ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 12th, 2008

აი–დოსტი, იგივე wishbone

with 6 comments

ფრინველებს ლავიწის ძვლები გაერთიანებული აქვთ და მიღებულ V-ფორმის ძვალს ლათინურად “Furcula”, ანუ თარგმანში “ჩანგლუკა” ჰქვია. ორნითოლოგები ამტკიცებენ გაერთიანებული ლავიწის ძვლების ამდაგვარი ფორმა ფრინველის გულმკერდის ღრუს ფრენის დროს შეკუმშვისაგან იცავსო და შესაბამისად ფრენაშიც ეხმარებაო. თურმე ასეთი ძვალი დინოზავრებსაც კი ჰქონიათ… არ დავიჯერებდი განათხარი ძვლების ფოტოები რომ არ დამეგუგლა :)

ისმის კითხვა: რა ეწოდება ამ V ფორმის ძვალს ქართულად? შეიძლება ვინმეს გაახსენდეს კიდეც, ოდესღაც ძველ თბილისში გავრცელებული გართობის საშუალება, რომელსაც “აი–დოსტი” ერქვა. ვისაც არ ახსენდება, შევახსენებ, თუ რაში მდგომარეობდა ამ თამაშის, თუ გართობის საშუალების არსი. მოხარშული დედლის შთანთქვა–შესანსლის დროს მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ძვალი ხელუხლებელ მდგომარეობაში, დაუზიანებლად გამოერჩიათ ხორცებისაგან. შემდგომში ორი, თამაშში მონაწილე ადამიანი თანხმდებოდნენ იმაზე თუ ვინ რას “იკისრებდა” წაგების შემთხვევაში და ძვალს გადატეხდნენ. ამის შემდგომ ეს ორი სუბიექტი, როდესაც ერთმანეთს რაიმეს მიაწვდიდნენ (არ აქვს მნიშვნელობა რას), გამორთმევის მომენტში გამომრთმევს უნდა ეთქვა კოდური სიტყვა “მახსოვს”, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაგებულად ცხადდებოდა მოგებული პირი წაგებულს ეუბნებოდა “აი–დოსტ” და ამით ახსენებდა დადებულ ნაძლევსაც და ატყობინებდა წაგების შესახებაც და შესაბამისად იმასაც, რომ მას “საკისრებელიც ჰქონდა”. ჰოდა, თამაშის მუღამიც იმაში მდგომარეობდა, რომ რამენაირად გამოგეჭირა შენი ვიზავი ისეთ დროს, რომ ეს ამბავი დავიწყებული ჰქონებოდა და გეთქვა “აი–დოსტ”…

ამ თამაშის წყალობით, მე ხშირად მსმენია მსგავსი ფრაზები: “აუ, აი–დოსტი გამომირჩიე რა…”, “ამ ქათამს აი–დოსტი გატეხილი აქვს?” და ა.შ. ანუ, თამაშის კოდური სიტყვა ძველ თბილისში დაერქვა თავად ძვალს, თუმცა ძველი თბილისი – ძველი თბილისია და ქართული ლიტერატურული თუ სამეცნიერო ენა სხვა არის, ამიტომაც დღემდე ღიად რჩება ჩემთვის, თუ რა ჰქვია ამ ძვალს ქართულად. თავად სიტყვა “აი–დოსტი” კი, ინტუიცია მკარნახობს, რომ ნიშნავს “აი, მეგობაროს” იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “დოსთ” აზერბაიჯანულ და თურქულ ენებში “მეგობარს” ნიშნავს და ეს ენები კი მოგეხსენებათ ძველ თბილისში ძალიან პოპულარული იყო…

რუსები მარტივად მოიქცნენ, პირდაპირ თარგმნეს “Furcula” და ამ ძვალს “Вилочка” უწოდეს. უფრო პოეტურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ინგლისურ ენაში. როგორც ჩანს, ძვლის ასეთი საინტერესო ფორმა იმათთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი და შესაბამისად დას. ევროპაში დღემდე არსებობს ასეთი გასართობი საშუალება, როდესაც ორი პირი კი არ ნაძლევდება ძვლის გადატეხვის წინ, არამედ სურვილს იფიქრებენ და მას, ვისაც გადატეხვის შემდეგ უფრო დიდი ნაწილი დარჩება, გადმოცემის თანახმად მისი სურვილიც ასრულდება. ამიტომაც ინგლისურ ენაში ამ ძვალს “Wishbone” (სურვილის ძვალი), ან “Merrythought” (მხიარული ფიქრი) ჰქვია…

ისე საინტერესოა, ტირანოზავრის “აი–დოსტი” რომ იპოვეს პირველად გადატეხეს თუ არა და თუ გადატეხეს, რა სურვილი ჩაიფიქრეს ენთუზიასტმა პალეონტოლოგებმა ?! :D

Written by linguistuss

October 12, 2008 at 3:49 am