ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for March 4th, 2009

მანქურთი და ტიბლა

with 8 comments

1980 წელს ყოფილ საბჭოეთში ჩინგიზ აითმატოვის რომანი, “და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფლისა” გამოიცა. რომანში მწერალმა მოახდინა თურქმენულ ტომებში გავრცელებული მითის პოპულარიზაცია, რომელიც მანქურთებს უკავშირდება. მანქურთი იდეალური მონაა, რომელსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს, საკუთარი წარსული, ენა, ისტორია, დედ–მამის ვინაობაც კი. იგი საკუთარი ბატონის გოშია ძაღლია და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებს. რომანში აგრეთვე აღწერილია მანქურთად ქცევის მტკივნეული და არაადამიანური პროცესი, რომლის მსხვერპლიც ძირითადად ტყვეები ხდებოდნენ. მომავალ მანქურთს თავს პარსავდნენ და თავზე აცმევდნენ აქლემის ტყავს. ხელებს უბამდნენ, ისე რომ თავს ვერ მიწვდომოდა და ასე უშვებდნენ სტეპში. მზე როდესაც დააჭერდა, აქლემის ტყავი იკუმშებოდა, ამასთან ეს ტყავი ხელს უშლიდა თმის ამოსვლას, ხდებოდა თმის შიგნით ჩაბრუნება და ეს ყველაფერი საშინლად მტკივნეული გახლდათ. თუკი ტყვე ამ პროცესს ცოცხალი გადაურჩებოდა, შედეგად მას არაფერი ახსოვდა და იგი, როგორც უკვე აღვნიშნე საკუთარი ბატონის იდეალური მსახური ხდებოდა.

დღესდღეობით “მანქურთი” სალანძღავი სიტყვა გახლავთ თურქმენულ ხალხებში (ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.). ამ სიტყვით მოიხსენიებენ ადამიანს, რომელსაც საკუთარი მშობლიური ენა დავიწყებული აქვს, არ ახსოვს არაფერი მის სამშობლოსთან დაკავშირებული და მთლიანად გადაჯიშებულია. ძირითადად “მანქურთების” კატეგორიაში რუსულად, ან ინგლისურად მოლაპარაკე ზემოჩამოთვლილი ეროვნებების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც საკუთარ მშობლიურ ენას არ ფლობენ.

ეს ამბავი არ გამახსენდებოდა, რომ არა სიტყვა, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ბოდიალის დროს. 2002 წლის 11 დეკემბერს ესტონურმა გაზეთმა Eesti Paevaleht გამოაქვეყნა სარეკლამო ხასიათის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო:  “Ei loe Eesti Paevalehte? Jarelikult tibla!”. ამ ფრაზის მოკლე შინაარსი ასეთია – “თუ ვერ კითხულობ Eesti–ის ანუ, ესტონურს, ე.ი. შენ ტიბლა ხარ”. შემდგომში ამ სარეკლამო განცხადებამ დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. რუსულენოვანი მოსახლეობა იძახდა ეს შეურაცხმყოფელია ჩვენთვისო, ვინაიდან სიტყვა “ტიბლა” თანამედროვე ესტონეთში ესტონურად არმოლაპარაკე უპირატესად რუსულენოვან ესტონეთის მაცხოვრებელს აღნიშნავს, რაზედაც გაზეთის მესვეურები ამბობდნენ, ჩვენ არავისთვის არ მიგვიყენებია შეურაცხჰყოფა და ეს უწყინარი სიტყვა, ტიბლა არანაირად არ ლახავს არავის ღირსებასო, პირიქით “ჰომო სოვიეტიკუსს” აღნიშნავს, რომელიც აგრე რიგად საძრახისი რამ არის ყველასათვისო.

ზემოხსენებული ამბავი როგორ დასრულდა არ ვიცი, თუმცა ამ სიტყვის ეტიმოლოგიით დავინტერესდი და როგორც აღმოჩნდა, ამ სიტყვას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის წარმოდგება რუსული გამოთქმა «ты, бля»–დან, რომელიც აგრე რიგად ხმარებული გახლდათ ესტონეთის გასაბჭოების დროს წითელი არმიის წარმომადგენელ ჯარისკაცებს შორის. დღესდღეობით ყველა ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი ადამიანი, რომელმაც არ იცის ესტონური, მტკივნეულად რეაგირებს ამ სიტყვაზე. უფრო მეტიც, youtube-ზე წავაწყდი ინგლისურენოვანი ფილმების ნაწყვეტებს, სადაც გონებაჩლუნგის შესაბამისი ინგლისური სიტყვები ესტონურად “ტიბლად” არის ნათარგმნი.

ამ ორ სიტყვას თითქოს არაფერი აქვთ საერთო, ერთს ფესვები მითოლოგიაში აქვს, მეორეს კი საბჭოთა ჯარისკაცების სლენგში, თუმცა ფაქტია, რომ ერთი და იმავე სოციალურ ფენომენს გამოხატავენ. ესტონეთში არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყაზახეთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ქალაქში აბრები მხოლოდ ყაზახურადაა. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივ ენას არ ფლობენ, თუმცა იმ ქვეყნის შვილები არიან და ამასთან ასეთი ხასიათის სარეკლამო განცხადებებს ისმენენ… საბოლოო ჯამში კი, ჩემი აზრით, “მანქურთის” და “ტიბლას” მსგავსი სიტყვები მხოლოდ პატარა ერებში იქმნებიან მოწოლილი კოლონიზაციისა თუ ოკუპაციის საპასუხოდ და არ გამიკვირდება, თუკი მომავალ 20–50 წელიწადში ქართულშიც დაიბადება მსგავსი “მარგალიტი”…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 171 other followers