ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 10th, 2008

ავოკადო და ადვოკატი

with 5 comments

სულ მაინტერესებდა, ფრანგულ ენაში “ავოკადო” და “ადვოკატი’ ომოგრაფებს რატომ წარმოადგენდნენ? მანამდე იმასაც ვიტყვი რომ ომოგრაფები არის სიტყვები, რომლებიც ერთნაირად იწერება და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს Avocat-ს შემთხვევაშია, რომელიც ფრანგულად ადვოკატიცაა და ავოკადოც.

ძველი აცტეკები ავოკადოს აჰუკატლ–ს უწოდებდნენო, ამტკიცებს ერთი ეტიმოლოგიური წყარო, რაც ნაჰუატლზე, აცტეკურ ენაზე მამაკაცის გენიტალიებს ნიშნავს, როგორც ჩანს ძველ აცტეკებს ამ ხილსა და მამაკაცის დასახელებულ ორგანოს შორის ფიზიკური მსგავსება უპოვნიათ. შემდეგ მოსულან ესპანელები და სიტყვა “აჰუკატლ” ესპანური სიტყვა “აბოგადო”–სთვის მიუმსგავებიათ, რაც ესპანურად თავის მხირვ “ადვოკატია”. ამ გაუგებრობაში შემდგომ ფრანგები როგორ მოხვდენენ ეგ არ წერია არსად, თუმცა ფაქტია, რომ ეს ორი სიტყვა ომოგრაფებს ფრანგულში წარმოადგენენ და არა ესპანურში. ასევე იმასაც დავამატებ, რომ ავოკადო “ალიგატორის მსხლის” სახელითაცაა ცნობილი…

უპრიანი იქნება ლიქიორ “ადვოკაატსაც” თუ გავიხსენებთ, რომელიც თანამედროვე რეცეპტით კვერცხის გულისაგან კეთდება და ვიზუალურად ამიტომაც ყვითელია, თუმცა ჩემთვის მანამდე იყო გაუგებარი თუ რატომ ერქვა ამ სასმელს “ადვოკაატი” (ჰოლანდიურად – ადვოკატი), სანამ არ გავარკვიე, რომ ამ სასმელის კეთება სურინამში დაუწყიათ და კვერცხის ნაცვლად “სამხრ. ამერიკელი ჰოლანდიელები” თურმე თავდაპირველად ავოკადოს იყენებდნენ, შესაბამისად ლიქიორისთვის სახელი ავოკადოს მიუცია და არა რომელიმე ადვოკატს. კვერცხზე არ ვგიჟდები, მაგრამ ცნობისმოყვარეობის ხათრით  გავსინჯავდი ამ ლიქიორს… რამე რომ იყოს ავოკადოსაც მივაყოლებდი :))

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers