ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for January 16th, 2009

კონტრა

with 2 comments

სადღაც მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი “ნინტენდო” რომ მიყიდეს ჩემმა მშობლებმა. ზუსტად ამ დროს გახდა პოპულარული თამაში “კონტრა”. ორგანზომილებიან ეკრანზე პატარა კაცუნებს ამოძრავებდი, ქვემეხებს აფეთქებდი და აგროვებდი ქულებს. ამ თამაშის მთელი ხიბლი, გნებავთ მუღამი იმაში მდგომარეობდა, რომ ორ ადამიანს შეეძლო ერთდროულად თამაში და გუნდურ ქმედებას მოითხოვდა მოთამაშეების მხრიდან, ჰოდა მე და ჩემს ძმასაც მეტი რა გვინდოდა, გვეჭირა ჯოისტიკები და მიდიიი… თუმცა იმ დროს ერთი პრობლემა გვქონდა, რაც ჩვენს სრულ ბედნიერებას და მყუდროებას არღვევდა – ენერგოკრიზისი – ამიტომაც შუქის მოსვლა, თუ ელექტროსადენებში მუხტების მწყობრი მოძრაობა ერთი და იმავე სიხშირითა და ცვალებადი მიმართულებით (ჰო, ფიზიკური დავამთავრე!), როგორ გვახარებდა თქვენ წარმოიდგინეთ…

ამ თამაშის გახსენება სულ არ იყო ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი, ნამეტანი ბავშვობაში გადავვარდი, ისიც გამახსენდა ერთხელ ამ თამაშს რომ შევყევი და სკოლაში რომ არ წავედი, თუმცა გარდა იმისა, რომ “კონტრას” მე და ჩემი ძმა ერთად ვთამაშობდით ხოლმე, ხანდახან ერთმანეთსაც ვეჯიბრებოდით და ხშირად, სადღაც ფინალისკენ გასულს, როცა თამაში გვბეზრდებოდა, მაგრამ მოგების სურვილი და ჟინი კვლავაც გვაკავებდა ჯოისტიკებჩაბღუჯულ მდგომარეობაში, ასეთ ფრაზას მოისმენდით ჩვენგან: “მოდი კონტრა ვითამაშოთ”…

ეს “კონტრა” თამაშის სახელწოდება არ გეგონოთ. ეს სიტყვა ხშირად მსმენია, განსაკუთრებით ნარდის მოყვარულებისგან და ის გადამწყვეტ თამაშს აღნიშნავს, სუპერფინალის მსგავსს. ზუსტად დღეს მოვკარი ყური ამ სიტყვას, როგორ და რა ვითარებაში არ დავაკონკრეტებ.  ჩემს ტვინში უმალვე ლინგვისტური სასხლეტები ამოძრავდა და ჩავფიქრდი. იქიდან გამომდინარე, რომ ის ხანშიშესული ადამიანებისგანაც მომისმენია, ვივარაუდე, რომ სიტყვა ძველ თბილისში ერთობ “ხოდში” უნდა ყოფილიყო, ჰოდა მყისვე მისი ფრანგული ძირების ძებნა დავიწყე და სულ რამდენიმე წამში გონებაში ფრანგული კონსტრუქცია – contre à – გამომესახა, რაც იმის საპირისპიროს და საწინააღმდეგოს ნიშნავს ამ à–ს რომ მოსდევს, ირიბი საქცევით გამოხატული. ალბათ, ეს ის “კონტრაა”, რომელსაც მოთამაშეები ერთმანეთის პირისპირ თამაშობდნენ, ანდაც ის შედეგია, რომლის “კონტრა”–საც თამაშობდნენ თამაშით გადაქანცულები, ვინ იცის…

სიტყვა “კონტრა” ქართულ განმარტებით ლექსიკონში და ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში, ამ მნიშვნელობით დაფიქსირებული არ არის. როგორც ჩანს, გურჯისტანელმა ლექსიკოგრაფებმა კონტრას ჟარგონის თუ არგოს იარლიყი მიაწებეს, ან რუსულ ბარბარიზმად მონათლეს და ლექსიკონში შეტანის პატივიც არ დასდეს, არადა ენის თავისებურება ზუსტად ის არის, რომ ისრუტავს, გარდაქმნის, ახალ ფორმაც აძლევს და ახლიდან შობს ამა თუ იმ ენიდან შემოსულ სიტყვებს, როგორც ეს “ბათინკის”, ან “სტაქანის” შემთხვევაში გვაქვს, “ვაფშეც” რომ არ დავივიწყოთ. თან ვერ გამიგია, რა ნიშნით არ მოხვდნენ ზემოხსენებული სიტყვები ჩვენს სასიქადულო გამოცემებში, როდესაც კონტრვარიანტი, “პორტმანი” დაფიქსირებულია ორივეგან, არადა პორტმანი ფრანგული porte-monnaie–ედან ისევეა წარმოქმნილი, იმავე მასალისგან და იმავე თბილისური სლენგის ყალიბში ჩამოსხმული, როგორც კონტრა, სიტყვა, რომელმაც ასე ამიშალა საღერღელი და ვეღარ ვწყნარდები, მახსენდება და მახსენდება ფრანგულიდან შემოსახლებული სიტყვები და დროზე თუ არ გავჩერდი, მთელი “ლარუსის” ჩამოწერა მომიწევს…

Written by linguistuss

January 16, 2009 at 11:27 pm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers