ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 7th, 2008

მაიკლ სკოფილდი კავკასიელი?!

with 6 comments

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, ნაშრომში “ადამიანთა ტიპების ბუნებრივი სახესხვაობანი”, წერდა:

“კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორად ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია”–ო.

Blumenbach , De generis humani varietate nativa (3rd ed. 1795), trans. Bendyshe (1865).

ხსენებულ ნაშრომში ბლუმენბახმა კაცობრიობა ხუთ უმთავრეს რასად დაჰყო, მათი კრანიომეტრიული მახასიათებლების მიხედვით. ეს ხუთი რასა იყო:

  • კავკასიური რასა, ანუ თეთრკანიანები
  • მონღოლოიდური რასა, ანუ ყვითელკანიანები
  • მალაური რასა, ანუ ყავისფერკანიანები
  • ნეგროიდული რასა, ანუ შავკანიანები
  • ამერიკული რასა, ანუ წითელკანიანები

შემდგომ საუკუნეებში ანთროპოლოგებმა ეს ნაშრომი ანთროპოლოგიის ყველაზე ფუნდამენტურ ნაშრომად შერაცხეს და XX საუკუნის შუა წლებამდე ეს თეორია სამეცნიერო საზოგადოების მიერ ფართოდ იყო აღიარებული.

მიუხედავად იმისა, რომ რასობრივი კუთვნილების მიხედვით XX საუკუნეში ადამიანების დაყოფა დაგმობილ იქნა, ტერმინი “Caucasian” კვლავაც აქტიურად გამოიყენება და ეს უმთავრესად აშშ–ს ეხება. უფრო მეტიც, ეს სიტყვა დღევანდელ აშშ–ში თეთრკანიანის აღსანიშნავად იხმარება, არა მარტო ყოფით დონეზე, არამედ სახელმწიფო აპარატის დონეზეც კი და ამ სიტყვას აშშ–ს თეთრკანიანი მოსახლეობა თვითიდენტიფიკაციის ნიშნად იყენებს.

აი, ამის გამო ძალიან ბევრი კაზუსი და უხერხული სიტუაციები იქმნება ხოლმე, როდესაც ამერიკელები ქართველებს უმტკიცებენ, რომ კავკასიელები არიან და როდესაც ქართველები იჯგიმებიან და ვერაფრის დიდებით ვერ ეგუებიან ამერიკელების კავკასიელობას. ხშირ შემთხვევაში კამათი იქამდეც კი მიდის ხოლმე, რომ არც ერთმა მხარემ არ იცის რაზე დაობენ და მათი ჩხუბის თუ კამათის მიზეზი, ერთმანეთისთვის კავკასიელობის დასამტკიცებლად, სიტყვა “კავკასიელია” და მეტი არაფერი.

ამასწინათ ვუყურებდი Prison Break–ის მეოთხე სეზონის მეექვსე სერიას, სადაც ერთი პოლიციელი თვალს მოჰკრავს რა მაიკლ სკოფილდს, დაკავებულ ალექს მაჰოუნის დაჟინებით ეკითხება შენთან ერთად რომ თეთრკანიანი იყო ვინ არისო. “Квадрат Малевича”-ს ბრიგადამ, რომლებიც ამ სერიალის თარგმნით არიან დაკავებულები ეს ეპიზოდი ასე თარგმნეს: “Я поговорил с менеджером ипподрома, он сказал что тебя видели с каким-то кавказцем”. არადა მთარგმნელს აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ცისფერთვალება და ფითქინა მაიკლ სკოფილდი ვერაფრით ვერ იქნებოდა Кавказец–ი, მაშინ როცა მთელი რუსეთი კავკასიელებს “Черножопые”-ს გვეძახის…

ერთი სიტყვით კიდევ დიდხანს გაგრძელდება მსგავსი გაუგებრობები, მანამ სანამ ორი კავკასიელი, ორივე გიორგის ასული… არა, ეგ არა… ერთი სიტყვით მანამ, სანამ სიტყვა “კავკასიელს” ასეთი სხვადასხვაგვარი გაგება ექნება შორეულ და ახლო დასავლეთებში.

Written by linguistuss

October 7, 2008 at 11:47 pm

ოდალისკა და ოთახი

with one comment

სანამ ლინგვისტურ წიაღსვლებში გადავეშვებოდე, კინაღამ ჩემს წინასწარ განზრახვას ვუღალატე, რაც ამ ბლოგზე ფოტო და ვიდეო მასალის განუთავსებლობას, ანუ არარსებობას ითვალისწინებს და კინაღამ ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრისოდალისკას” რეპროდუქცია დავდე აქ, თუმცა მოვიკრიბე პრინციპულობა და ვაგრძელებ იმავე რეჟიმში…

Odalisque თურქული სიტყვა odaliq–ის გაფრანგებული ვარიანტია და ჰარამხანის მონა ქალს, მხევალს ნიშნავს. თავად თურქულში კი ეს სიტყვა, “ოდალიქ” თავის მხრივ “ოდა”–ს უკავშირდება (“ლიქ” თურქული სუფიქსია; შესადარებლათ: “ბირ” – ერთი, “ბირლიქ” – ერთობა). თავად “ოდა” კი არაბული სიტყვა “ოთაყ”–ის ერთ–ერთი განშტოებაა, რომლის მეორე შტო ჩვენს ენაში “ოთახად” იქცა. ასე რომ, ანტუან გალანისათასი და ერთ ღამისეულ” გვერდებს ქართულად თუ გადმოვთარგმნით, აუცილებლად მივადგებით პასაჟს, სადაც ნათქვამია: “ოთახში ოდალისკა შემოვიდა”… ეს პასაჟი კი დაახლოებით იმავე ფრაზას ითხოვს რეზიუმედ, საჰარის უდაბნოში დახოცილ ხვიჩაზე და გოჩაზე რომ ათქმევინა უიარაღოს.

ზენიტი

with one comment

ეს ამბავი ძალიან მხიბლავს, თუმცა თითიდან გამოწოვილს ჰგავს ერთი შეხედვით. ასეა თუ ისე, არსებობს ისტორია, თუ როგორ იქცა არაბული სიტყვა “ზამთ”, რაც გზას ნიშნავს “ზენიტ”–ად. შუასაუკუნეების სამეცნიერო წრეებში არაბული მეტად საჭირო ენა იყო, ზუსტი მეცნიერებების ქურუმები მაშინ ბაღდადის, ალექსანდრიისა და ბუხარის მედრესეებსა და მეჩეთებში ისხდნენ, ასე რომ ევროპაში ამის გამო არაბულის მცოდნე ბერი–გადამწერიც, ამის გამო, ხშირი მოვლენა გახლდათ. თუმცა ენის ცოდნა ერთია და ზედაპირული თუ მექანიკური გადაწერის პროცესი მეორე. ერთი სიტყვით, როდესაც არაბული სიტყვა “ზამთ” ლათინური ტრანსკრიპტით ჩაუწერიათ, შემდგომში ხშირი გადაწერის დროს ერთ ბერს Zamt მოსჩვენებია Zanit–ად (m-ის და ni-ს მსგავსების გამო) და ასე და ამგვარად დაბადებულა ეს სიტყვა ევროპულ ენებში…

P.S. ამ შეცდომასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო, FIneReader-ით სარგებლობის დროს ხშირად მინახავს, როცა m-ს ეს გენიალური პროგრამა ni–დ აღიქვამდა და რა გასაკვირია, რომ სანთლის შუქზე, ღამეული “ფხიზლობების” დროს, ვინმე ფრანცისკანელ ფრატერსაც მსგავსი შეცდომა დაეშვა :)

Written by linguistuss

October 7, 2008 at 6:49 pm

პალასი, ფლასი და ხალიჩა

with 3 comments

მახსოვს, პირველად ფრანგული სიტყვა moquette რომ შემომხვდა ფრანგულ–რუსულ ლექსიკონში მოვძებნე და დავადგინე, რომ moquette ყოფილა რუსული Палас და მერე ჩავფიქრდი იმაზე, თუ რა ერქვა პალასს ქართულად… ჰოდა აი, პალასის ისტორიაც:

“პალას” ბევრს რუსული ბარბარიზმი ჰგონია, სინამდვილეში კი სპარსული სიტყვა “ფალას” გახლავთ, რაც იაფფასიან, უხეში ძაფისაგან მოქსოვილ (ხალიჩისაგან და ნოხისაგან განსხვავებულ) საფენს ნიშნავს. ეს სიტყვა ჩვენს ენაშიცაა დაფიქსირებული “ფლას”–ის სახით და დახეულ, დაკონიკლ სამოსს ნიშნავს. სომხურში კი “ფალას–ფულას” იგივეა, რაც ჩვენი “ჩვარი–ჩვური”… ძველ სპარსელი ვაჭრები, როგორც ჩანს, უხარისხო საქონლის ექსპორტს ახდენდნენ და საქონელთან ერთად სიტყვაც უჩუქებიათ, ისე რომ დღემდე რუსული გვგონია.

ამავდროულად თანამედროვე ქართულში ინგლისურის წყალობით ნელ–ნელა ფეხს იკიდებს სიტყვა “პალასის” სხვა მნიშვნელობაც, რაც ფეშენებელურ სახლთან, თუ სასახლესთანაა ასოცირებული, შორს რომ არ წავიდეთ უცბათ “შერატონ–მეტეხი პალასი” მახსენდება და გუგლში ძებნა, რომ დავიწყო დარწმუნებული ვარ მინიმუმ 20 სასტუმროს ვიპოვი თბილისი–მცხეთის შემოგარენში ეს სიტყვა რომ ერიოს სახელწოდებაში.

აი, ამას ჰქვია ჭეშმარიტი აღმოსავლურ–დასავლური ნაზავი: აქეთ უხარისხო ხალიჩა და იქით ფეშენებელური სასახლე და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პალასში პალასის დაგება არ შეიძლება :)

Written by linguistuss

October 7, 2008 at 6:12 pm

ტაბაკა, თეფში და ლაპარაკი

with one comment

ზოგს ჰგონია, რომ ეს რუსული სიტყვაა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისაგან ხშირად გვსმენია ფრაზა – “Цыплёнек-табака”; თუმცა (უფრო მეტად თბილისში) ბევრმა იცის – “ტაბაკა” – წიწილას კი არა, ბრტყლად დაჭრილ კარტოფილს გულისხმობს. ასე რომ, რუსული ენა არაფერ შუაშია. საქმე ეხება არაბულ სიტყვა “ტაბაკა”–ს, რაც ფენას ნიშნავს, შემდეგ ეს სიტყვა გადაბარგდა სპარსულში და “თეფშს” დაერქვა; იქიდან ჩვენთან (და რუსებთან) შემოვიდა ბრტყლად მომზადებული საკვების აღსანიშნავად, სომხურში კი “ტაფაკ” სხვა არაფერია თუ არა “ბრტყელი” და ამგვარი ფორმის შეიძლება იყოს წიწილაც, კარტოფილიც, და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაპარაკიც; ანუ ჩვენი ბრტყელ–ბრტყელი ლაპარაკი სომხისათვის “ტაფაკ–ტაფაკ” მეტყველება გახლავთ…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers