ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჯამი, ჯემი და ჯამაათი

with 6 comments

საოცარი ენაა ქართული. შეიძლება ამ შეფასებაში სუბიექტური ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა იმ სხვა ენებისაგან განსხვავებით რომლებთანაც აქტიური შეხება მაქვს, მხოლოდ ქართულში მიჭირს “უცხო სხეულების” გარჩევა ჭეშმარიტად იბერიულ–კავკასიური ძირის მქონე სიტყვებისაგან. ეს უცხო სხეულები კი იმდენად აღარ არიან უცხოები, რომ საკუთარი სიტყვებისაგან ვეღარ ვანსხვავებთ. დღეს ერთი წარმომავლობის მქონე უცხო სხეულების ჯგუფზე მექნება საუბარი, რომელთა შესახებაც ქვემოთ გიამბობთ.

ტიციან ტაბიძის ლექსში, “ალავერდობა”, ვკითხულობთ ასეთ ფრაზას: “…ნეტავ რამ წვიმა, ანდა რამ თოვა / ამდენი ხალხი და ჯამაათი. / შესმენ ალაზანს, ღვინოდ თუ მოვა, / და ახლა კიდევ, ჭამა თქვი მათი”. აბდ–ორ–რაჰმან ჯამის ერთ ლექსში, რომლის თარგმანიც ვახუშტი კოტეტიშვილს ეკუთვნის არის ასეთი ბეითი : “ჰე, მერიქიფევ, მომაწოდე ის დიდი ჯამი, / ჩემს არსებას რომ განმაშორებს, თუნდ ერთი წამით…”. ასევე აქვე პითაგორას თეორემასაც გავიხსენებ, რომელიც ამბობს, რომ “მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია”. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ზემოხსენებულ ფრაზებში გამუქებული სიტყვების არაქართული წარმომავლობა…

კიდევ ერთი ლექსი მახსენდება, ირაკლი ჩარკვიანის “დაე, იცოცხლონ”:

გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზქურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

ჯემის შესახებ ყოველი თქვენთაგანი იტყვის, რომ ინგლისურიაო და ამით საუბარს დასრულებულად ჩათვლის, თუმცა სულ ამაოდ. ვებსტერის ლექსიკონში ამ სიტყვის წარმომავლობის შესახებ არაფერი იციან, თუმცა ენკარტას ლექსიკონში წერია, შესაძლოა დასავლურ აფრიკული “ჯამა”–დან მოდის, რაც ხალხის შეკრებას ნიშნავსო. ჩრდილო და დასავლურ აფრიკულ ენებში არაბული ენა ისევე “ცვეტში” იყო ოდესღაც (და დღემდე არის!), როგორც მთელ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სიტყვა არაბების გზით მოხვდა ინგლისურში. ამის ვარაუდის უფლებას კი არაბული ზმნა “ჯამაყა” გვაძლებს, რომელიც შეგროვებას ნიშნავს.

არაბულ ენას გააჩნია ერთი უნიკალური თავისებურება. ამ ენაში სიტყვათწარმოება უპირატესად სამთანხმოვნიანი კომბინაციების მეშვებოთ ხდება, სადაც საწყისი სამი თანხმოვნის ტრიადა ერთ რაიმე ცნებას გამოხატავს. მაგალითისთვის ავიღოთ ცნება წერა, რომელიც სამი თანხმოვნით – “ქ, თ, ბ”–თია გამოხატული:

ქათაბა – დაწერა (მან, ის)
ქაათიბ – მწერალი
ქითააბ – წიგნი
მაქთაბ – საწერი მაგიდა, კანტორა, სკოლა
მაქთუბ – წერილი
ქუთთაბ – დაწყებითი სკოლა (სადაც წერას სწავლობენ)
მაქთაბათ – ბიბლიოთეკა (სადაც ნაწერები ინახება)

სიტყვების  მსგავსი გაერთიანებები დამახასიათებელია არაბული ენისათვის და თუ რომელიმე ტექსტში უცხო სიტყვას შეხვდებით, უპირველესად ამ ფუძისეული თანხმოვნების ამოცნობაა საჭირო, რათა შემდგომ სასურველი სიტყვა ლექსიკონში მოძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ლექსიკონში სიტყვას ვერ მოძებნით, ვინაიდან სიტყვები არაბულ ლექსიკონებში ამ ფუძეების მიხედვითაა დალაგებული. ფუძის პოვნის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, თუმცა ეს უკვე სხვა სალაპარაკო თემაა…

ზუსტად ასეთ ფუძეს წარმოადგენს ტრიადა – “ჯ მ ყ”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ყ–ს ნაცვლად არაბულში მისი მსგავსი თანხმოვანია ე.წ. “აინი”, რომელიც ქართულში არ გვაქვს, ამიტომაც თქვენის ნებართვით ამ ბგერას ქვემოთ ყ–დ მოვიხსენიებ. ფუძე “ჯ, მ, ყ” შეგროვების იდეას გამოხატავს. ზუსტად ამ ფუძის ნაირ–ნაირი ვარიანტებია წარმოდგენილი იმ ამონარიდებში, რომელიც ამ წერილის დასაწყისში შემოგთავაზეთ, ასე მაგალითად:

  • ჯაამიყ – “შემგროვებელს” აღნიშნავს, შემდგომ ეს სიტყვა შევიდა სპარსულში თასის მნიშვნელობით, ანუ ჭურჭლის, რომელიც წყალს, ან თუნდაც ღვინოს აგროვებს და  შემდეგ ესტუმრა ქართულ ენას.
  • ჯამიიყ – “შეგროვებულს” აღნიშნავს. შესაბამისაგ უკვე გასაგები ხდება ჯამის ცნება ალგებრაში. არაბები რომ არა ჯამის მაგივრად, ალბათ შედეგს ვიტყოდით.
  • ჯამააყათ – არაბულ და სპარსულ ენებში “საზოგადოების” აღსანიშნავად გამოიყენება.
  • ჯაამიი – ასე წარმოითქმის მე–15 საუკუნის სპარსი პოეტის, აბდ–ორ–რაჰმან ჯამის ზედწოდება, რომელიც ქალაქ ჯამის მკვიდრს აღნიშნავს. ქალაქ ჯამის სახელწოდება კი გასაგებია, რომ ხალხის შეგროვების ადგილს უკავშირდება.

მოცემულ ტრიადას, “ჯ, მ, ყ”–ს კიდევ სხვა მრავალი ვარიაცია აქვს, რომლებიც არაბულში უნივერსიტეტს, შეხვედრას,  ჯგუფს და ა.შ. აღნიშნავენ, თუმცა საბედნიეროდ ქართული ენა “ჯ,მ,ყ” ფუძის სხვა ვარიაციებით არ დანაგვიანებულა ოდესღაც, ამიტომაც მათ ჩამოთვლას აქ აღარ შევუდგები.

ყველაფერი ამის გაანალიზების შემდეგ დამებადა შეკითხვა, რამდენად “ქართულია” ამონარიდებში წარმოდგენილი სიტყვები: ჯამი, ჯამაათი, ჯემი… ჯემს რომ თავი დავანებოთ ჯამი იმდენად ბუნებრივად ჟღერს, რომ არასოდეს შეიკავებს თავს მისი წარმოთქმისაგან “უცხოური” სიტყვების ყველაზე მოშიშარი ფილოლოგიც კი, არადა თუ დავუშვებთ, რომ ჯამი უკვე ქართული სიტყვაა, მაშინ მოგვიწევს იმაზე დათანხმებაც, რომ ოდესმე “ოფერი”, “ვაფშე”, “გაიასნება”, “ბრეიქი” და კიდევ მრავალი სხვა სიტყვა, რომლებიც კალიებივით არიან შემოსეული რუსული და ინგლისური ენებიდან, ოდესმე ისინიც ქართული გახდება… ეს კი, როგორც მინიმუმ ჩვენი მომავალი თაობების სხვა ენაზე ლაპარაკს გულისხმობს!

About these ads

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პირდაპირ ხელიდან გვაცლი მშობლიურ სიტყვებს. : )))

    noemberi

    March 1, 2009 at 1:31 am

  2. დიახ, ქართული სიტყვების ლუსტრაციით ვარ დაკავებული :)

    linguistuss

    March 1, 2009 at 1:46 am

  3. ქართული ბრჭყალებში უნდა ჩაგესვა :P

    noemberi

    March 1, 2009 at 2:03 am

  4. საღოლ! (ასევე არაქართული სიტყვაა) :D

    ERM0NIA

    March 1, 2009 at 3:50 pm

  5. ერთ–ერთი საუკეთესო სტატიაა მგონი:)
    ძალიან საინტერესო იყო. და წერილის ბოლო! ოღონდ ეგ კალიები არა და …

    keti

    March 1, 2009 at 6:08 pm

  6. dzalian saintereso iqneba statia tu ra aris dzirdzveli qartuli sityvebi..

    salome

    April 12, 2013 at 8:12 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 171 other followers

%d bloggers like this: