დარდუბალა და ბასტი–ბუბუ
ახლაც კარგად მახსოვს შორეულ 90–იანებში ბასტი–ბუბუს პირველი გადაცემა რომ გავიდა პირველ არხზე, ამ სიტყვის არსებობის შესახებ პირველად მაშინ გავიგე. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართულ მედიასივრცეში, როდესაც ობდადებული ქართული სიტყვა, რომელიც საერთოდ აღარ იხმარებოდა საუბარში, გახსენებულ იქნა და სრულებით ახალ რაკურსში იქნა წარდგენილი საზოგადოებისათვის.
ამასწინათ დავინტერესდი თუ საიდან შეიძლება წარმომდგარიყო ეს საოცრად კეთილხმოვანი სიტყვა–ჰიბრიდი. სულხან–საბას “სიტყვის კონა”–ში დავიწყე ძებნა და ამ სიტყვის წარმოშობის ჩემი თეორიაც უცებ გამოცხვა. სულხან–საბა განმარტავს რომ “ბასტი როკვაჲ არის ფერჴის ცემითა”–ო, ბუბუნი კი “ყურის გამოჴმიანობაჲ”–აო. ჰოდა, აქედან გამომდინარე ამ ორის შეერთებით, საბოლოო ჯამში, ცეკვისას ფეხის ცემით გამოწვეული გამაყრუებელი ხმაური “დიდი ჟრიამულის” სინონიმი გამხდარა, თუმცა დროებით, ვინაიდან XX საუკუნის მეორე ნახევარში “ბასტი–ბუბუ” ყველას დაავიწყდა და არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა ის ზემოაღნიშნული ტელეგადაცემის პირველი ეთერი…
“დარდუბალას” რაც შეეხება, ეს იყო ძველმოდური და მივიწყებული სიტყვის გაცოცხლების მეორე მცდელობა ქართულ მედიასივრცეში. სანამ ყველასათვის ცნობილი მულტსერიალი გავიდოდა 202–ის ეკრანებზე, მანამდე დარდუბალას მშვიდად ეძინა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში და ის “დიდ უბედურებას ნიშნავდა”. წარმომავლობით კი ეს სიტყვა–ჰიბრიდი სპარსულია. სპარსულად “დარდ” – ტკივილია, “ბალა” – კი უბედურება, შესაბამისად ამ ორი სიტყვის გაერთიანებით, შესაძლოა, ერთ რომელიმე თბილისელ აღას თავში ხელების წაშენით დაუმკვიდრებია ეს სიტყვა სალაპარაკო ქართულში და ეს ნეგატიური მუხტი თან სდევდა ამ სიტყვა დიდი ხნის განმავლობაში საყოველთაო დავიწყებამდე… მას შემდეგ კი, რაც თეთრქოჩორმოლივლივე პერსონაჟი გამოჩნდა ქართულ ტელეეკრანებზე, იმის მერე დარდუბალა ნეგატიურ კონტექსტში აღარავის უხსენებია… დარდუბალა ბავშვების საყვარელ პერსონაჟად იქცა და მის გაგონებაზე ყველას ღიმილი ჰგონდა აღბეჭდილი სახეზე ამ ათიოდე წლის წინ, ესეც კარგად მახსოვს :)
კიდევ რამდენი აბლაბუდაშემოხვეული სიტყვა დაიბადება ხელახლა ჩვენს გარშემო ეს, რა თქმა უნდა, არავინ იცის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძველი სიტყვების გაახლება ჯობს ახალი ნეოლოგიზმებით ენის დაბინძურებას, ვინაიდან ბასტი–ბუბუსთვის შორეულ 90–იანებში “მერი გოუ რაუნდი”, ანდა დარდუბალასთვის – “ქვიზიქალ ეფიარენსი” რომ დაერქმიათ, დარწმუნებული ვარ არც ერთი მედიაპროექტი ისეთ წარმატებას არ იქონიებდა, როგორსაც შევესწარით და კვლავაც ვადევნებთ თვალს ნაწილობრივ სცენაზე, ტელევიზიით თუ ინტერნეტში (ეს დარდუბალას ეხება)…


მეც, ბასტი–ბუბუს მნიშვნელობა ამ პროექტის მერე გავიგე :)
იმედია, ქართულ სიტყვებს კიდევ შეაცლიან აბლაბუდებს.
მაგრამ, მგონი ჯერ კიდევ ჩემ ბავშვობაში გავრცელებულ სიტყვებს ედება აბლაბუდები.
keti
November 1, 2008 at 11:21 pm
wow
რას არ გაიგებს კაცი :D
რა ბნელი ვყოფილვარ :D
ლილიანი
November 5, 2008 at 8:27 pm
უი მე ვიცოდი დარდუბალაც და ბასტი-ბუბუც :Jump: :jump: :jump:
Sweet Baby Girl
November 6, 2008 at 11:09 pm
და ხანდახან, საუბრისასაც, იმდენ მტვერმიყრილ სიტყვას ვიყენებ, დამცინიან… :drug:
Sweet Baby Girl
November 6, 2008 at 11:09 pm
მე არც ვიცოდი და ძალიან საინტერესოა მაგრამ მალე ისევე დავიწყებას მიეცემა
tornike12
November 21, 2010 at 8:36 pm