ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for December 2008

ის მაინც ბრუნავს

with 5 comments

დღეს ჩემდა სამწუხაროდ “იმედის” ზეინტელექტუალური შოუს მაყურებელთა რიგებში ჩავეწერე, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – “რვანი”. ასეთ გადაცემებში ყოველთვის კითხვების ხარისხი მაინტერესებს ხოლმე, შესაბამისად მხოლოდ ამის გამო შევრჩი ბოლომდე. ერთ რამეს ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ კითხვების დაწერას ისეთივე ცოდნა უნდა, როგორც ხმის რეჟისურას, ან მონტაჟს ან განათებას. საქართველოში კი ყველაფერი გურჯისტანული წესებით ხდება, ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი შეუძლია, ამიტომაც ამ “ყველას” ნაცნობ–მეგობართა წრეში ეძებენ და ხარისხიც შესაბამისი გამოდის.

ყველაზე ძალიან მომხიბლა შეკითხვამ – “იუპიტერის რომელი თანამგზავრი აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს?” – რომელზე პასუხიც განიმედი იყო, არადა გალილეიმ განიმედის გარდა იმ დროს კიდევ სამი თანამგზავრი, ევროპა, იო და კალისტო აღმოაჩინა, რომელთაც ერთად მედიციური ვარსკვლავები უწოდა. დარწმუნებული ვარ მონაწილეს ევროპა რომ ეპასუხა არ ჩაუთვლიდნენ. მეორე მარგალიტი შეკითხვაც გალილეის გარშემო ტრიალებდა. შეკითხვა ასე ჟღერდა: “ვის ეკუთვნის სიტყვები – ის მაინც ბრუნავს?” – რომელზე პასუხიც ჯორდანო ბრუნო ჰქონდა მონიშნული გადაცემის წამყვანს. იქ რომ ვმჯდარიყავი და გალილეი მეთქვა და არ ჩაეთვალათ ვერ ვიტყვი რომ გავჩუმდებოდი მეთქი…

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დანამდვილებით დღემდე უცნობია, ეს სიტყვები ინკვიზიციის სასამართლო პროცესზე გალილეიმ თქვა, თუ არა. მეცნიერის ყველაზე ადრეული ბიოგრაფია, მისი მოწაფის, ვინჩენცო ვივიანის მიერ დაწერილი, ამის შესახებ არაფერს ამბობს. პირველად ეს ფრაზა 1757 წელს ლონდონში, ჯუზეპე ბარეტის მიერ გამოცემულ წიგნში, Italian Library–ში გაჩნდა… ასე რომ, არავინ იცის ეს ფრაზა ლიტერატურული მისტიფიკაციაა თუ დანამდვილებით თქვა გალილეიმ, ამიტომაც თავად შეკითხვა ამ ფორმით ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, გალილეიც რომ ყოფილიყო პასუხი.

ისმის შეკითხვა – როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? – ძალიან მარტივად, ეს შეკითხვა ამ ფორმით უნდა დაიწეროს: “რომელ მეცნიერს მიეწერება ფრაზა – ის მაინც ბრუნავს?” – და ვერც ვერავინ ვერ მოგვედავება, თუმცა ლოგიკა ის პროდუქტია, რომლის დეფიციტსაც გარშემო ყოველდღიურად ვაწყდებით, ასე რომ უკვე აღარ მიკვირს ასეთი მარგალიტები…

zooo-party

with 7 comments

ახლა ეს ამბავი რომ არ მოვყვე, სხვანაირად არ დამეძინება, აი ამას ჰქვია ნამდვილი ბლოგური დაავადება, თუმცა ამას მოცემულ მომენტში პოზიტიური დანიშნულება აქვს, ჩავწერ და დავაფიქსირებ ამბავს, რომელიც დავიწყებული მქონდა, არადა ასეთი ამბები არ მინდა, რომ მავიწყდებოდეს…

დღეს ჯეოსელის ყოველწლიური კორპორატიული წვეულება იყო კლუბ “ტრიუმფში”. ერთი რიგითი საახალწლო წვეულება იყო პრინციპში და მეტი არაფერი. ბევრი საჭმელი, ბევრი სასმელი და “პერო” მუსიკა ნიღბების თეატრის მონაწილეობით. დღეს ისიც ვთქვი, რომ ამ მამაპაპურ ქართულ სუფრას ეს “პერო” მუსიკა არ უხდება მეთქი, თუმცა გარშემომყოფებმა ლამის ჩამქოლეს, გოშას გარდა, რომელსაც გაახსენდა ზუმ–კლუბის გახსნა შარშან 17 დეკემბერს ამავე კლუბში…

აი, თუ რა გამახსენა გოშამ:

ერთი სიტყვით მივედით, იმ სცენაზე სადაც დღეს ბევრი ათკაციანი მაგიდა იყო გაშლილი, მაშინ სრული სიცარიელე სუფევდა და ნელ–ნელა ივსებოდა დარბაზი. იყიდებოდა და რიგდებოდა, თუ ჯერ რიგდებოდა და მერე იყიდებოდა ალკოჰოლი, რომლის რაოდენობის მატებასაც ორგანიზმში დარბაზში არსებული მუსიკის ხმის მომატება ერთვოდა თან. ამ საღამოს სახელგანთქმული “მინისტრი ოფ საუნდ”–ი იყო მოწვეული (დღემდე არ ვიცი ვინ არიან) მთელი თავისი ნახევრად შიშველი ეკზოტიკური გარეგნობის მომხიბვლელი ქალბატონებისა და დამატებული ნაირნაირი შოუს ელემენტის თანხლებით.

დარბაზი ნელ–ნელა გაივსო და, როგორ მაშინ ვიხუმრე, zooom-party ნელ–ნელა დაემსგავსა zooo-party–ის. გაურკვეველი სქესის ყმაწვილებიც გამოძვრნენ სოროებიდან და საღამო დაიქოქა. სადღაც ღამის პირველ საათზე ვერ ვაცნობიერებდი უკვე რა მაწუხებდა, ჩემს გარშემო ქაოტურ რიტმში ჩაბმული თინეიჯერები, თუ მუსიკა, რომელიც უფრო და უფრო მძიმდებოდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ თავი რომელიღაც სამგანზომილებიან კომპიუტერულ თამაშში მეგონა. აღმოვაჩინე, რომ სადღაც არსებობდა სისტემა, რომელიც უნდა დამენგრია და ჩემი ცნობიერება მოწოლილი ინფორმატიული შოკისაგან უნდა გამეთავისუფლებინა.

მოკლედ ასე ვიდექით მე და გოშა, ტრიუმფის სცენაზე, ჯერ ჩვენც ვაქნიეთ ხელები და ფეხები, მერე როცა მივხვდით, რომ რიტმის გრძნობა არც ერთს არ გაგვაჩნდა გავჩერდით. გვერდზე ზოგი მარტინის წრუპავდა, ზოგი რედ–ბულს, სადღაც აქა–იქ ვისკისბოთლამოჩრილ 20–22 წლის ყმაწვილსაც მოჰკრავდით თვალს. უცებ დავინახე, როგორ მოაქვს გოშას არყის ბოთლი და აი, აქ დგება ისტორიული მომენტი… ვპოულობთ სადღაც ორ ჭიქას, ვისხამთ არაყს და დღეს იმ ადგილას მთელი სიმძაფრით გამახსენდა ჩემი დემარში, თუ როგორ დავლიე დედ–მამიშვილების სადღეგრძელო სრულ ქაოსში, დამაყრუებელი მუსიკისა და გარშემო მოფუთფუთე ხელებისა და ფეხების ფონზე…

დღეს გოგას და იკას (ჩემს ძმაკაცებს, თანამშრომლებს და რა? სად? როდის?–ის ამაგდარ პირებს), რომ მოვუყევი ეს ამბავი, პირი დააფჩინეს და მეკითხებიან, მოიცაო და ჩვეულებრივ მამა–პაპურ სუფრებზე დედ–მამიშვილების სადღეგრძელოების ნაცვლად ბალახის ჩრდილის სადღეგრძელოს რომ სვამ და დემონსტრატიულად ტრადიციული სადღეგრძელოების მწკრივს რომ გაურბიხარ, იმ დღეს რა მოგივიდაო… არაფერიც არ მომივიდა, მოგვინდა მე და გოშას გარშემო არსებული სიტუაციის იგნორირება და დავაიგნორეთ, დღემდე მახსოვს თუ რა სულისკვეთებით შევსვი დედმამიშვილების სადღეგრძელო მაშინ, ბოლო 1 წლის განმავლობაში ჯერ–ჯერობით უკანასკნელად…

Written by linguistuss

December 27, 2008 at 4:06 am

გმირული ხუთეული

with one comment

skott1

სურათი 1912 წლის 18 იანვარსაა გადაღებული, მასზე წარმოდგენილები არიან: ედგარ ევანსი, ლოურენს ოუტსი, ედვარდ უილსონი, ჰენრი ბოუერსი და რობერტ სკოტი. ისინი სამხრეთ პოლუსამდე მივიდნენ, მაგრამ მათ რუალ ამუნდსენმა დაასწრო. სურათზე ნორვეგიის დროშაც მოჩანს, თუმცა მათ დიდი ბრიტანეთის დროშა მაინც დიდი რუდუნებით აღმართეს და უკან რომ გამობრუნდნენ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია მთავარ ბანაკამდე, გზაში ქარბუქში გაიყინნენ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სიკვდილამდე რობერტ სკოტმა გამონახა ძალები და თორმეტი წერილის დაწერა შეძლო საკუთარი ახლობლებისათვის და გარდაცვლილი ცოლებისა და დედებისათვის. ერთ–ერთ წერილში იგი წერდა:

ჩვენ ვიცოდით, რომ რისკზე მივდიოდით. გარემოებები ჩვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდა და ამიტომაც დასაჩივლი არაფერი გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მივედით სამხრეთ პოლუსამდე და ღირსეულად ვკვდებით. თუკი ჩვენ მოვისურვეთ ამ საქმისათვის თავის გაწირვა, ერთადერთი საამისო მიზეზი საკუთარი სამშობლოს ღირსების დაცვა იყო, ამიტომაც ჩვენს თანამემამულეებს მივმართავ თხოვნით: ღვთის გულისათვის ნუ მიატოვებთ ჩვენს ახლობლებს…

იმ ადგილას, სადაც სკოტისა და მისი მეგობრების გარდაცვლილი ცხედრები იპოვეს, აღმართულია სამმეტრიანი ხის ჯვარი, რომელზეც ამ გმირული ხუთეულის სახელები და გვარებია წარწერილი. საფლავის ეპიტაფიად კი გამოყენებულია ქრესტომათიული ფრაზა ალფრედ ტენისონის პოეზიიდან: “ვიბრძოლოთ და ვეძიოთ, ვპოვოთ და არ დავნებდეთ”.

ოპტიკური ილუზიები

with 7 comments

zollner

ეს ილუზია გერმანელმა ასტროფიზიკოსმა იოჰან კარლ ფრიდრიხ ზოლნერმა აღმოაჩინა 1860 წელს. ამ უცნაურ სურათზე გრძელი ხაზები ერთმანეთის პარალელურებია, არადა ჩვენი ტვინი მათ არაპარალელურად აღიქვამს. აღმოჩენისთანავე მან წერილი მისწერა ფიზიკოს მეგობარს, იოჰან კრისტიან პოგენდორფს, სადაც აღწერილი იყო მის მიერ აღმოჩენილი ილუზიის შესახებ, რის შედეგადაც, ამ ილუზიაზე დაყრდნობით პოგენდორფმა საკუთარ ილუზიას მიაგნო (ქვედა სურათზე).

pogendorf

სურათზე ლურჯი ზოლი შავი ზოლის გაგრძელებად მოჩანს, არადა სინამდვილეში შავი ზოლის გაგრძელება წითელი ზოლია.

Written by linguistuss

December 25, 2008 at 1:10 pm

სად არის შეცდომა?

with 5 comments

ვთქვათ გვაქვს პროგრესია:

sofizm1

გავამრავლოთ ტოლობის ორივე მხარე 2–ზე, მივიღებთ:

sofizm21

ტოლობის მარჯვენა მხარეს წარმოდგენილი ჯამი სხვა არაფერია თუ არა S – 1 პირველი ტოლობიდან, ამიტომ აქედან გამომდინარეობს, რომ 2S = S – 1, აქედან კი S = -1, რაც შეუძლებელია, S ვერ იქნება უარყოფითი რიცხვი.

სად არის ამ მსჯელობაში შეცდომა, რა გავაკეთე არასწორად და “კანონდარღვევით”?

Written by linguistuss

December 25, 2008 at 12:32 pm

სტოუნჰენჯი კადილაკებით

with one comment

carhenge
ეს უცნაური კომპოზიცია, ე.წ. “კარჰენჯი” ჯიმ რეინდერსმა 1987 წელს წამოჭიმა აშშ–ში, ნებრასკას შტატში და ის თავის გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. თვითონ კომპოზიციის გახსნის თარიღიც სიმბოლურად იყო შერჩეული და ის იმ წელს აშშ–ს ტერიტორიაზე დამზერად მზის დაბნელებას დაამთხვიეს. ერთი სიტყვით ძველი კელტების საკრალური ობსერვატორიის იდეური კარიკატურა იქნა შექმნილი და ამასთან უმთავრეს “საშენ მასალად” გამოყენებული იქნა 1962 წელს გამოშვებული კადილაკი, რომელიც არანაკლები საკრალური ნივთია ამერიკელთათვის…

ახლა უცებ წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ვთქვათ მართლაც დადგა ბირთვული ზამთარი, ჩვენი ცივილიზაცია განადგურდა და ეს უცნაური მონუმენტი დარჩა ხსოვნად იმ გარდასულ ეპოქათა მოსაგონებლად, როდესაც საშუალო სტატისტიკური ამერიკელები ამ კადილაკებზე ოცნებობდნენ… საინტერესოა შერჩება თუ არა ამ მონუმენტს ამ შემთხვევაში კარიკატურული იერი, არადა ვინ იცის იქნებ სტოუნჰენჯიც რაიმე იმ დროს არსებული მონუმენტის კარიკატურაა?!

Written by linguistuss

December 25, 2008 at 12:23 pm

ზოგჯერ კროსვორდისტებსაც იჭერენ

with 3 comments

1944 წლის მაისში, როდესაც მოკავშირეთა ჯარები ევროპის ტერიტორიაზე საომარ ოპერაციებს გეგმავდნენ, ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის” ტრადიციულ კროსვორდში ჩაშიფრული იყო სიტყვა “იუტა”, რამაც დიდ მითქმა–მოთქმას დაუდო სათავე. უშიშროების თანამშრომლების შეშფოთება კი იმან გამოიწვია, რომ “იუტა” ერთ–ერთი დაგეგმილი საბრძოლო ოპერაციის კოდური სახელი გახლდათ.

ოფიციალური პირების შეწუხება ერთი–ორად გაიზარდა, როდესაც გაზეთის მომდევნო ნომრებში დაშიფრული “ომაჰა” და “მალბერი” აღმოაჩინეს, რომლებიც ასევე საბრძოლო ოპერაციების კოდური სახელები იყო. სრულმა პანიკამ კი მას შემდეგ დაისადგურა, როდესაც “ნეპტუნის” და “ოვერლორდის” ამოხსნა მოუწიათ ჩინოვნიკებსა თუ ძალოვან მუშაკებს “დეილი ტელეგრაფის” შემდგომ ნომრებში. ამის შემდეგ კროსვორდების ავტორი, სკოლის მასწავლებელი, ერთი უბრალო კაცი, ლეონარდ დოუი დააპატიმრეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

დიდი გარჩევის და ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ კი იგი, არაფერში რომ არ გამოტყდა და ვერც ვერაფერი რომ ვერ დაუმტკიცეს, უდანაშაულოდ სცნეს და სახლში გაუშვეს და ეჭვი მაქვს, რომ მას შემდეგ სიტყვა “ოვერლორდი” არ ჩაუწერია კროსვორდში… აი, ასეც ხდება ხოლმე, ზოგჯერ კროსვორდისტებსაც იჭერენ.

Written by linguistuss

December 23, 2008 at 2:07 pm

Ladies first

leave a comment »

four_first_ladies

First ladies rule the state, and state the rule: “Ladies first.”

ეს სიტყვებით შედგენილი პალინდრომია, სადაც წინადადება წაღმა–უკუღმა ერთნაირად იკითხება. ფოტოზე წარმოდგენილები არიან (მარცხნიდან მარჯვნივ): როზალინ კარტერი, ჰილარი კლინტონი, ბარბარა ბუში და ლორა ბუში.

Written by linguistuss

December 23, 2008 at 1:11 pm

რა გამოგონებაა?

with 4 comments

007as4kr

ერთ–ერთ ბლოგზე წავაწყდი ამ შეკითხვას და ვერაფრით ვერ მივხვდი, ჰოდა აბა თქვენ თუ მიხვდებით რა გამოგონებაა და ვინაა ეს ტკბილი და მურაბა კაცი? (1938 წელია შეყინული სურათზე)

პ.ს. კომენტებში ველი თქვენს ვერსიებს, პასუხს ხვალ ან ზეგ დავდებ :)

Written by linguistuss

December 23, 2008 at 10:33 am

ბუ და სარკე

with 5 comments

შუა საუკუნეების ევროპამ მრავალი საინტერესო პერსონაჟი შექმნა. აზრის გასაფორმებლად რობინ ჰუდი და ჰამელნელი ვირთხიჭერიაც კმარა, თუმცა ჩემი დღევანდელი ფიქრები ერთ ყმაწვილკაცს უკავშირდება. მასზე მხოლოდ ლეგენდები არსებობს, ან როგორ უნდა მოვთხოვოთ ბნელეთით მოცულ საუკუნეებს ისტორიული წყაროები, როცა ისეთი ადამიანები, როგორიც დღევანდელი პოსტის გმირია ისტორიოგრაფიისათვის არ არსებობდნენ. მაშინ ისტორიაში რომ მოხვედრილიყავი, როგორც მინიმუმ ორ ჯვაროსნულ ლაშქრობაში უნდა გამოგეჩინა თავი, თუმცა თავი დავანებოთ სქოლასტი ბერების ნაჯღაბნ ისტორიას და ისევ ხალხურ თქმულებებს დავუგდოთ ყური.

იგი ქვემო საქსონიაში, ქალაქ კნაიტლინგენში დაბადებულა 1300 წელს, მეზობელ მიწებზე თუ სამეფოებში ბევრი უმოგზაურია, განსაკუთრებით ახლანდელი გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდის საზღვრებში და 1350 წელს გარდაცვლილა შავი ჭირისაგან ქალაქ მიოლნეში. ვერაფერს იტყვი, ასეთი ბიოგრაფია ნებისმიერ იმდროინდელ უბრალო ადამიანს შეშურდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იმ ეპოქაში საშუალო ასაკი 50 წელზე ბევრად ნაკლები იყო. ეს პიროვნება ევროპულ ფოლკლორში ხოჯა ნასრედინის მსგავსი ფიგურაა. არავინ იცის, მართლა შეემთხვა თუ არა ის ამბები ხოჯა ნასრედინს, თუმცა ეს არავის აინტერესებს, მთავარი ისტორიაში ხომ თავად ამბავია და არა სახელები, გვარები, ქალაქები და თარიღები, ხოჯა ნასრედინი კი ამ ნაირნაირი თავშესაქცევი ამბების გამაერთიანებელი ღერძია და პუნქტუმ. 1510 წელს მასთან დაკავშირებული ყველა საარაკო ამბავი შეუკრებიათ და წიგნათ გამოუციათ და ბოლოს 1867 წელს შარლ დე კოსტერის დაწერილი წიგნის წყალობით ეს ლიტერატურული პერსონაჟი ბელგიელთა და ფლამანდელთა თვითმყობადობის გამომხატველი სიმბოლო გახდა.

ალბათ მიხვდით ვიზეც არის საუბარი, ვინც ვერ მიხვდა იმათთვის ვიტყვი, რომ ეს მატყუარა და ოინბაზი ყმაწვილი ტილ ულენშპიგელია, რომლის გვარიც ორი ნაწილისაგან შედგება, სადაც “ულენ” + “შპიგელ” = “ბუს სარკეს” ნიშნავს. ეს ოფიციალური ვერსიით, თუმცა მე მისი სახელის მეორე, უფრო უხამსი ეტიმოლოგია მომწონს, სადაც “ულენ” ერთ–ერთ გერმანულ დიალექტზე “რეცხვაა”, “შპიგელ” კი – სარკე, ამასთან მონადირეთა ჟარგონზე “შპიგელ” თურმე კი არა უკანალს აღნიშნავს. ამ ვერსიას კი ერთადერთი ისტორია უმაგრებს ზურგს, ტილ ულენშპიგელისეული, სადაც გლეხებს ჩვენი გმირი თავის უკანალს უჩვენებს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვცდილობ გავიხსენო შარლ დე კოსტერის “ლეგენდა ტილ ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის შესახებ” და არაფერი გამომდის. სადღაც ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით და როგორც აღმოჩნდა არაფერი მახსოვს. ერთადერთი,  რაც წავიკითხე ეხლა ვიკიპედიაში ისაა, რომ მწერალს არ მოსწონებია მე–14 საუკუნე და ულენშპიგელი მე–16 საუკუნის ფლანდრიაში გადმოუსახლებია. მომკალით და არაფერი მახსოვს, არადა 20–30 წლის მერე, ალბათ ასევე ბუნდოვნად მემახსოვრება ის წიგნები, რომლებსაც ეხლა ვეცნობი… ხო, ვერაფერი სანუგეშო სიტუაციაა, მეხსიერება მართლაც საცერს ჰგავს და მხოლოდ იმას იტოვებს, რაც მასზე შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ბორხესის ოთხტომეულში ყველაზე ნათლად ჩანს. პირველ ტომში, სადაც თავმოყრილია დიდი არგენტინელის თხზულებები და ლიტერატურული ესეები 40 წლის ასაკამდე დაწერილი, იგი საოცარი პედანტი და სკრუპულოზური ლიტერატორია. გადის დრო და ტომების რიგითობის მატებასთან ერთად ჯერ უეჭველი ფაქტები სათუო ხდება, ბოლოს კი უსინათლო მწერალი მისი საყვარელი ისტორიების ახალ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. ერთი სიტყვით არ მაინტერესებს რა იქნება 20–30 წლის შემდეგ, ფაქტია რომ ულენშპიგელზე არც ერთი ისტორია არ მახსოვს და სიმართლე რომ ითქვას ხელახლა გადახედვის სურვილი არ მაქვს…

მასთან დაკავშირებული ერთადერთი საინტერესო ამბავი, რომელმაც ჩემზე ეს ბოლო ორი–სამი დღეა, ვერ ვიტყვი რომ წარუშლელი, მაგრამ საგრძნობი შთაბეჭდილება დატოვა, ის არის რომ ფრანგულ ენაში ანცის, ოინბაზის და მატყუარას აღმნიშვნელი ზედსართავი რომ გვაქვს, espiègle–ზე მოგახსენებთ, თურმე კი არადა უშუალოდ ტილ ულენშპიგელს უკავშირდება. ვერაფრით დავადგინე, როგორ და რა გზებით, თუმცა ფაქტია, რომ ფლამანდურიდან თუ ჰოლანდიურიდან “Uylenspiegel” ფრანგულში “ესპიეგლ”–ად გადაკეთებულა. ასე რომ ტილ ულენშპიგელი ახლა ამ ფრანგულ სიტყვაში ცხოვრობს და კვლავაც დაწანწალებს ევროპის რუკაზე…

“მამაო ჩვენო” სუაჰილიზე

with 6 comments

Written by linguistuss

December 12, 2008 at 11:27 pm

მაგისი დედაც, დიკენს!

with 8 comments

Ford
Where had you this pretty weathercock?
Mrs. Page
I cannot tell what the dickens his name is my husband had
him of. What do you call your knight’s name, sirrah?
Robin
Sir John Falstaff.

William Shakespeare,  ”Falstaff”

ამ დიალოგში მისის პეიჯი იყენებს სასაუბრო ენაში შექსპირის დროს გავრცელებულ გამოთქმას «what the dickens». ეს გამოთქმა ორი საუკუნის შემდეგ დაბადებულ ინგლისელ მწერალთან, ჩარლზ დიკენსთან არანაირ კავშირში არ არის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ძველი ინგლისური გამოთქმა, «what the dickens», გამოიყენებოდა უარყოფითი ემოციის გამოსახატავად, დაახლოებით ისევე, როგორც ეს”ეშმაკმა დალახვროს”, ან “იმისი დედაც, ჯეკ”–ის შემთხვევაშია.

აი, სიტყვა «dickens» კი ძვ. ინგლისურ ენაში “ჭინკას”, ან “ეშმაკს” აღნიშნავდა, რასაც იმდროინდელ გამონათქვამებში და შეძახილებში უხვად ვხვდებით. შესაძლოა სწორად ამიტომაც ჩარლზ დიკენსმა თავდაპირველად წერა ფსევდონიმით დაიწყო, მის შვილებს კი – კიდევ უფრო არ გაუმართლათ, ასეთ “მშვენიერ” გვართან ერთად მათ ახირებული მამა შეხვდათ, რომელმაც საკუთარ შვილებს უცნაური სახელები დაარქვა.

სანამ დიკენსზე და მის შვილებზე საუბარს გავაგრძელებთ მანამდე ინგლისელთა სახელების მიმართ დამოკიდებულებაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა:

ინგლისში ტრადიციულად ითვლება ე.წ. “მიდლნეიმის”, ანუ საშუალო სახელის დარქმევაც. ამის ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოს ის არის, რომ გონიერი ინგლისელები, როდესაც ამკვიდრებდნენ ამ ტრადიციას, წინასწარ თვლიდნენ, რომ შესაძლოა ვინმეს მისი პირველი სახელი არ მოსწონებოდა, შესაბამიზად რეზერვად ეს “მიდლნეიმი” გამოიყენებოდა. ჩვენთანაც რომ იყოს ასეთი ტრადიცია არ გვეყოლებოდა ამდენი გიორგი და დათო, აქა–იქ ორიგინალური სახელის მქონე ქართველებიც გამოერეოდნენ. ასე მაგალითად ინგლისში დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო ბიჭებისათვის ყველაზე გავრცელებული სახელების დარქმევა, საშუალო სახელს კი, როგორც წესი რაიმე უცნაური სიტყვა წარმოადგენდა ხოლმე, როგორც ეს უილიამ მეიქპის თეკერეის შემთხვევაში გვაქვს (Makepeace – მშვიდობისმყოფელი). ამასთან ქალის სახელების შემთხვევაში პირიქით იყო, როგორც ჩანს ბრიტანელები კარგად ერკვეოდნენ “თინეიჯერების” ფსიქოლოგიაში.

ჩარლზ დიკენსმა კი თავის შვილებს ინგლისელი ლიტერატორების სახელები უწოდა და ამგვარად მოევლინენ ქვეყანას ჰენრი ფილდინგ დიკენსი და ალფრედ ტენისონ დიკენსი… ამ “ბედნიერი” ყმაწვილების სახელებზე ბენჯამინ ფრანკლინ პინკერტონი გამახსენდა ჯაკომო პუჩინის “ჩიო ჩიო სანიდან”, მთელი ლიბრეტოს მანძილზე B.F.–ად მოხსენიებული. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი და საშუალო სახელების აბრევიატურები ხშირად თავის მხრივ ახალ სახელს ქმნიან, როგორც ეს ოჯეი სიმპსონის შემთხვევაში გვაქვს, რომელსაც ორენთალ ჯეიმსი უწოდეს მშობლებმა, მთელმა მსოფლიომ კი ოჯეით (O.J.) გაიცნო, ჯერ ამერიკული ფეხბურთის და შემდეგ სასამართლო პროცესის წყალობით, ცოლი და ცოლის საყვარელი რომ მოკლა…

P.S.  სტატიის იდეა აღებულია http://ezhe.ru–დან.

მანდელბროტის ფრაქტალი

with 4 comments

fractal

1975 წელს ბენუა მანდელბროტმა ახალი სიტყვის დაბადება ამცნო სამყაროს. ეს ახალი სიტყვა “ფრაქტალი” იყო, რომელიც ლათინური fractus–ისგან იყო ნაწარმოები, რაც თავის მხრივ “გატეხილს” ნიშნავს. თავად ფრაქტალი კი მანდელბროტის განმარტებით აღნიშნავდა ობიექტს, რომლის ჰაუსდორფ–ბეზიკოვიჩის განზომილება აღემატება მის ტოპოლოგიურ განზომილებას (ნუ, კაცი მათემატიკოსია და თავის პონტში გააჯაზა). უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ფრაქტალი ეს ის ობიექტია, რომლის თითოეული დეტალიც იმეორებს მის მთლიანობას, ანუ საქმე გვაქვს თვითმსგავსების მოვლენასთან, რომელიც ასე გულდასმით შეისწავლა მანდელბროტმა და აჩვენა, რომ ჩვენს სამყაროში ფრაქტალური ხასიათის საგნები და მოვლენები მრავლადაა.

პ.ს. ფრაქტალების სხვა ვარიაციებს შეგიძლიათ წიკიპედიაში გაეცნოთ.

ინი და იანი, ანუ ძია ზიგმუნდი ისვენებს

with 4 comments

a09488582d24
Christer Strömholm. Betty Bjurström, Paris 1947

ეიფელის კოშკზე სულ ცხონებული გი დე მოპასანი მახსენდება, მთელი ცხოვრება რომ ვერ იტანდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ “ჯართს”. ამაზე ბევრს საუბრობს პირად წერილებში თუ საგაზეთო პუბლიკაციებში, თუმცა ისტორიას მაინც მისი ხუმრობა შემორჩა, როდესაც ჰკითხეს თუ ასე ძალიან ვერ იტანთ ამ კოშკს, რაღა მაინცდამაინც მის ქვეშ მდებარე რესტორანში სადილობთ ყოველ დღეო, რაზეც ენაკვიმატ მწერალს უპასუხია, ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც ეს კოშკი არ ჩანსო…

კოშკზე გამახსენდა და “köşk”–იც თურქული ყოფილა და იგივეს, ანუ “კოშკს” ნიშნავს. თავად ფრანგულად  ”კოშკი” ჟღერს როგორც “tour” (ტურ), “ეიფელის კოშკი” კი – “la tour Eiffel”. ამ “tour”–თან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი მახსენდება კიდევ: ჭადრაკის ფიგურა ეტლს, რომ შინაურობაში “ტურას” უწოდებენ, ალბათ ყველას გსმენიათ. ბავშვობაში სულ მიკვირდა სად ეტლი და სად ტურა მეთქი, ბოლოს ფრანგული რომ ვისწავლე მივხვდი რაში ყოფილა საქმე. ჭადრაკის ამ ფიგურას ფრანგულად “tour” ჰქვია და, როგორც ჩანს, ზუსტად ეს “ტურ” შემოსულა ქართულში და “ტურად” გადაკეთებულა, ანუ ტურას აქ არაფერი ესაქმება და უბრალო დამთხვევასთან გვაქვს საქმე.

ეიფელის კოშკზე ბევრი საუბარი არ მსურს, ვინაიდან ეს სურათი რომ ვნახე ეიფელის ქმნილება ყველაზე უკანასკნელი დეტალი იყო სურათზე, რაც შევამჩნიე. კარგა ხანს ვფიქრობდი ამ ქალბატონს რაც მოსავს ბიკინია თუ არა მეთქი, ბოლოს ბიკინის შექმნის თარიღი გადავამოწმე და 1946 წელს შეუქმნია ლუი რეარს და სახელი ატოლ ბიკინის საპატივსაცემოდ უწოდებია, სადაც იმავე წელს ამერიკელებმა ბირთვული იარაღი გამოცადეს და ეს მარჯნის კუნძული პრაქტიკულად წაშალეს წყნარი ოკეანის რუკიდან. პრინციპში სურათზე წარმოდგენილი ქალბატონის ბიკინით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური დათბობა ნამდვილად შეინიშნება დედამიწაზე, აბა თუ არა გლობალური დათბობა, რამ დააპატარავა ასე ბიკინის ზომები 60 წელიწადში?!

არ ვიცი ეს სურათი  ფოტოხელოვანებს რითი ხიბლავთ, თუმცა ჩანაფიქრში რომ მამაკაცური და ქალური საწყისების მარადიული ურთიერთშეპირისპირება დევს ფაქტია. ეიფელის კოშკი, როგორც ფალიური სიმბოლო ამოზრდილია ქალის ფეხებსშორისიდან, რაც იმ კონტრასტს ქმნის, რაზეც ძია ზიგმუნდს საათობით უყვარდა საუბარი. ასევე საგულისხმოა ქალბატონის მომღიმარი სახე, რომლის მზერაც ობიექტივისკენაა მიმართული და სურათს კომპოზიციურად კრავს. ამასთან ბლოგის სპეციფიკასაც რომ მოვუხადოთ ხარკი, მოდით ისიც ვთქვათ, რომ “სურათ” არაბულად “სახეს” ნიშნავს…

დაილოცოს გურჯისტანი

with 10 comments

საქართველოს ყველა ენაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. ეს ცნობილი ფაქტია და ზედმეტ ჩაძიებას არ მოითხოვს. ვარიაციები ბევრია, სომხური “ვრასტან”–იდან დაწყებული ფრანგული “ჟეორჟი”–თ დასრულებული, თუმცა თანამედროვე ქართულში არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი პატივი მიგებული, როგორც “გურჯისტანს”. ჩემთვის უცნობია, თუ ვინ და რა ფორმით გამოიყენა ეს სიტყვა პირველად ყოველგვარი ჩამორჩენილობის და გახევებული ტრადიციულობის აღსანიშნად, თუმცა ფაქტია, რაც დრო გადის ის ამ მნიშვნელობით უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და შეიძლება ითქვას ზუსტ სამეცნიერო ტერმინადაც კი იქცევა ცოტა ხანში, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სოციოლოგიაში აქტიურ გამოყენებას ჰპოვებს.

ქართულ ფორუმებზე ეს სიტყვა თანამედროვეობით უკმაყოფილო ადამიანების გულისტკივილის გამოხატვის საშუალებაა. ყველას უმალ ეს სიტყვა აკერია პირზე თუ თითებზე, როგორც კი საუბარი ქალიშვილების ინსტიტუტზე, ცუდ მომსახურეობაზე, ქართულ ბიძაშვილობის ინსტიტუტზე, ბრტყელ–ბრტელ სადღეგრძელოებზე, ზომიერების გრძნობის უქონლობაზე, დროის გაუფრთხილებლობაზე და ა.შ. მრავალ ასეთ “გურჯისტანულ” ფენომენზე ჩამოვარდება საუბარი.

არადა ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნის მიჯნაზე იეთიმ გურჯი თავის სატრფოს ამ სიტყვებით ამკობდა, სადაც “გურჯისტანი” ერთი უწყინარი სიტყვაა და საქართველოს აღნიშნავს:

დაილოცოს გურჯისტანი,
კაი შვილების მომყვანი,
შენი გამზრდელი აკვანი,
ვინც შეგიმკო კოხტა ტანი.
რომელ დედამ გითხრა ნანა,
რა თითებმა აგიყვანა?
ცხონდეს მომნათლავიც თანა,
კიდევ შობონ შენისთანა.
ვინაც გშობა ქვეყანაზედ,
მთლად შენ მოგცა სილამაზე,
მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე
მოჩვენება პლანეტაზე.
ბრილიანტი ხარ დიდ ზღვისა,
ანგელოზი-მაღლა ცისა,
თაიგული-სამოთხისა,
ხელმწიფე ხარ ამქვეყნისა.
თვალები გაქვს ცაზე ლურჯი,
ეგ ქოჩორი ოქროს-ფუნჯი,
ნუ ხარ ქვიტკირისა ბურჯი,
შეიბრალე იეთიმ-გურჯი.

ამ სიტყვის პარალელურად მეორე სიტყვა ყელყელაობს ქართულ ყოველდღიურობაში. საუბარია “გრუზინობაზე” და მათთან დაკავშირებულ ქცევის თავისებურებებზე. ამდენი ხანია ვცდილობ გავერკვე, თუ რა განსხვავებაა “გრუზინობასა” და “გურჯისტანს” შორის. ეს ორი ფენომენი ფაქტობრივად ერთდროულად იშვა ქართულ ვირტუალურ სივრცეში და, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ დავასკვენი, რომ ერთი და იმავე კულტურულ თუ სოციალურ ფენომენს აღნიშნავს. ორივე სიტყვას აქვს თავისი უპირატესობა, ანუ თითოეული მათგანი თავისი ფორმით რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ნიშან–თვისებაზე მიუთითებს, რომლის გარეშეც გურჯისტანი გრუზინების გარეშე არ არსებობს. ძირითადად, ორივე შემთხვევაში, ნიშან–თვისებები წარსულს უსვამს ხაზს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა, 300 წლის წინანდელ წარსულზეა საუბარი, თუ 100 წლის წინანდელზე.

ეს ორი სიტყვა დაახლოებით იგივე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც თანამედროვე ამერიკულ ინგლისურში “10 სექტემბრის ადამიანს” მოიხსენიებენ. 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის მაცხოვრებელთა (არა მარტო) ცნობიერება შეიცვალა, შესაბამისად 10 სექტემბრის ადამიანი ერთგვარ ჩამორჩენილობას განასახიერებს. ზუსტად ასევე ის, ვინც გურჯისტანია (ხანდახან ასე ადამიანებსაც უწოდებენ), ან გრუზინია, ის ყოველგვარი სიძველისა და რუდიმენტულის მოყვარული და მოტრფიალეა.

მეორე სიტყვა, “გრუზინი” კიდევ ერთი კონოტატიური სიფაქიზით ხასიათდება და ეს მის ლექსემაში სიტყვა “გრუზ”–ის არსებობითაა გამოხატული, ანუ ხანდახან “გრუზინია” ყველა ის, ვინც ძირძველი ქართული ტრადიციულობით გარშემომყოფთა “გრუზვით”, ანუ თავის მობეზრებითაა დაკავებული. ხანდახან კი თავად გრუზინობა და ძველმოდური გურჯისტანული შეხედულებები იმდენად “გრუზავენ” დასავლური ღირებულებების მაძიებელ თანამედროვე ქართველებს, რომ მათ თავი სტკივდებათ, ცხოვრება ბეზრდებათ და თითები ექავებათ. შემდეგ სტუმრობენ ნაირ–ნაირ ჩატებსა თუ ფორუმებს და შეაჩვენებენ ხოლმე ყოველივე გრუზინულსა და გურჯისტანულს.

ხუმრობა–ხუმრობაში და თამაშ–თამაშში კი ჩვენს ენაში ორი ახალი სიტყვა დამკვიდრდა და მხოლოდ ერთი კითხვა მებადება დასასრულს: საინტერესოა, ოდესმე “ჯორჯია” თუ დაერქმევა ჩამორჩენილობას და ულტრატრადიციულობას?!

Written by linguistuss

December 7, 2008 at 12:33 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers