ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 2008

Let us keep on dreaming of a better world

with 3 comments

დღეს თბილისის სუპერლიგის მორიგი ტური იყო და, როგორც იქნა, თბილისის ჩემპიონატზე თამაშით სრული სიამოვნება მივიღე, ეს კითხვების ხარისხსაც ეხება და იმასაც, რომ გვეღირსა და სრული შემადგენლობით ვითამაშეთ, ანუ ექვსივე ვიყავით დიდი “მესამე გზიდან”. ხან კითხვები არ ვარგა ხოლმე, ხან ჩვენ ვართ სამნი, ერთი სიტყვით დღეს ყველა წინაპირობა იყო საიმისოდ რომ კითხვების გამოცნობით სიამოვნება მიმეღო.

ვერ ვიტყვი, რომ ისეთი კითხვები იყო, კითხვების უნახავი გავხდი მეთქი, თუმცა პაკეტი აშკარად კარგი გამოვიდა. კითხვებს ფორმულირებები არ უვარგოდა და გრძელი იყო, მაგრამ ფაქტობრივი მასალა, რომელზეც კითხვაში იყო საუბარი ისეთი იყო, როგორიც მე მიყვარს, ანუ ინფორმაცია აღებული იყო წიგნებიდან, თან სერიოზული წიგნებიდან და არა – ტომსკის ლოკომოტივის ქარხნის ფან–კლუბის ფორუმიდან.

ყველაზე სასარგებლო, ამ ბლოგისათვის განსაკუთრებით, რაც დღეს შევიტყვე, ერთი ჩინებული საიტის არსებობაა. საუბარია www.urbandictionary.com–ზე. თურმე კი არა, ჩემს პატივცემულ მეგობრებსაც სცოდნიათ მისი არსებობა და აბა მე რა დამემართა, რატომ ვიყავი აქამდე ასეთი ბნელი?! რაც სახლში დავბრუნდი, ვერ მოვწყდი ამ საიტს. განსაკუთრებით “პორნოქიოს” განმარტებამ მომხიბლა, რომელსაც ეს ავტორიტეტული საინფორმაციო წყარო ასე განმარტავს:

პორნოქიო: ადამიანი, რომელიც საკუთარ სექსუალურ თავგადასავლებს აზვიადებს.

უფრო მეტიც, youtube–ზე მულტფილმი მოვძებნე, რომელიც კარგად ნაცნობი ძველი მელოდიასავით იწყება: “c’era una volta…”, ანუ ქართულად იყო და არა იყო რა, ოღონდ ფიჭვის ნაფოტი ამ შემთხვევაში პინოქიო კი არა პორნოქიოა და რომ იტყუება შესაბამისად ცხვირის ნაცვლად სხვა ორგანო ეზრდება. ერთი სიტყვით ძალიან ვიხალისე…დარწმუნებული ვარ სადმე “იდეური” პორნოც იქნება გადაღებული ამ სათაურით, სადაც “In Diana Johnes” და “Da Vinci Load” გადაიღეს, პორნოქიც რომ გადაეღო ვინმეს, მსგავსი კრეატიულად გარყვნილი გონების მქონე რეჟისორს, არ გამიკვირდება…

che

კრეატივზე გამახსენდა და აი, მაგალითისთვის ზედა სურათი რომ ავიღოთ. რა არის ახლა ამ სურათში ასეთი განსაკუთრებული?! – თუმცა ორიგინალურია ცალსახად. ზუსტად კრეატივის დანიშნულებაც ესაა, შეგიქმნას რაიმეს ხატი გონებაში და იმ ხატზე, ჩარჩოზე სადმე, წვრილი შრიფტით, საკუთარი პროდუქციის სახელი მიაწეროს. არასოდეს დამავიწყდება ეს გოგო ასეთი ორიგინალური კაბით და შესაბამისად არც ის ჟურნალი, რომლის რეკლამირებასაც ის ცდილობს.

ვაგრძელებ დღევანდელი შეკითხვებით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას, თუმცა ვისთვის ეს ვერ დავადგინე, ალბათ საკუთარი თავისთვის, ბლოგის უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ესაა. სულ მაინტერესებდა “სტერლინგი” საიდან მოდის, თურმე კი არადა ოდესღაც “ისტერლინგ” ერქვა და აღნიშნავდა სადღაც აღმოსავლეთ გერმანიაში მოჭრილ სუფთა, მინარევების არმქონე ვერცხლის მონეტას, შემდეგ პირველი ასო მოსცილებია, ფართო მიმოქცევაში დატრიალებულა და ახლა დიდი ბრიტანეთის ფულის ერთეულში რომ მეორე სიტყვაა გირვანქას შემდეგ, უკვე მისი წარმომავლობა ვიცი და წყნარად ვარ… ის ფაქტი კი, რომ ეს კითხვა ვერავინ გამოიცნო, ჩემს თეზისს უმაგრებს ზურგს, ანუ აქაც ფაქტობრივი მასალა კარგი იყო, კითხვის დაწერა უკეთ შეიძლებოდა!

ამ ბოლო დროს დაკვირვებული ვარ, რა შეკითხვაც არ მოვიდა, რომელიც იწყებოდა ასე: “ეს სიტყვა…” – ვერც ერთი ვერ გამოვიცანი. სამაგიეროდ დავიწყე ისეთი შეკითხვების გამოცნობა, რომლებიც ლოგიკას და ინტუიციას მოითხოვს და არა ერუდიციას და განათლებას. ძალიან გაკვირვებული ვარ, აი ძალიან. არადა ადრე პირიქით იყო, როგორც ჩანს ვბერდები…

დაბოლოს ერთი წიგნი რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია. საერთოდ არ ეხება დღევანდელ თამაშს და კითხვებს, თუმცა ბოლო სამი დღეა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ამაზე მინდოდა დაწერა, მაგრამ ცალკე სტატიად რაღაც ვერ გამოვაცხვე. წიგნი არ წამიკითხავს, მხოლოდ შესავალით შემოვიფარგლე. ავტორს “მინდა ვიყო ფლობერი” დაემართა და საზოგადოების ნორმებით განაწამები ქალის თუ ქალების ბედის თხრობა განიზრახა მთელ სამას გვერდზე, თუმცა ამ წიგნში რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა (იმიტომ რომ თავად წიგნი არ წამიკითხავს და არც ვაპირებ) ეს სათაურია. საუბარია მარსელ პრევოს 1894 წელს დაწერილ რომანზე, “Les Demi-Vierges” (“ნახევრად ქალიშვილები”). “ნახევრად ქალიშვილი” – ავტორის განმარტებით ეს ის ახლაგაზრდა ქალბატონია, რომელსაც აწუხებს საკუთარი აპკური მდგომარეობა, თუმცა ვერაფერს ვერ აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური საქმრო ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს და ამ ყველაფრით იგი სულიერად იტანჯება… ერთი სიტყვით თბილისის ფორუმის უკვდავ თემას მარსელ პრევომ, თურმე კი არა, ასი წლის წინ დაარქვა სახელი და იმედს ვიქონიებ, რომ ასი წლის შემდეგ ქართულ ფორუმებზე მსგავსი თემის გახსნით არავინ შეიწუხებს თავს, ან თუ შეიწუხებს მისი შინაარსი დაახლოებით იგივე იქნება, www.doctissimo.fr-ზე, რომ წერდა ერთი გოგო ამას წინათ: “26 წლის ვარ, ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ და მეგობრებს ვერ ვეუბნები, მეშინია არ დამცინონ და რა ვქნაო”…

P.S. წავედი მე დავიძინე, ხვალ ორშაბათია და ტრადიციულად მძიმე დღეა, სამსახური… :(

კაცი ხარ თუ “პრობკა”?!

with 10 comments

omerta

სიტყვა “კაცობა” რა მრავალწახნაგოვანი სიტყვაა ქართულ ენაში ყველას მოეხსენება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონები სდუმან მისი მრავალწახნაგოვნების შესახებ და მას უბრალოდ განმარტავენ: “კაცის თვისება, კაცთან დაკავშირებული”. არადა ეს ერთ–ერთი იმ მითიური სიტყვათაგანია, რომელიც როგორც სიტყვა ყველამ იცის, განმარტებაზე კი არც არავინ არასოდეს არ შეთანხმებულა. მის შესახებ საუბრობენ ტელეეთერში აკადემიური ტონით, მაგალითისთვის გივი ბერიკაშვილიც კმარა, ამასწინათ მის მშობლიურ სოფელში, მის მშობლიურ ქუჩას მისი სახელი რომ უწოდეს, მადლობას უხდიდა მაყურებლებს და ხაზს უსვამდა, ეს ის ქუჩაა, სადაც მე ყველა სხვა სასიქადულო თვისებებთან ერთად, როგორებიც სამშობლოს სიყვარული და ვაზის სიყვარულია, კაცობა შევიძინე და ვისწავლეო.

ამასთან დაკავშირებით ერთი ლექსის გახსენებაც შეიძლება, რომლის ზუსტი ავტორი ვერ დავადგინე, სავარაუდო ვერსიებს შორის მუხრან მაჭავარიანი და ტარიელ ჭანტურიაა. ამ ლექსში ავტორმა საცობსა და კაცობას შორის ვერსიფიკაციული ურთიერთკავშირი იპოვა და ამით საშვილიშვილოდ პოეტურ გრანიტში გამოკვეთა ძვ. თბილისური გამონათქვამი – კაცი ხარ თუ “პრობკა”?!. აი, ლექსიც:

კაცს უნდა ჰქონდეს კაცობა,
კაცი ფასდება კაცობით,
თუ კაცს არა აქვს კაცობა –
ასეთ კაცს ჰქვია საცობი

უფრო მეტი სიცხადის შეტანის მიზნით ხანდახან ამ სიტყვას უფრო მეტად ამუქებენ და მიიღება ისეთი ლიგვისტური პარადოქსი როგორიცაა “კაცური კაცი”, სადაც არც მსაზღვრელია ცნობილი, თუ რას ნიშნავს ზუსტად და არც საზღვრული. კიდევ უფრო პარადოქსული შემთხვევა იქმნება, როდესაც უარყოფის გზით კაცობიდან არაკაცობას აწარმოებენ და ასე იქმნება “ყირამალა” გამონათქვამები “წიპა”: “ზოგს კაცობა არაკაცობა ჰგონია და არაკაცობა კი – კაცობა” (რომელიღაც ფორუმზე შემხვდა).

“კაცობის” შესატყვისი ინგლისურ და ფრანგულ ენებში არ არსებობს და საერთოდ მათთვის ეს წარმოუდგენელი ფენომენია. წარმომიდგენია როგორ წვალობენ მთარგმნელები ქართულ სუფრებზე ინტერპრეტირების დროს, როცა მავან გაეროელ ჯონსა და რესპუბლიკელ შალიკოს შორის ჩადგებიან ხოლმე და ვახტანგურის სწავლება–სმის დროს ამ სიტყვის თარგმნა უწევთ მთელი თავისი ლინგვისტურ–ეტიმოლოგიური სიგრძე–სიგანით.

თუმცა, იტალიელები რისი სამხრეთელები არიან, ამაშიც რომ არ გვგავდნენ. უფრო რომ დავაზუსტოთ, საუბარი გვექნება სამხრეთ იტალიის, უპირატესად კუნძულ სიცილიის შესახებ, სადაც დღემდე გავრცელებულია სიჩუმის კოდექსი, ე.წ. “ომერტა”. სანამ თავად სიტყვაზე და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ, მანამდე უნდა ავღნიშნო, რომ არა მარიო პიუზო თავისი ტრილოგიით “ნათლიმამის” შესახებ ეს სიტყვა არ მოხვდებოდა მსოფლიო ინფორმატიულ მეინსტრიმში.

თავად სიტყვა “ომერტა” კი  დამახინჯებული ესპანური hombredad–ია (ომბრედად), რაც ქართულად, როგორც მიხვდით, “კაცობას” ნიშნავს. ომერტა სიცილიური მაფიის ერთგვარი კოდექსია, რომლის თანახმადაც ყველას ეკრძალება ოფიციალურ ძალოვნებთან თანამშრომლობა. ეს ურთიერთგაუცემლობის და ურთიერთგატანის ერთგვარი სიცილიური კოდექსია, რომლის წყალობითაც სიცილიაში ხუმრობენ, რომ ჩვენს კუნძულზე არათუ მოწმეები არ არიან, არამედ იეჰოვას მოწმეებსაც ვერსად ნახავთო (ქართულ კაცობაშიც შეიძლება ვიპოვოთ ურთიერთგაუცემლობისა და ურთიერთგატანის ეს ელემენტი). ამასთან დაკავშირებით სიცილიაში არსებობს მოარული ანდაზა: Cu è surdu, orbu e taci, campa cent’anni ‘mpaci (ის, ვინც ყრუ, ბრმა და მუნჯია ასი წელი მშვიდად ცხვრობს)…

ამ თემაზე კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება, მაგალითების ჩამოთვლით და ილუსტრაციების მოშველიებით (საამისოდ როკოს ბლოგზე სტატიის – “იყო ქართველი” – გახსენებაც კმარა), მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. აკადემიურობის ფერადი მინები რომ მოვიხსნათ და გვერდზე გადავდოთ, აღმოვაჩენთ რომ ნებისმიერ ენაში მრავლადაა თავის თავში მითოსის მატარებელი მსგავსი სიტყვები, თუ კარგად დავფიქრდებით იმასაც მივხვდებით, რომ ეს სიტყვები ენაში იმ პოეტურ ველს ქმნის, რითაც განსხვავდება ცოცხალი და ბუნებრივი ენა მშრალი ესპერანტოსგან, სადაც არც ანდაზებია, არც სიმღერები, არც გინებები და არც ისეთი ლინგვისტური მარგალიტები, როგორიც ზემოხსენებული: კაცი ხარ თუ “პრობკაა”?!

როგორი უნდა იყოს კარგი შეკითხვა?

with 4 comments

იმ წრეში, სადაც მე მიწევს ყოფნა, ტრიალი თუ მოძრაობა, ხშირად არის განსჯის საგანი თუ როგორი უნდა იყოს კარგი შეკითხვა. ამის საილუსტრაციოდ ქმნიან თეორიებს, მოჰყავთ მაგალითები და არის გარჩევა და ერთი ამბავი. ამასთან დაკავშირებით ბორის ბურდას და მაქსიმ პოტაშოვის მოსაზრებებიც წავიკითხე მათსავე საიტებზე და აქ ამ თეორიების ჩამოყოლებას, რა თქმა უნდა, არ შევუდგები. უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ როდესაც საუბარი კარგ შეკითხვაზეა, მასში უნდა იგრძნობოდეს შემოქმედებითი მუხტი, რომელიც მასში თავად ავტორმა ჩადო. მხოლოდ წიგნიდან ფაქტის ამოწერა და სურათის დაკოპირება რომელიმე საიტიდან საამისოდ ხშირად საკმარისი არ არის. თუ შეკითხვის ავტორი ვერ იქნება კრეატიულობის სიმაღლეზე კითხვაც რუხი და უფერული გამოდის. ამის საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ შეკითხვას, რომელიც 2008 წლის ერთ–ერთ საუკეთესო შეკითხვად დასახელდა МАК-ის (Международная Ассоциация Клубов ЧГК) ვერსიით.

შეკითხვა: გუნდებს ურიგდებათ ფოტო (იხილეთ ფოტო), რის შემდეგაც წამყვანი ამბობს, რომ ნათელი ლაქა სურათის მარჯვენა ნაწილზე ფოტოაპარატის ე.წ. “ვსპიშკის” ათინათია. თქვენს წინაშეა რუკა 1905 წლის “ბედეკერის” გზამკვლევიდან. რომელი ქალაქია გამოსახული რუკაზე?

map

პასუხი: სირაკუზა (განათებული ადგილი კი ზუსტად ის ადგილია რუკაზე, სადაც ლეგენდის მიხედვით მრავალი სარკის გამოყენებით არქიმედემ რომაელთა ფლოტი დაწვა).

“ბედეკერის” გზამკვლევში რა თქმა უნდა ეს ადგილი არ იყო დანათებული. შეკითხვა კი მას შემდეგ გახდა კარგი, როდესაც კითხვის ავტორს მისი დანათების იდეა მოუვიდა. უბრალოდ რომ აეღო და რუკის ასლი დაერიგებინა და ეკითხა რომელი ქალაქიაო, რა თქმა უნდა, ერთი რიგითი და ჩვეულებრივი კითხვა იქნებოდა “საიდან უნდა მივხვედრილიყავი” შეკითხვების სერიიდან.

ოთხი რეჟისორი და მინი კუპერი

with 6 comments

ამ თემაზე შეკითხვის დაწერა მინდოდა. კარგი ბლიცი გამოვიდოდა, მაგრამ საბოლოოდ გადავიფიქრე, თუმცა რეკლამის იდეა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე “კრეატივის” თემაში პირველი მერცხლები წარმოგიდგინოთ: ოთხი რეჟისორი და მინი კუპერი.

ალფრედ ჰიჩკოკის წარმოდგენითალფრედ ჰიჩკოკის წარმოდგენით

სერჯო ლეონეს წარმოდგენითსერჯო ლეონეს წარმოდგენით

კვენტინ ტარანტინოს წარმოდგენითკვენტინ ტარანტინოს წარმოდგენით

ლარს ფონ ტრირის წარმოდგენითლარს ფონ ტრირის წარმოდგენით

ჩინური ვაშლები

with 3 comments

“მანდარინს” დასავლეთ სამყაროში უწოდებენ ციტრუსსაც და ჩინელ მოხელესაც. უფრო მეტიც, ჩინური ენის პეკინურ დიალექტს, რომელიც ჩინეთში ლიტერატურული დიალექტია, ინგლისურენოვან სამყაროში Mandarin Chinese ჰქვია. მოდით, შევეცადოთ გავარკვიოთ რაშია აქ საქმე.

თავდაპირველად ჩინელ მოხელეებზე ვისაუბროთ. პირველები ევროპელთა შორის, ვინც აზიის სამხრეთ–აღმოსავლეთში მცხოვრებ ხალხებთან აქტიური კონტაქტი დაიწყეს, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელები და ჰოლანდიელები იყვნენ. სწორად მათ ენებში გამოჩნდა პირველად სიტყვები, რომლებიც იმ ადამიანებს აღნიშნავდნენ, რომლებთანაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ, ანუ ჩინეთის საიმპერატორო კარის მოხელეებს. ეს სიტყვებია: პორტუგალიური – mandarim და ჰოლანდიური – mandorijn. ამ სიტყვების პირველწყარო მალაური სიტყვა mantri გახლავთ, რომელსაც ფესვები სანსკრიტში აქვს, სადაც mantrin “მრჩეველს, მინისტრს” ნიშნავს. მაურიების დინასტიის ეპოქაში (ძვ. წ. IV-II სს. ინდოეთი) mantrin–ი ახლანდელი გაგებით პრემოერ–მინისტრი გახლდათ. ასევე, აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ ეს სიტყვა ძველ ინდოელებთან ჭადრაკის ფიგურას, ლაზიერსაც ერქვა, ინდუიზმის კარგად მცოდნეებისათვის კი უცხო არ არის სიტყვა “მანტრა”, რომელიც იმავე ფუძისაგან წარმოდგება, საიდანაც mantrin.

ისევ მოხელე–მანდარინებს დავუბრუნდეთ. პორტუგალიურ ენაში ამ სიტყვის ასე დამკვიდრება, იმითაც არის განპირობებული, რომ მსგავსი ჟღერადობის ფუძის მქონე ზმნა (მანდარ/მანდორ/მანდერ) რომანულ ენებში “ბრძანებას” ნიშნავს (მაგალითისთვის “კომანდორის” გახსენებაც კმარა). შედეგად ჩინელ მოხელეს “მანდარინი” ეწოდა მრავალ ევროპულ ენაში და თითქმის მაშინვე ამ სიტყვის გამოყენება დაიწყეს, როგორც ზედსართავი სახელის, რომელიც ლიტერატურულ ჩინურ ენას აღნიშნავდა. რატომ მოხდა ასე?

ზემოხსენებულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, თავდაპირველად შევხედოთ ზუსტად რომელი სიტყვა შეესაბამება “მანდარინს” ჩინურ ენაში. ეს არის იეროგლიფი 官 (guān), რომელსაც “მოხელის, ოფიციალური პირის” მნიშვნელობა აქვს. ეს იეროგლიფი შედიოდა “გუანხუას” (官話 , guānhuà) შემადგენლობაში, რომელიც ოფიციალურ ჩინურ ენას აღნიშნავდა. გუანხუა შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც “ოფიციალური მეტყველება”, “მოხელეთა მეტყველება”. ევროპულ ენებზე ამ კომპოზიტის, “გუანჰუას” თარგმნის დროს, უკვე კარგად ნაცნობ “მანდარინს” დაუმატეს “ჩინური” და მიიღეს – Mandarin Chinese. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახლანდელ ჩინურ ლიტერატურულ ენას პუტუნხუა (普通話, “საერთო მეტყველება”) ჰქვია.

დასავლეთ ევროპაში სიტყვა mandarine გამოიყენებოდა არამხოლოდ ჩინური ლიტერატურულ ენასთან დაკავშირებით, არამედ როგორც ზედსართავი სახელი, რომელიც ზოგადად ყველაფერ ჩინურზე მიუთითებდა. გაეცნენ რა პირველად მათთვის ახალ გემრიელ ციტრუსს, ესპანელებმა მას naranja mandarina (“ნარანხა მანდარინა” – ჩინური ფორთოხალი) უწოდეს, ბოლოს კი, როგორც ხდება ხოლმე, ეს ორი სიტყვა შემოკლდა და “მანდარინა” დარჩა. ფრანგულში ესპანელების წყალობით მანდარინს “orange mandarine” (“ორანჟ მანდარინ” – ჩინური ფორთოხალი), ან უბრალოდ mandarine (“მანდარინ”) დაერქვა. პირველმა ფრანგულ ლიტერატურაში ეს სიტყვა ბერნარდენ დე სენ–პიერმა გამოიყენა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც “პოლი და ვირჟინის” ავტორი. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მანდარინის ფერი ჩინელი მოხელების სამოსის ფერს შეესაბამებოდა და სწორად ამის გამო მიიღო მან ეს სახელიო, თუმცა ეს ვერსია “თითიდან გამოწოვილს” უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურს.

ევროპაში მანდარინის ექსპორტი თავდაპირველად ჩრდილოეთ აფრიკიდან ხდებოდა. ამით აიხსნება ინგლისურ და ფრანგულ ენებში მანდარინის სახელწოდება: tangerine. მისი ნათლია მაროკოს ქალაქი ტანჟერია. ხშირ შემთხვევაში “მანდარინი” და “ტანჟერინი” სინონიმებს წარმოადგენენ, თუმცა ხანდახან “მანდარინს” მოყვითალო ფერის ნაყოფის მქონე ციტრუსებს უწოდებენ, “ტანჟერინს” კი – ნარინჯისფერს, უფრო მეტიც, ზოგი ბიოლოგი განსაკუთრებულ სახეობაზეც კი საუბრობს, რომელსაც Citrus tangerina ეწოდება.

p.s. ეს სტატიაც ezhe.ru–ზე ვიპოვე და ვთარგმნე. ერთი რამის აღნიშვნა მსურს მხოლოდ, რომლის ხაზგასმა ჩვენს ჩდრილოელ მეზობლებს გამორჩათ: апельсин ჰოლანდიურიდან მოდის და “ჩინურ ვაშლს” ნიშნავს.

Hey, guys, where are you?

with 3 comments

Remember, remember the 5th of November,
Gunpowder, treason and plot.
I see no reason why gunpowder treason,
Should ever be forgot.
Guy Fawkes, Guy Fawkes, ’twas his intent
To blow up the King and Parliament.
Three score barrels of powder below,
Poor old England to overthrow;
By God’s providence he was catch’d
With a dark lantern and burning match.
Holloa boys, holloa boys, make the bells ring.
Holloa boys, holloa boys, God save the King!
Hip hip hoorah!

ინგლისური ხალხური სიმღერა

ცოტაოდენ ისტორიას შეგახსენებთ. 1605 წლის 5 ნოემბერს, ინგლისის მეფე, ჯეიმს I უნდა დასწრებოდა პარლამენტში სესიის გახსნას. კათოლიკე შეთქმულთა ჯგუფს, რომლებიც ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გადაწყვეტილი ჰქონდათ მეფისა და დიდებულების განადგურება. ამისათვის მათ ლორდთა პალატის ქვეშ ორტონანახევარი დენთი შეაგროვეს და პარლამენტის მთლიანი შენობის აფეთქება განიზრახეს. თუმცა 26 ოქტომბერს, ლორდ მონტინგლმა, რომელიც კათოლიკე შეთქმულთა საძმოს  ერთ–ერთი ახლობელი გახლდათ, მიიღო ანონიმური წერილი, სადაც მას ურჩევდნენ, რომ იმ დღეს პარლამენტში არ გამოცხადებულიყო, ვინაიდან “ღმერთი და კაცი გაერთიანებულიყვნენ, რათა შური ეძიათ ყველა დროის ყველაზე დიდ ბოროტებაზე”.

რა გზებითა და მანქანებით მოხვდა ეს წერილი ინგლისელი მონარქის ხელში არავინ იცის, თუმცა სხდომის წინა ღამეს პარლამენტის შენობა გაჩხრიკეს და ადამიანი, რომელსაც უნდა წაეკიდებინა ცეცხლი ფითილისათვის დაკავებულ იქნა. იქვე მათ დენთით სავსე 36 კასრი იპოვეს, დაკავებულს გაი ფოქსი (Guy Fawkes) ერქვა. იგი 35 წლის, სამეფო კარზე მოღვაწე კათოლიკე იყო, აქვე უნდა ითქვას, რომ შეთქმულების თავი და თავი იგი არ გახლდათ, მაგრამ სწორად მისი სახელი და გვარი შემორჩა ისტორიას “დენთის შეთქმულების” (Gunpowder Plot) საქმესთან დაკავშირებით. ისტორია იმასაც ყვება, თუ როგორ დაიჭირეს შეთქმულების სხვა მონაწილენი, როგორ დაიღუპა მათი ნაწილი დაკავების პროცესში და თუ როგორ დასაჯეს დანარჩენები სასამართლო პროცესის შემდეგ, თუმცა ეს ამბები ჩვენს ისტორიაში ნაკლებად საინტერესოა.

აუფეთქებელმა პარლამენტარებმა კი შემდგომში 5 ნოემბერი სრულიად სახალხო დღესასწაულად გამოაცხადეს, დღესდღეობით “გაი ფოქსის ღამის” სახელით ცნობილი, რომელიც ტრადიციულ ინგლისურ რეალობაში დიდი ზარ–ზეიმით აღინიშნება დღესაც, წვავენ რა გაი ფოქსის ფიტულს საჯაროდ. სწორად ამ ფიტულთანაა დაკავშირებული ის კვალი ინგლისურ ენაში, რომელზედაც დღეს გვექნება საუბარი.

გაი ფოქსი, რა თქმა უნდა, არ იყო გაიუს იულიუს კეისრის სეხნია ( Gaius Iulius Caesar) და ჩვენ სახელების ამ მსგავსებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. სინამდვილეში მისი სახელი, Guy გახლავთ Guido–ს შემოკლებული ვარიანტი. ასევე შემონახულია გაი ფოქსის ხელით ნაწერი, სადაც იგი ჩვენებებს იძლეოდა, რომლის ბოლოშიც გაკრული ხელით ვკითხულობთ: “Guido Fawkes”. თავად სახელ Guido–ს რაც შეეხება, ის ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, თუმცა მისი ფუძე წარმოდგება ძველფრანგული ზმნისაგან guider, რომელიც “წინ გაძღოლას” და “წაყვანას” ნიშნავს. ჰო, მართლა ექსკურსიამძღოლი, იგივე “გიდი” ზუსტად ამ ზმნისგან მომდინარეობს.

მადლიერმა ერმა გაი ფოქსს სამშობლოსა და მეფის სიყვარული “არ დაუვიწყა” და მისი სახელი მისსავე ფიტულს დაარქვეს. ამან შემდგომში ცუდად და სასაცილოდ ჩაცმულ უბრალო “ინგლიშმენებ”–ს მისცა სახელი, რაც საბოლოოდ იმაში გადაიზარდა, რომ ჯერ ამერიკაში და შემდეგ მთელ ინგლისურენოვან სამყაროში ამ სიტყვის (guy) სახით ფამილარულ–ირონიული მიმართვის ფორმა შეიქმნა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ფრაზა “ეს ფიტული” (this guy) სულ თავისუფლად შეიძლებოდა განზოგადებულიყო…

P.S. სტატია ნათარგმნია ezhe.ru–დან და მსგავს თარგმანებს კვლავაც შემოგთავაზებთ, თუ კი სადმე რამეს, ამ ბლოგის შესაფერისს, ვიპოვი.

სილიკონის ველი

with 10 comments

1957 წლის აგვისტოში, ქალაქ პალო–ალტოში, კალიფორნიის შტატში უილიამ შოკლიმ ჭკვიანი და გონებანათელი ხალხის ძებნა დაიწყო მათი ახლადშექმნილი ნახევარგამტარების ლაბორატორიაში დასასაქმებლად. შოკლი იმ გუნდის წევრი იყო “ბელს ლაბს”–ში, რომლებმაც ტრანზისტორი გამოიგონეს და ამით სამყარო ციფრული გახადეს. ჰოდა, სწორად ამ დროს უილიამ შოკლი დაეთხოვა მშობლიურ კომპანიას და გეზი დასავლეთით აიღო. სამსახურიდან წამოსვლის მიზეზად კი იგი ამბობდა, რომ მას მილიონი დოლარის შოვნა ჰქონდა გადაწყვეტილი. რა თქმა, უნდა ყველამ იგი გიჟად შერაცხა, თუმცა ის არ იყო გიჟი, მან “ბელ ლაბს”–ის სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებით იცოდა, რომ ტრანზისტორი შეცვლიდა მსოფლიოს.

შოკლის ჰქონდა იდეა, თუ როგორ დაემზადებინა ტრანზისტორები იაფად, გამოიყენებდა რა მასალად ე.წ. “სილიკონს”, იგივე სილიციუმს. სწორად ამ იდეით ჩავიდა იგი სანაპიროზე, რომელსაც მომავალში “სილიკონის ველი” დაერქვა, გრძნობდა რა რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც მას აკლდა, გუნდში საჭირო ადამიანები იყვნენ, სწორად ამიტომ მან მათი ძებნა დაიწყო.

ერთ–ერთი იმათგანი, ვინც მის განცხადებას გამოეხმაურა, სტენფორდ და კემბრიჯ ახალდამთავრებული ჯიმ გიბონსი იყო. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მაგიდის ერთ მხარეს უილიამ შოკლი წამზომით ხელში, მეორე მხარეს კი – ჯიმ გიბონსი, სადაც შოკლი  ეუბნება მას ქვემდებარე ამოცანას და ინიშნავს დროს:

ჩოგბურთის ჩემპიონატში თამაშობს 127 მონაწილე. თამაში ტარდება ოლიმპიური პრინციპით. პირველ წრეზე ტარდება 63 თამაში და ერთი ჩოგბურთელი მეორე წრეზე ავტომატურად გადადის. მეორე წრეში გვყავს 32 წყვილი და შესაბამისად ტარდება 32 თამაში და ა.შ. რამდენი თამაში უნდა ჩატარდეს ჩემპიონატში სულ, რომ გამოვავლინოთ გამარჯვებული?

შოკლის  თითი არ ჰქონდა დაჭერილი წამზომზე, რომ გაისმა პასუხი – ასოცდაექვსი, რასაც შოკლის გაოცება და პირის დაღება მოჰყვა. შეკითხვაზე თუ ასე სწრაფად როგორ გამოიანგარიშა მან ეს, ჯიმ გიბონსმა მიუგო, რომ ვინაიდან გვყავს 127 მოთამაშე და თითო თამაშია საჭირო, რომ მონაწილეობას გამოეთიშოს ერთი მათგანი, აქედან გამომდინარე იმისთვის რომ ყველა გამოვარდეს და დარჩეს ერთი გამარჯვებული საჭიროა ასოცდაშვიდს მინუს ერთი, ანუ ასოცდაექვსი თამაშის ჩატარებაო…

ყველა გამომცდელთა შორის ამგვარი მეთოდით მხოლოდ გიბონსმა ამოხსნა ეს ამოცანა, შედეგად მოხვდა რა შოკლის გუნდში, ადამიანთა წრეში, რომლებმაც შექმნეს “სილიკონის ველი”.

P.S. გეომეტრიული პროგრესიის ჯამური ფორმულით დავიწყე ამის ამოხსნა, ვაპირებდი რა საერთო ჯამისთვის ერთის დაკლებას, ანუ 1 წამში ამ გზით ამის დათვლის შანსი არ მქონდა, მაშასადამე ვზივარ საქართველოში და არა “სილიკონის ველზე”…

ბროწეულის ღვინო

with 6 comments

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ პირში ნერწყვი მედინება…

ბროწეულს ჩვენი წინაპრები ძალიან ღრმა წარსულში რომ გაეცნენ, ამას ქართული ხალხური ზღაპარი “გაუცინარი ხელმწიფეც” მოწმობს. გახსოვთ, ალბათ, საკუთარი გაუცინრობის მიზეზის გულისათვის საკუთარ შვილებს თავისხელა ბროწეულების მოსატანად რომ გააგზავნის. ამ ზღაპარში ერთი ადგილი მომწონს ყველაზე მეტად, ბოლოსდაბოლოს რომ იპოვის უფლისწული ცამდე აწვდილი ციხის ძირში, სასურველ ხეს, თავისხელა ხუთი ბროწეული რომ აბია და ერთ ბროწეულს ხეზე რომ დატოვებს, ერთს რომ შეჭამს და დანარჩენ სამს მამას რომ წამოუღებს… სულ მიკვირდა ის ერთი რატომ დატოვა იმ ხეზე, ვის დაუტოვა, ნუთუ იმ დევს დედამისი რომ ჰყავდა იმ ციხეში გამოკეტილი?!

ბროწეულის სამშობლოდ პომოლოგები სპარსეთს ასახელებენ, სადაც მას “ნარ”–ს უწოდებენ, ზოგჯერ კი იმისათვის რომ მის ერთადერთობას გაუსვან ხაზი “შაჰ ნარ”–საც (მეფე–ბროწეული) კი. ძვ. საბერძნეთსა და ძვ. რომში ბროწეული ფინიკიელებს ჩაუტანიათ, სადაც მათ ეს ხილი ვაშლისათვის შეუდარებიათ და მისთვის “Punica granatum” უწოდებიათ, რაც “ფინიკიურ მარცვლებს ნიშნავს” თარგმანში, რის შემდეგაც, როგორც ხდება ხოლმე, “პუნიკა გრანატუმ” დაამოკლეს და “გრანატ”–მა სხვადასხვა ვარიაციაში განაგრძო მსვლელობა ევროპულ ენებში ფრანგული – “გრენად”, ესპანური – “გრანადა”, გერმანული – “გრანატაპფელ”, ინგლისური – “პომგრენიტ” სახით.

შემდგომში ამ “გრანატ”–”გრენად”–ს ქალაქ გრენადისათვის დაურქმევია სახელი, როგორც ჩანს იქ ჩაჰქონდათ არაბებს დიდი რაოდენობით, საიდანაც ხდებოდა მისი გადანაწილება მთელ ევროპაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით იგივენაირად, ოღონდ უკუმიმართულებით დაარქვა სახელი პორტუგალიამ ფორთოხალს. არაბულში “ფორთუხალ” პორტუგალიაც არის და ფორთოხალიც, აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ არაბულ სამყაროში ფორთოხალი პორტუგალიიდან მოხვდა.

ტრადიციულად, ამ ყველაფერზე ფიქრს არ დავიწყებდი და არც ფეთქებადი ჭურვები, граната და лимонка, გამახსენდებოდა, რომ არა მურმან ეკალაძის სტატია “მწვადის შეწვას ცოდნა უნდა”, რომლის ფინალშიც ვკითხულობთ:

მწვადის “კანონიკური” აქსესუარებია მშრალი წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი. თუმცა, გვეეჭვება ისეთი ქართველის არსებობა, ვინც მწვადს ჩაის მიაყოლებს. აღნიშნული სასმელები ანეიტრალებენ ცხიმს და ამით თავიდან ავიცილებთ მის გაგლესას ენასა თუ კუჭზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კეტჩუპისა და ტყემლის საწებელზე მეტად მწვადს ბროწეულის სოუსი ნარშარაბი უხდება. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ – მაგალითად ჩვენი მწვადისმოყვარე მეზობლები საწებლად მაწონს ან ალუბლის მურაბას იყენებენ.

გამუქებული და ხაზგასმული ნარშარაბი მეუცხოვა, ვინაიდან ეს სიტყვა მე სულ მუდამ “ნაშარაბის”, ან “მაშარაბის” ვარიანტში მსმენია, არც იმის ხაზგასმა იქნებოდა ურიგო, რომ ზუსტად ამ ორ ვარიანტშია დაფიქსირებული ამ საოცარი გემოს მქონე წვენი ქართულ განმარტებით ლექსიკონში. ბოლოს კი მივხვდი, რომ ჩვენი სახელოვანი გამოცემაც ცდება, ქართული წიკიპედიაც, სადაც ასევე მაშარაბად იცნობენ ამ წვენს, და ყველა ის, ვინც მას ასე მოიხსენიებს, ვინაიდან “ნარ” როგორც ზემოთ ავღნიშნე სპარსულად ბროწეულია და “შარაბ” კი – ღვინო. უკანასკნელი სიტყვა თურქულშიც ღვინოა, ოღონდ ბოლოკიდურა ასო “ფ” არის და სწორად ეს სიტყვა “შარაფ”–ი დაერქვა დროსტარებას ქართულ ჟარგონში.

ამ ყველაფრის გააზრების და გაანალიზების შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ძვ. სპარსელები საოცარი პოეტური აზროვნების მქონე ხალხი იყვნენ და რომ რეი ბრედბერიმდე რამდენიმე საუკუნით ადრე მათ ძალიან ამაღელვებელი სიტყვა შექმნეს “ბროწეულის ღვინის”, ანუ “ნარშარაბ”–ის სახით…

P.S. რეი ბრედბერის რას ვერჩი ისე, მის “ბაბუაწვერების ღვინოს” ახლაც სიამოვნებით წავიკითხავდი, ხელის გაწვდენა რომ არ მეზარებოდეს წიგნის თაროსკენ…

მუღამის მუღამი

with 9 comments

სიტყვა “მუღამი” უკვე დიდი ხანია იბრძვის ქართულ სალიტერატურო ენაში დასამკვიდრებლად. თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამ და ხალხურმა ფოლკლორმა უკვე დიდი ხანია მას ფართოდ გაუღო კარი. თუმცა ე.წ. აკადემიურ საზოგადოებაში ეს სიტყვა კვლავაც გარიყული და შეჩვენებულია. ვერავინ იტყვის, თუ როდის და რა ფორმით გაჩნდა ის ქართულში, თუმცა ფაქტია რომ დღესდღეობით “მუღამი” ადგება ენის წვერზე ყველას, ვისაც კი არსის და დედააზრის გამოთქმა სურს. ისევე, როგორც მრავალი ჟარგონსა და სალიტერატურო ენის ზღვარზე მყოფი სიტყვა, “მუღამის” წარმოშობაც ფართო მასისათვის ბურუსითაა მოცული და ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება მის შესახებ საშუალო სტატისტიკური ქართველისაგან მოისმინო ისაა, რომ მუღამი აღმოსავლური წარმოშობის სიტყვაა.

ზუსტად ამ საშუალო–სტატისტიკური ქართველების სიაში ვიყავი მეც, ვიცოდი რა რომ მუღამი აღმოსავლურია და რომ აზერბაიჯანში ასეთი მუსიკალური ჟანრი არსებობს. დღეს კი ერთმა სატელეფონო ზარმა მაიძულა მუღამის მუღამს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი. რეკავს ჩვენი თანაკლუბელი და მეკითხება მუღამი ხომ არ იცი საიდან მოდისო. ჩემმა საშუალოსტატისტიკურმა განმარტებამ რომ არ დააკმაყოფილა, ვუთხარი მოიცადე ზუსტად ცოტა ხანში გაგიგებ მეთქი: გადავშალე თურქული ლექსიკონი და ვერაფერი ვიპოვე, თუმცა იქვე გვერდით აღმოვაჩინე არაბული წარმოშობის სიტყვა Muhanat, რომელიც ნაძირალას და მშიშარას ნიშნავს თურმე თურქულში (ჩვენი მუხანათი!). მივადექი მამაჩემს და ვეკითხები მუღამი სადაურია სიტყვაა მეთქი. მან მომიგო, რომ საიდანღაც მახსოვს რომ სპარსულად “საიდუმლოს” ნიშნავს და შეიძლება მეშლებაო. გადმოვიღეთ სპარსულის ორტომეული ლექსიკონი და დავიწყეთ ძებნა. ვინაიდან მე ამ სპარსულ–არაბული “კარაკულების” კითხვა ჯერ–ჯერობით არ ვიცი (ჯერ–ჯერობით მეთქი!), მე მხოლოდ გულშემატკივრის ფუნქცია მეკისრა ლექსიკონში “მუღამის” ძებნის პროცესში.

ვერც იქ ვიპოვეთ, თუმცა იქვე მახლობლად, სადაც მუღამს ვეძებდით სპარსული სიტყვა “მოუღალათე” აღმოვაჩინეთ, რომელიც ერთმანეთის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, ამის გამო “ღალათ”–ის ზუსტი მნიშვნელობაც მოვაძებნინე მშობელ მამას, ვინაიდან დამაინტერესა და აღმოჩნდა რომ “ღალათ” სპარსულად (ამასაც არაბული სუნი ასდის) – შეცდომას, დანაშაულს, გაკიცხვისა და დასჯის შესაფერის ქმედებას და შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. ანუ მთელი ეს პროცესი მე რომ მიყვარს ისე წარიმართა, როცა რაღაცას ვეძებ და ამ ქექვა–ქექვაში იმდენ ჩენთვის საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენ გზადაგზა რომ ის, რასაც ვეძებდი მავიწყდება ხოლმე…

ბოლოს და ბოლოს ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ისევ ინტერნეტს მივაშურე და აზერბაიჯანული მუღამის ეტიმოლოგიის ძებნა დავიწყე და როგორც იქნა ვიპოვე, ის რასაც ვეძებდი. კერძოდ: მუღამი აღმოსავლურ სამყაროში აზერბაიჯანული კულტურული მონაპოვარი ყოფილა. მისი შექმნის ისტორია წინაისლამისტურ ხანას უკავშირდება და ზუსტად დღემდე უცნობია, თუ საიდან მომდინარეობს ეს სიტყვა. ერთი ვერსიით მუღამი არაბული “მაკამ”–იდან მოდის. “მაკამ”–ის უმთავრესი მნიშვნელობა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში “ადგილი” ყოფილა. “მაკამ” ასევე  ადგილთან აზრობრივად დაახლოებულ ცნებებსაც ეწოდება, როგორებიცაა: პოსტი, თანამდებობა, გაჩერება და ა.შ. ამ ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ “მაკამ” თურქულში მუსიკალურ კილოსაც აღნიშნავს და იმის გათვალისწინებით, რომ თავად “მუღამი” აზერბაიჯანულ მუსიკალურ კულტურაში შვიდი სხვადასხვა ტიპის მუსიკალური კილოა და სხვა არაფერი, უნდა ვივარაუდოთ რომ აზერბაიჯანული “მუღამ” სახეცვლილი არაბული “მაკამ”–ია.

არსებობს უფრო პოეტური დასაბუთებაც. შუა საუკუნეებში “მაკამ”, ანუ “გაჩერება” ასე ეწოდებოდა მისტიკურ–ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც ტრანსში მყოფი მბრუნავი დერვიშები, თუ სუფი პოეტები იმყოფებოდნენ ჭეშმარიტების კიბეებზე მიმავალ გზაზე, რომელიც საბოლოოდ ღმერთთან შერწყმის მისტიური აქტით გვირგვინდებოდა. აზერბაიჯანული მუღამის შესრულების დროსაც ზუსტად აი, ამ ჰიპოტეტურ კიბეებს ადის და ჩადის შემსრულებელი, ნელ–ნელა ინაცვლებს რა უფრო ზედა მუსიკალურ კილოზე, აღწევს მაქსიმალურ დონეს, ისევ დაბლა ეშვება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას. როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში ღმერთის და ჭეშმარიტების მაძიებელ მბრუნავ დერვიშებს ლოცვის ასეთი ხერხისათვის მიუგნიათ და სწორად ამდაგვარი საშუალებით ვარდებოდნენ ტრანსში. ლოცვაზე გამახსენდა და კლასიკური აზერბაიჯანული მუღამი ძალიან წააგავს მინარეთიდან გადმომდგარ მოლას მიერ გამოცემულ ბგერათა ნაკადს, სადაც არ გვაქვს ე.წ. ევროპული დიატონიკური სისტემა და მკვეთრი ინტერვალები, სადაც ბგერები და ტონები ერთიან, მასიურ ნაკადს წარმოადგენენ, როგორც ჩანს სწორად ამაშია მუღამის მუღამი, ვინ იცის…

მეორე ვერსიით მუღამი ძველფინიკიურ ასოს, გიმელს უკავშირდება, რომელიც ძველბერძნულში “გამას” სახელითაა ცნობილი. მუსიკაში გამა ბგერების სიმაღლის მიხედვით განლაგებაა მუსიკალურ კილოში ზრდადი თანმიმდევრობით. ზოგიერთ მკვლევარი “მუღამ”–ის და “გამა”–ს საერთო კონოტატიურ მსგავსებებზე საუბრობს და კვლავ სუფისტურ მოძღვრებამდე მიდის, სადაც ღმერთი სინათლეა და ბგერის არსებობის უმაღლესი ფორმა, შესაბამისად “მუღამი” კი თავად ამ ბგერების კიბეები, რომელიც გასხივოსნებულ ღმერთამდე მიდის…

იუ–თიუბში კლასიკური აზერბაიჯანული მუღამების მოსმენა ვცადე, რამდენიმეს მოვუსმინე და მივხვდი რომ ჩემი დასავლური მუსიკით გაუპატიურებული ყურისათვის ძალიან მძიმე მოსასმენია. იქ, სადაც მკვეთრ ცალკეულ ბგერებს ვარ ჩვეული – განურჩევადი, გაწელილი ბგერების მასიური ნაკადი დამხვდა, ანუ მუღამებსაც დამუღამება სდომებია და ხშირად მოსმენის შემდეგ, ბოლოში, შეიძლება ის ნანატრი მუღამიც დავიჭიროთ, სვანი რომ ეძებდა ზოოპარკში, ვინ იცის…

ანე–კატერინე ვესტლი

with 16 comments

ანე–კატერინე ვესტლი ნორვეგიელმა ბავშვებმა XX საუკუნის 50–იან წლებში გაიცნეს. იგი რადიოში მის მიერ დაწერილ პატარ–პატარა სახალისო ისტორიებს კითხულობდა, რომლებიც შემდგომში მის საბავშვო წიგნებს დაედო საფუძვლად. ეს სკანდინავიელი ავტორი სულ ორმოცამდე წიგნის ავტორია, რომლებიც ციკლებად იყოფიან. თვითოეულ ციკლს კი თავისი გმირები ჰყავს. მისი წიგნები ზღაპრებს წააგავს და ყოველთვის კარგად სრულდება, თუმცა ის, რასაც თავის წიგნებში ავტორი აღწერს, ჩვეულებრივი და უბრალო ადამიანების უმნიშვნელო ცხოვრებაა, ნათელი ფერებით გაჯერებული და სიხარულით აღსავსე.

ერთ–ერთ ასეთ ციკლს დედის, მამის, რვა ბავშვის და დიდედის შესახებ შექმნილი წიგნების სერია წარმოადგენს, რომლის პირველი ხუთი წიგნი ავტორმა 1957–1961 წლებში დაწერა. სწორად ეს ხუთი პატარა ისტორია აღმოვაჩინე დღეს ჩემს წიგნებში, 1987 წელს გამომცემლობა “ნაკადულის” მიერ ერთ წიგნად გამოცემული, ვებრძოდი რა უძილობას და გამახსენდა… გამახსენდა ამ წიგნს როგორ ვკითხულობდი მთელი ბავშვობა, დღემდე იხსენებს დედაჩემი თუ როგორ ვბოდიალობდი ამ წიგნთან ერთად სულ… ახლაც შემიძლია, პირველი ისტორიის “დედა, მამა რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” პირველი აბზაცის სიტყვასიტყვით ციტირება:

იყო და არა იყო რა, იყო დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი. მათთან ერთად ცხოვრობდა დიდი საბარგო მანქანა, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. ან როგორ არ ეყვარებოდათ, საბარგო მანქანა ხომ მთელ ოჯახს არჩენდა!

ხანდახან უმნიშვნელო წვრილმანები ისე საფუძვლიანად რჩებიან მეხსიერებაში, რომ დავიწყების შანსიც არ გვაქვს. ზუსტად ასე მახსოვს, წრიპა მორტენის ოინბაზობები, მახსოვს როგორ უბერავდა ორპირი ქარი მათს სახლში ტყის პირას, როგორ მოიპარეს საბარგო მანქანა და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ ოჯახობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. არადა, ახლა რომ ვინმემ მკითხოს სკანდინავიელ მწერლებში რომელია შენი ფავორიტიო, აუცილებლად და ხაზგასმით ასტრიდ ლინდგრენს დავასახელებ, ისე რომ არც კი დავფიქრდები. ფანტაზიით, ლიტერატურული პერსონაჟების მრავალფეროვნებით, ამბის მხატვრულად გადმოცემის მანერით ასტრიდ ლინდგრენი სხვა სიმაღლეზე დგას, მის წიგნებს უფრო გვიან გავეცანი, თუმცა პეპის, კარლსონის, სალტროკელების, ბიულერბიული ბავშვების, ემილის და მიოს ამბები ისე კარგად არც არასოდეს მხსომებია, როგორც ეს ვესტლის გმირების შემთხვევაში იყო…

მიუხედავად მთელს მსოფლიოში პირველი წიგნის პოპულარობისა, მე მაინც მეორე – “Mormor og de åtte ungene i skogen” – “დიდედა და რვა ბავშვი ტყეში” – მიყვარდა ყველაზე მეტად. გასული საუკუნის 50–იანი წწ. ოსლოს გარეუბნების რომანტიკას ვერ ჩავწვდი და, როგორც ჩანს, ტყის პირას მათი ცხოვრება უფრო საინტერესო იყო 20 წლით ახალგაზრდა მე–სთვის… ამ წიგნის ნორვეგიული სათაური წიკიპედიაში მოვძებნე და იმედია სწორად. სათაურის პირველივე სიტყვა Mormor–მა ჯერ კიდევ ლინუს ტორვალდსის წიგნში – “Just for fun” – მიიპყრო ჩემი ყურადღება, როცა ლინუქსის მშობელი მამა ორი ტიპის ბებიას და ორი ტიპის პაპას თუ ბაბუას იხსენებდა:

  • ფარმორ – მამის დედა
  • მორმორ – დედის დედა
  • ფარფარ – მამის მამა
  • მორფარ– დედის მამა.

მიუხედავად იმისა, რომ ლინუს ტორვალდსი შვედურ გარემოს აღწერდა, როგორც ჩანს, ნორვეგიული და შვედური იმდენად გვანან, რომ სიტყვა ბებია ერთნაირად ჟღერს ორივე ენაზე. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნორვეგიული ენის ეს თავისებურება გაითვალისწინა ქართველმა მთარგმნელმა და “ბებიის” ნაცვლად “დიდედა” გამოიყენა ქართულ თარგმანში. ამ ბებიაზე გამახსენდა და თურმე კი არა, ნორვეგიაში დღემდე პოპულარობით სარგებლობს ზემოხსენებული ოჯახის შესახებ დადგმული პიესები, რომლებშიც დიდედის როლს თავად ავტორი, ანე–კატერინე ვესტლი ასრულებდა ნორვეგიულ სცენაზე წლების განმავლობაში…

დიდხანს ვატრიალე ის გაყვითლებული და დაღარული ქართული წიგნი და ვერსად ვიპოვე ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ –  რომ არა წიკიპედია რა მეშველებოდა?! :)

P.S. ესეც ის ხსენებული ხუთი წიგნი რუსულად: download (გაფართოება ppt-დან rar–ზე გადააკეთეთ და მერე არქივი როგორ გახსნათ იმედია იცით)

ცოდნის გამოკლასიკურებული ტაძარი

with 10 comments

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში რომის მეექვსე მეფემ, სერვიუს ტულიუსმა ძვ. რომის მოსახლეები ექვს ფენად დაჰყო. სულ არაფერი გვესაქმებოდა ამ ფაქტთან 21–ე საუკუნის ადამიანებს, რომ არა სიტყვა, რომელიც მოსახლეობის ფენებად დაყოფის შემდეგ დაიბადა: ეს სიტყვაა classis. მოსახლეების დაყოფა მათი ასაკის, ქონების და სოციალური მდგომარეობის მიხედვით მოხდა და ბუნებრივია პირველ, ანუ ყველაზე პრივილეგირებულ ფენაში მოხვდნენ პირები, რომლებიც დომინირებდნენ ყველაზე და ყველაფერზე, იცავდნენ ტრადიციებს, სჯიდნენ მამა–პაპის დანაბარების არშემსმენელ პირებს, ერთი სიტყვით მათი სიტყვა კანონი გახლდათ. მათ classicus–ები ერქვათ და სრულებით არ მიკვირს, შემდგომმა თაობებმა ამ ადამიანებს ე.წ. Must-Have და Must-Read  ცნებები რომ დაუკავშირეს, რაც საბოლოოდ სიტყვა კლასიკაში წარმოჩინდა.

რაკიღა სიტყვამ მოიტანა, არც იმის აღნიშვნა იქნებოდა ურიგო, თუ რატომაა ჩვენთვის, ასე თუ ისე ნაცნობ ენებში, ამდენი სიტყვა, რომლებიც “-ic”–ზე, “-ique”–ზე და “-ика”-ზე მთავრდება: ამ ყველაფერში დამნაშავეები ძველი ბერძნები არიან, რომლებიც ზედსართავ სახელებში “–ικός”–ს (იკოს) უმატებდნენ დაახლოებით ისევე, როგორც ქართულში “–ური”–ს და “–ული”–ს ვამატებთ. შემდგომში ეს ძვ. ბერძნული “–იკოს” ძვ. რომში ლათინური “–იკუს” გახდა. ლათინურიდან შევიდა ფრანგულში, საუკუნეების განმავლობაში დაიწრიტა და საბოლოო ვარიანტში “-ique” მივიღეთ, რამაც თავის მხრივ ინგლისურ და რუსულ ენებში, ზემოხსენებული “-ic” და “-ика” წარმოშვა. სწორად რუსულიდანაა წამოღებული ყველა ის სიტყვა ქართულში, რომელიც “–იკა”–ზე მთავრდება.

ეს ყველაფერი არ გამახსენდებოდა, რომ არა გიორგი გელაშვილი, ავტორი რომლის შესახებაც არაფერი ვიცი lib.ge–ზე წაკითხული ოთხი ნოველის გარდა. ამონარიდი ნოველიდან “მარჯვე ბიჭი გიგილო”:

თბილისური ფასადებით მოხიბლული გიგილო უნივერსიტეტის მაშტაბებმა დააფრთხო, რადგან ეს ცოდნის გამოკლასიკურებული ტაძარი ნამეტანი დიდი გამოდგა სოფლის სკოლაზე და ხალხიც ასჯერ მეტი ირეოდა ვიდრე გასვენებებში ენახა.

ხაზგასმულ სიტყვას ვუყურებდი დიდხანს და ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის აზრს. მსგავსი სიტყვები ბევრი გვაქვს ქართულში: გამოთაყვანებული, გამოქლიავებული, გამოშტერებული და ა.შ. (ისიც!) – ამის გამო დაჩაგრული გამოყენებითი მათემატიკის სტუდენტებიც უნდა ვახსენოთ, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიეთ გამოყ. მათემატიკოსებს უწოდებენ, ერთი სიტყვით ეს ფორმატი ქართულში თავში “გამო”–ს, ბოლოში კი – “ებული”–ს დამატებით ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთულ სიტყვებს ქმნის, თუმცა მაინც ვერ მივხვდი ზუსტად რისი ხაზგასმა სურდა ამ ენაკვიმატ ავტორს:

  • იმისი, რომ ამ “გამოკლასიკულებულ” ცოდნის ტაძარს მხოლოდ იერი აქვს კლასიკური.
  • იმისი, რომ კლასიკად შერაცხული ნაწარმოებები ისწავლება იქ, თუმცა ვის რაში სჭირდება.
  • იმისი, რომ ამ შენობაში ფეხის შედგმა პრივილეგირებულობას ნიშნავს და ესეც ფორმალურად.
  • იმისი, რომ…

სიტყვა კლასიკა კი ყოველთვის მაფრთხობდა და ყოველთვის გაუგებარი იყო, თუ ვინ აწებებდა ამ იარლიყს წიგნებს. მაგალითად რატომაა ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობი” კლასიკა და ვანო ურჯუმელაშვილის “ჭიამაია” – არა. რატომაა გი დე მოპასანის “ლამაზი მეგობარი” კლასიკა და რაიმონ კენოს “ზაზი მეტროში” – არა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კლასიკად შერაცხული წიგნების წაკითხვა ყველას სურს და ამავდროულად ყველას ეზარება, ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ კლასიკა ეს იმ წიგნების ერთობლიობაა, რომელთა ავტორის და სათაურის ცოდნაც საკმარისია, არადა საქმე საქმეზე რომ მიდგეს კლასიკოსებშიც არიან კლასიკოსები, იარლიყების მიმწებებლებს რომ დავუჯეროთ.

კიდევ ერთი კლასიკად შერაცხული წიგნი გამახსენდა, რომლის ათ გვერდს ვერასოდეს გავცდი – ხულიო კორტასარის “კლასობანა”, რომელსაც რუსულად უფრო “კლასიკური” სახელი: “Игры в классики” ჰქვია. ვერაფრით ვერ ვიხტუნე ასკინკილათი გვერდიდან–გვერდზე და თავიდან თავზე ავტორთან ერთად, რომელზეც თავად ავტორი ამბობს ეს რამდენიმე წიგნია ერთადო. მოკლედ და კონკრეტულად კორტასარი ყოველთვის მთრგუნავდა, მთელი თავისი ლინგვისტურ–ეტიმოლოგიური–ფორმალისტური წიაღსვლებით, ალბათ ისევე, როგორც მე ვთრგუნავ ზოგ–ზოგიერთებს…

ბოლოს კი ლია სტურუას ლექსს – “კლასიკას” გავიხსენებ:

ადამიანის ბოლო ვნება —
ჭამის სიყვარული,
ლიტერატურული პარალელი — რაბლე,
მრგვალი და მონუმენტური
მუცლების მამა!
ქონის ნაჭრებით
მოკირწყლული გზა მიდის მისკენ,
უზმოზე რომ გასინჯო,
მარმარილოდ გადაიქცევი.
მე კი დილას წყალი მიყვარს,
ხისტი, თაფლით გაკეთილშობილებული,
ოღონდ ჩაშაქრების
და გადარბილების მეშინია,
გაქვავებისაც,
სიფხიზლისთვის პილპილს ვხმარობ,
მაღაზიის მურაბაში
კომშის ნაცვლად ღვიძლები ყრია,
გადიდებული, სიყვითლემორეული:
დედაჩემს — შიშისგან,
მამას — ციროზისგან,
ჩემი — უზმოზე ემოციების
ჭამისგან…
ხაზგასმული პილპილი
და ნაღვლიანი მურაბა
წონასწორობას აკარგვინებს მოსახლეობას.
ამომიღებენ სიტყვებიდან
და პირდაპირ ბაზარში
ჩამაგდებენ: ხორცის, ფულის,
ხილის სიმრავლეში, ცხოვრების ზეიმზე.
რაბლე სხვა იყო —
რენესანსის მკრეხელურ ჩარჩოს
მსუქანი ჩუქურთმებით ამკობდა…
კიდევ ერთი რაბლეზიანელი მიყვარს,
ყავის სმამ რომ მოკლა…
ნეტა ამდენი
რემიქსების, კომიქსების,
ტალახში ღორებივით
ჩაწოლილი ბაზრობების,
ამერიკული პრონონსის ფონზე
თუ კლავს კლასიკის სიყვარული?

P.S. კლასიკის სიყვარული კლავს!

წიკიპედია ფანდარასტ!

with 9 comments

ყველას კარგად ახსოვს რამდენი დავა და კამათი მოჰყვა XXI საუკუნის დადგომას საქართველოში და არა მხოლოდ ჩვებს ქვეყანაში – მთელს მსოფლიოში. მიუხედავად გაუგებრობისა, საბოლოო ჯამში ყველა მაინც შეთანხმდა, რომ XXI საუკუნე 2001 წლის 1 იანვარს დადგა და მას აქეთ უკვე თითქმის 8 წელი გავიდა, მაგრამ მე მაინც ვერ შევეგუე.

ახალ საუკუნეს თითქოს არანაირი სიახლე არ მოაქვს, თითქოს მხოლოდ წელი იცვლება ჩვენს ციფრულ თუ მოსახევ (ეს კიდევ არსებობს?!) კალენდრებზე, მაგრამ არც ასეა საქმე. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ზოგიერთმა სიახლემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობა, მთლიანად შეცვალა დედამიწა! თითქოს სპეციალურად დაამთხვიესო, მაგრამ რა გინდა რომ ქნა – ფაქტები ჯიუტია:

  • 1895 წელს ძმები ლუმიერები პირველ კინოჩვენებას მართავენ.
  • 1900 წელს მაქს პლანკი გამოთქვამს ჰიპოთეზას სინათლის დისკრეტული გამოსხივების და სინათლის კვანტების შესახებ.
  • 1900 წელს ზიგმუნდ ფროიდი აქვეყნებს “სიზმრების ახსნას”, პირველ ნაშრომს ფსიქოანალიზში.
  • 1903 წელს ძმები რაიტები გაფრინდნენ თვითნაკეთი პირველი თვითმფრინავით.
  • 1905 წელს ალბერტ აინშტაინი ფარდობითობის სპეციალურ თეორიას აქვეყნებს.

სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფრით იმის ხაზგასმა მსურდა, რომ პირველმა წლებმა მთლიანად განსაზღვრა XX საუკუნე, რაც XXI საუკუნის დამდეგსაც მოხდა, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც, ჩემი აზრით, სამყაროს ახლებურად ხედვის პირველი ნაბიჯი იყო. 2001 წლის 15 იანვარს ჯიმი უელსმა და ლარი სეინჯერმა, იმ დროისათვის ძალიან უცნაური პროექტის განხორციელება დაიწყეს, რითაც მათ ინფორმატიულ წყაროებთან დამოკიდებულება უნდა შეეცვალათ. ახალ პროექტს “ვიკიპედია” ერქვა და სიმბოლურია ისიც, რომ ვიკიპედია ახალი საუკუნეში დაიბადა.

დღესდღეობით ყველას, ვისაც ინტერნეტთან შეხება აქვს, კარგად მოეხსენება თუ რა არის ვიკიპედია, ამიტომ მის სტრუქტურაზე და აგებულებაზე საუბარს არ დავიწყებ, თუმცა www.wikipedia.com-ის ჩართვის დღიდან ამ პროექტს ძალიან ბევრი არ ენდობა და უფრო მეტიც, ებრძვიან კიდეც მას. მაგალითისთვის, პირველად როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ სტატიაში რედაქტირების გვერდზე შესვლა და დედის გინების ჩაწერა, მე კულტურული შოკი მივიღე. ვერ გავაცნობიერე, რომ მეც ვიკიპედიის ერთ–ერთი პოტენციური თანაავტორი ვიყავი, ალბათ ამიტომაც დავიწყე ოდესღაც სტატიების წერა და რედაქტირება. თავიდან ეს უბრალო გართობა იყო, შემდეგ ვიკიპედიომანიითაც კი დავავადდი… საბოლოო ჯამში კი როცა დავრწმუნდი, რომ ვიკიპედიის კრიტიკოსები ყველაფერში არ ტყუოდნენ – თავი დავანებე. ამას “რა? სად? როდის?”–ის თამაშებზე ხშირად ვაწყდები, როცა ვინმე აიღებს ვიკიპედიაში დაფიქსირებულ ინფორმაციას, გამოიყენებს წყაროდ და აღმოჩნდება, რომ ფაქტი რეალობას არ შეესაბამება (ასე მოხდა მაგალითად დუბლინზე როცა მოიტანეს კითხვა თბილისის ჩემპიონატზე – რუსულ ვიკიპედიაში წერია, რომ დუბლინში ყველაზე მეტი ნობელიანტია დაბადებული ლიტერატურაში, რაც ტყუილია – ბმული – პარიზი ასწრებს დუბლინს ამ პარამეტრით!).

ვიკიპედიაში შეცდომები მით უფრო ბევრია, რაც უფრო იკლებს აქტიური და კომპეტენტური რედაქტორების რაოდენობა. ამიტომაც ყველაზე კომპეტენტურად მხოლოდ იმენოვანი ვიკი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც ყველაზე მეტი რედაქტორი ჰყავს და ასეთი ინგლისურენოვანი ვიკიპედიაა. მე პრაქტიკულად არ შემხვედრია შეცდომა ინგლისურენოვან ვიკიპედიაში (საუბარია ფაქტობრივ შეცდომაზე), ფრანგულში – აქა–იქ, იტალიურშიც – აქა–იქ, რუსულში – იცოცხლე, ქართულზე – ცალკე ვისაუბრებ, სხვა ენები – არ ვიცი და ვერ ვკითხულობ…

ბოლო დროს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც აქა–იქ ჯინეტს უწოდებენ, უნდობლობით გამსჭვალულმა მომხმარებლებმა ვიკიპედიას “წიკიპედია” შეარქვეს და, ჩემი აზრით, ამ ხუმრობა–ხუმრობაში ძალიან ეფექტური სიტყვა შეიქმნა. ინგლისური w–ს ქართულ განლაგებაზე “წ” შეესაბამება, არ ვიცი ამ სიტყვის პირველად დამწერს მართლა შეეშალა თუ არა კოდირება, მაგრამ ფაქტია წიკიპედია ზედგამოჭრილი სახელია ქართული ვიკიპედიისათვის (მთლიანად ვიკიპედიას რომ თავი დავანებოთ). ამ სიტყვაში უნებლიედ მიღებული “წიკი”–ც არ არის უფუნქციოდ, იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ენციკლოპედიაში დაწერილი სტატია, თუ მოყვანილი ფაქტი ვიღაცის “წიკია”, შესაბამისად ზუსტად ეს ბადებს უნდობლობას მთლიანად ვიკიპედიის მიმართ.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი ასეთ პოსტს:

ციტატა ქართული ვიკიპედიიდან:
“ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს სიბრძნის მეგობარს.”
ქვეშ კი მინაწერი: წიკიპედია ფანდარასტ!!!

ქართულ ვიკიპედიაში მსგავსი მარგალიტები მრავლადაა, კარგად მახსოვს ოდესღაც ნაჯახით რომ დავსდევდი მათ, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ მათს დევნას არც ერთი მე და არც ასი ჩემნაირი არ ეყოფოდა, თავი დავანებე. მიუხედავად ამისა, ვიკიპედია დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ და ყველაზე პოპულარულ ინფორმაციულ წყაროდ და მე რომ მკითხო ვიკის შეცდომები უხდება კიდეც, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე! ანუ ეს შეცდომები ხაზს უსვამს, იმ ფილოსოფიას, რასაც ვიკი ატარებს თავის თავში: ვიკიპედია არასოდეს არ არის დასრულებული პროექტი, ის სულ მუდამ სრულყოფის და ზრდის სტადიაშია, შესაბამისად თუ რომელიმე გვერდზე შეცდომა არის დღეს – აღარ იქნება ხვალ!

P.S. წიკიპედიაში შეცდომების არსებობა კი ხელს არ მიშლის იმაში, რომ მის ერთგულ მკითხველად დავრჩე მაინც იმ ენებზე, რომლებსაც ასე თუ ისე ვფლობ და სტიმულით მმუხტავს, რომ ვისწავლო ისინი, რომლებიც არ ვიცი…

ფერეიდნული ქართული

with 7 comments

უკანასკნელი ორი დღის აღმოჩენა ჩემთვის საიტი – fereidani.ge–ა. ჯერ ყველაფერი არ წამიკითხავს და, ალბათ, ვერც წავიკითხავ, თუმცა ქვემოთ მოტანილი ტექსტის ხილვა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ეს არის ამონარიდი ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან “ფერეიდნელი გურჯები”, რომელიც 1979 წელსაა გამოცემული. თავად ტექსტი კი, 1968 წელს ფირზე ჩაწერილი ფერეიდნელი გურჯების საუბარია…

“მე ვარ მუხტარა… სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით… შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)… მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო… შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)”.
“ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი… ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი… დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ… ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო… გუნდა… მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში… ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში… დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა…”

რამდენიმეჯერ წავიკითხე. ვცდილობდი მათ უბრალო, დამახინჯებულ ქართულში კანონზომიერებები დამეჭირა. ასე მაგალითად პირველი ფერეიდნელის ნაამბობში ბოლოსართი “ში” ჩანაცვლებულია “ჩი”–თ (თბილიჩი, სოფელჩი, თეირანჩი). ჯერ ვიფიქრე ეს ის “ჩი” წარმომავლობას რომ აღნიშნავს სპარსულში მეთქი: ნეფთჩი – მენავთობე, თულუხჩი – მეთულუხე, თოფჩი – მეთოფე და ა.შ. თუმცა ჩემი ოჯახის წევრი ირანისტები ამბობენ “ჩი” თურქული წარმომავლობის ბოლოსართია, სპარსულშიც აქა–იქ გვხვდება და ეს უბრალო ფონეტიკური სახეცვლილებაა და არანაირ კანონზომიერებებს აქ ადგილი არ აქვსო – ჩემი თეორია 3 წამში გამიქარწყლეს…

ორივე ფერეიდნელის ტექსტში კიდევ ერთი თავისებურება შეინიშნება: აქა–იქ დამატებულია ბოლოსართი “ყე”, ქართულში ყოველგვარ აზრს მოკლებული. ეს “ყე” თანამედროვე სპარსულში საუბრის დროს, ზმნებს ემატება აზრის გასამძაფრებლად და ხაზგასასმელად, ისევე როგორც ფრანგულში donc-ს ხმარობენ და რუსულში “же”–ს. ამ “ყე”–ს შესატყვისი ქართულში ნაწილაკი “რა” არის, აი მაგალითებიც: “წავედით რა”, “მოდი რა”, “გააკეთე რა” და ა.შ. თურმე კი არა გარეკახეთში დღემდე შემორჩენილია ამ “ყეს” შაჰ–აბასის ნაჩუქარი გადმონაშთი “კე”–ს სახით, ვინმემ თუ რამე იცით ამასთან დაკავშირებით შემატყობინეთ…

ეფექტური კალამბური

with 4 comments

კარგი ხუმრობა, თუ  ეფექტური კალამბური იმითი განსხვავდება ცუდი ხუმრობისაგან, რომ როგორც კი შეიტყობ, უმალვე გსურს ვინმეს მოუყვე. ის შენი ნაწილი ხდება და მონაყოლის სახით, ახალ ვერსიაში ახალი ფორმით აგრძელებს არსებობას. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს ხუმრობის თემას, შესრულების მანერას, თუ ენას, რომელზედაც ეს ხუმრობა ჟღერს.

nocpat

ამ საგაზეთო პუბლიკაციისათვის, რაიმე რუხი და საშუალოსტატისტიკური სათაური რომ მოეფიქრებინა მის ავტორს, ვერც ვერავინ შეიტყობდა ქალაქ ნოვოსიბირსკის მახლობლად, ბელოკურიხას სელოში გახსნილი მინი–სანატორიუმის, “ბელოკურის” არსებობის შესახებ. საგაზეთო პუბლიკაციის ავტორს სათაურის ქვეშ, სტანდარტული ტექსტი, “Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua…”, რომ ჩაეწერა, რომელიც ციცერონის ნაშრომიდან ციტატას წარმოადგენს და სხვა არაფერს ნიშნავს თანამედროვე პოლიგრაფიაში, თუ არა ფრაზას – “აქ უნდა იყოს რაღაც ტექსტი”, ეს სურათი მაინც მოივლიდა ინტერნეტის რუსულენოვან (და არამხოლოდ) სამყაროს და მაინც გაჩნდებოდა ჩემს ბლოგზე. ასეა, ხანდახან პროდუქციის კარგად მოფიქრებული სათაური უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მისი შინაარსი.

წავალ და ფუგუს მივეძალები…

with 11 comments

დღეს საღამოს,
ჩემი სატრფო ჩემთან ვერ მოვა,
წავალ და ფუგუს მივეძალები…
ბუსონი

fugu

საუკუნეების განმავლობაში კარჩაკეტილმა, თუ საზღვრებჩაკეტილმა ცხოვრებამ იაპონიაზე დიდი გავლენა იქონია. იაპონელთა უცნაურობის შესახებ ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს. უცნაურობისა არ ვიცი და ისინი რომ განსხვავებულები არიან – ფაქტია. სწორად ეს განსხვავებულობა ბადებს იმ გამორჩეულ დამოკიდებულებას, რომელიც მთელს მსოფლიოში შეინიშნება მათ მიმართ.

დღესდღეობით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ორი იაპონია: ერთი რეალური – კუნძულოვანი სახელმწიფო და მეორე ირეალური – დასავლეთში მცხოვრებთა ფანტაზიის ნაყოფი. არ არსებობს ჰოლივუდური ფილმი იაპონიის შესახებ, რომ საკურა, კატანა, ნინძა, ჩაის ცერემონიალი, ფუძი, ჰარაკირი და ფუგუ არ იყოს ნახსენები. შეიძლება ითქვას, რომ შექმნილია მდგრადი სტერეოტიპი იაპონური ესთეტიკისა და უცნაურობის შესახებ და ეს ორი მთელი სიცხადით თევზ ფუგუზე საუბრის დროს იჩენს ხოლმე თავს.

ფუგუ ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანის წყლებში ბინადრობს. ეტანება მარჯნის კუნძულებსა და რიფებს. ზომებით ხელის მტევნის ხელაა, დაცურავს ძალიან ზანტად, ზოგჯერ უკუმიმართულებითაც კი, თუმცა, თუ მაინცდამაინც რეალურ ინფორმაციაზეა ლაპარაკი, როდესაც მასზე ვსაუბრობთ, უნდა ავღნიშნოთ ორი რამ: ის ძალიან გემრიელია და ის ძალიან შხამიანია… საფრთხის მოახლოებისთანავე ბურთივით იბერება და ვაი, იმ ზვიგენს, რომელიც მის შეჭმაზე დაიწყებს ფიქრს. მთელი მისი კანი და შიგნეულობა ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებით, ტეტროდოტოქსინითაა გაჟღენთილი, მაგალითისთვის იმის თქმაც კმარა, რომ ერთი მილიგრამი ტეტროდოტოქსინი ადამიანისათვის სასიკვდილო დოზას წარმოადგენს.

მიუხედავად ფუგუს შხამიანობისა, ის იაპონური კულინარიის ყველაზე გამორჩეული დელიკატესია. ამ მავნე ჩვევას, რასაც ფუგუს დაჭერა, მომზადება და მირთმევა წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ იაპონელი იმპერატორები. მეიძის ხანაში (1868–1912) ფუგუს საკვებად გამოყენება აკრძალული იყო, თავად ფუგუ კი ერთადერთი კერძია, რომლის ჭამაც კანონით ეკრძალება იაპონიის იმპერატორს (საწყალი!). თუმცა, აკრძალვებით რომ ვერაფერს გახდნენ და ვერაფრით რომ ვერ დაუშალეს თავის ხალხს ამ თევზის დაჭაშნიკება, იაპონელმა მმართველებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და საკითხს მეორე მხრიდან მიუდგნენ. ჯერ კიდევ 1598 წელს გაჩნდა კანონი, რომელიც მზარეულისგან სპეციალურ სახელმწიფო ლიცენზიას ითხოვდა, რათა მას ფუგუს მომზადების უფლება ჰქონოდა. სწორად ამ კანონმა გაუძლო დროს და დღევანდელ იაპონიაშიც მზარეული ვალდებულია ფუგუს მომზადების ხანგრძლივი და შრომატევადი გამოცდები ჩააბაროს.

ფუგუს გამოცდები ავტომობილის მართვის ქართული გამოცდები არ გეგონოთ, ლიცენზიის მოსაპოვებლად მზარეული ვალდებულია გაიაროს სამწლიანი კურსები და ჩააბაროს ორი გამოცდა: თეორიაში და პრაქტიკაში. გამოცდის თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად მათ ფუგუს ათობით ნაირსახეობის თავისებურება უნდა იცოდნენ, რომელიც შხამისგან გაუნებელყოფის სხვადასხვა მეთოდიკას გულისხმობს. პრაქტიკული გამოცდა ფუგუს ყველა წესის დაცვით მომზადებას საჭიროებს და ბოლოში მის შეჭმას.

ძალიან მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული რესტორნების მიმართაც, სადაც ფუგუს გასინჯვა შეიძლება. მათი მეპატრონეები ვალდებულნი არიან დაიცვან მკაცრი სანიტარული ნორმები, რაც ფუგუს შენახვას, მის მომზადებას და კლიენტამდე მიტანას ითვალისწინებს. თუმცა, ჩიტისგან განსხვავებით, ფუგუ ბრდღვნად ღირს (როგორც ამბობენ) და, თავად იაპონელებზე რომ არაფერი ვთქვათ, იაპონიაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ფუგუს დასაგემოვნებლად, ამიტომაც ფუგუს ერთი პორციის ფასი 100 დოლარიდან 500 დოლარამდე მერყეობს (გააჩნია სეზონს, ზამთარში ფუგუ ყველაზე გემრიელია და შესაბამისად მისი ფასიც მაქსიმალურია).

წესების, ნორმების და მკაცრი გამოცდების მიუხედავად იაპონიაში ფუგუს ჭამით ხალხი მაინც იღუპება და ეს მათ კულტურაში ტრაგედიად არ აღიქმება, სიკვდილი ხომ საკრალური ცნებაა იაპონელთათვის. ისინი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ლამაზი სიკვდილის ფილოსოფიას. უგემრიელესი ფუგუს ჭამისას გარდაცვალება კი სიცოცხლის დასრულების ერთ–ერთი ყველაზე სასურველი გზაა ამომავალი მზის ქვეყანაში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 1974–1983 წლებში იაპონიაში დაფიქსირდა ფუგუთი მოწამვლის 646 შემთხვევა აქედან 179 სასიკვდილო იყო. ზედმეტი არ იქნება იმის დაზუსტება, თუ რას იწვევს ტეტროდოტოქსინი ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ: იგი საღ გონებაზეა, თუმცა სხეული მთლიანად უშეშდება, ვერც ერთ კუნთს ვერ ამოძრავებს, ვერ ლაპარაკობს, ვერც სუნთქავს. სიკვდილის მიზეზიც შესაბამისად გაგუდვაა და უჰაერობაა ხოლმე. დღემდე ფუგუს მოწამვლის თავდასაცავი ანტიდოტი ნაპოვნი არ არის, ერთადერთი მასთან ბრძოლის საშუალება ხელოვნური სუნთქვაა მანამდე, სანამ შხამის ზემოქმედება შესუსტდება, რაც საშუალოდ 24 საათი გრძელდება.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით ისმის შეკითხვა, რატომაა ასეთი პოპულარული ფუგუ, როდესაც მზარეულის ოსტატობაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე?! რატომ იგდებენ ადამიანები თავს საფრთხეში ერთი პატარა თევზის გასინჯვის ფასად?! ამაზე პასუხად ფუგუთი “მოწამლულები” ამბობენ, რომ ფუგუ ძალიან გემრიელია, რომლის წინაშეც სიკვდილის შიშს არანაირი ფასი არ აქვს და თავად ის ადამიანი, ვინც სიფრთხილის გამო ამბობს ფუგუს გასინჯვაზე უარს, იაპონელთა თვალში მხდალი და არაპოეტური ნატურის მქონეა. მეორე მხრივ ტეტროდოტოქსინი მცირე რაოდენობით ძლიერი ნარკოტიკია, სწორად ეს ნარკოტიკი აძლევს იმ ფაქიზ გემოს, რისი გულისთვისაც იაპონელები “მუცელს იფატრავენ” და გაგიჟებულები არიან…

წიკიპედიის თანახმად, დღესდღეობით მეცნიერების ზეობის ხანაში, იაპონელებმა მიაღწიეს სასურველ შედეგს, გამოიყვანეს ფუგუს ჯიში, რომელიც სრულებით არ არის შხამიანი, მაგრამ რად გინდა?! – ასეთი ფუგუს ჭამას, როგორც ჩანს “მუღამი” არ აქვს და ამიტომაც პოპულარობით კვლავ ოკეანის ბინადარი, მამაპაპური ფუგუ სარგებლობს და არა, რომელიმე წყალსატევში ზანტად მოლივლივე ფუგუს არასრულფასოვანი კლონი…

ყველაფერი ზემოხსენებულის შემდეგ, ამის წერისას ერთი უწყინარი შეკითხვა მებადება – რატომ არ აკეთებენ თბილისის იაპონურ რესტორნებში ფუგუს?! ჩვენ რა არ გვინდა ზეციურ გემოს ვეზიაროთ, თუ მაინცდამაინც ტოკიოში უნდა წავიდეთ ფუგუს საჭმელად?!

P.S. მასალა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე არსებულ ელექტრონულ ინფორმაციულ წყაროებში მოვიძიე, შესაბამისად ზემოთ ფუგუზე მონათხრობი რეალურ იაპონიას ასახავს თუ ირეალურს ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია :)