Archive for April 21st, 2009
Serendipity
უცხო ენების შესწავლის დროს, ჩემს ყურადღებას ყველაზე მეტად ის სიტყვები იქცევს, რომელთა ზუსტი შესატყვისი სხვა ენებში არ არსებობს. ერთ–ერთ ასეთ სიტყვაზე, “მუ”–ზე ამ რამდემინე კვირის წინ მოგახსენეთ. დღეს Serendipity–ს შესახებ გიამბობთ და ვინაიდან მისი ანალოგი ქართულ ენაში არ გვაქვს, ამიტომ მას ორიგინალში მოვიხსენიებ.
1557 წელს ვენეციაში მიკელე ტრამეძინომ გამოსცა წიგნი “სერენდიპის ხელმწიფის სამი ვაჟის მოგზაურობა” (Peregrinaggio di tre figluoli del re di Serendippo), რომელიც სპარსული, არაბული და ინდური ზღაპრების კრებულს წარმოადგენდა, რომლებიც გაბნეულია ფირდოუსის, ნიზამის, ამირ ხოსროუსა და სხვათა ნაწარმოებებში. წიგნში მოთხრობილი იყო თავგადასავლებით აღსავსე ისტორია სერენდიპელი (ახლანდელი შრი–ლანკა) ხელმწიფის სამი მეფისწულის მოგზაურობისა, რომელიც იტალიურ ვერსიაში ასე იწყებოდა:
უხსოვარ დროში შორეულ აღმოსავლეთში დიადი და ძლევამოსილი ხელმწიფე, ჯაფერი მართავდა სერენდიპის ქვეყანას. მას სამი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც ძლიერ უყვარდა. ჯაფერი ძლიერ სწუხდა მისი ვაჟების განათლებისა და აღზრდის შესახებ, ამიტომაც საუკეთესო სწავლულები დაახვია ვაჟებს ყრმობის ასაკშივე. გამოხდა ხანი და მეფისწულები არამხოლოდ სამეფო ძალაუფლებით გამოირჩეოდნენ, არამედ ღრმა განსწავლულობითა და გამჭრიახობით…
ვაჟები რომ დავაჟკაცებულან მეფეს დაუბარებია და უცხო ქვეყნების სანახავად გაუგზავნია, წადით ქვეყანა ნახეთო. სწორად მათ მოგზაურობას მოგვითხრობს ეს წიგნი, სადაც მეფისწულები გამაოგნებელი ინტუიციისა და გამჭრიახობის წყალობით უცხო მხარეების მონახულების დროს ისეთ აბურდულ–დაბურდულ საქმეებს ხსნიან და იმდენად განმაცვიფრებელ დასკვნებს აკეთებენ, რომ თავად ბოდჰისატვა ენჯინის გამომგონებელსაც კი შეშურდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, ცალთვალა აქლემის ისტორია გახლავთ, რომელიც ასე გამოიყურება:
გზაზე მიმავალი მწყემსი მეფისწულებს აჩერებს და ეუბნება, აქლემი დამეკარგა და ხომ არ გინახავთო. რაზედაც ისინი პასუხობენ, ცალი თვალით ბრმა, კოჭლი და კბილნაკლული აქლემი, რომელზეც ფეხმძიმე ქალი იჯდა და რომელსაც საპალნით თაფლი და კარაქი მიჰქონდა, არა არ გვინახავსო. ამის შემდეგ, მეფისწულები იმწამსვე შეიპყრეს და აქლემის ქურდობა დააბრალეს, თუ ასე ზუსტად იცით აქლემი როგორ გამოიყურება, როგორ არ გინახავთო და თუ გინახავთ და არ ამბობთ ე.ი. თქვენი მოპარულიაო. ერთი სიტყვით ხალხი შეიკრიბა, ატყდა ჩოჩქოლი და ეს ამბავი იმ ქვეყნის სამართლიანი იმპერატორის, ბერამოს ყურამდე მივიდა. მან მეფისწულები დაიბარა და ახსნა–განმარტება სთხოვა, თუ როგორ მოახერხეს აქლემის ასე ზუსტი აღწერა, მის უნახავად. შემდგომში მეფისწულებმა “ეს ხომ იასნია” მეთოდის საშუალებით აღწერეს, თუ რატომ იყო ის აქლემი მაინცდამაინც კოჭლი, ნაკვალევების მიხედვით, თუ რატომ იყო ცალი თვალით ბრმა და ა.შ. და ამით სამართლიანი მეფის აღტაცება გამოიწვიეს, რის შემდეგაც იმპერატორმა სხვადასხვა დავალება მისცა მათ, უფრო ჩახლართული და თავგადასავლებით აღსავსე და შორეულ კუნძულებზე გააგზავნა. გზადაგზა მეფისწულები უფრო გამაოგნებელ აღმოჩენებს და დასკვნებს აკეთებენ, მეფეს დაკარგულ მხევალს უპოვნიან, ყველა დავალებას შეუსრულებენ და ზღაპარიც კეთილად სრულდება, თუმცა ეს ამბავი აქ არ მთავრდება…
მიკელე ტრამეძინოს წიგნი იმ დროის ევროპაში კულტურული მოვლენა გახლდათ, ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ მომდევნო საუკუნეებში ამ წიგნის ფრანგული და ინგლისური თარგმანების წყალობით სერენდიპელი მეფისწულების ამბით მთელი დასავლეთ ევროპა მოიხიბლა, მათ შორის ინგლისელი დიდგვაროვანი, ბუკინისტი და ანტიკვარი, აღმოსავლეთის მკვლევარი ჰორას უოლპოლი. მის არქივში შემონახულია 1754 წლის 28 იანვრით დათარითებული წერილი, სადაც ის მის მეგობარს სწერს მის მიერ ახლად მოფიქრებული სიტყვის Serendipity–ის შესახებ. უოლპოლის განმარტებით ეს არის სრულიად შემთხვევით გაკეთებული აღმოჩენა, რომლის აღმოჩენასაც აღმომჩენი არ გეგმავდა. თვალსაჩინოებისათვის ქრისტეფორე კოლუმბის მაგალითიც საკმარისი იქნება, რომელიც ინდოეთში მიდიოდა და შემთხვევით ამერიკა აღმოაჩინა…
ამ ამბით შთაგონებულმა თანამედროვე ამერიკელმა მწერალმა ჯონ ბარტმა, “ვიღაც მეზღვაურის უკანასკნელი მოგზაურობა” (The Last Voyage of Somebody the Sailor) დაწერა, სადაც სინდბადის თემის გაჯაზებასთან ერთად არის ასეთი ეპიზოდი, სადაც ჯონ ბარტი Serendipity–ის ზუსტ დეფინიციას გვთავაზობს:
მეზღვაურის შეკითხვაზე თუ როგორ მოხვდეს სერენდიპში მას მგზავრი პასუხობს: სერენდიპში ვერ მოხვდები თუკი სერენდიპისკენ გაემგზავრები, საამისოდ საჭიროა სადმე გაემგზავრო და გზად სერენდიპიშიც ჩახვალო…
ამ ისტორიის დასასრულს კი ჩემი ისტორიაც მსურს მოგივყვეთ: დღეს სამსახურში მოსულმა დავიწყე ფრანგული სიტყვა Bissextile–ის ეტიმოლოგიის ძებნა და გზად Serendipity–ის წყალობით სიტყვა Serendipity–ის არსებობის შესახებ შევიტყვე…

