მუღამის მუღამი
სიტყვა “მუღამი” უკვე დიდი ხანია იბრძვის ქართულ სალიტერატურო ენაში დასამკვიდრებლად. თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამ და ხალხურმა ფოლკლორმა უკვე დიდი ხანია მას ფართოდ გაუღო კარი. თუმცა ე.წ. აკადემიურ საზოგადოებაში ეს სიტყვა კვლავაც გარიყული და შეჩვენებულია. ვერავინ იტყვის, თუ როდის და რა ფორმით გაჩნდა ის ქართულში, თუმცა ფაქტია რომ დღესდღეობით “მუღამი” ადგება ენის წვერზე ყველას, ვისაც კი არსის და დედააზრის გამოთქმა სურს. ისევე, როგორც მრავალი ჟარგონსა და სალიტერატურო ენის ზღვარზე მყოფი სიტყვა, “მუღამის” წარმოშობაც ფართო მასისათვის ბურუსითაა მოცული და ყველაზე მაქსიმუმი, რაც შეიძლება მის შესახებ საშუალო სტატისტიკური ქართველისაგან მოისმინო ისაა, რომ მუღამი აღმოსავლური წარმოშობის სიტყვაა.
ზუსტად ამ საშუალო–სტატისტიკური ქართველების სიაში ვიყავი მეც, ვიცოდი რა რომ მუღამი აღმოსავლურია და რომ აზერბაიჯანში ასეთი მუსიკალური ჟანრი არსებობს. დღეს კი ერთმა სატელეფონო ზარმა მაიძულა მუღამის მუღამს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი. რეკავს ჩვენი თანაკლუბელი და მეკითხება მუღამი ხომ არ იცი საიდან მოდისო. ჩემმა საშუალოსტატისტიკურმა განმარტებამ რომ არ დააკმაყოფილა, ვუთხარი მოიცადე ზუსტად ცოტა ხანში გაგიგებ მეთქი: გადავშალე თურქული ლექსიკონი და ვერაფერი ვიპოვე, თუმცა იქვე გვერდით აღმოვაჩინე არაბული წარმოშობის სიტყვა Muhanat, რომელიც ნაძირალას და მშიშარას ნიშნავს თურმე თურქულში (ჩვენი მუხანათი!). მივადექი მამაჩემს და ვეკითხები მუღამი სადაურია სიტყვაა მეთქი. მან მომიგო, რომ საიდანღაც მახსოვს რომ სპარსულად “საიდუმლოს” ნიშნავს და შეიძლება მეშლებაო. გადმოვიღეთ სპარსულის ორტომეული ლექსიკონი და დავიწყეთ ძებნა. ვინაიდან მე ამ სპარსულ–არაბული “კარაკულების” კითხვა ჯერ–ჯერობით არ ვიცი (ჯერ–ჯერობით მეთქი!), მე მხოლოდ გულშემატკივრის ფუნქცია მეკისრა ლექსიკონში “მუღამის” ძებნის პროცესში.
ვერც იქ ვიპოვეთ, თუმცა იქვე მახლობლად, სადაც მუღამს ვეძებდით სპარსული სიტყვა “მოუღალათე” აღმოვაჩინეთ, რომელიც ერთმანეთის შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, ამის გამო “ღალათ”–ის ზუსტი მნიშვნელობაც მოვაძებნინე მშობელ მამას, ვინაიდან დამაინტერესა და აღმოჩნდა რომ “ღალათ” სპარსულად (ამასაც არაბული სუნი ასდის) – შეცდომას, დანაშაულს, გაკიცხვისა და დასჯის შესაფერის ქმედებას და შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. ანუ მთელი ეს პროცესი მე რომ მიყვარს ისე წარიმართა, როცა რაღაცას ვეძებ და ამ ქექვა–ქექვაში იმდენ ჩენთვის საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენ გზადაგზა რომ ის, რასაც ვეძებდი მავიწყდება ხოლმე…
ბოლოს და ბოლოს ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე, ისევ ინტერნეტს მივაშურე და აზერბაიჯანული მუღამის ეტიმოლოგიის ძებნა დავიწყე და როგორც იქნა ვიპოვე, ის რასაც ვეძებდი. კერძოდ: მუღამი აღმოსავლურ სამყაროში აზერბაიჯანული კულტურული მონაპოვარი ყოფილა. მისი შექმნის ისტორია წინაისლამისტურ ხანას უკავშირდება და ზუსტად დღემდე უცნობია, თუ საიდან მომდინარეობს ეს სიტყვა. ერთი ვერსიით მუღამი არაბული “მაკამ”–იდან მოდის. “მაკამ”–ის უმთავრესი მნიშვნელობა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებში “ადგილი” ყოფილა. “მაკამ” ასევე ადგილთან აზრობრივად დაახლოებულ ცნებებსაც ეწოდება, როგორებიცაა: პოსტი, თანამდებობა, გაჩერება და ა.შ. ამ ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტიც, რომ “მაკამ” თურქულში მუსიკალურ კილოსაც აღნიშნავს და იმის გათვალისწინებით, რომ თავად “მუღამი” აზერბაიჯანულ მუსიკალურ კულტურაში შვიდი სხვადასხვა ტიპის მუსიკალური კილოა და სხვა არაფერი, უნდა ვივარაუდოთ რომ აზერბაიჯანული “მუღამ” სახეცვლილი არაბული “მაკამ”–ია.
არსებობს უფრო პოეტური დასაბუთებაც. შუა საუკუნეებში “მაკამ”, ანუ “გაჩერება” ასე ეწოდებოდა მისტიკურ–ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც ტრანსში მყოფი მბრუნავი დერვიშები, თუ სუფი პოეტები იმყოფებოდნენ ჭეშმარიტების კიბეებზე მიმავალ გზაზე, რომელიც საბოლოოდ ღმერთთან შერწყმის მისტიური აქტით გვირგვინდებოდა. აზერბაიჯანული მუღამის შესრულების დროსაც ზუსტად აი, ამ ჰიპოტეტურ კიბეებს ადის და ჩადის შემსრულებელი, ნელ–ნელა ინაცვლებს რა უფრო ზედა მუსიკალურ კილოზე, აღწევს მაქსიმალურ დონეს, ისევ დაბლა ეშვება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას. როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში ღმერთის და ჭეშმარიტების მაძიებელ მბრუნავ დერვიშებს ლოცვის ასეთი ხერხისათვის მიუგნიათ და სწორად ამდაგვარი საშუალებით ვარდებოდნენ ტრანსში. ლოცვაზე გამახსენდა და კლასიკური აზერბაიჯანული მუღამი ძალიან წააგავს მინარეთიდან გადმომდგარ მოლას მიერ გამოცემულ ბგერათა ნაკადს, სადაც არ გვაქვს ე.წ. ევროპული დიატონიკური სისტემა და მკვეთრი ინტერვალები, სადაც ბგერები და ტონები ერთიან, მასიურ ნაკადს წარმოადგენენ, როგორც ჩანს სწორად ამაშია მუღამის მუღამი, ვინ იცის…
მეორე ვერსიით მუღამი ძველფინიკიურ ასოს, გიმელს უკავშირდება, რომელიც ძველბერძნულში “გამას” სახელითაა ცნობილი. მუსიკაში გამა ბგერების სიმაღლის მიხედვით განლაგებაა მუსიკალურ კილოში ზრდადი თანმიმდევრობით. ზოგიერთ მკვლევარი “მუღამ”–ის და “გამა”–ს საერთო კონოტატიურ მსგავსებებზე საუბრობს და კვლავ სუფისტურ მოძღვრებამდე მიდის, სადაც ღმერთი სინათლეა და ბგერის არსებობის უმაღლესი ფორმა, შესაბამისად “მუღამი” კი თავად ამ ბგერების კიბეები, რომელიც გასხივოსნებულ ღმერთამდე მიდის…
იუ–თიუბში კლასიკური აზერბაიჯანული მუღამების მოსმენა ვცადე, რამდენიმეს მოვუსმინე და მივხვდი რომ ჩემი დასავლური მუსიკით გაუპატიურებული ყურისათვის ძალიან მძიმე მოსასმენია. იქ, სადაც მკვეთრ ცალკეულ ბგერებს ვარ ჩვეული – განურჩევადი, გაწელილი ბგერების მასიური ნაკადი დამხვდა, ანუ მუღამებსაც დამუღამება სდომებია და ხშირად მოსმენის შემდეგ, ბოლოში, შეიძლება ის ნანატრი მუღამიც დავიჭიროთ, სვანი რომ ეძებდა ზოოპარკში, ვინ იცის…


საინტერესოა…
და რა მაინტერესებს იცი?
აი,სიტყვა ჩალიჩის ამბავი როგორ არის?
ჟარგონია,ჩვეულებრივი მიღებული სიტყვაა თუ რა განსაზღვრება აქვს?
Bluetooth_a
November 22, 2008 at 8:39 am
ქართულ მუსიკაშიც აქტიურად დამკვიდრდა “მუღამი” მაგალითად: მე მუთამი ამაქ შენი და უნდა გავაბოლ’ო :პუნკ:
2kija
November 22, 2008 at 10:16 am
:gigi:
ისა შენს სახლში არსებულ ბიბლიოთეკაში ჩამაგდო :ჯუმპ:
ოჰ როგორ მაინტერესებს :)
ლილიანი
November 22, 2008 at 12:06 pm
ძალიან კარგი სტატიაა!!
და ადრეც მიფიქრია ამაზე, როცა ჩემი ღრმა რწმენით ნამდვილ ქართულ სიტყვებს სპარსულ–არაბული ფესვები აღმოვუჩინე და ახლაც: აი, რას ნიშნავს გზაგასაყარზე ცხოვრება :)
პ.ს. როგორც ვიცი, ჯიგარიც აღმოსავლურია – პაკისტანში ფრიად გავრცელებულიაო :) სხვაც ბევრი..
keti
November 22, 2008 at 12:34 pm
ქეთი მარტო ჯიგარი კი არა, ყველაზე წარმოუდგენელი სიტყვებიც. დიდი ხანი ვსწავლობდი მაგას.
მაგალითად სიტყვები “სინდისი” და “ნამუსი”. არცერთი არაა ქართული.
…ფანჯარა, ოთახი, თაიგული, ხანჯალი, მანდილი, ალუჩა, ვარჯიში, ბაზარი,მანძილი, ჯარიმა, ტურფა, ჰავა, ქეიფი, სუფრა, თამადა, ქამარი, ქარხანა, ჯალათი, ნამი, ბარაქა, თამამი, მალამო, მაიმუნი…
ეს და კიდევ ძალიან ბევრი სიტყვა. ჯობს ამაზე ჩანაწერს გავაკეთებ უახლოეს მომავალში.
თუ ენის პურიზმზეა ლაპარაკი აზრი არ აქვს. ძაან დიდი ხანია ჩვენ აბსოლუტურად სხვა ენაზე ვლაპარაკობთ
Offline_Network
November 22, 2008 at 5:05 pm
@Bluetooth
ჩალიჩი მოდის თურქული “ჩალიშმაკ”–იდან, რაც მუშაობას ნიშნავს
linguistuss
November 22, 2008 at 6:28 pm
Offline_Network,
არა, ენის პურიზმზე არ ვსაუბრობ. ამას აზრი მართლა არ აქვს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება სიტყვების წარმომავლობაზე საუბარი და საერთოდ, ყველაფერი, რაც ქართულ და არა მხოლოდ, ენას ეხება. ჩამოთვლილი სიტყვებიდან რამდენიმეზე მეც ვიცოდი..
ველი ჩანაწერს:)
keti
November 22, 2008 at 6:59 pm
Behemoth: არ ვიცით, ბატონო, ეს ანეკდოტები
Vakho: რომელი?
Vakho: :)
Behemoth: ბოლო
Vakho: ბოლო რომელი იყო? :)
Vakho: აააა
Vakho: სვანზე
Vakho: :D
Behemoth: სვანზე
Behemoth: ხო
Vakho: სვანს უთხრეს წამოდი ზოოპარკში წავიდეთ, მუღამი დავიჭიროთო
Vakho: და წავიდნენ
Behemoth: მერე?
Vakho: ერთი კვირის მერე ისევ ნახეს ზოოპარკში სვანი
Vakho: რას აკეთებო – ჰკითხეს
Behemoth: ხო
Vakho: და მუღამს ვიჭერო და სადაც დავიჭერ დედას ვუტირებო
Vakho: :D
Behemoth: (როფლ)
Behemoth: დებილობაა
Behemoth: ამასაც დავაკოპირებ ბლოგზე :D
Behemoth: თავის დებილობიანად (როფლ)
Behemoth: ჯანდაბას
linguistuss
November 23, 2008 at 9:56 pm
linguistuss ამ ბლოგმა, ბლოგის მუღამი დამაჭერინა.ძალიან კარგია!!!
ნინო
March 21, 2009 at 4:16 pm
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს თუ გადახედავთ, აი სპარსულ-არაბული სიტყვების კორიანტელს იქ ნახავთ… გაოცებული დავრჩი, ნამდვილი ქართული სიტყვები საძებარია…
Tamars
January 19, 2010 at 10:47 pm
ეგ ყველაფერი თავიდან ჩვენგან გაიტანეს და შეცვალეს მერე და ისე შემოიტანეს, არ იდარდოთ. აბა რისთვის გვიპყრობდნენ რა გგონიათ
NO-Spa
July 12, 2010 at 2:04 pm
ჩარჩო, ოჯახი… ესეც სპარსულია:)
Tamars
January 19, 2010 at 10:49 pm
შაბაში ჩალიჩი etc არი სალიტარატურო ფორმა.
ხო ისე დათრევა-ც სალიტერატუროა :)
Dixtosa
July 11, 2010 at 4:55 pm