Archive for March 2nd, 2009
იტალიურის თვითმასწავლებელი
დღეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა torrents.ru-ზე კატერინ კატერინოვის “იტალიური ენა უცხოელებისათვის” რომ შემომხვდა. ამ წიგნით ვსწავლობდი იტალიურს. ქალბატონმა ნინომ, ჩემმა პროფესორესამ ეს წიგნი რომ მომცა ასე მითხრა, ეს წიგნი საქართველოში მარტო მე მაქვსო, ჰოდა ვერ იშოვიო და დააქსეროქსეო. სამი ტომი იყო, ორი - თვითმასწავლებელი და მესამე – გრამატიკა და სავარჯიშოები. ამასთან აუდიო მასალა მოყვება, რომელიც აუდიო კასეტაზე მოყვა იმ წიგნს, გადასაქსეროქსებლად რომ მათხოვეს. წიგნს ეტყობოდა რომ ძალიან ბევრი მოსწავლის ხელში იყო გამოვლილი და აქა–იქ რაღაცეები არ ჩანდა, ქსეროქსზეც შესაბამისად შიგადაშიგ ვმკითხაობდი მერე აქ რა წერია მეთქი. მერე ეს ქსეროქსები ავკინძე ორ ტომად და სახლში დღემდე დიდი მოწიწებით უკავია საპატიო ადგილი ჩემს წიგნებს შორის, ჰოდა დღეს ამ სამტომეულის ციფრული ვერსია აღმოვაჩინე… ერთი სიტყვით ძალიან გამიხარდა.
წიგნს რაც შეეხება, ძალიან კარგი წიგნია. მთავარი აქცენტი გრამატიკაზეა გაკეთებული და თანამედროვე ლექსიკაზე, ანუ ვერ შეხვდებით ბოკაჩოს და დანტეს ეპოქის სიტყვებს. ამასთან წიგნს ბევრი სავარჯიშო მოყვება, რომლებიც უაზროდ სწორხაზოვანი დავალებები არ გახლავთ. თითოეული სავარჯიშო ცალკე აღებული მათემატიკური ამოცანასავით არის, “მოტვინვა” რომ სჭირდებოდა და გააზრება. მოკლედ ყველას გირჩევთ. ქართულ სერვერზე ავტვირთე სამივე ტომი და შეგიძლიათ დაესიოთ, თუ ვინმე აპირებთ იტალიურის სწავლას, ეს არის წიგნი, რომლითაც იტალიურის სწავლა უნდა დაიწყოთ.

Download:
La lingua italiana per stranieri

