ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for January 12th, 2009

ბუტიკი და აფთიაქი

with 9 comments

მიძნელდება გავიხსენო, თუ როდის გაიხსნა პირველი ბუტიკი თბილისში, სავარაუდოდ 90–იანების ბოლოს, ან ამ საუკუნის დასაწყისში. არც ის მახსოვს პირველ ბუტიკებში ე.წ. prêt-à-porter, ანუ მზა სამოსი იყიდებოდა თუ ჩვეულებრივი თბილისური “ზმანების” მაღაზია იყო. ალბათ გგონიათ, რომ დღევანდელი თემა თბილისურ “ბუწიკებს” ეძღვნება, ცდებით – ერთი საინტერესო სტატია ვიპოვე და შესაბამისად ვცდილობ გადმოვაქართულო. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა კავშირი აქვთ სიტყვებს “ბუტიკი” და “აფთიაქი”.

საუბარს სანამ დავიწყებდეთ, მოდით მოდის სამშობლოში, საფრანგეთში გადავინაცვლოთ, სადაც დღესდღეობით თითო ფრანგზე არ ვიცი რამდენი ბუტიკი მოდის, თუმცა ბუტიკების სამშობლო რომ საფრანგეთია, ამაზე არავინ დავობს. საინტერესო ის არის, რომ სიტყვა boutique პირველად 1242 წელსაა დაფიქსირებული ფრანგულში. ეს სიტყვა პროვანსული botiga, botica–სგან წარმოდგა, რომელიც ძვ. ბერძნული ἀποθήκη (apothēkē)–ეს სახეცვლილი ვარიანტია. თუკიდიდეს და ლუკიანეს დროიდან მოყოლებული თანამედროვე ბერძნულის ჩათვლით apothēkē საწყობს, ან სათავსს აღნიშნავს, რასაც სხვათა შორის აღნიშნავდა თავდაპირველა boutique ფრანგულში.

იტალიურ ენაში დღემდე დახლი ჟღერს, როგორც bottega და ესპანურში საწყობი კი – bodega. ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ ძვ. ბერძნული “აპოთეკე” ფრანგულში მოხვდებოდა მანამდე ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებულ ლინგვა ფრანკაში მოხვდა, საიდანაც მერე სხვადასხვა ვარიაციებით გააგრძელა თვითმყოფადი არსებობა რომანულ და არამხოლოდ რომანულ ენებში. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, უპრიანი იქნება იმის თქმაც, რომ “ლინგვა ფრანკა” იმ სპეციფიურ ენას ეწოდებოდა ამ რეგიონში, რომლის საშუალებითაც არაბი და თურქი ვაჭრები ევროპელებთან ურთიერთობდნენ შუა საუკუნეებში. იმის გათვალისწინებით, რომ არაბები ევროპელებს “ფრანკებს” ეძახდნენ, ენასაც ფრანკების ენა, ანუ “ლინგვა ფრანკა” ერქვა. დღესდღეობით კი ამ ტერმინით მოიხსენიება ენა, რომლის საშუალებითაც ურთიერთობენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ერთმანეთთან. მაგალითად რუსული ენა დღემდე რჩება ლინგვა ფრანკად შუა აზიის ქვეყნებში, ან თუნდაც კავკასიაში, სუახილი კი – აფრიკის სამხრეთში.

დავანებოთ თავი შუა საუკუნეების ლინგვა ფრანკას და საფრანგეთს დავუბრუნდეთ. თავდაპირველად ამ სიტყვით იმ ადგილს მოიხსენიებდნენ, სადაც ვაჭარი თავის საქონელს ალაგებდა და იქვე ყიდდა. დღემდე შემორჩენილია ფრაზეოლოგიზმი fermer la boutique, რაც “კანტორის დახურვას” ნიშნავს. საუკუნეების მანძილზე ეს სიტყვა ერქვა ღვინის სარდაფს, მხატვრის ატელიეს, ექიმის პირად კაბინეტს, ადვოკატის კანტორას და თქვენ წარმოიდგინეთ და საროსკიპო სახლსაც კი. XVI საუკუნის ფრანგი მწერლები, უფრო შორსაც კი მიდიოდნენ და ვულკანის, იგივე ჰეფესტოტის სამჭედლოსაც ბუტიკს ეძახდნენ.

ბუტიკის თანამედროვე მნიშვნელობა XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ასე დაერქვა მაღაზიას, რომელიც სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული, რომელსაც შემდეგ ვიტრინა დაუმატეს, სამოსი გამოკიდეს და ასე და ამგვარად იქცა ფრანგულ ენაში ჩვეულებრივი საწყობი მოდური და ძვირადღირებული მზა სამოსის მაღაზიად.

საინტერესოა ისიც, რომ აფთიაქისა და ბუტიკის მსგავსად კიდევ ერთი საწყობი გვაქვს ჩვენს ენაში “მაღაზიის” სახით, რომელიც ქართულში თურქული “მაღაზა”–დან წარმოსდგა, თუმცა თავად არაბული “მაჰზან”–იდან მომდინარეობს, რომლის მრავლობითი ფორმა “მაჰააზინ” არის. არაბულში “მაჰზან”–საც მსგავსი, საწყობის და სათავსის მნიშვნელობა აქვს. აქამდე მიკვირდა თუ რატომ ჰქვია ავტომატის მჭიდს რუსულში Магазин автомата, არადა ყველაფერი ძალიან მარტივად ყოფილა, Магазин автомата ტყვიების საწყობს ნიშნავს და მეტს არაფერს…

ხლართი #12

with 5 comments

ვითვალისწინებ რა აუდიტორიის თხოვნას, ხლართს ვაძნელებ. წინაზე მითხრეს “საბავშვო ბაღიაო”. ჰოდა, აი ბატონო და იმტვრიეთ თავი:

იქსის სახელწოდება შექმნა პროცესმა, რაზეც მე უკვე მქონდა საუბარი ერთ ხლართში. საინტერესო ის არის, რომ იქსი ხსენებულ პროცესთან ერთად საჭიროებს მეორე პროცესსაც, რომელმაც თავის მხრივ იგრეკის სახელწოდება შექმნა. იქსის სახელწოდება, იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ მას ვიცნობთ, ერთი ასოთი განსხვავდება იგრეკის სახელწოდებისაგან, ამასთან იქსს შეგიძლიათ შეხვდეთ თბილისის ქუჩებში, აი იგრეკი კი თბილისის ქუჩებში მე პირადად არ შემხვედრია. ახლა კი დამისახელეთ: 1) იქსიც 2) იგრეკიც 3) მათი საერთო სამშობლო ქვეყანაც.

[პასუხი წერია კომენტარებში]

Written by linguistuss

January 12, 2009 at 12:02 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 170 other followers