Archive for April 6th, 2009
კარლოს დიდის სპილო
ფრანკთა იმპერიის დამაარსებელი კარლოს დიდი, იგივე შარლემანი, მიუხედავად იმისა, რომ განათლებულობით ვერ დაიკვეხნიდა, ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ყოფილა. ცნობისმოყვარეობას ახირებულობაც ერთვოდა თან და მისი ეს თავისებურება დიდ განსაცდელში აგდებდა თურმე მის ქვეშევრდომებს.
ერთხელ დიდი მონარქისათვის აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი სპილოს ეშვი უჩვენებიათ და სპილოს ეშვით ისე მოხიბლულა ფრანკთა იმპერატორი, რომ განუცხადებია, ყველაფერს ვიღონებ და ამ უჩვეულო ცხოველს მაინც ვნახავო. სწორად ამისათვის 797 წელს ბაღდადში საგანგებო დიპლომატიური მისია გაუგზავნია, ხალიფა ჰარუნ არ–რაშიდის კარზე.
იმხანად ასეთი მოგზაურობა ძალზედ სარისკო იყო და გმირობის ტოლფასი გახლდათ. ელჩებმა ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარეს და დიდი ტანჯვა–წვალების შემდეგ, 801 წელს ჰარუნ არ–რაშიდს ესტუმრნენ. აახენიდან ბაღდადამდე ჩასვლას მათ ოთხი წელი მოანდომეს. არაბეთის ბრძენ და გულუხვ ხელმწიფეს უარი არ უთქვამს კარლოს დიდის თხოვნაზე და ელჩებისათვის აახენში განსაკუთრებული საჩუქარი, სპილო გაუტანებია.
საინტერესო ის არის, რომ უკანა გზაზე გახარებულმა ელჩებმა 2 წელიწადი დახარჯეს და 802 წლის 20 ივლისს სპილო სახელად აბუ–ლ–აბასი ფრანკთა იმპერიის დედაქალაქში, აახენში ჩაიყვანეს. თვინიერმა მხეცმა კარლოს დიდის კარზე 8 წელიწადი იცხოვრა და რომ არა კარლოს დიდის კიდევ ერთი ახირება, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ საწყალ ცხოველს სულ თან “დაათრევდა”, ვინ იცის უფრო მეტიც ეცოცხლა.
810 წელს დიდი მონარქი, საქსონიაში კიდევ ერთხელ გაემგზავრა და რეინის გადალახვისას სპილოს უკანასკნელი ოხვრა აღმოხდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ ფაქტს იმდროინდელმა ჟამთააღმწერლებმა ჯეროვანი ყურადღება დაუთმეს და დიდ ფოლიანტებში ასე ჩაწერეს: “იმავე წელს, როდესაც სპილო გარდაიცვალა, გარდაიცვალა იტალიის მეფე პიპინი”… ერთი სიტყვით ზოგჯერ სპილოები უფრო უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ადამიანები.

