პალასი, ფლასი და ხალიჩა
მახსოვს, პირველად ფრანგული სიტყვა moquette რომ შემომხვდა ფრანგულ–რუსულ ლექსიკონში მოვძებნე და დავადგინე, რომ moquette ყოფილა რუსული Палас და მერე ჩავფიქრდი იმაზე, თუ რა ერქვა პალასს ქართულად… ჰოდა აი, პალასის ისტორიაც:
“პალას” ბევრს რუსული ბარბარიზმი ჰგონია, სინამდვილეში კი სპარსული სიტყვა “ფალას” გახლავთ, რაც იაფფასიან, უხეში ძაფისაგან მოქსოვილ (ხალიჩისაგან და ნოხისაგან განსხვავებულ) საფენს ნიშნავს. ეს სიტყვა ჩვენს ენაშიცაა დაფიქსირებული “ფლას”–ის სახით და დახეულ, დაკონიკლ სამოსს ნიშნავს. სომხურში კი “ფალას–ფულას” იგივეა, რაც ჩვენი “ჩვარი–ჩვური”… ძველ სპარსელი ვაჭრები, როგორც ჩანს, უხარისხო საქონლის ექსპორტს ახდენდნენ და საქონელთან ერთად სიტყვაც უჩუქებიათ, ისე რომ დღემდე რუსული გვგონია.
ამავდროულად თანამედროვე ქართულში ინგლისურის წყალობით ნელ–ნელა ფეხს იკიდებს სიტყვა “პალასის” სხვა მნიშვნელობაც, რაც ფეშენებელურ სახლთან, თუ სასახლესთანაა ასოცირებული, შორს რომ არ წავიდეთ უცბათ “შერატონ–მეტეხი პალასი” მახსენდება და გუგლში ძებნა, რომ დავიწყო დარწმუნებული ვარ მინიმუმ 20 სასტუმროს ვიპოვი თბილისი–მცხეთის შემოგარენში ეს სიტყვა რომ ერიოს სახელწოდებაში.
აი, ამას ჰქვია ჭეშმარიტი აღმოსავლურ–დასავლური ნაზავი: აქეთ უხარისხო ხალიჩა და იქით ფეშენებელური სასახლე და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პალასში პალასის დაგება არ შეიძლება :)


პალასთან ხალიჩასთან და ნოხთან ერთად ფიანდაზიც არსებობს.
nugzari
November 5, 2008 at 1:11 pm
@nugzari
მართალია, “ფიანდაზ” სპარსულად “ფეხქვეშ გასაგებს” ნიშნავს.
linguistuss
November 5, 2008 at 3:14 pm
ჩვარი-ჩვურის ქართველი არასოდეს ამბობს. ალბათ უფრო მართებულია კონკი-ძონძი.
anano-27
November 6, 2008 at 7:37 pm