Archive for October 16th, 2008
ზღვა, რომელიც შორია!
ყველას კარგად ახსოვს ზუმბამ “პატრინოტი” თუ როგორი დიდი ტრიუმფით მოიგო. იმ ფონზე, რაც საქართველოს შუ–ბიზნესში სუფევს, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ეფექტური და წარმატებული მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა. კარგად მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე, უკმარისობის გრძნობა ვიგრძენი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისიც გავიგე, რომ გალაკტიონის ლექსი იყო აღებული სიმღერის ტექსტად. სიმღერის ტექსტის დასაწყისი პირველ, “პატრინოტისეულ” ვერსიაში ასე ჟღერდა:
გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე სინათლის მფენი
მომენატრა ზღვა რომელიც ვრცელია
მერე დიდი პომპეზური კლიპი რომ იქნა გადაღებული ამ სიმღერაზე, განზრახ დავაკვირდი და მივაყურადე და აღმოჩნდა, რომ სიტყვა “ვრცელია” იქ “ჩვენია”–თი იყო შეცვლილი, კლიპში უკვე მღეროდნენ ზღვაზე, რომელიც “ჩვენი” იყო და არა “ვრცელი”, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლექსის ავტორი გალაკტიონია, 100 %–იანი დარწმუნებით შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ არც “ჩვენია” და არც “ვრცელია” არ ეწერა გალაკტიონისეულ ვერსიაში. ამაზე ფიქრი რომ დავიწყე, მივხვდი რომ აქ აუცილებლად სიტყვა “შორია” უნდა მჯდარიყო, სხვანაირად გალაკტიონი ვერ დაწერდა, ვინაიდან “სანატორიას” აქ მხოლოდ ერთი რითმა აქვს. მართლაც, მოვიძიე შემდეგ გალაკტიონის ტომში და აი, ეს ლექსი იქ ასე გამოიყურება:
გამარჯობა აფხაზეთო შენი,
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია.
მომენატრა მზე სინათლის მფენი.
მომენატრა ზღვა რომელიც შორია
ისმის შეკითხვა – არ არის შავი ზღვა შორი? – იმის გათვალისწინებით, რომ თავად ლექსის პათოსი ითხოვს ამას. ლექსში ავტორი დანანებით იხსენებს სადღაც იქ, შორს დარჩენილ სანუკვარ ადგილებს, სწორად ამიტომაც არის ზღვა “შორი”. სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი თუ რატომ დაუკარგეს ლექსს ელეგიური პათოსი და შემდეგ ვერც იმას თუ რატომ დაივიწყა ეს სიმღერა ყველამ… :)

