, მოკლა ცოლი და ამის შემდეგ ამერიკული ოცნება ექცა ამერიკულ ტრაგედიად.
წყარო: 1. ბმული
15. 1954 წელს ჟან ნეგულესკომ გადაიღო ფილმი სახელწოდებით „3 იქსი იგრეკში“. ფილმის სათაური ერთ ცნობილ ცრურწმენაზეა დაფუძნებული. საინტერესოა ისიც, რომ ამ ცრურწმენის წყალობით იქსების ჯამური რაოდენობა იგრეკში წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ ფილმის სახელწოდება.
პასუხი: 3 მონეტა ტრევის შადრევანში
კომენტარი: ტრევის შადრევანში ტურისტები დღეში დაახლოებით 3000 ევროს ყრიან, რაც წელიწადში დაახლ. ერთი მილიონია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
16. ჩაიწერეთ თანამედროვე ჰოკუ:
„პარიზის სასტუმროში
კედელზე ტარაკანი მიცოცავს
ორი იქსი ქრება”.
ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა ჰოკუში შეცვლილი იქსით?
პასუხი: ვარსკვლავი
კომენტარი: სასტუმროებს ვარსკვლავების რაოდენობით აფასებენ, კონკრეტული ჰიგიენური ნორმების შესრულების შემდეგ. ტარაკანის არსებობა სასტუმროში ვარსკვლავების „ჩაქრობას“ გამოიწვევს.
წყარო: 1. ჰოკუს ავტორი შეკითხვის ავტორია.
17. ეს ფრაზა პირველად დაფიქსირებულია ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიულ წიგნში „აღსარება“, თუმცა მიუხედავად ამისა ის მიეწერება ადამიანს, რომელიც მაშინ, როდესაც რუსო „აღსარებას“ წერდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამ ფრაზის ჩინურ ანალოგში მოხსენიებულია ბრინჯი და ხორცი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ადამიანი, რომელსაც ეს ფრაზა მიეწერება.
პასუხი: მარია ანტუანეტა
კომენტარი: მარია ანტუანეტას მიეწერება ფრაზა: თუ მათ არა აქვთ პური, დაე ჭამონ ნამცხვარი“. ჩინურ ანალოგში პურის მაგივრად არის ბრინჯი, და ნამცხვრის მაგივრად – ხორცი.
წყარო: 1. ბმული
18. თქვენს წინაშეა ფრანგი ფოტოგრაფის, ელიოტ ერვიტის ფოტო, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმშია გადაღებული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ფერწერული ტილოებისა, რომლებიც დარიგებულ მასალაზე შავი ლაქითაა დაფარული.

პასუხი: ფრანსისკო გოია
კომენტარი: პირველი ფოტო არის „ჩაცმული მახა“, მეორე – „შიშველი მახა“. მამაკაცები შიშველ მახას უმზერენ დაჟინებით. ფოტო მადრიდის პრადოს მუზეუმშია გადაღებული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
19. წიგნში „ფიშერის გამოცანა“ არის ასეთი ქვეთავი: „ბობი ფიშერი: პირველი იქსი მოჭადრაკეთა შორის“. ვიკას სვარუპის წიგნში კი, რომლის სახელწოდებაა „კითხვა-პასუხი“ მთავარი პერსონაჟი ხდება იქსი. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით იქსს, დაასახელეთ რა ეწოდება ვიკას სვარუპის რომანის კინოეკრანიზაციას?
პასუხი: მილიონერი ჯურღმულიდან
კომენტარი: იქსი არის „მილიონერი“. რობერტ ფიშერი ცნობილი იყო იმით, რომ იგი დიდ ჰონორარებს ითხოვდა. 2008 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „მილიონერი ჯურღმულიდან“, რომელმაც 8 ოსკარი მიიღო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
20. ჩაიწერეთ ფრაზა, რომლითაც მთავრდება 1996 წელს დაწერილი რომანი: „ყველა ჩვენგანი უნდა მოკვდეს, გამონაკლისი არ არსებობს, მაგრამ ღმერთო, ზოგჯერ ისეთი გრძელი მეჩვენება…“ ყურადღება შეკითხვა: დაასრულეთ ფრაზა რომანის სათაურით.
პასუხი: მწვანე მილი
კომენტარი: „მწვანე მილი“ სტივენ კინგის რომანია, სადაც სიკვდილმისჯილები სიკვდილის წინ გადიან ე.წ. „მწვანე მილს“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
პირველი შესარჩევი ტურის შეკითხვები (word)
მეორე შესარჩევი ტურის შეკითხვები (word)
შედეგები (excel)
Much Vs. Many

ინგლისურთან მიმართებაში ყოველთვის პასიური დამოკიდებულება მქონდა. ეს იყო ენა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად მჭირდებოდა და მას შემდეგ, რაც ინგლისური იმდენად კარგად (თუ ცუდად) ვისწავლე, რომ წიგნები და ვიკიპედია წამეკითხა, ინგლისური ენის გრამატიკა დავიწყებას მივეცი და არც არასოდეს მქონია სურვილი შესაბამის სახელმძღვანელოში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი ავტრიაში სწავლის დროს ინგლისურის აქტიურად გამოყენება დავიწყე გრამატიკული ნიუანსების დაზუსტება მომიხდა.
ერთ-ერთი ასეთი ნიუანსი შეეხება much-ის და many-ის შორის განსხვავებას. გრამატიკის ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ პირველი არათვლადი ობიექტების მიმართ გამოიყენება, მეორე კი – თვლადი (ანალოგიური სიტუაციაა little-ის და few-ს და ა.შ. შემთხვევაში). ერთი სიტყვით ინგლისურში ყველაფერი იყოფა ორ კატეგორიად: ის, რაც ითვლება და ის, რაც არ ითვლება. საკმარისია გავიხსენოთ ის, რის შესახებაც ვსაუბრობთ ითვლება თუ არა, რომ ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება მკითხაობა, რომელია სწორი.
many-ის და much-ის შემთხვევა ზუსტად აღწერს იმ განსხვავებას, რაც განასხვავებს არითმეტიკას მათემატიკური ანალიზისგან. პირველ შემთხვევაში ჩვენ ნატურალური რიცხვები გვჭირდება, მეორეში კი – ნამდვილი რიცხვები. ნატურალურ რიცხვებით ვითვლით, ნამდვილი რიცხვებით კი − ვზომავთ. სწორად ეს პროცედურული დაყოფა თვლასა და გაზომვას შორის განასხვავებს ამ ორ სიტყვას ერთანეთისგან, თუმცა ყველაფერი ასე იდეალურად არ არის როგორც ჩვენ გვგონია და აქ იმალება ერთი პატარა „მაგრამ“…
ეს პატარა მაგრამ ეხება იმ შემთხვევებს, როცა მკაცრად განსაზღვრული არ არის ის, რაზეც ვსაუბრობთ ითვლება თუ იზომება. მაგალითად ინგლისურში ამბობენ many hours და much time, თუმცა მაგალითად რომელია სწორი many data, თუ much data ცოტა გაუგებარია, ვინაიდან ერთი შეხედვით მონაცემები (data) დისკრეტული ბუნებისაა, მაგრამ მისი მისამართით მაინც უპირატესად much გამოიყენება. ჯონი დერბიშირი ამ საკითხს თავის წიგნში უფრო ღრმად ჩაუღრმავდა, რამაც ახლიდან დამაფიქრა ერთ ჩემთვის უკვე გარკვეულ საკითხზე.
ყველას ახსოვს კამათი იმის შესახებ, თუ როდიდან იწყება საუკუნის ათვლა, როდის უნდა გვეზეიმა ახალი ათასწლეულის დადგომა: 2000 წელს, თუ 2001 წელს. როგორც აღმოჩნდა ამ კამათს საფუძვლად many-ის და much-ის, ანუ თვლისა და გაზომვის დაპირისპირება უდევს. ადამიანები, როგორც წესი საათებს, დღეებს და წლებს ითვლიან. რობინზონ კრუზო მაგალითად ხეზე ჭდეებს აკეთებდა, ზოგიერთი ჩვენგანი საამისოდ თითებს იყენებს. მთავარი აქ ის არ არის, თუ რითი ვითვლით, მთავარი ისაა, რომ ვითვლით და არ ვზომავთ.
ჯონი დერბიშირი ამბობს, რომ ნებისმიერი კალენდარი აგებულია თვლის ლოგიკაზე, სწორად ამის გამო არ არსებობს 0 წელიწადი. ბავშვების შესახებ ვამბობთ, რომ ისინი 1, 2, 3 წლის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება 9 თვის იყოს, არასოდეს ვიტყვით მის შესახებ, რომ ის 0.75 წლისაა. ჰოდა მივადექით ჩვენს შეკითხვას: როდის დგება ახალი საუკუნე − 2000 წელს, თუ 2001 წელს. სიმართლე გითხრათ მე სულ მუდამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი „2001“-ია, მაგრამ თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ საჭიროა იმის დაკონკრეტება, ათვლის ლოგიკას ვიყენებთ, თუ გაზომვის და ასევე იმისაც, საუკუნე სრული ასეული წელია გაზომვის დროს, თუ მეასე წელია ათვლის დროს…
თქვენი არ ვიცი და ყოველ ჯერზე, როცა ინგლისურად „ბევრის“ თქმა მსურს ყოველთვის მიწევს დაფიქრება და იმის გარკვევა, much უნდა ვთქვა თუ many…
ნაცნობი სიტყვები თუ ყალბი მეგობრები?!
უცხო ენების შესწავლა ზოგისთვის ჰობია, ზოგისთვის კი − საჭიროება. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ენა, რომელიც არც გვაინტერესებს და არც გვჭირდება, მოდის და იპყრობს ჩვენს ტვინს და გონების საკუჭნაოებს უსარგებლო სიტყვებით ავსებს. ყველაზე საინტერესო ეს პროცესი მაშინაა, როდესაც ე.წ. ყალბ მეგობრებს ვაწყდებით. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობასაც გვგონია რომ მივხვდით, სინამდვილეში კი ისინი დიამეტრულად საპირისპირო ცნებებს გამოხატავენ. ყალბი მეგობრები დიდი ხანია შენიშნეს მეცნიერებმა, გლამურული ფრანგული სახელწოდება Faux-amis (ფრ. „ყალბი მეგობრები”) უწოდეს, მათ შესწავლას შეუდგნენ და ათასი ტერმინი მოიგონეს კლასიფიკაციისათვის, როგორიცაა პოლისემია, ჰომონიმია და მრავალი სხვა. თუმცა მოუხელთებელი ყალბი მეგობრები კლასიფიკაციის ჩარჩოებში ვერ ეტევიან და ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. მათ წარმოშობას ლინგვისტიკაში სიტყვების მოგზაურობებს უკავშირებენ, როდესაც სულ სხვადასხვა გზის გავლით, ერთი სიტყვა განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. მაგალითად, როგორიცაა სიტყვები კაიფი და ქეიფი. პირველი არაბულიდან რუსულის გავლით მოხვდა ქართულში, მეორე კი − სპარსულის გავლით. რეალურად კი, ორივე ერთ არაბულ ფუძეს უკავშირდება, რომელიც „სიამოვნებას და ტკბობას” ნიშნავს.
ყალბი მეგობრების დათვური სამსახური ყველაზე მეტად მონათესავე ენებში იჩენს თავს. ასე მაგალითად: ჩეხურში Pozor ყურადღებას ნიშნავს, Pozorny კი − ყურადღებიანს, Zakaz − აკრძალვაა, Sleva − ფასდაკლება, Urok − პროცენტი, hodina − საათი, mesto − ქალაქი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რუსულის ცოდნა არათუ გვეხმარება, პირიქით − ხელს გვიშლის. ეს არამხოლოდ ჩეხურის შემთხვევაშია ასე. უკრაინულის, სლოვაკურის, ბულგარულის თუ ხორვატულის შესწავლისას პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ რუსული უნდა დავივიწყოთ. იმავეს თქმა შეიძლება რომანული ჯგუფის ენებზეც. მთელი ლექსიკონებია შედგენილი სიტყვებისა, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა დავისწავლოთ, ვინაიდან მათ იტალიურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებში განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად: embarrassé ფრანგულში დარცხვენილ, შეწუხებულ და უხერხულ სიტუაციაში მყოფ ადამიანზე ითქმის, ესპანურში კი embarazada ფეხმძიმე ქალბატონების მისამართით გამოიყენება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რომელიც ინგლისური და ჰოლანდიური ენების ურთიერთობას ასახავს: ერთ სოციალურ რეკლამაში ბავშვი დაფაზე წერს: „Mama, die, die, die…” − ინგლისური ენის ცოდნას შეცდომაში შევყავართ. ინგლისურად ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დედა, მოკვდი, მოკვდი, მოკვდი”, სინამდვილეში კი die მდედრობითი არტიკლია და ამ შემთხვევაში დედას აღნიშნავს: „დედა, რომელიც, რომელიც, რომელიც…”
ხშირად ყალბი მეგობრები პოლიტიკური სპეკულაციების არენად იქცევა ხოლმე. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მთელი ქართული მედია არკვევდა იმას, თუ „რა იგულისხმა პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა formal-ში”. დღემდე ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობაზე. პრობლემა ისაა, რომ სიტყვა formal ამ შემთხვევაში არ ნიშნავს “ფორმალურს” და მხოლოდ ფორმალურად წააგავს მას.
უფრო კურიოზული შემთხვევების გახსენებაც შეიძლება პირადი დაკვირვებიდან: 2002 წელს ბაქოში მომიხდა წასვლა. პირველად მოვხვდი უცხო ქალაქში და სწორად მაშინ დავავადდი ქუჩაში წარწერებზე დაკვირვებით. ბევრი ნაცნობი სიტყვაც შევნიშნე, მაგალითად, ბანკომატებზე ეწერა: 7/24 saat nağd pul. მათ შორის იყო ერთი ყალბი მეგობარიც, რომელიც დღემდე არ მავიწყდება: ბაქოს სარკინიგზო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასთან შევნიშნე წარწერა: Sex Master. ჯერ შევცბი, რადგან ასეთ წარწერას ბაქოში არ ველოდი, თუმცა შემდეგ ამიხსნეს, რომ სიტყვა Sex აზერბაიჯანულში „ცეხს” ნიშნავს (გნებავთ საამქროს) და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არის შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო სიტყვები იმდენადაა ჩვენს ტვინში გამჯდარი, რომ ვერაფრით ვეგუებით სხვა სიტყვებს. ახლაც მახსოვს რამდენი ხანი ვეძებდი ალმა-ათაში ყოფნისას აფთიაქს, როდესაც ქუჩაში ყინვა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. ვერაფერი მსგავსი Pharmacy-ისა და Аптека-სი რომ ვერ ვიპოვე, მერე დავუშვი, რომ ყაზახურში შეიძლება რამე განსხვავებული რქმეოდა და ბოლოს ვიპოვე Дәріхана!
ინტერნაციონალურ საზოგადოებებში ყალბი მეგობრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. პირადად შევესწარი როგორ ლაპარაკობდნენ ხორვატი, ბულგარელი და სლოვაკი თავ-თავის ენაზე და ერთმანეთის მშვენივრად ესმოდათ. თუმცა ყველაზე დიდი დრო მათ საუბარში მაინც იმ სიტყვების განმარტებაზე იხარჯებოდა, რომლებიც ამ ენებში ერთნაირად ჟღერს და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
უცხო ენების ცოდნა საჭიროა, თუმცა ყალბი მეგობრების არსებობა არ უნდა დაგვავიწყდეს.

