Archive for February 23rd, 2009
ბიუსტჰალტერების ღობე

სალვადორ დალი, თავის ერთ–ერთ ბიოგრაფიაში, აყალიბებს რა პარანოიდალურ–კრიტიკულ მეთოდს გამოთქვამს ასეთ იდეას: ვაცხობთ 5 მეტრი რადიუსის პურს და ვდებთ შუაღამისას, როცა ყველას სძინავს, ქალაქის პერიფერიულ მოედანზე. მეორე დილით ქალაქის მცხოვრებლები იღვიძებენ და იწყება მითქმა–მოთქმა უსაშველო ზომების პურის შესახებ. გადის ორი დღე ყველას ავიწყდება პურის არსებობის შესახებ, თუმცა სულ ამაოდ. ვაცხობთ 7 მეტრის რადიუსის პურს და ვიძრებით ცენტრისკენ. შედარებით ცენტრალურ მოედანზე მოთავსებული პური უფრო დიდ აურზაურს იწვევს. საქმეში ერთვებიან ოფიციალური პირები, მედია, სამღვდელოება. ერთი სიტყვით ზოგს ბომბი ჰგონია, ზოგს უცხოპლანეტელთა საჩუქარი, ზოგს ციური სასწაული. საბოლოოდ ეს პურიც ავიწყდება ხალხს, თუმცა დროებით. კვლავ ვაცხობთ უფრო დიდ პურს და ამჯერად ქალაქის ცენტრში ვდებთ, მთავარ მოედანზე და ა.შ. ხალხს გასართობი არ აკლდება…
ზემოხსენებულ პასაჟში ექსცენტრიულ სალვადორ დალის იმის ჩვენება უნდოდა, რომ ხალხს, მასას თუ ბრბოს, ნუ რასაც დაარქმევთ, ერთი ბეწო უნდა რომ ყოველგვარ უაზრო და აბსურდულ ჯგუფურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა და ამით სიამოვნება მიიღოსო. ასე მოხდა ახალ ზელანდიაშიც, ერთ–ერთ პერიფერიულ ჰაივეიზე, კარდრონას სიახლოვეს, სადაც 1999 წლის დეკემბრის ბოლოს, გზის პირას ოთხი ცალი ბიუსტჰალტერი შენიშნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. არ გასულა ცოტა ხანი, რომ ოთხმა ბიუსტჰალტერმა იბარტყა და სადღაც თებერვლისთვის მათი რიცხვი 60–მდე ავიდა. ამ ამბავმა საბოლოოდ ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო და საქვეყნოდ გაბაზრდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეზობელი ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ ფერმერები ბიუსტჰალტერების ღობის სანახავად.
2000 წლის ოქტომბერში ღობე 200 ბიუსტჰალერს ითვლიდა, რის შემდეგაც საქმეში ადგილობრივი სამართალდამცავები და კანონდამცველები ჩაერივნენ და ღობიდან გამოფენილი “სიმდიდრე” ჩამოხსნეს. ხალხმა აქაოდა ჩვენს სიწმინდეს როგორ შეეხეთო, უბიუსტჰალტერებოდ როგორ გავძლოთო, ეგრე არ უნდაო და პროტესტის ნიშნად უფრო და უფრო მეტი ბიუსტჰალტერი გამოჩნდა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე. 2006 წელს მათი რიცხვი 800–ს მიუახლოვდა და ჰაივეიზე ტურისტები გამოჩნდნენ და ახალზელანდიური ნატვრის ხე სხვადასხვა ქვეყნისა და წარმომავლობის ბიუსტჰალტერით შეიმოსა, “ვანდერ ბრა”–დან დაწყებული მამა–პაპური აფრიკული ლიფებით დამთავრებული, რას არ იხილავდა იქ კაცის თვალი.
ბიუსტჰალტერების რიცხვმა ორი ათას ერთეულს რომ გადააჭარბა პირველი ქურდობის ფაქტიც კი დაფიქსირდა, როცა ახალზელანდიელმა ფერმერებმა დაიძინეს და რომ გამოიღვიძეს ღობეზე 200 ერთეული აზღუდი მოპარული დახვდათ. მიხვდნენ რომ ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლებოდა და ღობეს თვალყურის მადევნებელი ოფიციალური პირი დაუნიშნეს. ეს საპატიო მისია ადგილობრივმა ფერმერმა ჯონ ლიმ იტვირთა.
ამ ამბავმა სამწუხაროდ დიდხანს არ გასტანა. ბიუსტჰალტერების სანახავად დაძრული ტურისტების რიცხვი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ყველა ქუჩაზე და შარაგზაზე საცობები შეიქმნა. ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა, მიხვდნენ რა რომ ამხელა “ტრაფიკს” კარდონას პატარა ჰაივეი ვერ გაუძლებდა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, გასცეს ლიფებისა და ბიუსტჰალტერების ჩამოხსნის ბრძანება და ამით ამ მარაზმს ბოლო მოუღეს, თუმცა რად გინდა. ამ ისტორიას ეძღვნება სტატია ინგლისურ და ფრანგულ წიკიპედიებში. საიტების რიცხვი, სადაც ეს ამბავი გაკვრით მაინც არის მოხსენიებული ათასზე მეტია და დღითი–დღე მრავლდება. არ წყდება სინანულით აღსავზე თავსა დამართ ცემები “ვაი, რა კარგი საჩინო” ბიუსტჰალტერების ღობის იავარქმნის შესახებ. ერთი სიტყვით სალვადორ დალი მართალი იყო…
მეცნიერება და ისლამი

წინა პოსტში ამ ფილმზე ვსაუბრობდი. BBB Documentary-ის “მეცნიერება და ისლამი” შედგება სამი ნაწილისაგან: 1) “ენა და მეცნიერება”, 2) “გონების იმპერია”, 3) “ეჭვის ძალა”. სამივე ფილმი ატვირთულია allshares.ge–ზე. წამყვანი, სურრეის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯიმ ალ–ხალილი გასაგებად და თვალსაჩინოდ მოგვითხრობს ისლამის ოქროს ხანაში მეცნიერების განვითარების ისტორიას. ეს არის ამბავი იმისა, სანამ ქრისტიანულ ევროპაში სიბნელე იყო ჩამოწოლილი, თუ რა ხდებოდა იმ სამყაროში, რომლის შესახებაც ჩვენ შედარებით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ალ–ჰაიზემმა, ალ–ბირუნიმ, ალ–ტუსიმ, ომარ ხაიამმა, ალ–ბატანიმ და სხვებმა მოამზადეს პლატფორმა, რომელმაც სამეცნიერო რევოლუცია მოახდინა ევროპაში კოპერნიკის, გალილეის, ნიუტონის, კეპლერისა და მათი თანამოძმეების სახით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ასე რომ გირჩევთ…
Science and Islam – The Language of Science.avi
Science and Islam – The Empire of Reason.avi
Science and Islam – The Power of Doubt.avi

