ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

წავალ და ფუგუს მივეძალები…

with 14 comments

დღეს საღამოს,
ჩემი სატრფო ჩემთან ვერ მოვა,
წავალ და ფუგუს მივეძალები…
ბუსონი

fugu

საუკუნეების განმავლობაში კარჩაკეტილმა, თუ საზღვრებჩაკეტილმა ცხოვრებამ იაპონიაზე დიდი გავლენა იქონია. იაპონელთა უცნაურობის შესახებ ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს. უცნაურობისა არ ვიცი და ისინი რომ განსხვავებულები არიან – ფაქტია. სწორად ეს განსხვავებულობა ბადებს იმ გამორჩეულ დამოკიდებულებას, რომელიც მთელს მსოფლიოში შეინიშნება მათ მიმართ.

დღესდღეობით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ორი იაპონია: ერთი რეალური – კუნძულოვანი სახელმწიფო და მეორე ირეალური – დასავლეთში მცხოვრებთა ფანტაზიის ნაყოფი. არ არსებობს ჰოლივუდური ფილმი იაპონიის შესახებ, რომ საკურა, კატანა, ნინძა, ჩაის ცერემონიალი, ფუძი, ჰარაკირი და ფუგუ არ იყოს ნახსენები. შეიძლება ითქვას, რომ შექმნილია მდგრადი სტერეოტიპი იაპონური ესთეტიკისა და უცნაურობის შესახებ და ეს ორი მთელი სიცხადით თევზ ფუგუზე საუბრის დროს იჩენს ხოლმე თავს.

ფუგუ ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანის წყლებში ბინადრობს. ეტანება მარჯნის კუნძულებსა და რიფებს. ზომებით ხელის მტევნის ხელაა, დაცურავს ძალიან ზანტად, ზოგჯერ უკუმიმართულებითაც კი, თუმცა, თუ მაინცდამაინც რეალურ ინფორმაციაზეა ლაპარაკი, როდესაც მასზე ვსაუბრობთ, უნდა ავღნიშნოთ ორი რამ: ის ძალიან გემრიელია და ის ძალიან შხამიანია… საფრთხის მოახლოებისთანავე ბურთივით იბერება და ვაი, იმ ზვიგენს, რომელიც მის შეჭმაზე დაიწყებს ფიქრს. მთელი მისი კანი და შიგნეულობა ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებით, ტეტროდოტოქსინითაა გაჟღენთილი, მაგალითისთვის იმის თქმაც კმარა, რომ ერთი მილიგრამი ტეტროდოტოქსინი ადამიანისათვის სასიკვდილო დოზას წარმოადგენს.

მიუხედავად ფუგუს შხამიანობისა, ის იაპონური კულინარიის ყველაზე გამორჩეული დელიკატესია. ამ მავნე ჩვევას, რასაც ფუგუს დაჭერა, მომზადება და მირთმევა წარმოადგენს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ იაპონელი იმპერატორები. მეიძის ხანაში (1868–1912) ფუგუს საკვებად გამოყენება აკრძალული იყო, თავად ფუგუ კი ერთადერთი კერძია, რომლის ჭამაც კანონით ეკრძალება იაპონიის იმპერატორს (საწყალი!). თუმცა, აკრძალვებით რომ ვერაფერს გახდნენ და ვერაფრით რომ ვერ დაუშალეს თავის ხალხს ამ თევზის დაჭაშნიკება, იაპონელმა მმართველებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და საკითხს მეორე მხრიდან მიუდგნენ. ჯერ კიდევ 1598 წელს გაჩნდა კანონი, რომელიც მზარეულისგან სპეციალურ სახელმწიფო ლიცენზიას ითხოვდა, რათა მას ფუგუს მომზადების უფლება ჰქონოდა. სწორად ამ კანონმა გაუძლო დროს და დღევანდელ იაპონიაშიც მზარეული ვალდებულია ფუგუს მომზადების ხანგრძლივი და შრომატევადი გამოცდები ჩააბაროს.

ფუგუს გამოცდები ავტომობილის მართვის ქართული გამოცდები არ გეგონოთ, ლიცენზიის მოსაპოვებლად მზარეული ვალდებულია გაიაროს სამწლიანი კურსები და ჩააბაროს ორი გამოცდა: თეორიაში და პრაქტიკაში. გამოცდის თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად მათ ფუგუს ათობით ნაირსახეობის თავისებურება უნდა იცოდნენ, რომელიც შხამისგან გაუნებელყოფის სხვადასხვა მეთოდიკას გულისხმობს. პრაქტიკული გამოცდა ფუგუს ყველა წესის დაცვით მომზადებას საჭიროებს და ბოლოში მის შეჭმას.

ძალიან მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული რესტორნების მიმართაც, სადაც ფუგუს გასინჯვა შეიძლება. მათი მეპატრონეები ვალდებულნი არიან დაიცვან მკაცრი სანიტარული ნორმები, რაც ფუგუს შენახვას, მის მომზადებას და კლიენტამდე მიტანას ითვალისწინებს. თუმცა, ჩიტისგან განსხვავებით, ფუგუ ბრდღვნად ღირს (როგორც ამბობენ) და, თავად იაპონელებზე რომ არაფერი ვთქვათ, იაპონიაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ფუგუს დასაგემოვნებლად, ამიტომაც ფუგუს ერთი პორციის ფასი 100 დოლარიდან 500 დოლარამდე მერყეობს (გააჩნია სეზონს, ზამთარში ფუგუ ყველაზე გემრიელია და შესაბამისად მისი ფასიც მაქსიმალურია).

წესების, ნორმების და მკაცრი გამოცდების მიუხედავად იაპონიაში ფუგუს ჭამით ხალხი მაინც იღუპება და ეს მათ კულტურაში ტრაგედიად არ აღიქმება, სიკვდილი ხომ საკრალური ცნებაა იაპონელთათვის. ისინი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ლამაზი სიკვდილის ფილოსოფიას. უგემრიელესი ფუგუს ჭამისას გარდაცვალება კი სიცოცხლის დასრულების ერთ–ერთი ყველაზე სასურველი გზაა ამომავალი მზის ქვეყანაში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 1974–1983 წლებში იაპონიაში დაფიქსირდა ფუგუთი მოწამვლის 646 შემთხვევა აქედან 179 სასიკვდილო იყო. ზედმეტი არ იქნება იმის დაზუსტება, თუ რას იწვევს ტეტროდოტოქსინი ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ: იგი საღ გონებაზეა, თუმცა სხეული მთლიანად უშეშდება, ვერც ერთ კუნთს ვერ ამოძრავებს, ვერ ლაპარაკობს, ვერც სუნთქავს. სიკვდილის მიზეზიც შესაბამისად გაგუდვაა და უჰაერობაა ხოლმე. დღემდე ფუგუს მოწამვლის თავდასაცავი ანტიდოტი ნაპოვნი არ არის, ერთადერთი მასთან ბრძოლის საშუალება ხელოვნური სუნთქვაა მანამდე, სანამ შხამის ზემოქმედება შესუსტდება, რაც საშუალოდ 24 საათი გრძელდება.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით ისმის შეკითხვა, რატომაა ასეთი პოპულარული ფუგუ, როდესაც მზარეულის ოსტატობაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე?! რატომ იგდებენ ადამიანები თავს საფრთხეში ერთი პატარა თევზის გასინჯვის ფასად?! ამაზე პასუხად ფუგუთი “მოწამლულები” ამბობენ, რომ ფუგუ ძალიან გემრიელია, რომლის წინაშეც სიკვდილის შიშს არანაირი ფასი არ აქვს და თავად ის ადამიანი, ვინც სიფრთხილის გამო ამბობს ფუგუს გასინჯვაზე უარს, იაპონელთა თვალში მხდალი და არაპოეტური ნატურის მქონეა. მეორე მხრივ ტეტროდოტოქსინი მცირე რაოდენობით ძლიერი ნარკოტიკია, სწორად ეს ნარკოტიკი აძლევს იმ ფაქიზ გემოს, რისი გულისთვისაც იაპონელები “მუცელს იფატრავენ” და გაგიჟებულები არიან…

წიკიპედიის თანახმად, დღესდღეობით მეცნიერების ზეობის ხანაში, იაპონელებმა მიაღწიეს სასურველ შედეგს, გამოიყვანეს ფუგუს ჯიში, რომელიც სრულებით არ არის შხამიანი, მაგრამ რად გინდა?! – ასეთი ფუგუს ჭამას, როგორც ჩანს “მუღამი” არ აქვს და ამიტომაც პოპულარობით კვლავ ოკეანის ბინადარი, მამაპაპური ფუგუ სარგებლობს და არა, რომელიმე წყალსატევში ზანტად მოლივლივე ფუგუს არასრულფასოვანი კლონი…

ყველაფერი ზემოხსენებულის შემდეგ, ამის წერისას ერთი უწყინარი შეკითხვა მებადება – რატომ არ აკეთებენ თბილისის იაპონურ რესტორნებში ფუგუს?! ჩვენ რა არ გვინდა ზეციურ გემოს ვეზიაროთ, თუ მაინცდამაინც ტოკიოში უნდა წავიდეთ ფუგუს საჭმელად?!

P.S. მასალა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე არსებულ ელექტრონულ ინფორმაციულ წყაროებში მოვიძიე, შესაბამისად ზემოთ ფუგუზე მონათხრობი რეალურ იაპონიას ასახავს თუ ირეალურს ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია :)

About these ads

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კი მართალია, ფუგუ ძალიან საშიში თევზია და ამ ბოლო წლებში რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაიღუპა მისი გასინჯვის შემდეგ. ამასთან პირები რომლებიც უკვეთავენ ფუგუს წინასწარ აწერენ ხელშეკრულებას ხელს, რომლის თანახმადაც ისინი პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ თავზე… ამბობენ რომ მისი დაგემოვნება მთელი რიტუალია… ადრენალინის დიდი დოზის გამომუშავებით… ამასთან რაც არ უნდა კარგად იყოს მომზადებული, ფუგუ მაინც იწვევს რამდენიმე წამიან კუნთების ატროფიას…

    DUDA

    November 27, 2009 at 11:53 pm

  2. როგორც ვიცი ფუგუს გასინჯვა აშშ-შიც შეიძლება, თუ არ ვცდები ნიუ-იორკის ზოგიერთ იაპონურ რესტორანში არის, ასე რომ თუ ვინმეს სურს დაგემოვნება, შეუძლია გააკეთოს ეს, როცა ამერიკაში იქნება.

    გიორგი

    February 14, 2010 at 12:01 am

  3. “პრაქტიკული გამოცდა ფუგუს ყველა წესის დაცვით მომზადებას საჭიროებს და ბოლოში მის შეჭმას.”

    ისე საშუალოდ ნეტა რამდენი ადამიანი იჭრება ამ გამოცდაში?… :უსერ:

    noname

    June 16, 2010 at 4:34 pm

  4. ფუგუს ნახვის შემდეგ მისი გასინჯვა ნამდვილად არ მოგინდებათ.ყოველ შემთხვევაში მე არ მომინდა.

    სანდრო ქიტიაშვილი

    January 22, 2011 at 7:00 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 169 other followers

%d bloggers like this: