ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for January 2009

შეკითხვა #16

with 6 comments

გუგლში სურათების ძებნისას, როდესაც საძიებო სიტყვები იყო “მისტერ პიკვიკი”, საძიებო სისტემამ სხვა მრავალ სურათთან ერთად მომიძებნა #1 სურათი, როდესაც ჩავწერე საძიებო სიტყვები – “ოლივერ ტვისტი”, საძიებო სისტემამ სხვა მრავალ სურათთან ერთად მომიძებნა #2 სურათი. მიხვდით რა სიტყვებია შეცვლილი შეკითხვაში “მისტერ პიკვიკით” და “ოლივერ ტვისტით” და მიპასუხეთ რომელ ქვეყანაში დაასრულეს თავისი “სიცოცხლე” “მისტერ პიკვიკმა” და “ოლივერ ტვისტმა”?

musha_boquladze1

[პასუხი წერია კომენტარებში]

Written by linguistuss

January 30, 2009 at 12:17 am

ქართული პალინდრომები

with 15 comments

ვახო ხოხავ?!

2007 წლის 29 აპრილს თბილისის ფორუმზე მე ვწერდი:

ჩემი პალინდრომებით გატაცება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, არ არის საინტერესო. უბრალოდ სიმეტრია მიზიდავდა ბავშვობიდან და შესაბამისად ერთობ საინტერესო იყო ფრაზები, რომლებიც წაღმა–უკუღმა ერთნაირად იკითხებოდა, თუმცა… ქართულ ენაში გვიჭირს ასეთ ფრაზებში. ერთხელ მახსოვს რუსულ საიტს მივაკვლიე, იმდენი რუსული პალინდრომი იყო რომ შურით გავსივდი…

ერთხელ ისიც მახსოვს, ოდესღაც 16 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა წიგნის თაროდან ძველისძველი წიგნი რომ გადმომიღო და იქიდან გაყვითლებული და მტვერდადებული გაზეთის გვერდი ამოაძრო. გაზეთ “თბილისის” რომელიღაცა ნომერი აღმოჩნდა, 20 თუ 30 წლის წინანდელი. იმ გაყვითლებულ გაზეთის ნაგლეჯზე ვახტანგ ჯავახაძის 10 თუ 15 პალინდრომი ეწერა. იმის მერე ქართულ პალინდრომებს სულ სანთლით დავეძებ, მაგრამ ამაოდ – სულ რამდენიმეს მივაკვლიე.

გალაკტიონის “აი დროშა აშორდია”, “აირევი ივერია”, “აი რა მზის სიზმარია” და “აერების სიბერეა” თუ გაახსენდება ადამიანს და სულ ეგ არის.

ერთხელ ისიც მახსოვს, ხსენებული შურით აღვსილი რომ ვიყავი და ქობულეთში მივდიოდი. ღამე ვმგზარობდი. მარშრუტკაში მარტო ვიჯექი, ან საიდან აღმოვჩნდი ასეთ ცარიელ სამარშრუტო ტაქსში შუაღამისას, თუმცა ეს სიცარიელე და სიბნელე სასარგებლო აღმოჩნდა. არაფრის კეთებაში და უმახათო მდგომარეობაში დავიწყე ქართული პალინდრომის მოგონება. ლამის ტვინი ამიდუღდა, მაგრამ 5 საათიანი ნაყოფიერი ფიქრის შემდეგ ორი პალინდრომი მოვიფიქრე:

“აბომ არია ბაირამობა” და “ირმამ ადიდა მამრი”

როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე ადვილი ყოფილა ქართულ ენაზე პალინდრომის შექმნა, ანუ ისეთი ფრაზის მოფიქრება რომელსაც აზრიც ექნება და ამავე დროს წაღმა–უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ჰოდა… მოგმართავთ ფორუმელებო, მომეხმარეთ ქართული პალინდრომების შეგროვებაში, უფრო სწორად ერთად შევაგროვოთ, ან ბოლოსდაბოლოს მოვიგონოთ!

მოკლედ გისმენთ, ვინც რა იცით დაწერეთ, ოღონდ ქართულად!!!

ახლა აღმოვაჩინე და ძალიან გავერთე. ამიტომაც ვისურვე, რომ ჩემს ბლოგზე ეს წამოწყება იდოს. ამასთან გაგიკვირდებათ და ფორუმზე შეგროვებულმა პალინდრომების მონაგარმა გამაკვირვა. აქ დავწერ მხოლოდ იმ პალინდრომებს, რომლებიც მომეწონა.

გიორგი საჯაია
პალინდრომი, სახელად “ეზრა პაუნდი”

ეზრა…
მზის
მიამბეთ,
მთებმა,
იმ,
სიმაღლე!
თანაც,
როგორ
აირია
და
დაირია
სიბერე,
მეფემ
ეფემერების,
აირია
და
დაირია
როგორ,
ცა,
ნათელ
ღამის -
მიამბეთ,
მთებმა,
იმ
სიზმარზე!

ამ პალინდრომში ყველა ტაეპი არ ჯდება პალინდრომის დეფინიციაში, თუმცა იმდენად მომეწონა, რომ ამაზე თვალებს ვხუჭავ:

ზაზა ქინქლაძე
ტახტწართმეული აიეტის მოთქმა

ა, ბედო, გოდება
და მოზარე მე რაზომად
ო, სვეზე, ზევსო!
ეს რაა და რა დააარსე?
მაცილე ბედი და მადიდებელი ცამ,
იავარ ძმამ- ესრე პერსემ ამძრა! ვაი!
ვაი, აიავ,
რახან აყევ ქარსა, რა ქვეყანა ხარ?
ო, აწი მოდი, დიდო მიწაო !

პატარ–პატარა პალინდრომებს თავს მოვუყრი და ამ დღეებში შემოგთავაზებთ ერთად, ნაკრების სახით, მანამდე ასე იყოს.

წირპლები

with 7 comments

დღეს ჩემს ძველ ფაილებში ვიქექებოდი და აი, რა ვიპოვე. გამახსენდა ერთ მშვენიერ დილას რომ გავიღვიძე და რომ დავასკვენი: სიზმრები თვალებზე მიმხმარი წირპლებია მეთქი, ჰოდა შესაბამისად თამაშ–თამაშში რითმებიც აეწყო… მერე ხელსაწყოს ვიგონებდი, რომელსაც გამხმარი წირპლებიდან სიზმრები უნდა წაეკითხა. ხელსაწყოს სახელიც კი მოვიფიქრე – “დეწირპლატორი”! ერთი სიტყვით, იყო დრო ასე ვერთობოდი:

წირპლები

ჩემი რითმების მდინარეს გუშინ
თეთრი ლექსები მოსდევდა მხოლოდ,
მეღვენთებოდა ნაღველი გულში,
როგორც სანთელი ასანთის კოლოფს.

ასე გადაღლილს ჩამომეძინა
არარსებული რითმის ლოდინში,
არვის ალერსი არ მხვდა მე წილად,
მშვიდად მეძინა მარტოს ლოგინში.

საძილღვიძილოს არსთა გამრიგემ
გადამისროლა ერთ ქვეყანაში,
იქ რა მინდოდა მთლად ვერ გავიგე,
თუმც მომეწონა მდედრი ყანაში.

სანამ მეძინა, წირპლები თვალზე
ხმებოდნენ, როგორც მართებთ მიხმობა;
სიზმარში მზერა შეჩერდა ქალზე,
ქალზე, რომელიც ჩუმად მიხმობდა…

ვერ გავუძელი ბოლოს ცდუნებას,
ყველა სიზმარი ერთად ავკინძე,
ვერ შევეპუე მამრის ბუნებას
და ქალს ყანაში შევხსენ საკინძე…

დილა გათენდა, სიზმარი მორჩა.
მოგონებებში ისევ ვიფლები,
ღამის სიზმრისგან მხოლოდ ეს მომრჩა-
წირპლები, წირპლები, წირპლები.

29 ივლისი, 2004 წელი.

Written by linguistuss

January 28, 2009 at 5:35 pm

Posted in პოეზია

Yes, I am a table

with 3 comments

საქართველოში სუფრა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა წმიდათაწმიდათა ცნებების კატეგორიას განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, შევეცდები და ჩემს “მკრეხელურ” კვლევა–ძიებას მაინც დავდებ მაგიდისა და ტაბლის შესახებ, რომლებზეც ორივეზე ხუჭავს სულხან–საბა თვალს და არც ერთზე ამბობს არაფერს და არც მეორეზე, ანუ ორივეს ქართულად ასაღებს (მიჩუმათება ამ შემთხვევაში ქართულად გასაღებას ნიშნავს, როცა გვერდზე ბატზე გიწერია სომხურიაო და ქართულად ღერღეტი ჰქვიაო). ჰოდა, იმის თქმა მსურდა, რომ ვაგრძელებ ჩემს არაბულ ოდისეას და დღესაც ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ, ამჯერად მე–19 გაკვეთილიდან:

table1

ტრანსკრიპტი:  ”უაჯადთუჰაა ‘ალაალ–მაა’იდათი”. თარგმანი:  ”ვიპოვე ის მაგიდაზე”. ხომ არაფერი გეცნობათ? – მე კი. მაგიდა არაბულად არის “მაა’იდათუნ”. აქედან ეს ‘ (აპოსტროფი), ‘აინად წოდებული ხახისმიერი ბგერაა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და რომელიც არაბულში სრულფასოვანი თანხმოვანია. არაბულის ფრანგულ თვითმასწავლებელში, საიდანაც არაბულის ვირუსი შემეყარა, წერია, რომ აი, ეს ბგერა ღებინების დროს რომ გამოვცემთ ის ბგერააო. არაბები კი თურმე ამ ‘აინზე ამბობენ, რომ ეს აქლემის მიერ გამოცემული ხმა არისო. არაბების და აქლემის სიყვარულზე კი შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ ცალკე ვრცელ საუბარს, არ შეიძლება ამ თემის ორი სიტყვით მიფუჩეჩება…

ჰოდა, იმას ვამბობდი რომ “მაა’იდათუნ”–ში აპოსტროფი აქლემის ხმიანობაა, “–ათ” იმის მიმანიშნებელი რომ სიტყვა მდედრობითი სქესისაა და “–უნ” კი განუსაზღვრელი არტიკლის მაგვარი ნაწილაკი, ასე რომ ჩვენს მაგიდასა და “მაა’იდათუნ”–ის ფუძეს მხოლოდ ერთი ‘აინი ანსხვავებს თუ გრძელ ა–ზე თვალებს დავხუჭავთ და იმას გავითვალისწინებით, რომ მე ოდესღაც ალბათობის თეორია ნასწავლი მაქვს, რომელიც ამბობს რომ, თუ ეს დამთხვევაა, მაშინ ასეთი დამთხვევა ხვალ, სახლიდან გასული, სადარბაზოსთან, დინოზავრს რომ გადავეყრები იმის ალბათობას უდრის დაახლოებითო, შესაბამისად ვასკვნი – მაგიდაც არ ყოფილა ჩვენი, რომლის შესახებაც თვით სულხან–საბა ხუჭავს თვალებს…

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტაბლაზე თვალების დახუჭვა, ლინგვისტურ უნამუსობას ჰგავს, იმედნად თვალშისაცემია მსგავსება ინგლისურ–ფრანგულ table-სა და ტაბლას შორის. თუმცა აქვე ერთი რიტორიკული შეკითხვა მებადება: ვინ იცის, სულხან–საბას დროს რომელი უფრო თვალშისაცემი იყო “მაა’იდათუნ” რომ მაგიდაა, თუ table, რომ ტაბლაა?! მაშინ ხომ აღმოსავლური ენები უფრო იცოდნენ განათლებულმა–”პერო” ქართველებმა, ვიდრე ევროპული ენები…

ხლართი #15

with one comment

ხლართების წერა არ შემიწყვეტია, ასე რომ აი, ბატონო და იფიქრეთ:

კითხვის დაწერამდე ჩემს წიგნის კარადას გადავავლე თვალი და ორი წიგნი შემომხვდა. ორივე წარმოადგენს რომანს და ორივეს ერთი ავტორი ჰყავს. ქართულ თარგმანში პირველ რომანს ეწოდება “იქსი” და მეორეს “იგრეკი”. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისურ ორიგინალში იგრეკს ჰქვია ისევე, როგორც ეწოდება იგრეკის დაწერამდე დაახლ. 340 წლით ადრე დაწერილ პიესას. იქსი და იგრეკი ფიგურირებს ერთი ძვ. რომაელის ხატოვან ფრაზაში (იგრეკი პირდაპირ და იქსი იგულისხმება).
დამისახელეთ 1) ძვ. რომაელი 2) მისი ფრაზა 3) იქსი 4) იგრეკი 5) იქსის და იგრეკის ავტორი 6) ხსენებული პიესა

[პასუხი წერია კომენტარში]

Written by linguistuss

January 25, 2009 at 11:19 pm

ბარაქა და ბარაკ ობამა

with 4 comments

ამასწინათ იმედზე “ღამის შოუს” მოვკარი თვალი, თუ როგორ სწერდნენ ბარაკ აბამას წერილს შოუს წამყვანები. ბევრი იხუმრეს თუ ცოტა, ამ ხუმრობა–ხუმრობაში მიადგნენ წერილის ბოლოს და გამართეს ბჭობა თუ როგორ დაესრულებინათ ეს ეპისტოლარული ქმნილება, ძალიან რომ წააგავდა ზაპოროჟიელების უსტარს, თურქეთის სულთანისადმი მიწერილს. ჰოდა, აქ მოხდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ერთ–ერთმა მათგანმა, ირაკლი კაკაბაძემ თქვა, რომ მოდი წერილის ბოლოში მივაწეროთ: “გისურვებთ ხვავს და ბარაქასო”. მეორემ უთხრა, რომ ვერ გაიგოსო, რაზედაც ამ უკანასკნელმა პასუხი დაუბრუნა – ხვავს თუ ვერ გაიგებს, ბარაქას ხომ გაიგებსო?!

შოუს სცენარისტებმა იხუმრეს, არადა რა იცოდნენ, რომ სიტყვა ბარაქა და აშშ–ს 44–ე პრეზიდენტის პირველი სახელი ერთი და იმავე არაბული სიტყვისგანაა წარმოშობილი. თუმცა სანამ ამაზე საუბარს გავაგრძელებდე, მანამდე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბარაკ ჰუსეინ ობამა უმცროსი ჰავაის კუნძულებზე დაიბადა კენიელი მამის ბარაკ ჰუსეინ უფროსის ვაჟკაცობისა და ღვთის წყალობით. ამასთან, კენიის მოსახლეობის სულ რაღაც 10 %–ია მუსლიმანი. მუსლიმებს კი, როგორც მოგეხსენებათ, რელიგიასთან ერთად არაბულ ენასთან სიახლოვეც ახასიათებთ, რაც ხშირად იმის მიზეზი ხდება, რომ კენიაში და ნიგერიაში ჰუსეინები და ბარაკები იბადებიან, სწორად ამის შესახებ საუბრობს პრეზიდენტი ობამა თავის წიგნში Dreams from My Father, სადაც იგი წერს, რომ მამაჩემი კენიაში მუსლიმთა ოჯახში დაიბადაო და მიუხედავად იმისა, რომ მამა–ობამა აშშ–ში ჩასვლისას ათეისტი იყო, როგორც ჩანს ეს არ აღმოჩნდა ბარიერი იმისათვის, რომ შვილისათვისაც ის ღრმად რელიგიური არაბული სახელი დაერქმია, რასაც თავად ასეთი სიამაყით ატარებდა თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში.

ჩემი ბოლო რამდენიმედღიანი არაბულით გატაცება რომ არა, ამას ალბათ ვერც აღმოვაჩენდი, თუმცა აგერ ბატონო, მეჩვიტმეტე გაკვეთილის ფინალში წავაწყდი ასეთ არაბულ ანდაზას:

baraqa

ტრანსკრიპტი: ალ–ჰარაქათუ ბარაქათუნ. თარგმანი: მოძრაობა ღვთის წყალობაა. ჩვენთვის საინტერესო სიტყვას, “ბარაქათუნს” ლექსიკონში შემდეგი განმარტებები აქვს: 1) ლოცვა–კურთხევა 2) დალოცვა 3) ღვთის წყალობა 4) მადლი 5) სიუხვე, ბარაქა… ზოგს შეიძლება ისიც მოეჩვენოს, რომ ეს ბოლო “ათუნ” ზედმეტიაო, თუმცა არაბული ენის გრამატიკაში ეს ბოლო “ათ”–ი მდედრობითი სქესის დაბოლოებაა და “უნ”–ი კი განუსაზღვრელობის აღმნიშვნელო ნაწილაკი, ჰოდა ამ სიტყვის ფუძეში ზუსტად ის “ბარაქ” არის, რაც ჰქვია პრეზიდენტს. ასე რომ აშშ–ს 44–ე პრეზიდენტის სახელი “ბარაკ” კი არ არის, “ბარაქ”–ია და თუ კარგად იპრეზიდენტებს მისი მმართველობას პერიოდს შეიძლება ბარაქიანიც ეწოდოს…

ხარჯი და ბაითი

with 4 comments

დღეს მეთხუთმეტე გაკვეთილამდე მივედი არაბულში და პირველად ვიგრძენი წაბორძიკება. ამ განუსაზღვრელმა არტიკლებმა თუ ბოლოსართებმა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების აღმნიშვნელბა ნაწილაკებმა, რომლებიც სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა რიცხვში სხვადასხვანაირად ჟღერს და იწერება, ცოტა არ იყოს ტვინის გამრუდება დამიწყო, თუმცა ეს აქ არაფერ კავშირშია, ისე უბრალოდ გამახსენდა. ჰოდა მე–15 გაკვეთილის ფინალში რომ გავედი და სავარჯიშოების კეთება რომ დავიწყე, შემომხვდა ასეთი წინადადება:
deux_mots21 ტრანსკრიპტი ამ ფრაზის ასეთი იქნება: “ხარაჯა–ლ–უალადუ მინ–ალ ბაიითი”. თარგმანი კი ასეთი – “გავიდა ბავშვი სახლიდან”. მოცემულ წინადადებაში “ხარაჯა” არის გავიდა, “ბაიითი” კი – სახლი, რომლის ბოლოკიდურა “ი” იმას განსაზღვრავს, რომ ეს სიტყვა ირიბ დამატებას წარმოადგენს, ჰოდა ამ გრამატიკულ ამბებს თავი რომ დავანებოთ და უფრო გლობალურ საკითხზე  რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ქართულ ჟარგონში სიტყვა “ბაითი” და ლიტერატურულ ქართულში – სიტყვა “ხარჯი” (გასავალი) ორივე არაბულიდან შემოსულა… მაშ!

Written by linguistuss

January 24, 2009 at 11:44 pm

მე ვიყო შამპოლიონი

with 10 comments

arab8

არ ვიცი რა გრძნობა დაეუფლა ჟან–ფრანსუა შამპოლიონს პირველად რომ იხილა ძვ. ეგვიპტური იეროგლიფები, თუმცა ვივარაუდებ და ვიტყვი, რომ ეს გრძნობა დაახლოებით ყოველ ჩვენთაგანს განუცდია, თუნდაც იაპონური და ჩინური იეროგლიფების ყურებისას. როდესაც უყურებ სხვადასხვა მოხაზულობის შტრიხებს და იცი, რომ ეს იდუმალებით მოსილი “კარაკულები” რაღაცას ნიშნავს, თუმცა შენ, უბედურს, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით, ამისი შეცნობის საშუალება არ გაქვს, სწორად მაშინ ხვდები თუ რაოდენ ვიწროა შენი ცოდნა.

არც იმის შესახებ ვიცი, თუ რა გრძნობა დაეუფლა ხსენებულ ჟან–ფრანსუას როზეტის ქვის გაშიფვრის შემდეგ, როდესაც უტყვმა სურათებმა ისტორიების თხრობა დაიწყეს და აზრი შეიძინეს, თუმცა შევეცდები წარმოვიდგინო. გუშინწინ ამ არაბული ტექსტის ნახვისას დამეუფლა პირველი განცდა და დღეს, როდესაც საჭირო ასოები და საჭირო გრამატიკული მასალა ავითვისე, აი ია – აი თითის მსგავსი, მივხვდი თუ როგორ გადაიხსნა ფარდა და როგორ ამეტყველდნენ უტყვი შტრიხები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქმის არაფერია, არაბულ ენაში განსწავლულობის თვალსაზრისით, მაინც მიხარია, ვინაიდან ის რაც ჩემთვის აქამდე “ჩინური” იყო უკვე არაბულია. ამასთან ნათელი გახდა თუ როგორ არჩევენ არაბები რომელი მოკლე ხმოვანი უნდა წაიკითხო და რომელი უნდა გამოტოვო მაშინ, როდესაც ეს მოკლე ხმოვნები ტექსტში არ იწერება. ერთი სიტყვით არაბული შესავალი ჩემს ლინგვისტუსურ ცხოვრებაში შედგა, მერე ვნახოთ რა იქნება…

Written by linguistuss

January 23, 2009 at 2:05 pm

Posted in ენები

სიცილაკები ყველგან და ყოველთვის…

with 3 comments

ამასწინათ კიდევ ერთი საინტერესო ბლოგერი აღმოვაჩინე, ალექსანდრე შაპირო. განსხვავებით მაქსიმ რუსოსგან, რომლის ბლოგზე მხოლოდ ლინგვისტური ჩანახატებია, ეს ადამიანი პოეზიით და თარგმანებითაა გატაცებული და ამ თარგმნა–თარგმნაში მრავალი საინტერესო ისტორია აქვს მოყოლილი. ეს პოსტიც მისი ერთ–ერთი ისტორიითაა შთაგონებული.

საუბარი გვექნება ინგლისელი პოეტის, ალექსანდრე პოუპის ლექსზე “მომაკვდავი ქრისტიანის მიმართვა საკუთარი სულისადმი” (The Dying Christian to his Soul). ვინაიდან ქართულ ენაზე ამ ლექსის თარგმანი ვერ ვიპოვე, მხოლოდ ორიგინალის დადებით შემოვიფარგლები:

Vital spark of heav’nly flame!
Quit, O quit this mortal frame:
Trembling, hoping, ling’ring, flying,
O the pain, the bliss of dying!
Cease, fond Nature, cease thy strife,
And let me languish into life.

Hark! they whisper; angels say,
Sister Spirit, come away!
What is this absorbs me quite?
Steals my senses, shuts my sight,
Drowns my spirits, draws my breath?
Tell me, my soul, can this be death?

The world recedes; it disappears!
Heav’n opens on my eyes! my ears
With sounds seraphic ring!
Lend, lend your wings! I mount! I fly!
O Grave! where is thy victory?
O Death! where is thy sting?

ამ ლექსში განსაკუთრებით საინტერესოა უკანასკნელი ორი ტაეპი, რომელიც ბიბლიის ძველ და ახალ აღთქმაში გვხვდება. ძველი აღთქმის ძველქართულ თარგმანში ეს ფრაზა ასე ჟღერს (ოსია წინასწარმეტყველის წიგნი 13:14):

სადა არს საშჯელი შენი სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო?

ახალ აღთქმაში კი ასე (პავლეს ეპისტოლე, პირველი კორინთელთა მიმართ 15:55):

სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“

პირველი და მეორე ფრაზა იდენტურ ფრაზებს წარმოადგენს იმ განსხვავებით, რომ პირველი ბიბლიის ძველი ქართული თარგმანიდან არის აღებული და მეორე კი შედარებით ახალი თარგმანიდან. ბიბლიის კომენტატორები წერენ, რომ ეს ორი ფრაზა ერთმანეთისგან კონტექსტუალურად განსხვავდება და ეს განსხვავება მათ დიამეტრალურად საწინააღმდეგო პათოსში მდგომარეობს. გვაქვს ორი ფრაზა, იდენტური პუნქტუაციური ნიშნებით ჩაწერილი, თუმცა დიამეტრალურად განსხვავებული შინაარსით. ისმის შეკითხვა, როგორ განვასხვავოთ ეს ორი ფრაზა ერთმანეთისგან. ზუსტად ამ განხილვას შევესწარი ალექსანდრე შაპიროს ბლოგზე, სადაც ერთ–ერთმა სტუმარმა შესანიშნავი იდეა გამოთქვა, მისი აზრით ციტატა ძველი აღთქმიდან უნდა იყოს ჩაწერილი ასე:

სადა არს საშჯელი შენი სიკუდილო? :( სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? :(

ახალი აღთქმიდან კი ასე:

სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? :) სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ :)

ხედავთ განსხვავებას?! თურმე კი არა “სიცილაკები” ყველგან და ყოველთვის საჭიროა…

ხლართი #14

with 2 comments

ხლართი #14
იქსი ყოველ ჩვენთაგანს უნახავს. სანამ შეკითხვას დავწერდი ვკითხულობდი მოპასანის ნოველას, “იქსს” და გამახსენდა იტალიური ქალაქის მოსახელე მუსიკალური ნაწარმოები, რომლის მესამე ნაწილს “იქსი” ეწოდება. იქსი რომ ვთარგმნოთ ფრანგულად მიიღება კონსტრუქცია “A de B”, სადაც A საფრანგეთში გავრცელებული ქალის სახელია, B კი – ციური სხეული. საინტერესოა ისიც, რომ A-ს შესატყვისი ქართული სახელი გვხვდება ქართველი კლასიკოსის პოეტური ნაწარმოების სათაურში. დამისახელეთ (1) იქსი ორი სიტყვით, (2) ქალის ფრანგული სახელი, (3) ქართველი კლასიკოსი, (4) მისი ხსენებული პოეტური ნაწარმოების სათაური. (5) იტალიური ქალაქის მოსახელე მუსიკალური ნაწარმოები.

[პასუხი წერია კომენტარებში]

Written by linguistuss

January 17, 2009 at 5:11 pm

კონტრა

with 2 comments

სადღაც მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი “ნინტენდო” რომ მიყიდეს ჩემმა მშობლებმა. ზუსტად ამ დროს გახდა პოპულარული თამაში “კონტრა”. ორგანზომილებიან ეკრანზე პატარა კაცუნებს ამოძრავებდი, ქვემეხებს აფეთქებდი და აგროვებდი ქულებს. ამ თამაშის მთელი ხიბლი, გნებავთ მუღამი იმაში მდგომარეობდა, რომ ორ ადამიანს შეეძლო ერთდროულად თამაში და გუნდურ ქმედებას მოითხოვდა მოთამაშეების მხრიდან, ჰოდა მე და ჩემს ძმასაც მეტი რა გვინდოდა, გვეჭირა ჯოისტიკები და მიდიიი… თუმცა იმ დროს ერთი პრობლემა გვქონდა, რაც ჩვენს სრულ ბედნიერებას და მყუდროებას არღვევდა – ენერგოკრიზისი – ამიტომაც შუქის მოსვლა, თუ ელექტროსადენებში მუხტების მწყობრი მოძრაობა ერთი და იმავე სიხშირითა და ცვალებადი მიმართულებით (ჰო, ფიზიკური დავამთავრე!), როგორ გვახარებდა თქვენ წარმოიდგინეთ…

ამ თამაშის გახსენება სულ არ იყო ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი, ნამეტანი ბავშვობაში გადავვარდი, ისიც გამახსენდა ერთხელ ამ თამაშს რომ შევყევი და სკოლაში რომ არ წავედი, თუმცა გარდა იმისა, რომ “კონტრას” მე და ჩემი ძმა ერთად ვთამაშობდით ხოლმე, ხანდახან ერთმანეთსაც ვეჯიბრებოდით და ხშირად, სადღაც ფინალისკენ გასულს, როცა თამაში გვბეზრდებოდა, მაგრამ მოგების სურვილი და ჟინი კვლავაც გვაკავებდა ჯოისტიკებჩაბღუჯულ მდგომარეობაში, ასეთ ფრაზას მოისმენდით ჩვენგან: “მოდი კონტრა ვითამაშოთ”…

ეს “კონტრა” თამაშის სახელწოდება არ გეგონოთ. ეს სიტყვა ხშირად მსმენია, განსაკუთრებით ნარდის მოყვარულებისგან და ის გადამწყვეტ თამაშს აღნიშნავს, სუპერფინალის მსგავსს. ზუსტად დღეს მოვკარი ყური ამ სიტყვას, როგორ და რა ვითარებაში არ დავაკონკრეტებ.  ჩემს ტვინში უმალვე ლინგვისტური სასხლეტები ამოძრავდა და ჩავფიქრდი. იქიდან გამომდინარე, რომ ის ხანშიშესული ადამიანებისგანაც მომისმენია, ვივარაუდე, რომ სიტყვა ძველ თბილისში ერთობ “ხოდში” უნდა ყოფილიყო, ჰოდა მყისვე მისი ფრანგული ძირების ძებნა დავიწყე და სულ რამდენიმე წამში გონებაში ფრანგული კონსტრუქცია – contre à – გამომესახა, რაც იმის საპირისპიროს და საწინააღმდეგოს ნიშნავს ამ à–ს რომ მოსდევს, ირიბი საქცევით გამოხატული. ალბათ, ეს ის “კონტრაა”, რომელსაც მოთამაშეები ერთმანეთის პირისპირ თამაშობდნენ, ანდაც ის შედეგია, რომლის “კონტრა”–საც თამაშობდნენ თამაშით გადაქანცულები, ვინ იცის…

სიტყვა “კონტრა” ქართულ განმარტებით ლექსიკონში და ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში, ამ მნიშვნელობით დაფიქსირებული არ არის. როგორც ჩანს, გურჯისტანელმა ლექსიკოგრაფებმა კონტრას ჟარგონის თუ არგოს იარლიყი მიაწებეს, ან რუსულ ბარბარიზმად მონათლეს და ლექსიკონში შეტანის პატივიც არ დასდეს, არადა ენის თავისებურება ზუსტად ის არის, რომ ისრუტავს, გარდაქმნის, ახალ ფორმაც აძლევს და ახლიდან შობს ამა თუ იმ ენიდან შემოსულ სიტყვებს, როგორც ეს “ბათინკის”, ან “სტაქანის” შემთხვევაში გვაქვს, “ვაფშეც” რომ არ დავივიწყოთ. თან ვერ გამიგია, რა ნიშნით არ მოხვდნენ ზემოხსენებული სიტყვები ჩვენს სასიქადულო გამოცემებში, როდესაც კონტრვარიანტი, “პორტმანი” დაფიქსირებულია ორივეგან, არადა პორტმანი ფრანგული porte-monnaie–ედან ისევეა წარმოქმნილი, იმავე მასალისგან და იმავე თბილისური სლენგის ყალიბში ჩამოსხმული, როგორც კონტრა, სიტყვა, რომელმაც ასე ამიშალა საღერღელი და ვეღარ ვწყნარდები, მახსენდება და მახსენდება ფრანგულიდან შემოსახლებული სიტყვები და დროზე თუ არ გავჩერდი, მთელი “ლარუსის” ჩამოწერა მომიწევს…

Written by linguistuss

January 16, 2009 at 11:27 pm

ხლართი #13

with 2 comments

ამ შეკითხვაში მე კვლავ მსურდა X, Y, Z–ის გამოყენება, თუმცა შევეცდები მათ გარეშეც გავიდე ფონს. შეკითხვაში საუბარი მექნება ოთხეულზე, რომელთაგან პირველის სახელწოდება ძვ. ბერძნული წარმოშობისაა, მეორეს სახელწოდება იტალიურმა ქალაქმა დაანათლა, მესამე სულხან–საბამ განმარტა ოქროს საშუალებით, მეოთხე კი – ამ შეკითხვის ერთ–ერთი მახასიათებელი პარამეტრია. კითხვა მშრალი რომ არ გამოვიდეს, დავამატებ იმასაც, რომ მეორის და მესამის ნაზავი სულხან–საბამ განმარტა ცეცხლის საშუალებით. თუ თქვენ მიხვდით რომელ ოთხეულზეა საუბარი მითხარით (1) ამ ოთხიდან რომელი დავშიფრე შეკითხვაში, (2) რა ეწოდება ამ ოთხეულს მთლიანობაში (3) და რა განმარტა სულხან–საბამ ცეცხლის საშუალებით?

[პასუხი წერია კომენტარში]

Written by linguistuss

January 14, 2009 at 10:39 pm

ბერძნული ფერები ქართულში

with 8 comments

ბერძნულად მწვანე არის “პრასინო”, ყვითელი კი – “კიტრინო”. დავიჯერო ქართული პრასი და კიტრი აქედან მომდინარეობს?! გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ყველა წყარო, ინტერნეტის ჩათვლით, ამის შესახებს დუმს. შესაბამისად ჩემი დაშვება ვერც გამოვრიცხე და ვერც დავადასტურე და კიდია ასე ჰაერში.

Written by linguistuss

January 14, 2009 at 8:20 pm

ბუტიკი და აფთიაქი

with 9 comments

მიძნელდება გავიხსენო, თუ როდის გაიხსნა პირველი ბუტიკი თბილისში, სავარაუდოდ 90–იანების ბოლოს, ან ამ საუკუნის დასაწყისში. არც ის მახსოვს პირველ ბუტიკებში ე.წ. prêt-à-porter, ანუ მზა სამოსი იყიდებოდა თუ ჩვეულებრივი თბილისური “ზმანების” მაღაზია იყო. ალბათ გგონიათ, რომ დღევანდელი თემა თბილისურ “ბუწიკებს” ეძღვნება, ცდებით – ერთი საინტერესო სტატია ვიპოვე და შესაბამისად ვცდილობ გადმოვაქართულო. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა კავშირი აქვთ სიტყვებს “ბუტიკი” და “აფთიაქი”.

საუბარს სანამ დავიწყებდეთ, მოდით მოდის სამშობლოში, საფრანგეთში გადავინაცვლოთ, სადაც დღესდღეობით თითო ფრანგზე არ ვიცი რამდენი ბუტიკი მოდის, თუმცა ბუტიკების სამშობლო რომ საფრანგეთია, ამაზე არავინ დავობს. საინტერესო ის არის, რომ სიტყვა boutique პირველად 1242 წელსაა დაფიქსირებული ფრანგულში. ეს სიტყვა პროვანსული botiga, botica–სგან წარმოდგა, რომელიც ძვ. ბერძნული ἀποθήκη (apothēkē)–ეს სახეცვლილი ვარიანტია. თუკიდიდეს და ლუკიანეს დროიდან მოყოლებული თანამედროვე ბერძნულის ჩათვლით apothēkē საწყობს, ან სათავსს აღნიშნავს, რასაც სხვათა შორის აღნიშნავდა თავდაპირველა boutique ფრანგულში.

იტალიურ ენაში დღემდე დახლი ჟღერს, როგორც bottega და ესპანურში საწყობი კი – bodega. ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ ძვ. ბერძნული “აპოთეკე” ფრანგულში მოხვდებოდა მანამდე ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებულ ლინგვა ფრანკაში მოხვდა, საიდანაც მერე სხვადასხვა ვარიაციებით გააგრძელა თვითმყოფადი არსებობა რომანულ და არამხოლოდ რომანულ ენებში. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, უპრიანი იქნება იმის თქმაც, რომ “ლინგვა ფრანკა” იმ სპეციფიურ ენას ეწოდებოდა ამ რეგიონში, რომლის საშუალებითაც არაბი და თურქი ვაჭრები ევროპელებთან ურთიერთობდნენ შუა საუკუნეებში. იმის გათვალისწინებით, რომ არაბები ევროპელებს “ფრანკებს” ეძახდნენ, ენასაც ფრანკების ენა, ანუ “ლინგვა ფრანკა” ერქვა. დღესდღეობით კი ამ ტერმინით მოიხსენიება ენა, რომლის საშუალებითაც ურთიერთობენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ერთმანეთთან. მაგალითად რუსული ენა დღემდე რჩება ლინგვა ფრანკად შუა აზიის ქვეყნებში, ან თუნდაც კავკასიაში, სუახილი კი – აფრიკის სამხრეთში.

დავანებოთ თავი შუა საუკუნეების ლინგვა ფრანკას და საფრანგეთს დავუბრუნდეთ. თავდაპირველად ამ სიტყვით იმ ადგილს მოიხსენიებდნენ, სადაც ვაჭარი თავის საქონელს ალაგებდა და იქვე ყიდდა. დღემდე შემორჩენილია ფრაზეოლოგიზმი fermer la boutique, რაც “კანტორის დახურვას” ნიშნავს. საუკუნეების მანძილზე ეს სიტყვა ერქვა ღვინის სარდაფს, მხატვრის ატელიეს, ექიმის პირად კაბინეტს, ადვოკატის კანტორას და თქვენ წარმოიდგინეთ და საროსკიპო სახლსაც კი. XVI საუკუნის ფრანგი მწერლები, უფრო შორსაც კი მიდიოდნენ და ვულკანის, იგივე ჰეფესტოტის სამჭედლოსაც ბუტიკს ეძახდნენ.

ბუტიკის თანამედროვე მნიშვნელობა XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ასე დაერქვა მაღაზიას, რომელიც სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული, რომელსაც შემდეგ ვიტრინა დაუმატეს, სამოსი გამოკიდეს და ასე და ამგვარად იქცა ფრანგულ ენაში ჩვეულებრივი საწყობი მოდური და ძვირადღირებული მზა სამოსის მაღაზიად.

საინტერესოა ისიც, რომ აფთიაქისა და ბუტიკის მსგავსად კიდევ ერთი საწყობი გვაქვს ჩვენს ენაში “მაღაზიის” სახით, რომელიც ქართულში თურქული “მაღაზა”–დან წარმოსდგა, თუმცა თავად არაბული “მაჰზან”–იდან მომდინარეობს, რომლის მრავლობითი ფორმა “მაჰააზინ” არის. არაბულში “მაჰზან”–საც მსგავსი, საწყობის და სათავსის მნიშვნელობა აქვს. აქამდე მიკვირდა თუ რატომ ჰქვია ავტომატის მჭიდს რუსულში Магазин автомата, არადა ყველაფერი ძალიან მარტივად ყოფილა, Магазин автомата ტყვიების საწყობს ნიშნავს და მეტს არაფერს…

ხლართი #12

with 5 comments

ვითვალისწინებ რა აუდიტორიის თხოვნას, ხლართს ვაძნელებ. წინაზე მითხრეს “საბავშვო ბაღიაო”. ჰოდა, აი ბატონო და იმტვრიეთ თავი:

იქსის სახელწოდება შექმნა პროცესმა, რაზეც მე უკვე მქონდა საუბარი ერთ ხლართში. საინტერესო ის არის, რომ იქსი ხსენებულ პროცესთან ერთად საჭიროებს მეორე პროცესსაც, რომელმაც თავის მხრივ იგრეკის სახელწოდება შექმნა. იქსის სახელწოდება, იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ მას ვიცნობთ, ერთი ასოთი განსხვავდება იგრეკის სახელწოდებისაგან, ამასთან იქსს შეგიძლიათ შეხვდეთ თბილისის ქუჩებში, აი იგრეკი კი თბილისის ქუჩებში მე პირადად არ შემხვედრია. ახლა კი დამისახელეთ: 1) იქსიც 2) იგრეკიც 3) მათი საერთო სამშობლო ქვეყანაც.

[პასუხი წერია კომენტარებში]

Written by linguistuss

January 12, 2009 at 12:02 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers