ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 11th, 2008

ვაიმე მბუ…

with 14 comments

დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი ლაგუნასთან საშინელ საცობში კი არადა “პრობკაში” მოვყევი. ვიჯექი ჩემთვის მანქანაში და მირიამ მაკებას ალბომს “Folk Songs from africa”-ს ვუსმენდი. ალბომის მესამე სიმღერა, “მბუბე” მთელ ჩემს შიგნეულობას ჩასწვდა, შეუერთდა გარშემო მანქანების პიპინს, მძღოლების დედის გინებას და პატრულების “იმოძრავა, იმოძრავას” და მთლიანად ამაფორიაქა. სახლში რაც დავბრუნდი ეს აფორიაქება არ მშორდება და აი, როგორც იქნა, აღმოვაჩინე თუ საიდან მეცნობა ეს მბუბე, ვიპოვე დაკარგული ძაფი, რომელიც ძველი აფრიკული ლომების სამეფოში იკარგებოდა. ახალი სიტყვაც ვისწავლე, ჯერ–ჯერობით პირველი ზულუსების ენაზე (მბუბე) და დღევანდელმა საღამომ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია, ანუ უნდა დავიძინო… მაგრამ ისე ვერ წავალ დასაძინებლად, ეს ყველაფერი რომ არ მოვყვე, ანუ როგორ შეიკრა წრედი, რომელშიც ახლაც ის მელოდია ტრიალებს ელექტრული მუხტების სახით, ამდენი ხანია რომ მაჯადოებს თავისი უბრალოებით…

ცოტა რამ ისტორიიდან:

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ზულუსების ტომები გააერთიანა და ზულუსების იმპერიას დაუდო სათავე ლეგენდარულმა მეომარმა შაკამ, მეტსახელად ლომმა, ანუ “მბუბემ”. შემდეგ მოვიდნენ ევროპელები და შაკას კუდით ქვა ასროლინეს, შეიძლება ვერც ასროლინეს, თუმცა ფაქტი ერთია, შაკამაც ისევე დაასრულა, როგორც ყველა მისთანა დესპოტიზმისკენ გადახრილმა მმართველმა. დღემდე საკუთარ ხალხში შაკა შარავანდედით მოსილი პიროვნებაა და მისი სახელი სიწმინდის სქელი ქერქითაა დაფარული. ზულუსები იმასაც კი ამბობენ, რომ შაკა არ მომკვდარა, მას სძინავს და მოვა დრო, როცა ეს ლომი გაიღვიძებს და ზულუსებს წარსულ დიდებას დაუბრუნებსო. ყოველივე ამის შემდეგ, შაკას შესახებ შექმნილი ლექსები და სიმღერები ნამდვილად არ არის გასაკვირი, საუბარია ფოლკლორზე რომელიც ორ საუკუნეს ითვლის.

ხალხურ მოტივებზე დაყრდნობით 1939 წელს Gallo Record Company–ში სიმღერა “მბუბე” ჩაუწერია, უუცნობილესი ჯგუფის The Evening Birds–ის სოლისტს, სამხრ. აფრიკელ სოლომონ ლინდას. ხმის ჩამწერ სტუდიას მუსიკოსისათვის სიმღერაში ერთჯერადად კაპიკები გადაუხდია და აი, ასე დაუწყია აფრიკულ ჰიტს თავისი არსებობა შავ კონტინენტზე. წიკიპედიის ცნობით, 40-იან წლებში, მარტო სამხრეთ აფრიკაში, ამ სიმღერის 100 000 ცალი ვინილის ფირფიტა, ანუ “პლასტინკა” გაიყიდა და უკვე 50–იანებში სიმღერამ ახალი ბაზარი და მსმენელი იპოვა, მას შემდეგ რაც პიტ სიგერმა მელოდია ევროპულ ყაიდაზე გადააკეთა, ინგლისური ტექსტი დაადო და კიდევ ერთი უუცნობილესი ჯგუფის, The Weavers–ის, სადაც იგი მღეროდა, სახით წარუდგინა დასავლეთს. სიმღერას The Weavers–ის შესრულებაში “Wimoweh” ერქვა. სიმღერის ორიგინალურ ვერსიაში პიტმა ზულუს ენაზე სიტყვა “uyimbube” (შენ ხარ ლომი) ჟღერადობით აღიქვა, როგორც “Wimoweh” და ასე მოევლინა ქვეყანას ახალი პერსონაჟი – ლომი, რომელსაც შუაღამისას ჯუნგლებში ძინავს და ყველაფერი, უკაცრავად ვიქნები და, ფეხებზე ჰკიდია. ამ სიმღერის შესრულების გამოყენების უფლება 1994 წელს უოლტ დისნეის კომპანიამ 15 მილიონ დოლარად შეიძინა და ასე გასცდა სიმღერა აშშ–ს ფარგლებს, მსოფლიოს კინო და ტელეეკრანებზე გამოვიდა რა მულტფილმი “მეფე ლომი”…

ამგვარად მოაღწია გაამერიკელებულმა ზულუსმა ლომმა საქართველომდე და ეს სიმღერა რომ არა, როგორც მინიმუმ, ორი ბავშვი არ შეჭამდა საჭმელს საქართველოში – ერთი ჩემი ძმიშვილი და მეორე ჩემი ძმაკაცის დიშვილი (სხვა ბავშვების მუსიკალურ რაციონზე ინფორმაცია არ მაქვს) – როგორც კი იწყება “in the jungle, the quiet jungle, the lion sleeps tonight” ჩემს ძმიშვილს სახე ებადრება და მერე ქაშს კი არა ყველაფერს შეჭამს, ოღონდ ამ სიმღერას ნუ გამოურთავთ ბეჰემოთისა და ძაღლის შესრულებით… თუმცა აქამდე, მე როგორც არამელომანი და ტექსტუალური ადამიანი, ამ სიმღერის არც სახელწოდებით დავინტერესებულვარ და არც ტექსტით, შესაბამისად, მელოდიის გარდა არაფერი ვიცოდი.

ჰოდა, რომ არა მირიამ მაკება, ვერც ვერასოდეს შევიტყობდი ამ სიმღერის ისტორიას. მთელი დღის განმავლობაში, “მბუბეს” მინიმუმ  ათჯერ მოსმენის შემდეგ, კინაღამ ტვინი ამეხადა, ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა ეს მელოდია, არადა ორიგინალში თავისებური აფრიკული მელიზმებით, არც თუ ისეთი ადვილად საცნობია… ბოლოს ისევ იუ–თიუბს რომ ვეწვიე, ამ შესანიშნავმა წარმონქანმა მითხრა, რომ შენ ამას და ამას ხშირად უსმენო და იქნებ აი, ეს გეცადაო, და ლინკმა, ჩემთვის კარგად ნაცნობ კლიპამდე რომ მიმიყვანა, სადაც ბეჰემოთს ძაღლი ნერვებს უშლის, ამ დროს სადღაც ჩემს თავში მოკლე ჩართვა მოხდა და, როგორც ძუკუს ანეკდოტში, აღმომხდა – ვაიმე მბუ…

P.S. ლინკები იუ–თიუბზე:

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers