ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 9th, 2008

Love is…

with 27 comments

ბავშვობაში მახსოვს საღეჭი რეზინების ე.წ. “ნაკლეიკებს” ვაგროვებდი. სადღაც ახლაც შენახული მაქვს ჩემი მაშინდელი, დიდი წვალებით შეგროვებული კოლექციები. საღეჭი რეზინები სულ თურქული იყო, მათ შორის კი იყო ის, რაზეც ეხლა უნდა ვისაუბრო, მისი უდიდებულესობა – “Love is”. ახლაც თვალწინ მიდგას ცისფერ ქაღალდში შეფუთული, რომლის შიგნითაც ერთ სტილში გაკეთებული ნახატები იყო. სიმართლე რომ ითქვას, მაშინ “Love is”–ებს არ ვაგროვებდი, თუმცა ფაქტია, რომ ეს იმ 90–იანების ერთ–ერთი კულტურული მოვლენა იყო.

ჰოდააა… თურმე კი არა, არსებობს ასეთი ინგლისელი მხატვარი ბილ ესპრი (Bill Asprey), რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია ხატავს კომიქსების სერიას, სადაც მრგვალი პირის–სახის ბიჭი და გოგო სხვადასხვანაირ სიტუაციებში არიან წარმოდგენილნი, ყველა სურათს კი სიუჟეტურად აერთიანებს სიყვარული, ანუ სიყვარულის მხატვრისეული ინტერპრეტაცია. მისივე სიტყვებით ეს სერია ახალზელანდიელმა მხატვარმა ქალმა კიმ კასალმა დაიწყო უბრალო გართობის სახით, რომელიც ამ გოგოს და ბიჭის გამოსახულებიან სასიყვარულო ნახატებს ქმნიდა ხელსახოცებზე და შემდეგ თავის მომავალ ქმარს ჩუქნიდა ხოლმე. შემდეგში კი ეს სერია, ბილ ესპრის გაუგრძელებია და დღემდე აგრძელებს თურმე ეს კაცი სიყვარულის დეფინიცირებას :)

ასევე წავაწყდი მის ინტერვიუს, ერთ–ერთ ჟურნალში, სადაც ჟურნალისტი ეუბნება, რომ იცითო, 90–იანებში თქვენი ნახატები ძალიან პოპულარული იყო საღეჭი რეზინის წყალობითო და იმან ღმერთო ჩემო რა სისულელეს ამბობთ, ჩემს ნახატებს საღეჭ რეზინში რა უნდაო :D აი, ამას ჰქვია თურქული კოპირაიტი :)

ასევე იმ ინტერვიუში ჰკითხეს, ეგ ყველაფერი კარგიო და არ მოგბეზრდა ამდენი ხანი სულ ერთი და იგივეს ხატვაო, ან კიდევ ამ თემისთვის არ დაბერდიო? (აშკარად უაზრო შეკითხვა, ამიტომაც გასაგებია რატომ იქნა ეს კითხვა ბანზე აგდებული), თუმცა იქვე ჰკითხეს ყველაზე წარმატებული სიუჟეტი რომელი იყოო და თქვენი აზრით მართლაც–და რა არის სიყვარულიო, რაზედაც უკვე მოხუცებულმა მხატვარმა უპასუხა, ყველაზე წარმატებული სიუჟეტი ავარია იყოო (?!), რაც შემდეგ ასე განმარტა: ეს უცბად მოხდა, მე მაღაზიაში შევედი, ჩემი ცოლი მარსია ჩემს იაგუარში დავტოვე და ვიღაც იდიოტი მაღალი სიჩქარით შეასკდა მაღაზიის წინ გაჩერებულ ჩემს მანქანასო… და სწორად მაშინ, პირველად ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვიგრძენი რომ მარსიაზე უფრო ვდარდობდი, ვიდრე ახალთახალ იაგუარზე, აი მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი Love is სწორად ესო…

Written by linguistuss

October 9, 2008 at 9:16 pm