ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for January 28th, 2009

წირპლები

with 7 comments

დღეს ჩემს ძველ ფაილებში ვიქექებოდი და აი, რა ვიპოვე. გამახსენდა ერთ მშვენიერ დილას რომ გავიღვიძე და რომ დავასკვენი: სიზმრები თვალებზე მიმხმარი წირპლებია მეთქი, ჰოდა შესაბამისად თამაშ–თამაშში რითმებიც აეწყო… მერე ხელსაწყოს ვიგონებდი, რომელსაც გამხმარი წირპლებიდან სიზმრები უნდა წაეკითხა. ხელსაწყოს სახელიც კი მოვიფიქრე – “დეწირპლატორი”! ერთი სიტყვით, იყო დრო ასე ვერთობოდი:

წირპლები

ჩემი რითმების მდინარეს გუშინ
თეთრი ლექსები მოსდევდა მხოლოდ,
მეღვენთებოდა ნაღველი გულში,
როგორც სანთელი ასანთის კოლოფს.

ასე გადაღლილს ჩამომეძინა
არარსებული რითმის ლოდინში,
არვის ალერსი არ მხვდა მე წილად,
მშვიდად მეძინა მარტოს ლოგინში.

საძილღვიძილოს არსთა გამრიგემ
გადამისროლა ერთ ქვეყანაში,
იქ რა მინდოდა მთლად ვერ გავიგე,
თუმც მომეწონა მდედრი ყანაში.

სანამ მეძინა, წირპლები თვალზე
ხმებოდნენ, როგორც მართებთ მიხმობა;
სიზმარში მზერა შეჩერდა ქალზე,
ქალზე, რომელიც ჩუმად მიხმობდა…

ვერ გავუძელი ბოლოს ცდუნებას,
ყველა სიზმარი ერთად ავკინძე,
ვერ შევეპუე მამრის ბუნებას
და ქალს ყანაში შევხსენ საკინძე…

დილა გათენდა, სიზმარი მორჩა.
მოგონებებში ისევ ვიფლები,
ღამის სიზმრისგან მხოლოდ ეს მომრჩა-
წირპლები, წირპლები, წირპლები.

29 ივლისი, 2004 წელი.

Written by linguistuss

January 28, 2009 at 5:35 pm

Posted in პოეზია

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 171 other followers