ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for January 25th, 2009

ხლართი #15

with one comment

ხლართების წერა არ შემიწყვეტია, ასე რომ აი, ბატონო და იფიქრეთ:

კითხვის დაწერამდე ჩემს წიგნის კარადას გადავავლე თვალი და ორი წიგნი შემომხვდა. ორივე წარმოადგენს რომანს და ორივეს ერთი ავტორი ჰყავს. ქართულ თარგმანში პირველ რომანს ეწოდება “იქსი” და მეორეს “იგრეკი”. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისურ ორიგინალში იგრეკს ჰქვია ისევე, როგორც ეწოდება იგრეკის დაწერამდე დაახლ. 340 წლით ადრე დაწერილ პიესას. იქსი და იგრეკი ფიგურირებს ერთი ძვ. რომაელის ხატოვან ფრაზაში (იგრეკი პირდაპირ და იქსი იგულისხმება).
დამისახელეთ 1) ძვ. რომაელი 2) მისი ფრაზა 3) იქსი 4) იგრეკი 5) იქსის და იგრეკის ავტორი 6) ხსენებული პიესა

[პასუხი წერია კომენტარში]

Written by linguistuss

January 25, 2009 at 11:19 pm

ბარაქა და ბარაკ ობამა

with 4 comments

ამასწინათ იმედზე “ღამის შოუს” მოვკარი თვალი, თუ როგორ სწერდნენ ბარაკ აბამას წერილს შოუს წამყვანები. ბევრი იხუმრეს თუ ცოტა, ამ ხუმრობა–ხუმრობაში მიადგნენ წერილის ბოლოს და გამართეს ბჭობა თუ როგორ დაესრულებინათ ეს ეპისტოლარული ქმნილება, ძალიან რომ წააგავდა ზაპოროჟიელების უსტარს, თურქეთის სულთანისადმი მიწერილს. ჰოდა, აქ მოხდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ერთ–ერთმა მათგანმა, ირაკლი კაკაბაძემ თქვა, რომ მოდი წერილის ბოლოში მივაწეროთ: “გისურვებთ ხვავს და ბარაქასო”. მეორემ უთხრა, რომ ვერ გაიგოსო, რაზედაც ამ უკანასკნელმა პასუხი დაუბრუნა – ხვავს თუ ვერ გაიგებს, ბარაქას ხომ გაიგებსო?!

შოუს სცენარისტებმა იხუმრეს, არადა რა იცოდნენ, რომ სიტყვა ბარაქა და აშშ–ს 44–ე პრეზიდენტის პირველი სახელი ერთი და იმავე არაბული სიტყვისგანაა წარმოშობილი. თუმცა სანამ ამაზე საუბარს გავაგრძელებდე, მანამდე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბარაკ ჰუსეინ ობამა უმცროსი ჰავაის კუნძულებზე დაიბადა კენიელი მამის ბარაკ ჰუსეინ უფროსის ვაჟკაცობისა და ღვთის წყალობით. ამასთან, კენიის მოსახლეობის სულ რაღაც 10 %–ია მუსლიმანი. მუსლიმებს კი, როგორც მოგეხსენებათ, რელიგიასთან ერთად არაბულ ენასთან სიახლოვეც ახასიათებთ, რაც ხშირად იმის მიზეზი ხდება, რომ კენიაში და ნიგერიაში ჰუსეინები და ბარაკები იბადებიან, სწორად ამის შესახებ საუბრობს პრეზიდენტი ობამა თავის წიგნში Dreams from My Father, სადაც იგი წერს, რომ მამაჩემი კენიაში მუსლიმთა ოჯახში დაიბადაო და მიუხედავად იმისა, რომ მამა–ობამა აშშ–ში ჩასვლისას ათეისტი იყო, როგორც ჩანს ეს არ აღმოჩნდა ბარიერი იმისათვის, რომ შვილისათვისაც ის ღრმად რელიგიური არაბული სახელი დაერქმია, რასაც თავად ასეთი სიამაყით ატარებდა თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში.

ჩემი ბოლო რამდენიმედღიანი არაბულით გატაცება რომ არა, ამას ალბათ ვერც აღმოვაჩენდი, თუმცა აგერ ბატონო, მეჩვიტმეტე გაკვეთილის ფინალში წავაწყდი ასეთ არაბულ ანდაზას:

baraqa

ტრანსკრიპტი: ალ–ჰარაქათუ ბარაქათუნ. თარგმანი: მოძრაობა ღვთის წყალობაა. ჩვენთვის საინტერესო სიტყვას, “ბარაქათუნს” ლექსიკონში შემდეგი განმარტებები აქვს: 1) ლოცვა–კურთხევა 2) დალოცვა 3) ღვთის წყალობა 4) მადლი 5) სიუხვე, ბარაქა… ზოგს შეიძლება ისიც მოეჩვენოს, რომ ეს ბოლო “ათუნ” ზედმეტიაო, თუმცა არაბული ენის გრამატიკაში ეს ბოლო “ათ”–ი მდედრობითი სქესის დაბოლოებაა და “უნ”–ი კი განუსაზღვრელობის აღმნიშვნელო ნაწილაკი, ჰოდა ამ სიტყვის ფუძეში ზუსტად ის “ბარაქ” არის, რაც ჰქვია პრეზიდენტს. ასე რომ აშშ–ს 44–ე პრეზიდენტის სახელი “ბარაკ” კი არ არის, “ბარაქ”–ია და თუ კარგად იპრეზიდენტებს მისი მმართველობას პერიოდს შეიძლება ბარაქიანიც ეწოდოს…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 160 other followers