Archive for March 17th, 2009
მუ–მუ

1985 წელს ვიმ ვენდერსმა გადაიღო ფილმი “ტოკიო–გა”. ფილმი ასახავს იმდროინდელი ტოკიოს ყოფას და ამავდროულად ტოკიოს რეალიების ფონზე იაპონური კინოს ისტორიაა მოთხრობილი, რომელშიც უმთავრესი ადგილი კინორეჟისორ იასუხირო ოძუს ეკუთვნის. ამ რეჟისორის შესახებ მანამდე არაფერი მსმენოდა, მიუხედავად იმ სიდიადისა, რომელსაც მას იაპონელები და არამხოლოდ ისინი მიაწერენ. ვცადე კიდეც მის მიერ შექმნილი რამდენიმე ფილმი მომეძებნა, მაგრამ ამაოდ. ჩემი დაფარვის ზონაში იასუხირო ოძუს ფილმები არ არის, თუმცა ამას აქ მნიშვნელობა არ აქვს.
“ტოკიო–გა”–ში ვიმ ვენდერსი ვიდეოკამერით დაბოდიალობს და ცდილობს მის გზაზე ყველაფერი ფირზე აღბეჭდოს. ყველაზე მეტად რამაც მიიპყრო ჩემი ყურადღება, ამ ფილმში, იაუხირო ოძუს საფლავი გახლავთ. უფრო კონკრეტულად კი, მე საფლავის ქვაზე გაკეთებული ეპიტაფიით მოვიხიბლე, რომელსაც მხოლოდ ერთი იეროგლიფი ამშვენებს, რომელსაც იაპონელები გამოთქვამენ, როგორც “მუ”.
დიდხანს ცდილობდა ვიმ ვენდერსი აეხსნა თუ რას ნიშნავს “მუ”. ერთი ვერსიით ის სიცარიელეა, მეორეთი – არარაობა, მესამეთი – უარყოფა და ა.შ. საქმე კი იმაშია, რომ ცნება, რომელსაც ეს იეროგლიფი გამოხატავს ჩვენს ენაში არ არსებობს. უფრო სწორად დასავლური სამყარო და ჩვენც მათ შორის არ ვიცნობთ აბსოლუტურ სიცარიელეს და აბსოლუტურ უარყოფას. ამ იეროგლიფის არსის საილუსტრაციოდ ყვებიან ასეთ ძენ–ბუდისტურ კოანს:
ძენ–ბუდისტ მოძღვარს, ჯოშუს ჰკითხა ერთხელ მისმა მოწაფემ: აქვს თუ არა ძაღლს ბუდას ბუნება? რაზედაც ჯოშუმ უპასუხა: მუ!
ამ კოანის მოკლე შინაარსი კი ის გახლავთ, რომ ძაღლს ბუდას ბუნება არც აქვს და არც არ აქვს, ორივე პასუხი აქ უადგილოა, ანუ პასუხი ამ შეკითხვაზე არის “მუ”. ეს ისტორია უფრო უკეთ რომ გაეაზრებინათ დასავლეთში ასეთი დიალოგი იშვა:
შეკითხვა: შეწყვიტეთ თუ არა თქვენ ცოლის ცემა?
პასუხი: მუ!
აქაც იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე. თუ ვუპასუხებთ “დიახ”, გამოვა რომ ცოლს ვცემდით და კვლავაც ვაგრძელებთ ცემას. თუ კი ვუპასუხებთ “არას”, გამოვა რომ ცოლს ვცემდით და ახლა უკვე აღარ ვცემთ. მაგრამ თუ ჩვენ გვსურს იმის თქმა, რომ ცოლი არ მყავს და როგორ უნდა მეცემა, ან ცოლი მყავს და საერთოდ არ მიცემია, ან “რეებს მკადრებ ბიჭო?!”, საამისოდ არც “არა” გამოდგება და არც “დიახ”. აქ ყველაზე დროული პასუხია “მუ”!
ძალიან დამაინტერესა იცოდა თუ არა ზემოხსენებული ძველისძველი ძენ–ბუდისტური კოანი ივანე ტურგენევმა, როდესაც გერასიმეს ძაღლს მუ–მუს არქმევდა?! როგორც გვახსოვს მუნჯი გერასიმე პოულობს პატარა ლეკვს და გაზრდის. მას მხოლოდ “მუს” გამოთქმა შეუძლია და ამიტომაც ძაღლის სახელის მოსაფიქრებლად, ზოგ–ზოგიერთივით მას 1 წუთი არ უფიქრია. ყველაფერი ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც მოხუცი ქალბატონი მის ერთადერთ სიყვარულს, მრეცხავ ტატიანას ლოთ კაპიტონს მიათხოვებს და ამით გერასიმეს სიცოცხლეს არსებობად გადააქცევს. მისი საბოლოო მკვლელობა კი მუმუს დახრჩობის ბრძანება იქნება, რის შემდეგაც უმუმუო გერასიმეს ცხოვრებაში “მუ” დაისადგურებს…
ასევე საინტერესოა ისიც, რომ დასავლურ აზროვნებაში ორმაგი უარყოფა შედეგად პოზიტიურ აზრს გვაძლევს. მაგალითად, თუ ვიტყვით რომ, “მე არ ვარ არაადამიანი” გამოვა, რომ “ადამიანი” ვარ. “მუს” სისტემაში კი გაურკვეველია ორმაგი “მუ” რა აზრის მატარებელია. სწორად ამიტომ დამებადა შეკითხვა, ნუთუ ტურგენევმა იცოდა რა არის “მუ” და თუ იცოდა რას ნიშნავს ორმაგი “მუ”, ანუ “მუ–მუ”?!

