ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 18th, 2008

ცოდნის გამოკლასიკურებული ტაძარი

with 10 comments

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში რომის მეექვსე მეფემ, სერვიუს ტულიუსმა ძვ. რომის მოსახლეები ექვს ფენად დაჰყო. სულ არაფერი გვესაქმებოდა ამ ფაქტთან 21–ე საუკუნის ადამიანებს, რომ არა სიტყვა, რომელიც მოსახლეობის ფენებად დაყოფის შემდეგ დაიბადა: ეს სიტყვაა classis. მოსახლეების დაყოფა მათი ასაკის, ქონების და სოციალური მდგომარეობის მიხედვით მოხდა და ბუნებრივია პირველ, ანუ ყველაზე პრივილეგირებულ ფენაში მოხვდნენ პირები, რომლებიც დომინირებდნენ ყველაზე და ყველაფერზე, იცავდნენ ტრადიციებს, სჯიდნენ მამა–პაპის დანაბარების არშემსმენელ პირებს, ერთი სიტყვით მათი სიტყვა კანონი გახლდათ. მათ classicus–ები ერქვათ და სრულებით არ მიკვირს, შემდგომმა თაობებმა ამ ადამიანებს ე.წ. Must-Have და Must-Read  ცნებები რომ დაუკავშირეს, რაც საბოლოოდ სიტყვა კლასიკაში წარმოჩინდა.

რაკიღა სიტყვამ მოიტანა, არც იმის აღნიშვნა იქნებოდა ურიგო, თუ რატომაა ჩვენთვის, ასე თუ ისე ნაცნობ ენებში, ამდენი სიტყვა, რომლებიც “-ic”–ზე, “-ique”–ზე და “-ика”-ზე მთავრდება: ამ ყველაფერში დამნაშავეები ძველი ბერძნები არიან, რომლებიც ზედსართავ სახელებში “–ικός”–ს (იკოს) უმატებდნენ დაახლოებით ისევე, როგორც ქართულში “–ური”–ს და “–ული”–ს ვამატებთ. შემდგომში ეს ძვ. ბერძნული “–იკოს” ძვ. რომში ლათინური “–იკუს” გახდა. ლათინურიდან შევიდა ფრანგულში, საუკუნეების განმავლობაში დაიწრიტა და საბოლოო ვარიანტში “-ique” მივიღეთ, რამაც თავის მხრივ ინგლისურ და რუსულ ენებში, ზემოხსენებული “-ic” და “-ика” წარმოშვა. სწორად რუსულიდანაა წამოღებული ყველა ის სიტყვა ქართულში, რომელიც “–იკა”–ზე მთავრდება.

ეს ყველაფერი არ გამახსენდებოდა, რომ არა გიორგი გელაშვილი, ავტორი რომლის შესახებაც არაფერი ვიცი lib.ge–ზე წაკითხული ოთხი ნოველის გარდა. ამონარიდი ნოველიდან “მარჯვე ბიჭი გიგილო”:

თბილისური ფასადებით მოხიბლული გიგილო უნივერსიტეტის მაშტაბებმა დააფრთხო, რადგან ეს ცოდნის გამოკლასიკურებული ტაძარი ნამეტანი დიდი გამოდგა სოფლის სკოლაზე და ხალხიც ასჯერ მეტი ირეოდა ვიდრე გასვენებებში ენახა.

ხაზგასმულ სიტყვას ვუყურებდი დიდხანს და ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის აზრს. მსგავსი სიტყვები ბევრი გვაქვს ქართულში: გამოთაყვანებული, გამოქლიავებული, გამოშტერებული და ა.შ. (ისიც!) – ამის გამო დაჩაგრული გამოყენებითი მათემატიკის სტუდენტებიც უნდა ვახსენოთ, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიეთ გამოყ. მათემატიკოსებს უწოდებენ, ერთი სიტყვით ეს ფორმატი ქართულში თავში “გამო”–ს, ბოლოში კი – “ებული”–ს დამატებით ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთულ სიტყვებს ქმნის, თუმცა მაინც ვერ მივხვდი ზუსტად რისი ხაზგასმა სურდა ამ ენაკვიმატ ავტორს:

  • იმისი, რომ ამ “გამოკლასიკულებულ” ცოდნის ტაძარს მხოლოდ იერი აქვს კლასიკური.
  • იმისი, რომ კლასიკად შერაცხული ნაწარმოებები ისწავლება იქ, თუმცა ვის რაში სჭირდება.
  • იმისი, რომ ამ შენობაში ფეხის შედგმა პრივილეგირებულობას ნიშნავს და ესეც ფორმალურად.
  • იმისი, რომ…

სიტყვა კლასიკა კი ყოველთვის მაფრთხობდა და ყოველთვის გაუგებარი იყო, თუ ვინ აწებებდა ამ იარლიყს წიგნებს. მაგალითად რატომაა ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობი” კლასიკა და ვანო ურჯუმელაშვილის “ჭიამაია” – არა. რატომაა გი დე მოპასანის “ლამაზი მეგობარი” კლასიკა და რაიმონ კენოს “ზაზი მეტროში” – არა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კლასიკად შერაცხული წიგნების წაკითხვა ყველას სურს და ამავდროულად ყველას ეზარება, ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ კლასიკა ეს იმ წიგნების ერთობლიობაა, რომელთა ავტორის და სათაურის ცოდნაც საკმარისია, არადა საქმე საქმეზე რომ მიდგეს კლასიკოსებშიც არიან კლასიკოსები, იარლიყების მიმწებებლებს რომ დავუჯეროთ.

კიდევ ერთი კლასიკად შერაცხული წიგნი გამახსენდა, რომლის ათ გვერდს ვერასოდეს გავცდი – ხულიო კორტასარის “კლასობანა”, რომელსაც რუსულად უფრო “კლასიკური” სახელი: “Игры в классики” ჰქვია. ვერაფრით ვერ ვიხტუნე ასკინკილათი გვერდიდან–გვერდზე და თავიდან თავზე ავტორთან ერთად, რომელზეც თავად ავტორი ამბობს ეს რამდენიმე წიგნია ერთადო. მოკლედ და კონკრეტულად კორტასარი ყოველთვის მთრგუნავდა, მთელი თავისი ლინგვისტურ–ეტიმოლოგიური–ფორმალისტური წიაღსვლებით, ალბათ ისევე, როგორც მე ვთრგუნავ ზოგ–ზოგიერთებს…

ბოლოს კი ლია სტურუას ლექსს – “კლასიკას” გავიხსენებ:

ადამიანის ბოლო ვნება —
ჭამის სიყვარული,
ლიტერატურული პარალელი — რაბლე,
მრგვალი და მონუმენტური
მუცლების მამა!
ქონის ნაჭრებით
მოკირწყლული გზა მიდის მისკენ,
უზმოზე რომ გასინჯო,
მარმარილოდ გადაიქცევი.
მე კი დილას წყალი მიყვარს,
ხისტი, თაფლით გაკეთილშობილებული,
ოღონდ ჩაშაქრების
და გადარბილების მეშინია,
გაქვავებისაც,
სიფხიზლისთვის პილპილს ვხმარობ,
მაღაზიის მურაბაში
კომშის ნაცვლად ღვიძლები ყრია,
გადიდებული, სიყვითლემორეული:
დედაჩემს — შიშისგან,
მამას — ციროზისგან,
ჩემი — უზმოზე ემოციების
ჭამისგან…
ხაზგასმული პილპილი
და ნაღვლიანი მურაბა
წონასწორობას აკარგვინებს მოსახლეობას.
ამომიღებენ სიტყვებიდან
და პირდაპირ ბაზარში
ჩამაგდებენ: ხორცის, ფულის,
ხილის სიმრავლეში, ცხოვრების ზეიმზე.
რაბლე სხვა იყო —
რენესანსის მკრეხელურ ჩარჩოს
მსუქანი ჩუქურთმებით ამკობდა…
კიდევ ერთი რაბლეზიანელი მიყვარს,
ყავის სმამ რომ მოკლა…
ნეტა ამდენი
რემიქსების, კომიქსების,
ტალახში ღორებივით
ჩაწოლილი ბაზრობების,
ამერიკული პრონონსის ფონზე
თუ კლავს კლასიკის სიყვარული?

P.S. კლასიკის სიყვარული კლავს!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 170 other followers