Archive for January 29th, 2009
ქართული პალინდრომები
ვახო ხოხავ?!
2007 წლის 29 აპრილს თბილისის ფორუმზე მე ვწერდი:
ჩემი პალინდრომებით გატაცება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, არ არის საინტერესო. უბრალოდ სიმეტრია მიზიდავდა ბავშვობიდან და შესაბამისად ერთობ საინტერესო იყო ფრაზები, რომლებიც წაღმა–უკუღმა ერთნაირად იკითხებოდა, თუმცა… ქართულ ენაში გვიჭირს ასეთ ფრაზებში. ერთხელ მახსოვს რუსულ საიტს მივაკვლიე, იმდენი რუსული პალინდრომი იყო რომ შურით გავსივდი…
ერთხელ ისიც მახსოვს, ოდესღაც 16 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა წიგნის თაროდან ძველისძველი წიგნი რომ გადმომიღო და იქიდან გაყვითლებული და მტვერდადებული გაზეთის გვერდი ამოაძრო. გაზეთ “თბილისის” რომელიღაცა ნომერი აღმოჩნდა, 20 თუ 30 წლის წინანდელი. იმ გაყვითლებულ გაზეთის ნაგლეჯზე ვახტანგ ჯავახაძის 10 თუ 15 პალინდრომი ეწერა. იმის მერე ქართულ პალინდრომებს სულ სანთლით დავეძებ, მაგრამ ამაოდ – სულ რამდენიმეს მივაკვლიე.
გალაკტიონის “აი დროშა აშორდია”, “აირევი ივერია”, “აი რა მზის სიზმარია” და “აერების სიბერეა” თუ გაახსენდება ადამიანს და სულ ეგ არის.
ერთხელ ისიც მახსოვს, ხსენებული შურით აღვსილი რომ ვიყავი და ქობულეთში მივდიოდი. ღამე ვმგზარობდი. მარშრუტკაში მარტო ვიჯექი, ან საიდან აღმოვჩნდი ასეთ ცარიელ სამარშრუტო ტაქსში შუაღამისას, თუმცა ეს სიცარიელე და სიბნელე სასარგებლო აღმოჩნდა. არაფრის კეთებაში და უმახათო მდგომარეობაში დავიწყე ქართული პალინდრომის მოგონება. ლამის ტვინი ამიდუღდა, მაგრამ 5 საათიანი ნაყოფიერი ფიქრის შემდეგ ორი პალინდრომი მოვიფიქრე:
“აბომ არია ბაირამობა” და “ირმამ ადიდა მამრი”
როგორც აღმოჩნდა არც თუ ისე ადვილი ყოფილა ქართულ ენაზე პალინდრომის შექმნა, ანუ ისეთი ფრაზის მოფიქრება რომელსაც აზრიც ექნება და ამავე დროს წაღმა–უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ჰოდა… მოგმართავთ ფორუმელებო, მომეხმარეთ ქართული პალინდრომების შეგროვებაში, უფრო სწორად ერთად შევაგროვოთ, ან ბოლოსდაბოლოს მოვიგონოთ!
მოკლედ გისმენთ, ვინც რა იცით დაწერეთ, ოღონდ ქართულად!!!
ახლა აღმოვაჩინე და ძალიან გავერთე. ამიტომაც ვისურვე, რომ ჩემს ბლოგზე ეს წამოწყება იდოს. ამასთან გაგიკვირდებათ და ფორუმზე შეგროვებულმა პალინდრომების მონაგარმა გამაკვირვა. აქ დავწერ მხოლოდ იმ პალინდრომებს, რომლებიც მომეწონა.
გიორგი საჯაია
პალინდრომი, სახელად “ეზრა პაუნდი”ეზრა…
მზის
მიამბეთ,
მთებმა,
იმ,
სიმაღლე!
თანაც,
როგორ
აირია
და
დაირია
სიბერე,
მეფემ
ეფემერების,
აირია
და
დაირია
როგორ,
ცა,
ნათელ
ღამის -
მიამბეთ,
მთებმა,
იმ
სიზმარზე!
ამ პალინდრომში ყველა ტაეპი არ ჯდება პალინდრომის დეფინიციაში, თუმცა იმდენად მომეწონა, რომ ამაზე თვალებს ვხუჭავ:
ზაზა ქინქლაძე
ტახტწართმეული აიეტის მოთქმაა, ბედო, გოდება
და მოზარე მე რაზომად
ო, სვეზე, ზევსო!
ეს რაა და რა დააარსე?
მაცილე ბედი და მადიდებელი ცამ,
იავარ ძმამ- ესრე პერსემ ამძრა! ვაი!
ვაი, აიავ,
რახან აყევ ქარსა, რა ქვეყანა ხარ?
ო, აწი მოდი, დიდო მიწაო !
პატარ–პატარა პალინდრომებს თავს მოვუყრი და ამ დღეებში შემოგთავაზებთ ერთად, ნაკრების სახით, მანამდე ასე იყოს.

