ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

წიკიპედია ფანდარასტ!

with 9 comments

ყველას კარგად ახსოვს რამდენი დავა და კამათი მოჰყვა XXI საუკუნის დადგომას საქართველოში და არა მხოლოდ ჩვებს ქვეყანაში – მთელს მსოფლიოში. მიუხედავად გაუგებრობისა, საბოლოო ჯამში ყველა მაინც შეთანხმდა, რომ XXI საუკუნე 2001 წლის 1 იანვარს დადგა და მას აქეთ უკვე თითქმის 8 წელი გავიდა, მაგრამ მე მაინც ვერ შევეგუე.

ახალ საუკუნეს თითქოს არანაირი სიახლე არ მოაქვს, თითქოს მხოლოდ წელი იცვლება ჩვენს ციფრულ თუ მოსახევ (ეს კიდევ არსებობს?!) კალენდრებზე, მაგრამ არც ასეა საქმე. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ზოგიერთმა სიახლემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობა, მთლიანად შეცვალა დედამიწა! თითქოს სპეციალურად დაამთხვიესო, მაგრამ რა გინდა რომ ქნა – ფაქტები ჯიუტია:

  • 1895 წელს ძმები ლუმიერები პირველ კინოჩვენებას მართავენ.
  • 1900 წელს მაქს პლანკი გამოთქვამს ჰიპოთეზას სინათლის დისკრეტული გამოსხივების და სინათლის კვანტების შესახებ.
  • 1900 წელს ზიგმუნდ ფროიდი აქვეყნებს “სიზმრების ახსნას”, პირველ ნაშრომს ფსიქოანალიზში.
  • 1903 წელს ძმები რაიტები გაფრინდნენ თვითნაკეთი პირველი თვითმფრინავით.
  • 1905 წელს ალბერტ აინშტაინი ფარდობითობის სპეციალურ თეორიას აქვეყნებს.

სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფრით იმის ხაზგასმა მსურდა, რომ პირველმა წლებმა მთლიანად განსაზღვრა XX საუკუნე, რაც XXI საუკუნის დამდეგსაც მოხდა, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც, ჩემი აზრით, სამყაროს ახლებურად ხედვის პირველი ნაბიჯი იყო. 2001 წლის 15 იანვარს ჯიმი უელსმა და ლარი სეინჯერმა, იმ დროისათვის ძალიან უცნაური პროექტის განხორციელება დაიწყეს, რითაც მათ ინფორმატიულ წყაროებთან დამოკიდებულება უნდა შეეცვალათ. ახალ პროექტს “ვიკიპედია” ერქვა და სიმბოლურია ისიც, რომ ვიკიპედია ახალი საუკუნეში დაიბადა.

დღესდღეობით ყველას, ვისაც ინტერნეტთან შეხება აქვს, კარგად მოეხსენება თუ რა არის ვიკიპედია, ამიტომ მის სტრუქტურაზე და აგებულებაზე საუბარს არ დავიწყებ, თუმცა http://www.wikipedia.com-ის ჩართვის დღიდან ამ პროექტს ძალიან ბევრი არ ენდობა და უფრო მეტიც, ებრძვიან კიდეც მას. მაგალითისთვის, პირველად როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ სტატიაში რედაქტირების გვერდზე შესვლა და დედის გინების ჩაწერა, მე კულტურული შოკი მივიღე. ვერ გავაცნობიერე, რომ მეც ვიკიპედიის ერთ–ერთი პოტენციური თანაავტორი ვიყავი, ალბათ ამიტომაც დავიწყე ოდესღაც სტატიების წერა და რედაქტირება. თავიდან ეს უბრალო გართობა იყო, შემდეგ ვიკიპედიომანიითაც კი დავავადდი… საბოლოო ჯამში კი როცა დავრწმუნდი, რომ ვიკიპედიის კრიტიკოსები ყველაფერში არ ტყუოდნენ – თავი დავანებე. ამას “რა? სად? როდის?”–ის თამაშებზე ხშირად ვაწყდები, როცა ვინმე აიღებს ვიკიპედიაში დაფიქსირებულ ინფორმაციას, გამოიყენებს წყაროდ და აღმოჩნდება, რომ ფაქტი რეალობას არ შეესაბამება (ასე მოხდა მაგალითად დუბლინზე როცა მოიტანეს კითხვა თბილისის ჩემპიონატზე – რუსულ ვიკიპედიაში წერია, რომ დუბლინში ყველაზე მეტი ნობელიანტია დაბადებული ლიტერატურაში, რაც ტყუილია – ბმული – პარიზი ასწრებს დუბლინს ამ პარამეტრით!).

ვიკიპედიაში შეცდომები მით უფრო ბევრია, რაც უფრო იკლებს აქტიური და კომპეტენტური რედაქტორების რაოდენობა. ამიტომაც ყველაზე კომპეტენტურად მხოლოდ იმენოვანი ვიკი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც ყველაზე მეტი რედაქტორი ჰყავს და ასეთი ინგლისურენოვანი ვიკიპედიაა. მე პრაქტიკულად არ შემხვედრია შეცდომა ინგლისურენოვან ვიკიპედიაში (საუბარია ფაქტობრივ შეცდომაზე), ფრანგულში – აქა–იქ, იტალიურშიც – აქა–იქ, რუსულში – იცოცხლე, ქართულზე – ცალკე ვისაუბრებ, სხვა ენები – არ ვიცი და ვერ ვკითხულობ…

ბოლო დროს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც აქა–იქ ჯინეტს უწოდებენ, უნდობლობით გამსჭვალულმა მომხმარებლებმა ვიკიპედიას “წიკიპედია” შეარქვეს და, ჩემი აზრით, ამ ხუმრობა–ხუმრობაში ძალიან ეფექტური სიტყვა შეიქმნა. ინგლისური w–ს ქართულ განლაგებაზე “წ” შეესაბამება, არ ვიცი ამ სიტყვის პირველად დამწერს მართლა შეეშალა თუ არა კოდირება, მაგრამ ფაქტია წიკიპედია ზედგამოჭრილი სახელია ქართული ვიკიპედიისათვის (მთლიანად ვიკიპედიას რომ თავი დავანებოთ). ამ სიტყვაში უნებლიედ მიღებული “წიკი”–ც არ არის უფუნქციოდ, იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ენციკლოპედიაში დაწერილი სტატია, თუ მოყვანილი ფაქტი ვიღაცის “წიკია”, შესაბამისად ზუსტად ეს ბადებს უნდობლობას მთლიანად ვიკიპედიის მიმართ.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი ასეთ პოსტს:

ციტატა ქართული ვიკიპედიიდან:
“ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს სიბრძნის მეგობარს.”
ქვეშ კი მინაწერი: წიკიპედია ფანდარასტ!!!

ქართულ ვიკიპედიაში მსგავსი მარგალიტები მრავლადაა, კარგად მახსოვს ოდესღაც ნაჯახით რომ დავსდევდი მათ, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ მათს დევნას არც ერთი მე და არც ასი ჩემნაირი არ ეყოფოდა, თავი დავანებე. მიუხედავად ამისა, ვიკიპედია დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ და ყველაზე პოპულარულ ინფორმაციულ წყაროდ და მე რომ მკითხო ვიკის შეცდომები უხდება კიდეც, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე! ანუ ეს შეცდომები ხაზს უსვამს, იმ ფილოსოფიას, რასაც ვიკი ატარებს თავის თავში: ვიკიპედია არასოდეს არ არის დასრულებული პროექტი, ის სულ მუდამ სრულყოფის და ზრდის სტადიაშია, შესაბამისად თუ რომელიმე გვერდზე შეცდომა არის დღეს – აღარ იქნება ხვალ!

P.S. წიკიპედიაში შეცდომების არსებობა კი ხელს არ მიშლის იმაში, რომ მის ერთგულ მკითხველად დავრჩე მაინც იმ ენებზე, რომლებსაც ასე თუ ისე ვფლობ და სტიმულით მმუხტავს, რომ ვისწავლო ისინი, რომლებიც არ ვიცი…

About these ads

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჰოო, აი რას ნიშნავს რომ ჯინეტს არ ვიცნობ… :)

    როგორ მეგონა რომ წიკიპედია უბრალო typo იყო?!

    ზაქრო

    November 16, 2008 at 8:28 pm

  2. ეჰ, რაც მე წიკიპედიის იმედზე ვყოფილვარ და გამიგია, არაფერი არ მცოდნია :მო:

    სიქრეთს

    November 16, 2008 at 8:50 pm

  3. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ 15 იანვარი დიადი თარიღია და ამ თვის ამ რიცხვში სამყაროს საოცრებები იბადებიან!!! :)

    Sopho

    November 17, 2008 at 2:36 pm

  4. http://www.wikipedia.org ბატონო.. სადღაც ყური მაქ მოკრული, თქვენი და ალსანდროს ჯახზე, მაგრამ დეტალები არ ვიცი, მაგრამ იმის გასაზიზღრება რაზეც თქვენ თუნდაც ნახევარი საათი დახარჯეთ ცოტა ულოგიკოა.

    ზაკ

    November 19, 2008 at 9:03 am

  5. @ზაკ
    არაფერი არ გამისაზიზღრებია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების კონსტატაციაა ზემოთ მოტანილი :)

    linguistuss

    November 19, 2008 at 9:44 am

  6. გილოცავთ დაბადების დღეს!

    broceuli

    November 20, 2008 at 11:44 am

  7. ვიკიპედიის იდეა გენიალურია. ჩემთვისაც შოკი იყო ის, რომ რედაქტირებისთვის სრულიად ღია ბაზა საბოლოო ჯამში (რედაქტორთა საკმარისი ოდენობის შემთხვევაში) ინფორმაციის საიმედო და უმდიდრეს წყაროდ ყალიბდება. ჩამი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში კონსტრუქციულობა აშკარად ჭარბობს დესტრუქციულობას. რაც იმედის მომცემია.

    ქართული ვიკიპედიის ერთ–ერთი პრობლემა ზოგადად ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის ატანის უნარი ნაკლებობაა. ჩვენში ეს უნარი უგანათლებულეს ადამიანებსაც არ აქვთ, სამწუხაროდ. ძალიან იოლად გადადიან ურთიერთშეურაცხყოფაზე და იწყება მერე ქართული–ხალხური “გაქაჩვები”.

    ამასაც რომ ეშველოს, გამომდინარე ქართულად მწერალ–მკითხველების მცირერიცხოვნობიდან, ქართული ვიკიპედიის სერიოზული განვითარება საეჭვოა. და გაუგებარია, საჭიროა თუ არა.

    ლიკა

    January 30, 2009 at 9:45 pm

  8. ხო, მეც მსმენია მსგავსი რამ.. არც მე მიშის ხელს აქტიური ვიკის მკითხველი ვიყო, მაგრამ ერთია: იგი არის დამატებითი საინფორმაციო წყარო და არასდროს არ ვეყრდნობი თუ რამე სერიოზულის დამტკიცება მინდა ან დისკუსია მაქ ვინმესთან.. მაქსიმალურად ვცდილობ… :)

    ქეთი

    June 19, 2009 at 10:21 pm

  9. გამარჯობათ, მიხარია, რომ აღმოვაჩინე ლინგვისტუსის ეს გვერდი.

    ცანგალა

    June 27, 2009 at 4:46 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 171 other followers

%d bloggers like this: