ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 2008

პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას!

with 9 comments

1972 წელს ჯორჯ კარლინმა თავის მონოლოგში “Seven Words You Can Never Say on Television” (შვიდი სიტყვა, რომელთა თქმაც არ შეიძლება ტელეეთერში), თავი მოუყარა იმ სიტყვებს, რომლებიც ყველაზე უხეშად და უშვერად იყო შერაცხული ინგლისურ ენაში. სავსებით ცხადია, ახლა რა გაიფიქრეთ, ამიტომაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით ამ სიტყვებს აქვე ჩამოვთვლი და მთავარ სათქმელზე გადავალ… ეს სიტყვებია: Shit, Piss, Fuck, Cunt, Cocksucker, Motherfucker, Tits (სიტყვებს თარგმანი არ სჭირდება :)

ერთხელ დავინტერესდი და ჩამოთვლილი ინგლისური სიტყვების ანალოგებს დიდი ხანი ვეძებდი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მაშინ, გავიფიქრე ეს სიტყვები შეიძლება არაქართული წარმოშობისაა და ამიტომაც, როგორც ბარბარიზმი, არ შეიტანეს ქართული ენის ამაგდარმა მამებმა საშვილიშვილო გამოცემაში მეთქი, როგორც იმ სიტყვების შემთხვევაში გვაქვს, როგორებიცაა: ნაშა, თომარი, შმონი და ა.შ. თუმცა ჩემი ვარაუდი იმწამსვე გაქარწყლდა, როდესაც სულხან–საბას “სიტყვის კონაში” ყველა ის უშვერი სიტყვა ვიპოვე, რომლებსაც ვეძებდი. სულხან–საბა თავისი საქმის პროფესიონალი იყო და მსგავსი სტერეოტიპული შიშები, როგორც ჩანს, არ ანაღვლებდა… შედეგად დავწყნარდი, ყველაზე მამა–პაპური ქართული სიტყვა ჯიშიანი ქართული ყოფილა მეთქი და ამაზე ფიქრს შევეშვი, მაგრამ დროებით…

ჩვენთან ჯორჯ კარლინის მიერ კლასიფიცირებული სიტყვების ქართული შესატყვისები კვლავაც ტაბუდადებულია და მათი (მინდოდა დამეწერა “ხმარება” მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ ამ სიტყვის გაჟღერებასაც ერიდებიან მავანნი და მავანნი) გამოყენება ჯერ კიდევ “ვაშინერსია” საქართველოში. ძალიან რომ “გავაჯაზოთ”, იქამდეც შეიძლება მისვლა, რომ სიტყვა ცალკე აღებული ბგერების ერთობლიობაა და კონტექსტის გარეშე ის მხოლოდ აღნიშნული საგნის, ან ცნების მხოლოდ და მხოლოდ პლატონისეულ იდეას, ან არისტოტელესეულ კლასს აღნიშნავს და მეტ არაფერს… ჰოდა, რატომ ხდება სიტყვების სტიგმატიზება და გარიყვა აკადემიური და ლიტერატურული ენიდან, აქედან გამომდინარე არ მესმის?!

ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ მაშინ დავფიქრდი, როდესაც “ასავალ–დასავალის”  2008 წლის 29 სექტემბრის ნომერში ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი წავიკითხე:

პირველად საქართველოში შეარემონტეს “კრიშა”,
პირველად საქართველოში დემოკრატია იშვა.
პირველად საქართველოში უეკლოდ კრიფეს ვარდი,
პირველად საქართველოში ვარდს და ნეხვს ერთურთს ვადრით.
პირველად საქართველოში ვუყურებთ ნამდვილ პატრულს,
პირველად საქართველოში ვხვდებით ჯარისკაც ნატრულს.
პირველად საქართველოში რუსეთს გავცილდით დროზე,
პირველად საქართველოში ბუშმა იცეკვა დოლზე,
პირველად საქართველოში ლობიო ეტრფის ქოთანს,
პირველად ჩვენმა “დინამომ” წააგო ზესტაფონთან.
პირველად საქართველოში სირზე ვკიდივართ ოსებს,
პირველად საქართველოში სოროსით შევიმოსეთ.
პირველად საქართველოში აფხაზი გახდა რუსი,
პირველად საქართველოში ვეძებთ ჩასაცმელ “ტრუსიკს”.
პირველად საქართველოში დარგეს ჭადრის ხე – ექვსი,
პირველად საქართველოში სძულთ რუსთაველის ლექსი.
პირველად საქართველოში აღიარებენ “ცისფერს”,
პირველად საქართველოში მკვახე სჯობია მწიფეს.
პირველად საქართველოში ჭაბუა დარჩა სახტად,
პირველად ამირჯანოვი ამირეჯიბი გახდა.
პირველად საქართველოში ჭიპი მოუჩანს გოგოს,
პირველად საქართველოში ვერ ვგრძნობთ ამინდის პროგნოზს.
პირველად საქართველოში ხალხმა თბილისი ნახა,
დღეს რუსთაველზე პირველად გაისეირნა ხალხმა.
პირველად საქართველოში ზეობს კანონი მკაცრი,
სამსახურიდან გაყარეს – ასი ათასი კაცი.
ჭეშმარიტებას ვერ ვმართავთ ან როგორ უნდა ვმართოთ,
პირველად საქართველოში დავკარგეთ სასამართლო.
პირველად გახდა ქართველი ამერიკელის დახლი,
პირველად საქართველოში მწერლებს წაართვეს სახლი.
პირველად საქართველოში არ ვეპუებით წყენას,
პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას.

ლექსში განხილულ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეალიებზე ყურადღება არც პირველი წაკითხვის დროს მიმიქცევია და მათზე არც ეხლა შევჩერდები. კვლავ იმ ფენომენზე მსურს საუბარი, რასაც “ლექსის გაფუჭება” ჰქვია. არ ვიცი ჯანსუღ ჩარკვიანს ხელნაწერში, რომელიც გაზეთის რედაქციას გაუგზავნა, რა სიტყვა ეწერა “მოეკლას” ნაცვლად, თუმცა ფაქტია, რომ ლექსის პათოსი ჯეროვანი კრეშჩენდოსათვის სხვა სიტყვას ითხოვს და თითოეულმა ჩვენთაგანმა ლექსის ჩაკითხვის დროს ეს სიტყვა წაიკითხა “მოეკლას” ნაცვლად… რატომღაც მგონია, რომ ავტორს ეს არ შეეშლებოდა და თავად ლექსის გაფუჭების მიზეზი “ვაი ცენზორი” რედაქტორების რიგებში უნდა ვეძიოთ.

მსგავსი შემთხვევები ხშირადაა ქართულ მედია სივრცეში. მრავალი საუბრობს ქართული მედიის მართულობის და ცენზურის არსებობის შესახებ, თუმცა ეს ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო… საინტერესო კოლექტიურ არაცნობიერში ჩაბუდებული ის ცენზორია, რომელიც გაუაზრებლად ბლოკავს და ფილტრავს ტაბუდადებულ ფრაზებს, სიტყვებს, აზრებს, არ გამოაქვს სააშკარაოზე ისინი და ამით მათ უფრო მეტ საკრალურობას მატებს…

იგივე პრობლემას აწყდებიან ჩვენს ტელევიზიებში ქართულ ენაზე უცხოური ფილმების თარგმნის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ უშვერი, მაგრამ ნატურალური სიტყვების გაჟღერება არ შეიძლება, თითქოსდა ახალ ტეტრაგრამატონებთან გვქონდეს საქმე, თარჯიმნები იძულებულები არიან ხელოვნურად შექმნან ისეთი მარგალიტები, როგორებიცაა – “იმისი დედაც ჯეკ”, “ეშმაკმა დალახვროს, ჯონ”, “ერთი მაგისიც” და ა.შ. მართალია, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ერთში სცადეს ნატურალურობის გადმოტანა ეკრანზე, ეს რამდენჯერმე იყო, ისიც არა ტელეეთერში, არამედ კინოთეატრში და მაშინაც, კარგად მახსოვს ქართული ენის ბურჯებმა შემოკრეს განგაშის ზარებს და იმ მერცხლებს მაშინ გაზაფხული არ მოუყვანიათ…

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა რომ უშიშრად და ჩაუსწორებლად შეგვიძლია დავწეროთ პრესაში: “სირზე ვკიდივართ ოსებსო”, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ფრაზა მაინც ევფემიზმად მოიაზრება და ცენზურა მაინც “რულზ” :))))

დარდუბალა და ბასტი–ბუბუ

with 4 comments

ახლაც კარგად მახსოვს შორეულ 90–იანებში ბასტი–ბუბუს პირველი გადაცემა რომ გავიდა პირველ არხზე, ამ სიტყვის არსებობის შესახებ პირველად მაშინ გავიგე. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართულ მედიასივრცეში, როდესაც ობდადებული ქართული სიტყვა, რომელიც საერთოდ აღარ იხმარებოდა საუბარში, გახსენებულ იქნა და სრულებით ახალ რაკურსში იქნა წარდგენილი საზოგადოებისათვის.

ამასწინათ დავინტერესდი თუ საიდან შეიძლება წარმომდგარიყო ეს საოცრად კეთილხმოვანი სიტყვა–ჰიბრიდი. სულხან–საბას “სიტყვის კონა”–ში დავიწყე ძებნა და ამ სიტყვის წარმოშობის ჩემი თეორიაც უცებ გამოცხვა. სულხან–საბა განმარტავს რომ “ბასტი როკვაჲ არის ფერჴის ცემითა”–ო, ბუბუნი კი “ყურის გამოჴმიანობაჲ”–აო. ჰოდა, აქედან გამომდინარე ამ ორის შეერთებით, საბოლოო ჯამში, ცეკვისას ფეხის ცემით გამოწვეული გამაყრუებელი ხმაური “დიდი ჟრიამულის” სინონიმი გამხდარა, თუმცა დროებით, ვინაიდან XX საუკუნის მეორე ნახევარში “ბასტი–ბუბუ” ყველას დაავიწყდა და არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა ის ზემოაღნიშნული ტელეგადაცემის პირველი ეთერი…

“დარდუბალას” რაც შეეხება, ეს იყო ძველმოდური და მივიწყებული სიტყვის გაცოცხლების მეორე მცდელობა ქართულ მედიასივრცეში. სანამ ყველასათვის ცნობილი  მულტსერიალი გავიდოდა 202–ის ეკრანებზე, მანამდე დარდუბალას მშვიდად ეძინა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში და ის “დიდ უბედურებას ნიშნავდა”. წარმომავლობით კი ეს სიტყვა–ჰიბრიდი სპარსულია. სპარსულად “დარდ” – ტკივილია, “ბალა” – კი უბედურება, შესაბამისად ამ ორი სიტყვის გაერთიანებით, შესაძლოა, ერთ რომელიმე თბილისელ აღას თავში ხელების წაშენით დაუმკვიდრებია ეს სიტყვა სალაპარაკო ქართულში და ეს ნეგატიური მუხტი თან სდევდა ამ სიტყვა დიდი ხნის განმავლობაში საყოველთაო დავიწყებამდე… მას შემდეგ კი, რაც თეთრქოჩორმოლივლივე პერსონაჟი გამოჩნდა ქართულ ტელეეკრანებზე, იმის მერე დარდუბალა ნეგატიურ კონტექსტში აღარავის უხსენებია… დარდუბალა ბავშვების საყვარელ პერსონაჟად იქცა და მის გაგონებაზე ყველას ღიმილი ჰგონდა აღბეჭდილი სახეზე ამ ათიოდე წლის წინ, ესეც კარგად მახსოვს :)

კიდევ რამდენი აბლაბუდაშემოხვეული სიტყვა დაიბადება ხელახლა ჩვენს გარშემო ეს, რა თქმა უნდა, არავინ იცის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძველი სიტყვების გაახლება ჯობს ახალი ნეოლოგიზმებით ენის დაბინძურებას, ვინაიდან ბასტი–ბუბუსთვის შორეულ 90–იანებში “მერი გოუ რაუნდი”, ანდა დარდუბალასთვის – “ქვიზიქალ ეფიარენსი” რომ დაერქმიათ, დარწმუნებული ვარ არც ერთი მედიაპროექტი ისეთ წარმატებას არ იქონიებდა, როგორსაც შევესწარით და კვლავაც ვადევნებთ თვალს ნაწილობრივ სცენაზე,  ტელევიზიით თუ ინტერნეტში (ეს დარდუბალას ეხება)…

ტოტო კუტუნიოს სამაგიერო

with 9 comments

cutugno

ტოტო კუტუნიო და ანალიზა მინეტი

2007 წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიომ თბილისში, ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა. ალბათ, ამდენი ხალხი თავისუფლების მოედანზე “ვარდების რევოლუციის” დროს არ მდგარა. მე ამ ყველაფერს ტელევიზორით ვადევნე თვალი და ხალხის რაოდენობაზეც ზერელე წარმოდგენა მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ მთელი მოედანი გადაჭედილი იყო და ჩვენს დედაქალაქში იტალიელ მომღერალს გულთბილად შეხვდნენ…

მომღერალმა ქართველ მსმენელს მაშინ სიურპრიზი შესთავაზა და ქართულად “სულიკო” იმღერა, თუმცა სიურპრიზები იმ საღამოს ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი სიმღერის წინ ტოტომ ბევრი ისაუბრა ქართველი ქალების სილამაზეზე და შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიმღერა ქართველ ქალებს ეძღვნებაო და თავისი ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა. შემდეგ იგი თავისი მზაკვრული შურისძიების განხორციელებას შეუდგა და ქართველ კაცებზე საუბარი დაიწყო…

თუმცა, სანამ ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებოდე, მანამდე ერთი ლირიული გადახვევა უნდა გავაკეთო და ის ამბავი გავიხსენო ტოტოს აეროპორტში რომ გადახდა. ამ ამბავს თვითმხილველები ასე ჰყვებიან: ტრაპიდან არ იყო ჩამოსული, რომ მას ჟურნალისტები მისცვივდნენ და ნაირ-ნაირი კითხვების დასმა დაუწყეს. მე შემიძლია წარმოვიდგინო ის ბანალური შეკითხვები, რომლებიც იქ იყო წარმოდგენილი, თუმცა ერთი მათგანი გასახსენებლად ნამდვილად ღირს… ერთ-ერთ ჟურნალისტს უკითხავს, იცით “კუტუნიო” ქართულად რას ნიშნავსო?! – რაც საბოლოო ჯამში მომღერლისთვის აუხსნიათ და რა გახარებული დარჩებოდა წარმომიდგენია დიდი სალვატორე, როდესაც ეტყოდნენ – “კუტუნიო” მამაკაცური ღირსების კნინობითი ვარიანტის კნინობითი ვარიანტია ქართულ ენაზეო…

ერთი სიტყვით ასეთი ბრაზმორეული მისულა ტოტო კონცერტზე და როდესაც დადგა ნანატრი წამი, მას ჩაფიქრებული შურისძიების სისრულეში მოყვანა დაუწყია… ახლაც კარგად მახსოვს, როგორ მიმართა მთელ იქ დამსწრე საზოგადოებას მომღერალმა, დაასრულა რა ქართველი კაცების ქება-დიდება, შეკითხვით – იცით “კაცო” იტალიურად რას ნიშნავსო?! აღტკინებული ბრბო თავს აქნევდა და “არა, არა, გვითხარი, გვითხარის” ყვიროდა მათთვის ცნობილ ყველა შესაძლო ენაზე… ტოტომ იქედნურად ჩაიღიმა, არანაირი კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა: “Questa canzone è dedicata ai cazzi”-ო და სიმღერა დაიწყო… მისმა თარჯიმანმა, რა თქმა უნდა, ეს ფრაზა თარგმნა “სიმღერა ეძღვნება კაცებსო” და თავისი მოვალეობაც შესრულებულად ჩათვალა. ამასობაში კი მე ვიჯექი და ენამახვილ იტალიელს ენის სიბასრეს ვუფასებდი. საქმე კი, აი რაშია: “cazzo” (კაცო) იტალიურად ზემოხსენებული მამაკაცური სიამაყეა ყველაზე ვულგარული ფორმით, “cazzi” (კაცი) კი – მისი მრავლობითი ფორმა. ასე რომ ის ხსენებული სიმღერა მომღერალმა ყველა იმ სამასოიან მოჟურნალისტო სუბიექტს მიუძღვნა, რომლებმაც აეროპორტში მას სიტყვა “კუტუნიოს” სტრუქტურალური ანალიზი ჩაუტარეს.

სტრუქტურალურ ანალიზზე გამახსენდა და ახლა წარმოვიდგინე თუ რა უსაზღვრო იქნებოდა ტოტო კუტუნიოს წყრომა, თბილისში იმ მშვენიერ ქალბატონთან ერთად რომ ჩამოსულიყო, ვისთან ერთადაც 2005 წლის სან-რემოს ფესტივალი მოიგო დუეტში იმღერა რა “Come noi nessuno al mondo”. წარმოვიდგინე, როგორ იკრიბებიან აეროპორტში მის გარშემო ჟურნალისტები და უსვამენ შეკითხვას, რომლებიც იწყება სიტყვებით “იცით თუ არა, რომ”… ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ მშვენიერი მომღერალი ქალბატონის სახელი და გვარია ანალიზა მინეტი (Annalisa Minetti) !!!

P.S. ამ მშვენიერი ქალბატონის სახელი და გვარი განსაკუთრებით საინტერესოდ ქართული ენის აჭარულ დიალექტზე ჟღერს :D

Written by linguistuss

October 23, 2008 at 3:26 pm

ყველაფერი ტოლმის შესახებ

with 24 comments

დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს კამათი ტოლმის და მისი წარმომავლობის შესახებ. შეიძლება ითქვას, ეს ერთ–ერთი ყველაზე სახალისო დროის გასაყვანი საშუალებაა კავკასიაში – იდავონ იმაზე თუ სადაური კერძია ტოლმა (დოლმა). აზერბაიჯანელებისგანაც მომისმენია არგუმენტები და სომხებისგანაც, თუმცა სიმართლე რომ ითქვას დამაჯერებელი და ფაქტებით გამყარებული არგუმენტი არც ერთს არ აქვს.

ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი უზარმაზარ განხილვას სათაურით – “а где же долма?”. სადაც ორივე მხარის წარმომადგენლები იყვნენ შეყრილნი და ბჭობდნენ. საერთო ჯამში, ბევრ მასალასთან გაცნობის შემდეგ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კერძი ისეთივე ძველია, როგორც თავად ის ხალხები, რომლებიც მასზე პრეტენზიას აცხადებენ. ისტორიული წყაროების მოშველიებით სულაც არ არის ძნელი და უსაშველო ამბავი იმის დადგენა და შემდეგ დაჯერება, რომ დოლმა (ასე უწოდებენ მას თურქები)  ოსმანთა იმპერიაში და მის მახლობელ რეგიონში, ძალიან გავრცელებული კერძი ყოფილა. ერთი, ზემოხსენებული ფორუმის მომხმარებელი იმასაც კი ამბობდა, რომ ტოლმა შუამდინარეთში მოიგონეს ძველმა შუმერებმა და მის შესახებ ცნობებს ლურსმნულ დამწერლობაშიც კი ვხვდებითო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ტოლმა, როგორც კერძი, ძველია და ე.წ. ზიარი კულტურული რესურსია მახლობელ აღმოსავლეთში და კავკასიაში მცხოვრები ხალხების.

სხვისი არ ვიცი და მე ეს კამათი მართობს, ყოველთვის როდესაც მსგავს კამათს ვაწყდები, ხან რას გავიგებ და ხან რას ხოლმე. ასე მაგალითად, სომხურ–აზერბაიჯანულ კულინარიულ კამათში ტოლმის გვერდით სხვა კერძების ჩამოთვლა რომ დაიწყეს იქვე კამათის ქვე–პუნქტი გაიხსნა თუ სადაური წარმოშობისაა ხაში, რაზეც ერთმა არგუმენტად ის მოიყვანა რომ “ხაშლამაქ” თურქულად ხარშვას ნიშნავს და “ხაშ”–იც ზუსტად რომ თურქული (ანუ აზერბაიჯანულიც) სიტყვააო, მე კი ამასობაში, ჩემი ახლად ნაყიდი დიდი თურქულ–რუსული ლექსიკონი გადავშალე, ინფორმაცია გადავამოწმე, ჩემთვის ხაშთან ერთად ხაშლამის წარმომავლობაც დავადგინე და განვაგრძე კითხვა…

იმ ქვე–პუნქტს რომ თავი დავანებოთ და ტოლმას რომ დავუბრუნდეთ, ასევე ძალიან საინტერესოა ორივე მხარის არგუმენტები, თუ როგორ იჩემებენ ისინი ამ კერძს. ასე მაგალითად თურქები და ძმანი მისნი ამბობენ, რომ “დოლმაქ” თურქულად გატენვა/დატენვა/გავსებას ნიშნავს და “დოლმა” შესაბამისად “გატენილსო”. აზერბაიჯანელები ამბობენ “დოლ” ჩვენს ენაზე გავსებაა და “–მა” ბოლოსართიო (აქვე ჩიხირთმა, ბასტურმა და კიდევ ბევრი “მა”–ზე დაბოლოებული კერძი იყო ჩამოთვლილი ამ თეორიის გასამყარებლად). ახლა სომხებს მოვუსმინოთ. მათი ყველაზე სერიოზული არგუმენტი, მე რაც მოვისმინე თუ წავიკითხე, ის იყო რომ ყოვლად ალოგიკურია მომთაბარე თურქების მხრიდან ტოლმის დაჩემება, როდესაც მის მოსამზადებლად საჭიროა ვაზის, ან კომბოსტოს დარგვა, მოვლა, მოყვანა, ფოთლების შეგროვება… ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც მიწათმოქმედი ხალხისათვისაა დამახასიათებელი – თურქები და აზერბაიჯანელები კი მომთაბარე ხალხი რომ იყო ყველასათვის ცნობილი ამბავია ისტორიაშიო. ყველაზე “ჟელეზნი” არგუმენტი სომხების მხრიდან კი აზერბაიჯანელებისათვის ნათქვამი – “у вас не умеют готовить долма!” – იყო. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანელები ლინგვისტურ არგუმენტებს იშველიებენ, სომხები ეთნოგრაფიულ/კულინარიულს და მე ამასობაში იმ ფორუმის კითხვა მომბეზრდა და გადავინაცვლე ვიკიპედიაში…

ვიკიპედიაში კი ერთი მეტად საგულისხმო ამბავი გავიგე. შვედებს ჰქონიათ კერძი სახელწოდებით “კოლდოლმარ” (Kåldolmar), რომლის რეცეპტიც 1755 წელს გამოცემულ, კაისა ვარგის კულინარიულ წიგნში გვხვდება (ეს კაისა ვარგი შვედი ბარბარე ჯორჯაძეა ყოფილა:). არ დავიზარე და კოლდოლმარის რეცეპტს გავეცანი და გავოცდი… ეს ის ჩვეულებრივი, კომბოსტოს ტოლმაა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ასე ძალიან უყვარს (…ნუ ზოგს არ უყვარს). ისმის შეკითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა ტოლმა შვედეთში? – რაზედაც თავად შვედები ჰყვებიან ლეგენდას კარლოს XII-ზე, რომელიც 1709 წელს პოლტავას ბრძოლაში დამარცხების შემდგომ მოლდავეთის ქალაქ ბენდერიში გაქცეულა და იქ 2 წელიწადი აფარებდა თავს. იმ დროს ეს ქალაქი ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და შესაბამისად შვედი მონარქი ადგილობრივ ოსმალო ჩინოვნიკს სტუმრობდა და ოსმალოებს პეტრე I-ის წინააღმდეგ აქეზებდა. წაქეზება რომ არ გამოსვლიათ, სამშობლოში დაბრუნებულ კარლოსს და მის თანხმლებ პირებს თან ტოლმის რეცეპტიც გაუყოლებიათ და ასე მოვლენია შვედურ სამზარეულოს კერძი “კოლდოლმარ”.  ასევე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შვედურ ენაზე Kål კომბოსტო ყოფილა და შესაბამისად “კოლდოლმარ” პირდაპირ თარგმანში კომბოსტოს ტოლმას ნიშნავს.

გუგლში ძებნის დროს ისიც გავარკვიე, რომ სიტყვა “დოლმა” (ნუ ჩვენებურად “ტოლმა”) კრებითი სახელი ყოფილა კერძების, სადაც ფარშირებულ და შეკაზმულ ცხვრის და ძროხის ხორცს რაიმე ბოსტნეულ–კონტეინერში ტენიან: ასე მაგალითად ვაზის ფოთლის ტოლმა, კომბოსტოს ტოლმა, ბადრიჯნის ტოლმა, პომიდვრის ტოლმა, ბულგარული წიწაკის ტოლმა (უკანასკნელ სამს თბილისში, როგორც წესი, ერთად ამზადებენ ხოლმე და ერთ ქვაბში ყრიან).

ინტერნეტში დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ, როდესაც ის ფორუმიც დავხურე, ვიკიპედიიდანაც რომ გამოვედი და საერთოდ ტოლმის შესახებ “კვლევაც” დასრულებულად რომ ჩავთვალე, ცოტა არ იყოს დავნაღვლიანდი. ყველა იჩემებდა ტოლმის გამომგონებლობას, ასახელებდნენ ბერძნულ ტოლმას, არაბულ ტოლმას, სომხურ ტოლმას, აზერბაიჯანულ ტოლმას, თურქულ ტოლმას და… ნუთუ ჩვენ არაფერი შევმატეთ ტოლმას და კავკასიელი ხალხების ამ საერთო კულტურული ნიშნის შექმნაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის?! ჰოდა, პასუხიც იქვე ვიპოვე – ჩვენი შენამატი “იხვის ტოლმაა”!!! ეს რომ გამახსენდა კარგ ხასიათზე დავდექი და”წიგნის სახლში” ამასწინათ ნანახი რომანი გამახსენდა “იხვის ტოლმა”, რომელიც მაკა მიქელაძემ და ბესო ხვედელიძემ ერთად დაწერეს. ამ რომანზე შეგიძლიათ ლიბ.გე–ზე წაიკითხოთ გიორგი კაკაბაძის რეცენზიაში “შეშლილი, შეშლილი სამყარო“. მე კი მხოლოდ ჩემთვის საინტერესო ადგილს მოვიტან ციტატად ამ რეცენზიიდან:

იხვის ტოლმა ის კერძია, რომლის შესახებაც ყველას სმენია, მასზე ყოველდღიურ საუბარში ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ მისთვის გემო არავის გაუსინჯავს, იმიტომ, რომ ასეთი კერძი რეალურად არ არსებობს, იგი აბსტრაქტული სივრცის საკუთრებაა. შეუთავსებლის შეთავსება და არარსებულის არსებობა რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ იგი აბსურდულ ხასიათს ატარებს. რომანში “იხვის ტოლმა” კი აბსურდი რეალობად გასაღებული ის ფორმაა, რომელიც საღი აზროვნების ხაზგასასმელად გამოიყენეს ავტორებმა.

ამით დავასრულებ ტოლმაზე საუბარს. პირზე ნერწყვი მომადგა და ცოტა არ იყოს მომშივდასავით… :)

მე მქვია წითელი

with 12 comments

გუშინ პეტრივკას წიგნების ბაზრობაზე, კიევში, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის “La misteriosa fiamma della regina Loana“–ის რუსული თარგმანი ვიყიდე. ამ წიგნს რომ ვყიდულობდი იქვე ორჰან ფამუქის წიგნები ელაგა ეულად და საწყლად, ვიფიქრე ვიყიდი მეთქი, მაგრამ მერე თრევა დამეზარა და “ეს ხო თბილისშიც იყიდება” არგუმენტით გავაგრძელე გზა.

ფამუქის წიგნები გამყიდველს უმბერტო ეკოს წიგნების გვერდში ტყუილად არ ედო, როგორც ჩანს მასაც სმენია, ფამუქს თურქ უმბერტო ეკოს რომ უწოდებენ. ჰოდა, დღეს რატომღაც ფამუქის იმ წიგნზე მსურს საუბარი ასე საცოდავად რომ შემომციცინებდა წიგნის დახლიდან. მაშ, ასე თქვენს წინაშეა წიგნი, რომელიც ამ ათი წლის წინ გამოქვეყნდა და რომელმაც არც თუ დიდი ხანია ჩამოაღწია საქართველოში დასავლეთის გავლით:

“Benim Adım Kırmızı”, ანუ “მე მქვია წითელი”.

სანამ წიგნზე დავიწყებდე ლაპარაკს ფამუქზეც უნდა ითქვას ერთი–ორი სიტყვა. ფამუქზე ავი ენები ამბობენ არშემდგარი ჟურნალისტიაო, თუმცა მიუხედავად ამისა, სტამბულის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მწერალი, დღეს ყველაზე გამოცემადი თურქი ავტორი და არც–თუ ხელწამოსაკრავი ფიგურაა დასავლურ ლიტერატურაში. კრიტიკოსები მას “თურქ უმბერტო ეკოს უწოდებენ”–მეთქი, ვთქვი ზემოთ, მაგრამ არ მითქვამს თუ რა აკავშირებს ფამუქს ეკოსთან… ჩემი აზრით მათ ბიბლიოფილია აქვთ საერთო და ამ წიგნების სიყვარულის ფონზე იხლართება მათ რომანებში ისტორიულ–ფილოსოფიურ–ესთეტიური პასაჟების შტუდირებით გაჯერებული ჩამთრევი დეტექტივები.

“მკვდარი ვარ, გვამი ჭის ფსკერზე. უკვე რა ხანია შევწყვიტე სუნთქვა, გულიც კი გამიჩერდა და არავინ, იმ ნაძირალა მკვლელის გარდა, არ იცის თუ რა შემემთხვა(…) მე, ყველასათვის ცნობილი მხატვარი ზარიფ–ეფენდი, მოვკვდი, მაგრამ არავინაა ჩემი დამმარხველი”… – ასე იწყება პირველი თავი და ამ დამაინტრიგებელი სიტყვების შემდგომ ჩვენ შუასაუკუნეების სტამბულში ამოვყოფთ თავს, უფრო ზუსტად კი იმ მხატვართა წრის საქმიანობას დავუწყებთ თვალთვალს, ოსმანთა იმპერიის ფადიშაჰის ბიბლიოთეკის წიგნებისათვის მინიატურებს რომ ქმნიან სკრუპულოზული და დაუღალავი შრომით. ამასთან, იქვე ვგებულობთ, რომ ერთ–ერთი მათგანი მოკლულია და ეს მკვლელობა საიდუმლოებით მოცულ წიგნს უკავშირდება, რომელსაც ენიშთე–ეფენდი, წიგნის მთავარი შერლოკ ჰოლმსის, ყარას ბიძა, ფადიშაჰისათვის ამზადებს.

უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” მსგავსად, უმთავრესი ინტრიგა წიგნის გარშემოა ჩახლართული, თუმცა თუ იტალიელ–მედიევისტ ეკოს მთავარ პერსონაჟებად ტექსტი და ქრისტიანული კულტურა ჰყავს გამოყვანილი, ფამუქთან სიმბოლურ პერსონაჟებად გვევლინება ილუსტრაცია და გამომსახველობა და ამ ორის ადგილი არაბულ–მუსლიმანურ კულტურაში.  ენიშთე–ეფენდი, წიგნის შემკვეთი, მხატვართა ამქრის საუკეთესო წარმომადგენლებისაგან, რომლებიც, აქვე უნდა აღინიშნოს, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პირები არიან, მოითხოვს ყოველდღიური რეალიების იმდაგვარად ასახვას, როგორიც მას ვენეციელი მხატვრების ტილოებზე აქვს ნანახი. ენიშთე–ეფენდი, იმ აზრს მიჩვეული, რომ ნახატი უნდა თან ერთვოდეს მონათხრობს ილუსტრაციის სახით, გაოგნებამდე მიჰყავს იმის აღმოჩენას, რომ ვენეციური ფერწერული ტილო (მოქმედება რომ რენესანსის ეპოქაში ხდება არ დაგავიწყდეთ) თავად არის მონათხრობი. აღორძინების დროის ფერწერა ასახავს ყოველდღიურობას დანახულს ადამიანის თვალით, სადაც მაქსიმალური ყურადღება დეტალებს ექცევა, მაგრამ ისმის კითხვა – ხომ არ არის ეს მკრეხელობა ალაჰის მიმართ? როგორ უნდა იყოს დანახული სამყარო და როგორ ხედავს მას ადამიანი, ან თუნდაც როგორ ხედავს მას ალაჰი? – აი, ყველა ის კითხვა რომელიც მოსვენებას არ აძლევს ენიშთე–ეფენდის მთელი თხრობის განმავლობაში.

ვერ შეედრებაო თვალხილული უსინათლოს – გვამცნობს ყურანი და შესაბამისად არაბი მხატვარი–მინიატურისტიც დაბრმავებაზე ოცნებობს. მისი აზრით, უსინათლობა ალაჰის შეუფასებელი წყალობაა, უდიდესი ჯილდოა შრომისა და ნიჭისათვის… ზუსტად სიბრმავის უკუნში განჭვრეტს მხატვარი მშვენიერ ნახატებს, ანუ ასე ხედავს ის სამყაროს ალაჰის თვალით. ევროპელი მხატვრისათვის სიბრმავე ტრაგედია და უმკაცრესი და ენით აღუწერელი სასჯელია, ვინაიდან უფლის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც “გვაქვს უთვალავი ფერითა” მიუღწეველი ხდება მისთვის. არაბი მინიატურისტისთვის კი – პირიქით, ნახატი ჭეშმარიტი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მხატვარი სამყაროს ბრმის თვალებით უცქერს. რომელი მათგანია მართალი და რომელი ტრადიციაა შაითანისეული – აი, ზუსტად ეს საკითხებია განხილული წიგნში.

რომანის კომპოზიცია არაბულ დამწერლობას ჰგავს, სადაც აუღელვებლად და მიმზიდველად იხლართება მოქმედება, სადაც უზადოდ გადანასკვულ “კარაკულებში” ხაზები ერთმანეთშია არეული რომანის პერსონაჟების მონათხრობების სახით. ამასთან მთხრობელები არა მხოლოდ ადამიანები, ცოცხლები და მკვდრები, არამედ დახატული პერსონაჟებიც არიან: დერვიში, ძაღლი, მონეტა, ხე, შაითანი და რაც მთავარია, წითელი ფერი, რომელიც თავის თავს სამყაროს ძირითად ფერს უწოდებს. ამ გნიასში ერთვება მკვლელის ხმაც, რომელიც საკუთარი სტილის ძებნითაა გაწამებული. ხატწერის ინდივიდუალური მანერა ხომ მხატვართა ამქარში უღმერთობადაა შერაცხული!

ამასობაში სცენაზე ახალი გვამი ჩნდება და მხატვართა ამქრის მთავარი ოსტატი ოსმანი გადაწყვეტს მკვლელს მიაგნოს ხელწერის განსაკუთრებული მანერით, რომელიც მოკლული ზარიფის ნახატზე შეინიშნება. ამ მიზეზით ოსმანს ფადიშაჰის საგანძურში შესვლის უფლებას მისცემენ, სადაც ის თავრიზში, ბაღდადში, შირაზში და, რა ვიცი კიდე სად არა, შესრულებულ მინიატურებს და ორნამენტებს ათვალიერებს შერლოკ ჰოლმსისეული რუდუნებით… და აი, ეს ადგილია ზუსტადაც რომ კულმინაციური ტექსტში, ამიტომაც აღარაფერს ვიტყვი, თავად წაიკითხეთ და თავად იარეთ იმ ორნამენტის ხაზებზე, ფამუქმა რომ დაწნა წიგნში “მე მქვია წითელი”. ყოველ შემთხვევაში მან მკვლელს მიაგნო და მკვლელს საკადრისიც მიეზღო. თუმცა იმას მაინც ვიტყვი, რომ არაბი მხატვრებისათვის სიბრმავის თუ უსინათლობის სიმბოლურ მნიშვნელობას, ბრძენი ოსმანის ქმედებებს და ეკოს რომანში სააბატოს ცეცხლის ალში შთანთქმას, რომელიც ბრმა ხორხე ბურგოსელმა გააჩაღა, რაღაც მაინც აქვთ საერთო :)

ფილოსოფიის გარდა წიგნში სიყვარულსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აი, რას წერს მალხაზ ხარბედია თავის ესსე–ში, რომელიც ამ წიგნს ეძღვნება:

«ამბობენ, მიცვალებულებს მიწა უხმობს, მე კი სიკვდილმა მომიხმო. ვბრუნდებოდი ქალაქში და მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, მაგრამ სიყვარული დამხვდა, რომელიც ისეთივე შორი და მივიწყებული იყო, როგორიც ჩემი ქალაქი». ამ ძველ სიყვარულს შექიურე ჰქვია, იგი ყარას ბიძაშვილია და თავის დროზე სწორედ ამ სიყვარულის გამო წავიდა ყარა ქალაქიდან, რადგანაც ბიძამისმა, ოსტატმა ენიშთემ (ვინც ყარას ხატვას ასწავლიდა) არ მოიწონა მათი საქციელი და ნათესავი სახლიდან გააძევა… და ყარაც თორმეტი წლით დაემშვიდობა თორმეტი წლით უმცროს მიჯნურ შექიურესა და წაბლის ჩრდილში ჩაფლულ ქუჩებს. ამის შემდეგ შექიურე მალე გაათხოვეს მეომარზე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი ლაშქრობისას დაიკარგა და ვისგანაც შექიურემ ორი შვილი -შევქეთი და ორჰანი გააჩინა.

აქვე უპრიანი იქნება შექიურეზე და ყარაზეც გვეთქვა ორი სიტყვა. შექიურეს სახელი ტყუილად არ ჰგავს ჩვენს “შაქარს”, ავტორი ნიზამი განჯელის პოემასთან, “ხოსროვ და შირინთან” გვაგზავნის, სადაც ხოსროვის სატრფოს, შირინის სახელი სპარსულად “ტკბილს” ნიშნავს. ყარა კი თურქულად “შავია” და ამით, როგორც ჩანს, ავტორმა ხარკი მოუხადა მარადიულ თემას და წითელი და შავი კიდევ ერთხელ დაუპირისპირა ერთმანეთს.

რომანში თბილისიცაა ნახსენები და მოდი, დასასრულს ამჯერადაც მალხაზ ხარბედიას მოვუსმინოთ:

«ოსტატი ოსმანი ჩვენს ქალაქს იხსენებს: «აჰ, ტიფლისი, იქ ახლა ალბათ თოვს!» და დასძენს, «როცა ტიფლისის ციხეში თოვლი მოდის, ქალები ყვავილებზე მღერიან ხოლმე, ბალღები კი თოვლს ბალიშის ქვეშ მალავენ – ზაფხულისთვისო». ორჰან ფამუქმაც, როგორც ჩანს, ეს გადამალული თოვლი იპოვა თავის წარმოსახვაში, თოვლი კი წიგნად გადნა და თბილისშიც ჩამოაღწია, იმ ბალღების შორეულ მემკვიდრეებთან.

P. S. “ფამუქ” თურქულად ბამბა ყოფილა…

P. P. S. download (რუსული თარგმანი)

ბოზკურტლარ!!!

with 2 comments

1969 წელს ალფარსლან თურქეშმა თურქეთში ახალგაზრდული ნაციონალისტური მოძრაობა დააარსა. მოძრაობას თავიდანვე იდეალისტური მიზნები ამოძრავებდა და ის მიზნად პან–თურქული სახელმწიფოს, თურანის შექმნას ისახავდა, რომელსაც თავისთავში უნდა გაეერთიანებინა თურქეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ირანის აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი… ერთი სიტყვით, სადაც კი სადმე თურქული ტომი სახლობს, ყველა ამ ტომის გაერთიანება ჰქონდა გადაწყვეტილი ალფარსლან თურქეშს. მოძრაობისათვის კი დამაარსებელს მითიური მგლის, ასენას საპატივსაცემოდ (წესიერად ვერ გავერკვიე, თურქულ მითოლოგიაშიც ჰყოლიათ, როგორც ჩანს, თავისი რემუსი და რომულუსი) “რუხი მგლები” უწოდებია. ასევე საინტერესოდ ჟღერს ამ მოძრაობის სახელწოდება ორიგინალში – “ბოზკურტლარ” (ბოზ – რუხი, კურტ – მგელი, ლარ – მრ. რიცხვ. ბოლოსართი).

საბოლოო ჯამში ეს ნაციონალიზმი ულტრანაციონალიზმად გარდაიქმნა და დღესდღეობით მრავალი პოლიტოლოგი ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. 1981 წლის 13 მაისს წმინდა პეტრეს მოედანზე დატრიალებული ამბავი ამიტომ არცაა გასაკვირი. ნუ ვინც არ იცის, გავახსენებ თუ რა მოხდა ამ დღეს – მეჰმეტ ალი აღჯა თავს დაესხა რომის პაპს, იოანე–პავლე II-ს და რამდენიმე ტყვია ესროლა. შედეგად აღჯას ბოზკურტლარობა არ შერჩა და დღემდე ციხეში ზის, 20 წელი იტალიის ციხეში იხდიდა სასჯელს, საიდანაც რომის პაპის შუამდგომლობით მას ეს თავდასხმა იტალიის პრეზიდენტმა, კარლო აძელიო ჩიამპიმ აპატია და შედეგად თურქეთში გაუკეთეს ექსტრადიცია, სადაც ჩასვლა არ აცალეს და მყისვე დააკავეს 1979 წელს ჟურნალისტ, აბდი იპეკჩის მკვლელობისათვის. კიდევ რამდენი წელი იჯდება აღჯა ციხეში ჩემთვის უცნობია…

მორალი: არც ერთ ბოზკურტს არ შერჩება ბოზკურტლარობა !!!

ზღვა, რომელიც შორია!

with 12 comments

ყველას კარგად ახსოვს ზუმბამ “პატრინოტი” თუ როგორი დიდი ტრიუმფით მოიგო. იმ ფონზე, რაც საქართველოს შუ–ბიზნესში სუფევს, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ეფექტური და წარმატებული მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა. კარგად მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე, უკმარისობის გრძნობა ვიგრძენი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისიც გავიგე, რომ გალაკტიონის ლექსი იყო აღებული სიმღერის ტექსტად. სიმღერის ტექსტის დასაწყისი პირველ, “პატრინოტისეულ” ვერსიაში ასე ჟღერდა:

გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე სინათლის მფენი
მომენატრა ზღვა რომელიც ვრცელია

მერე დიდი პომპეზური კლიპი რომ იქნა გადაღებული ამ სიმღერაზე, განზრახ დავაკვირდი და მივაყურადე და აღმოჩნდა, რომ სიტყვა “ვრცელია” იქ “ჩვენია”–თი იყო შეცვლილი, კლიპში უკვე მღეროდნენ ზღვაზე, რომელიც “ჩვენი” იყო და არა “ვრცელი”, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლექსის ავტორი გალაკტიონია, 100 %–იანი დარწმუნებით შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ არც “ჩვენია” და არც “ვრცელია” არ ეწერა გალაკტიონისეულ ვერსიაში. ამაზე ფიქრი რომ დავიწყე, მივხვდი რომ აქ აუცილებლად სიტყვა “შორია” უნდა მჯდარიყო, სხვანაირად გალაკტიონი ვერ დაწერდა, ვინაიდან “სანატორიას” აქ მხოლოდ ერთი რითმა აქვს. მართლაც, მოვიძიე შემდეგ გალაკტიონის ტომში და აი, ეს ლექსი იქ ასე გამოიყურება:

გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე სინათლის მფენი.
მომენატრა ზღვა რომელიც შორია

ისმის შეკითხვა – არ არის შავი ზღვა შორი? – იმის გათვალისწინებით, რომ თავად ლექსის პათოსი ითხოვს ამას. ლექსში ავტორი დანანებით იხსენებს სადღაც იქ, შორს დარჩენილ სანუკვარ ადგილებს, სწორად ამიტომაც არის ზღვა “შორი”. სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი თუ რატომ დაუკარგეს ლექსს ელეგიური პათოსი და შემდეგ ვერც იმას თუ რატომ დაივიწყა ეს სიმღერა ყველამ… :)

Written by linguistuss

October 16, 2008 at 1:09 am

აი–დოსტი, იგივე wishbone

with 6 comments

ფრინველებს ლავიწის ძვლები გაერთიანებული აქვთ და მიღებულ V-ფორმის ძვალს ლათინურად “Furcula”, ანუ თარგმანში “ჩანგლუკა” ჰქვია. ორნითოლოგები ამტკიცებენ გაერთიანებული ლავიწის ძვლების ამდაგვარი ფორმა ფრინველის გულმკერდის ღრუს ფრენის დროს შეკუმშვისაგან იცავსო და შესაბამისად ფრენაშიც ეხმარებაო. თურმე ასეთი ძვალი დინოზავრებსაც კი ჰქონიათ… არ დავიჯერებდი განათხარი ძვლების ფოტოები რომ არ დამეგუგლა :)

ისმის კითხვა: რა ეწოდება ამ V ფორმის ძვალს ქართულად? შეიძლება ვინმეს გაახსენდეს კიდეც, ოდესღაც ძველ თბილისში გავრცელებული გართობის საშუალება, რომელსაც “აი–დოსტი” ერქვა. ვისაც არ ახსენდება, შევახსენებ, თუ რაში მდგომარეობდა ამ თამაშის, თუ გართობის საშუალების არსი. მოხარშული დედლის შთანთქვა–შესანსლის დროს მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ძვალი ხელუხლებელ მდგომარეობაში, დაუზიანებლად გამოერჩიათ ხორცებისაგან. შემდგომში ორი, თამაშში მონაწილე ადამიანი თანხმდებოდნენ იმაზე თუ ვინ რას “იკისრებდა” წაგების შემთხვევაში და ძვალს გადატეხდნენ. ამის შემდგომ ეს ორი სუბიექტი, როდესაც ერთმანეთს რაიმეს მიაწვდიდნენ (არ აქვს მნიშვნელობა რას), გამორთმევის მომენტში გამომრთმევს უნდა ეთქვა კოდური სიტყვა “მახსოვს”, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაგებულად ცხადდებოდა მოგებული პირი წაგებულს ეუბნებოდა “აი–დოსტ” და ამით ახსენებდა დადებულ ნაძლევსაც და ატყობინებდა წაგების შესახებაც და შესაბამისად იმასაც, რომ მას “საკისრებელიც ჰქონდა”. ჰოდა, თამაშის მუღამიც იმაში მდგომარეობდა, რომ რამენაირად გამოგეჭირა შენი ვიზავი ისეთ დროს, რომ ეს ამბავი დავიწყებული ჰქონებოდა და გეთქვა “აი–დოსტ”…

ამ თამაშის წყალობით, მე ხშირად მსმენია მსგავსი ფრაზები: “აუ, აი–დოსტი გამომირჩიე რა…”, “ამ ქათამს აი–დოსტი გატეხილი აქვს?” და ა.შ. ანუ, თამაშის კოდური სიტყვა ძველ თბილისში დაერქვა თავად ძვალს, თუმცა ძველი თბილისი – ძველი თბილისია და ქართული ლიტერატურული თუ სამეცნიერო ენა სხვა არის, ამიტომაც დღემდე ღიად რჩება ჩემთვის, თუ რა ჰქვია ამ ძვალს ქართულად. თავად სიტყვა “აი–დოსტი” კი, ინტუიცია მკარნახობს, რომ ნიშნავს “აი, მეგობაროს” იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “დოსთ” აზერბაიჯანულ და თურქულ ენებში “მეგობარს” ნიშნავს და ეს ენები კი მოგეხსენებათ ძველ თბილისში ძალიან პოპულარული იყო…

რუსები მარტივად მოიქცნენ, პირდაპირ თარგმნეს “Furcula” და ამ ძვალს “Вилочка” უწოდეს. უფრო პოეტურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ინგლისურ ენაში. როგორც ჩანს, ძვლის ასეთი საინტერესო ფორმა იმათთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი და შესაბამისად დას. ევროპაში დღემდე არსებობს ასეთი გასართობი საშუალება, როდესაც ორი პირი კი არ ნაძლევდება ძვლის გადატეხვის წინ, არამედ სურვილს იფიქრებენ და მას, ვისაც გადატეხვის შემდეგ უფრო დიდი ნაწილი დარჩება, გადმოცემის თანახმად მისი სურვილიც ასრულდება. ამიტომაც ინგლისურ ენაში ამ ძვალს “Wishbone” (სურვილის ძვალი), ან “Merrythought” (მხიარული ფიქრი) ჰქვია…

ისე საინტერესოა, ტირანოზავრის “აი–დოსტი” რომ იპოვეს პირველად გადატეხეს თუ არა და თუ გადატეხეს, რა სურვილი ჩაიფიქრეს ენთუზიასტმა პალეონტოლოგებმა ?! :D

Written by linguistuss

October 12, 2008 at 3:49 am

ავოკადო და ადვოკატი

with 2 comments

სულ მაინტერესებდა, ფრანგულ ენაში “ავოკადო” და “ადვოკატი’ ომოგრაფებს რატომ წარმოადგენდნენ? მანამდე იმასაც ვიტყვი რომ ომოგრაფები არის სიტყვები, რომლებიც ერთნაირად იწერება და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს Avocat-ს შემთხვევაშია, რომელიც ფრანგულად ადვოკატიცაა და ავოკადოც.

ძველი აცტეკები ავოკადოს აჰუკატლ–ს უწოდებდნენო, ამტკიცებს ერთი ეტიმოლოგიური წყარო, რაც ნაჰუატლზე, აცტეკურ ენაზე მამაკაცის გენიტალიებს ნიშნავს, როგორც ჩანს ძველ აცტეკებს ამ ხილსა და მამაკაცის დასახელებულ ორგანოს შორის ფიზიკური მსგავსება უპოვნიათ. შემდეგ მოსულან ესპანელები და სიტყვა “აჰუკატლ” ესპანური სიტყვა “აბოგადო”–სთვის მიუმსგავებიათ, რაც ესპანურად თავის მხირვ “ადვოკატია”. ამ გაუგებრობაში შემდგომ ფრანგები როგორ მოხვდენენ ეგ არ წერია არსად, თუმცა ფაქტია, რომ ეს ორი სიტყვა ომოგრაფებს ფრანგულში წარმოადგენენ და არა ესპანურში. ასევე იმასაც დავამატებ, რომ ავოკადო “ალიგატორის მსხლის” სახელითაცაა ცნობილი…

უპრიანი იქნება ლიქიორ “ადვოკაატსაც” თუ გავიხსენებთ, რომელიც თანამედროვე რეცეპტით კვერცხის გულისაგან კეთდება და ვიზუალურად ამიტომაც ყვითელია, თუმცა ჩემთვის მანამდე იყო გაუგებარი თუ რატომ ერქვა ამ სასმელს “ადვოკაატი” (ჰოლანდიურად – ადვოკატი), სანამ არ გავარკვიე, რომ ამ სასმელის კეთება სურინამში დაუწყიათ და კვერცხის ნაცვლად “სამხრ. ამერიკელი ჰოლანდიელები” თურმე თავდაპირველად ავოკადოს იყენებდნენ, შესაბამისად ლიქიორისთვის სახელი ავოკადოს მიუცია და არა რომელიმე ადვოკატს. კვერცხზე არ ვგიჟდები, მაგრამ ცნობისმოყვარეობის ხათრით  გავსინჯავდი ამ ლიქიორს… რამე რომ იყოს ავოკადოსაც მივაყოლებდი :))

Love is…

with 27 comments

ბავშვობაში მახსოვს საღეჭი რეზინების ე.წ. “ნაკლეიკებს” ვაგროვებდი. სადღაც ახლაც შენახული მაქვს ჩემი მაშინდელი, დიდი წვალებით შეგროვებული კოლექციები. საღეჭი რეზინები სულ თურქული იყო, მათ შორის კი იყო ის, რაზეც ეხლა უნდა ვისაუბრო, მისი უდიდებულესობა – “Love is”. ახლაც თვალწინ მიდგას ცისფერ ქაღალდში შეფუთული, რომლის შიგნითაც ერთ სტილში გაკეთებული ნახატები იყო. სიმართლე რომ ითქვას, მაშინ “Love is”–ებს არ ვაგროვებდი, თუმცა ფაქტია, რომ ეს იმ 90–იანების ერთ–ერთი კულტურული მოვლენა იყო.

ჰოდააა… თურმე კი არა, არსებობს ასეთი ინგლისელი მხატვარი ბილ ესპრი (Bill Asprey), რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია ხატავს კომიქსების სერიას, სადაც მრგვალი პირის–სახის ბიჭი და გოგო სხვადასხვანაირ სიტუაციებში არიან წარმოდგენილნი, ყველა სურათს კი სიუჟეტურად აერთიანებს სიყვარული, ანუ სიყვარულის მხატვრისეული ინტერპრეტაცია. მისივე სიტყვებით ეს სერია ახალზელანდიელმა მხატვარმა ქალმა კიმ კასალმა დაიწყო უბრალო გართობის სახით, რომელიც ამ გოგოს და ბიჭის გამოსახულებიან სასიყვარულო ნახატებს ქმნიდა ხელსახოცებზე და შემდეგ თავის მომავალ ქმარს ჩუქნიდა ხოლმე. შემდეგში კი ეს სერია, ბილ ესპრის გაუგრძელებია და დღემდე აგრძელებს თურმე ეს კაცი სიყვარულის დეფინიცირებას :)

ასევე წავაწყდი მის ინტერვიუს, ერთ–ერთ ჟურნალში, სადაც ჟურნალისტი ეუბნება, რომ იცითო, 90–იანებში თქვენი ნახატები ძალიან პოპულარული იყო საღეჭი რეზინის წყალობითო და იმან ღმერთო ჩემო რა სისულელეს ამბობთ, ჩემს ნახატებს საღეჭ რეზინში რა უნდაო :D აი, ამას ჰქვია თურქული კოპირაიტი :)

ასევე იმ ინტერვიუში ჰკითხეს, ეგ ყველაფერი კარგიო და არ მოგბეზრდა ამდენი ხანი სულ ერთი და იგივეს ხატვაო, ან კიდევ ამ თემისთვის არ დაბერდიო? (აშკარად უაზრო შეკითხვა, ამიტომაც გასაგებია რატომ იქნა ეს კითხვა ბანზე აგდებული), თუმცა იქვე ჰკითხეს ყველაზე წარმატებული სიუჟეტი რომელი იყოო და თქვენი აზრით მართლაც–და რა არის სიყვარულიო, რაზედაც უკვე მოხუცებულმა მხატვარმა უპასუხა, ყველაზე წარმატებული სიუჟეტი ავარია იყოო (?!), რაც შემდეგ ასე განმარტა: ეს უცბად მოხდა, მე მაღაზიაში შევედი, ჩემი ცოლი მარსია ჩემს იაგუარში დავტოვე და ვიღაც იდიოტი მაღალი სიჩქარით შეასკდა მაღაზიის წინ გაჩერებულ ჩემს მანქანასო… და სწორად მაშინ, პირველად ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვიგრძენი რომ მარსიაზე უფრო ვდარდობდი, ვიდრე ახალთახალ იაგუარზე, აი მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი Love is სწორად ესო…

Written by linguistuss

October 9, 2008 at 9:16 pm

მაიკლ სკოფილდი კავკასიელი?!

with 6 comments

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, ნაშრომში “ადამიანთა ტიპების ბუნებრივი სახესხვაობანი”, წერდა:

“კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორად ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია”–ო.

Blumenbach , De generis humani varietate nativa (3rd ed. 1795), trans. Bendyshe (1865).

ხსენებულ ნაშრომში ბლუმენბახმა კაცობრიობა ხუთ უმთავრეს რასად დაჰყო, მათი კრანიომეტრიული მახასიათებლების მიხედვით. ეს ხუთი რასა იყო:

  • კავკასიური რასა, ანუ თეთრკანიანები
  • მონღოლოიდური რასა, ანუ ყვითელკანიანები
  • მალაური რასა, ანუ ყავისფერკანიანები
  • ნეგროიდული რასა, ანუ შავკანიანები
  • ამერიკული რასა, ანუ წითელკანიანები

შემდგომ საუკუნეებში ანთროპოლოგებმა ეს ნაშრომი ანთროპოლოგიის ყველაზე ფუნდამენტურ ნაშრომად შერაცხეს და XX საუკუნის შუა წლებამდე ეს თეორია სამეცნიერო საზოგადოების მიერ ფართოდ იყო აღიარებული.

მიუხედავად იმისა, რომ რასობრივი კუთვნილების მიხედვით XX საუკუნეში ადამიანების დაყოფა დაგმობილ იქნა, ტერმინი “Caucasian” კვლავაც აქტიურად გამოიყენება და ეს უმთავრესად აშშ–ს ეხება. უფრო მეტიც, ეს სიტყვა დღევანდელ აშშ–ში თეთრკანიანის აღსანიშნავად იხმარება, არა მარტო ყოფით დონეზე, არამედ სახელმწიფო აპარატის დონეზეც კი და ამ სიტყვას აშშ–ს თეთრკანიანი მოსახლეობა თვითიდენტიფიკაციის ნიშნად იყენებს.

აი, ამის გამო ძალიან ბევრი კაზუსი და უხერხული სიტუაციები იქმნება ხოლმე, როდესაც ამერიკელები ქართველებს უმტკიცებენ, რომ კავკასიელები არიან და როდესაც ქართველები იჯგიმებიან და ვერაფრის დიდებით ვერ ეგუებიან ამერიკელების კავკასიელობას. ხშირ შემთხვევაში კამათი იქამდეც კი მიდის ხოლმე, რომ არც ერთმა მხარემ არ იცის რაზე დაობენ და მათი ჩხუბის თუ კამათის მიზეზი, ერთმანეთისთვის კავკასიელობის დასამტკიცებლად, სიტყვა “კავკასიელია” და მეტი არაფერი.

ამასწინათ ვუყურებდი Prison Break–ის მეოთხე სეზონის მეექვსე სერიას, სადაც ერთი პოლიციელი თვალს მოჰკრავს რა მაიკლ სკოფილდს, დაკავებულ ალექს მაჰოუნის დაჟინებით ეკითხება შენთან ერთად რომ თეთრკანიანი იყო ვინ არისო. “Квадрат Малевича”-ს ბრიგადამ, რომლებიც ამ სერიალის თარგმნით არიან დაკავებულები ეს ეპიზოდი ასე თარგმნეს: “Я поговорил с менеджером ипподрома, он сказал что тебя видели с каким-то кавказцем”. არადა მთარგმნელს აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ცისფერთვალება და ფითქინა მაიკლ სკოფილდი ვერაფრით ვერ იქნებოდა Кавказец–ი, მაშინ როცა მთელი რუსეთი კავკასიელებს “Черножопые”-ს გვეძახის…

ერთი სიტყვით კიდევ დიდხანს გაგრძელდება მსგავსი გაუგებრობები, მანამ სანამ ორი კავკასიელი, ორივე გიორგის ასული… არა, ეგ არა… ერთი სიტყვით მანამ, სანამ სიტყვა “კავკასიელს” ასეთი სხვადასხვაგვარი გაგება ექნება შორეულ და ახლო დასავლეთებში.

Written by linguistuss

October 7, 2008 at 11:47 pm

ოდალისკა და ოთახი

with one comment

სანამ ლინგვისტურ წიაღსვლებში გადავეშვებოდე, კინაღამ ჩემს წინასწარ განზრახვას ვუღალატე, რაც ამ ბლოგზე ფოტო და ვიდეო მასალის განუთავსებლობას, ანუ არარსებობას ითვალისწინებს და კინაღამ ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრისოდალისკას” რეპროდუქცია დავდე აქ, თუმცა მოვიკრიბე პრინციპულობა და ვაგრძელებ იმავე რეჟიმში…

Odalisque თურქული სიტყვა odaliq–ის გაფრანგებული ვარიანტია და ჰარამხანის მონა ქალს, მხევალს ნიშნავს. თავად თურქულში კი ეს სიტყვა, “ოდალიქ” თავის მხრივ “ოდა”–ს უკავშირდება (“ლიქ” თურქული სუფიქსია; შესადარებლათ: “ბირ” – ერთი, “ბირლიქ” – ერთობა). თავად “ოდა” კი არაბული სიტყვა “ოთაყ”–ის ერთ–ერთი განშტოებაა, რომლის მეორე შტო ჩვენს ენაში “ოთახად” იქცა. ასე რომ, ანტუან გალანისათასი და ერთ ღამისეულ” გვერდებს ქართულად თუ გადმოვთარგმნით, აუცილებლად მივადგებით პასაჟს, სადაც ნათქვამია: “ოთახში ოდალისკა შემოვიდა”… ეს პასაჟი კი დაახლოებით იმავე ფრაზას ითხოვს რეზიუმედ, საჰარის უდაბნოში დახოცილ ხვიჩაზე და გოჩაზე რომ ათქმევინა უიარაღოს.

ზენიტი

with one comment

ეს ამბავი ძალიან მხიბლავს, თუმცა თითიდან გამოწოვილს ჰგავს ერთი შეხედვით. ასეა თუ ისე, არსებობს ისტორია, თუ როგორ იქცა არაბული სიტყვა “ზამთ”, რაც გზას ნიშნავს “ზენიტ”–ად. შუასაუკუნეების სამეცნიერო წრეებში არაბული მეტად საჭირო ენა იყო, ზუსტი მეცნიერებების ქურუმები მაშინ ბაღდადის, ალექსანდრიისა და ბუხარის მედრესეებსა და მეჩეთებში ისხდნენ, ასე რომ ევროპაში ამის გამო არაბულის მცოდნე ბერი–გადამწერიც, ამის გამო, ხშირი მოვლენა გახლდათ. თუმცა ენის ცოდნა ერთია და ზედაპირული თუ მექანიკური გადაწერის პროცესი მეორე. ერთი სიტყვით, როდესაც არაბული სიტყვა “ზამთ” ლათინური ტრანსკრიპტით ჩაუწერიათ, შემდგომში ხშირი გადაწერის დროს ერთ ბერს Zamt მოსჩვენებია Zanit–ად (m-ის და ni-ს მსგავსების გამო) და ასე და ამგვარად დაბადებულა ეს სიტყვა ევროპულ ენებში…

P.S. ამ შეცდომასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო, FIneReader-ით სარგებლობის დროს ხშირად მინახავს, როცა m-ს ეს გენიალური პროგრამა ni–დ აღიქვამდა და რა გასაკვირია, რომ სანთლის შუქზე, ღამეული “ფხიზლობების” დროს, ვინმე ფრანცისკანელ ფრატერსაც მსგავსი შეცდომა დაეშვა :)

Written by linguistuss

October 7, 2008 at 6:49 pm

პალასი, ფლასი და ხალიჩა

with 3 comments

მახსოვს, პირველად ფრანგული სიტყვა moquette რომ შემომხვდა ფრანგულ–რუსულ ლექსიკონში მოვძებნე და დავადგინე, რომ moquette ყოფილა რუსული Палас და მერე ჩავფიქრდი იმაზე, თუ რა ერქვა პალასს ქართულად… ჰოდა აი, პალასის ისტორიაც:

“პალას” ბევრს რუსული ბარბარიზმი ჰგონია, სინამდვილეში კი სპარსული სიტყვა “ფალას” გახლავთ, რაც იაფფასიან, უხეში ძაფისაგან მოქსოვილ (ხალიჩისაგან და ნოხისაგან განსხვავებულ) საფენს ნიშნავს. ეს სიტყვა ჩვენს ენაშიცაა დაფიქსირებული “ფლას”–ის სახით და დახეულ, დაკონიკლ სამოსს ნიშნავს. სომხურში კი “ფალას–ფულას” იგივეა, რაც ჩვენი “ჩვარი–ჩვური”… ძველ სპარსელი ვაჭრები, როგორც ჩანს, უხარისხო საქონლის ექსპორტს ახდენდნენ და საქონელთან ერთად სიტყვაც უჩუქებიათ, ისე რომ დღემდე რუსული გვგონია.

ამავდროულად თანამედროვე ქართულში ინგლისურის წყალობით ნელ–ნელა ფეხს იკიდებს სიტყვა “პალასის” სხვა მნიშვნელობაც, რაც ფეშენებელურ სახლთან, თუ სასახლესთანაა ასოცირებული, შორს რომ არ წავიდეთ უცბათ “შერატონ–მეტეხი პალასი” მახსენდება და გუგლში ძებნა, რომ დავიწყო დარწმუნებული ვარ მინიმუმ 20 სასტუმროს ვიპოვი თბილისი–მცხეთის შემოგარენში ეს სიტყვა რომ ერიოს სახელწოდებაში.

აი, ამას ჰქვია ჭეშმარიტი აღმოსავლურ–დასავლური ნაზავი: აქეთ უხარისხო ხალიჩა და იქით ფეშენებელური სასახლე და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პალასში პალასის დაგება არ შეიძლება :)

Written by linguistuss

October 7, 2008 at 6:12 pm

ტაბაკა, თეფში და ლაპარაკი

with one comment

ზოგს ჰგონია, რომ ეს რუსული სიტყვაა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისაგან ხშირად გვსმენია ფრაზა – “Цыплёнек-табака”; თუმცა (უფრო მეტად თბილისში) ბევრმა იცის – “ტაბაკა” – წიწილას კი არა, ბრტყლად დაჭრილ კარტოფილს გულისხმობს. ასე რომ, რუსული ენა არაფერ შუაშია. საქმე ეხება არაბულ სიტყვა “თაბაქ”–ს, რაც ფენას ნიშნავს, შემდეგ ეს სიტყვა გადაბარგდა სპარსულში და “თეფშს” დაერქვა; იქიდან ჩვენთან (და რუსებთან) შემოვიდა ბრტყლად მომზადებული საკვების აღსანიშნავად, სომხურში კი “ტაფაკ” სხვა არაფერია თუ არა “ბრტყელი” და ამგვარი ფორმის შეიძლება იყოს წიწილაც, კარტოფილიც, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაპარაკიც; ანუ ჩვენი ბრტყელ–ბრტყელი ლაპარაკი სომხისათვის “ტაფაკ–ტაფაკ” მეტყველება გახლავთ…