Archive for May 2009
კოკა–კოლა და ისლამი
მრავალ ისლამურ ქვეყანაში კოკა–კოლას ეშმაკის სასმელად მიიჩნევენ, ის გაიგივებულია ისლამის ყველაზე ვერაგ მტერთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რაღა გასაკვირია, რომ ჯეიმზ სტიტ პემბერტონის ამ ქმნილების ხსენებაზე მუსლიმანურ სამყაროში პირზე ყველას იბლისი აკერია. ამ ჰიპერირაციონალური ზიზღის დასასაბუთებლად ზოგი რას იგონებს და ზოგი რას, ამიტომ მე პირადად არ გამკვირვებია, როდესაც ინტერნეტში ბოდიალისას შემდეგი რამ ამოვიკითხე, რასაც ქვემოთ გიამბობთ…
ამერიკელ აფთიაქართან, ჯეიმზ სტიტ პემბერტონთან, რომელიც კოკა–კოლას შემქმნელი გახლავთ, ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რომ ოდესღაც კოკა–კოლა პოზიციონირებული იყო როგორც მედიკამენტი და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც თავის ტკივილის მოსახსნელი საშუალება, ოდესღაც მუშაობდა ერთი უწყინარი კაცი ფრენკ მეისონ რობინსონი. სწორად მას უნდა ვუმადლოდეთ, თუმცა ჩვენ რას უნდა ვუმადლოდეთ, ამერიკელები უნდა უმადლოდნენ, კოკა–კოლას ლოგოს წარმოშობას. ლოგოს წარმოშობის ისტორია მარტივია, რობინსონმა აიღო იმ დროს მეტად გავრცელებული შრიფტი (Spencerian script) და ამ შრიფტის სტილის წაბაძვით კოკა–კოლა დაწერა იმ ფორმით, რომელსაც დღესდღეობით ყველა კონტინენტზე ცნობენ…
მუსლიმანურ სამყაროში კი ამტკიცებენ, რომ კოკა–კოლას ლოგო შემქმნელის საგანგებო ჩანაფიქრით თავის თავში საკრალური ხასიათის “მესიჯს” ატარებს, რომელიც რაღა თქმა უნდა დაფარულია და იმისთვის, რომ ეს “მესიჯი” წავიკითხოთ კოკა–კოლას ლოგოს სარკული ანარეკლი უნდა მივიღოთ. მავანნი ამტკიცებენ, რომ შედეგად ვღებულობთ არაბული დამწერლობით ჩაწერილ ტექსტს, რომელიც ასე ითარგმნება: “No Muhhamad, No Mecca”. დიდი ხანი ვიმტვრევდი თავს როგორ მეთარგმნა ეს ინგლისური ტექსტი, თუმცა ისევ უთარგმნელობა ვარჩიე ვინაიდან ქართულად გადმოტანის დროს რაღაც იკარგება. კერძოდ კი ის, რომ ეს ტექსტი მუჰამედისა და მექის უარყოფისკენ და დაგმობისკენ მოგვიწოდებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისურ ენაზე მიღებული ტექსტი ტიპიური სარეკლამო სლოგანია, რაშიც ბადალი არ ჰყავთ ამერიკელებს.
ვინაიდან ასეთი რაღაცეების კითხვის დროს მხოლოდ წაკითხული არ მაკმაყოფილებს ხოლმე, გადავწყვიტე შემემოწმებინა, რამდენად იყო მიახლოებული სიმართლესთან ზემოხსენებული. გავხსენი ტექსტური რედაქტორი და არაბულად ჩავწერე მუჰამედისა და მექის უარმყოფელი ფრაზა, რომელიც ასე გამოიყურება:
ამ ფრაზის კონსტრუქცია ძალიან მარტივია, მუჰამედის და მექას წინ უარმყოფელი ნაწილაკი “ლი” არის მოთავსებული, რომელსაც არაბულში უარყოფის ფუნქცია აქვს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილაკს ძალიან მრავალი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, შესაბამისად ეს ტექსტი ასეც შეიძლება ითარგმნოს: “მუჰამედისათვის, მექისათვის”, თუმცა მოდით ეს ვერსია გვერდზე გადავდოთ, ვინაიდან არ არის საინტერესო…
ახლა კოკა–კოლას ავიღებ, მის ლოგოს სარკულად შევაბრუნებ. აი, რა მივიღე:
ძალიან დიდი ხანი ვეცადე კოკა–კოლის ამ სარკულ ანარეკლში ზემოთ დაწერილი არაბული ტექსტი ამომეკითხა, თუმცა თუ ძალიან დავძაბავთ გონებას, წარმოსახვას და ფანტაზიას, შეიძლება მიმგვანება. მიმგვანება კი შეიძლება, მაგრამ ჩემი წარმოსახვა აქამდე ვერ ქაჩავს… უფრო სწორად კონტურებს ვამსგავსებ ასოების რაოდენობაც ემთხვევა, შუა დეფისს თუ არ ჩავთვლით და დავუშვებთ, რომ ბოლო ასოზე ორი წერტილი იგულისხმება… ერთი სიტყვით იმ ადამიანმა, ვინც პირველმა შობა ეს ბოდვა, ამ ისტორიის სახით, ხოტბა–დიდება და დითირამბები ჩემგან. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ასეთი იდეა მოგივიდეს, ეს ძალიან მონდომება კი ყველას არ შეუძლია…
ტელეკომპანია “YLE”
ფოტოზე წარმოდგენილი შენობა ჰელსინკში მდებარეობს. აქ განლაგებულია ფინური მედიის სიამაყე, ტელერადიოკორპორაცია “YLE”. მას სხვაგვარად ფინურ BBC–საც კი უწოდებენ. 2007 წლის ევროვიზიის კონკურსის მასპინძელი სწორად ეს ტელეკომპანია გახლდათ. ამასთან კარგად მახსოვს, იმ წელს ევროვიზიაზე ჩვენი წარგზავნილიც მღეროდა და ევროვიზიას ჩვენს არხებზე ჯეროვანი ყურადღება დაეთმო. ჰოდა, შეკითხვა დამებადა თუ შენიშნეს ჩვენმა მედიამუშაკებმა ამ კომპანიის არსებობა და თუ შენიშნეს, ნეტა სწორად წაიკითხეს მისი სახელწოდება?!
შეკითხვა #18
ლათინურ ენაში ამ სიტყვას გააჩნია სამი მნიშვნელობა: 1) ქარქაში 2) შალითა და… მესამე მნიშვნელობა ჩვენთვის ცნობილია ანატომიიდან. დაასახელეთ ეს სიტყვა.
მენაკის ბლოგი
ამ ბოლო დროს მენაკის ბლოგი აღმოვაჩინე და მინდა მადლიერების სიტყვები გამოვთქვა ამ ქალბატონის მიმართ. შემდეგ გავიგე, რომ საბუნიას დედა ყოფილა. განსაკუთრებით საბას ბლოგზე გაკეთებულმა წარწერამ მომხიბლა: დედაჩემის ბლოგი! მენაკის ბლოგზე ხშირად ჩნდება პოსტები, რომელთა პათოსი ასეთია: ვიმეტყველოთ სწორად შვილებო! ძალიან ხშირად სასარგებლო მაგალითებით ატკბობს ხოლმე ჩემნაირი ლინგვისტუსების თვალებს. ძალიან ბევრი მაგალითი საინტერესო და სახალისოა ხოლმე ამ ქალბატონის ჩანაწერებში… ერთი სიტყვით უკვე დროა, რომ დედაჩემმაც გააკეთოს ბლოგი, და არამხოლოდ დედაჩემმა, ყველას დედამ, მამამ და ბებიამაც კი. ამით აღვადგენთ ჩატეხილ ხიდებს თაობებს შორის და იქნებ ჩვენც გვეშველოს და იმათაც…
უკანასკნელ პოსტში არის ასეთი პასაჟი:
გუშინ საბამ მკითხა: ხომ, ნამდვილად გამიხარდაა სწორი ფორმა, იმდენად ხშირად წერენ გამეხარდა, რომ ზოგჯერ ეჭვი მეპარებაო. სწორი ფორმაა – გამიხარდა, გამიხარდება.
ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი დავტოვე მენაკის ბლოგზე:
მე კი მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ენის ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა დანაშაულია. სწორად გამონაკლისები აქცევს ენას ცოცხალ სუბიექტად და განასხვავებს ისეთი ეკლექტიკური მახინჯობისგან, როგორიც ესპერანტოა. მაგალითისთვის ახლა ექსპერიმენტი ჩავატარე და ვეძებდი სიტყვებს “ავღნიშნე” და “აღვნიშნე”. საოცრებაა, თუმცა ფაქტია 50 / 50 –ზეა გამოყენებითობის თვალსაზრისით ეს სიტყვები: 14,400 გვერდი მოძებნა “აღვნიშნე”–ზე და 15 000 – “ავშნიშნე”–ზე. ეს კი იმას ამბობს, რომ ძალიან მალე, ასე 50 წელიწადში “ავღნიშნე” გახდება სწორი ფორმა და იქნება გამონაკლისი…
ენაში ამგვარი ტენდენციური შეცდომა იწვევს ენიც ცვალებადობას, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ენის სიცოცხლეს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან თქვენი ნებართვით. ლათინურ ენაში არსებობდა სიტყვა calidus (კალიდუს), რაც “ცხელს” ნიშნავს. ამ სიტყვამ სახე იცვალა და თანამედროვე ფრანგულში chaud (შო) გადაკეთდა. საინტერესო კი ის არის, რომ ხელნაწერ წყაროებში ნაპოვნია ყველა შუალედური ფორმა, ანუ ცნობილია ევოლუციის სრული მარშრუტი “კალიდუს”–იდან “შო”–მდე:
calidus [კალიდუს] > caldus [კალდუს] > cald [კალდ] > cald [ჩალდ] > chald [შალდ] > chaud [შოდ] > chaud [შო]
სულ რაღაც 1500 წელი გახდა საჭირო, იმისთვის რომ ლათინური “კალიდუს” ფრანგული “შო” გამხდარიყო. ვინ იცის რამდენმა ქართულმა სიტყვამ იცვალა ასე ფორმა იმ ყალიბში, რასაც ქართულად მოლაპარაკე ადამიანების პირები წარმოადგენენ. ამიტომაც ყოველი ასეთი მცდელობა, ენის პროკრუსტეს ლოგიკურ სარეცელზე მოთავსების შესახებ მაღიზიანებს და ასე მგონია რომ ჩემს ყალიბს ჩაქუჩს ურახუნებენ, რათა ორიგინალურობა დაუკარგონ და დამღა მიაკრან ნომრით 3453121…
ჰოდა, ისინი ვინც მენაკის ბლოგს აქამდე არ სტუმრობდნენ და სტუმრობდნენ ჩემს ბლოგს, კარგს იზამენ თუ იქაც შეივლიან ხოლმე. ვინ იცის თქვენც ჩემსავით რაიმე საინტერესო იპოვოთ…
საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურის შეკითხვები
25 მაისს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტური გაიმართა “რა? სად? როდის?”–ში. 26 მაისს, ანუ დღეს ფინალია. შესარჩევი კითხვების ნაწილი მე დავწერე, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. პასუხებს და კომენტარებს თეთრად მოვნიშნავ, რომ ეგრევე პასუხები არ ჩანდეს. შესაბამისად შეგიძლიათ იფიქროთ…
[პასუხების გასაგებად მონიშნეთ ტექსტი პასუხის, კომენტარის და წყაროს გასწვრივ!]
1. მაია ასათიანის საავტორო გადაცემა “პროფილში” ერთ–ერთ გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს შორის იყო გოჩა ლომაია, რომელიც ფართო აუდიტორიამ 15 წლის ასაკში გაიცნო. ბატონმა გოჩამ მაია ასათიანს გადაცემის დაწყების წინ ერთობ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა, მან წამყვანს სახსოვრად ბოსტნეული საკვები პროდუქტი მიართვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ბოსტნეული საკვები პროდუქტი.
პასუხი: ბოლოკი
კომენტარი: მხატვრულ ფილმში “ღიმილის ბიჭები” გოჩა ლომაიამ ბოლოკას როლი შეასრულა, მან მაია ასათიანს ბოლოკი აჩუქა.
წყარო: გადაცემა “პროფილი”, 2009 წლის 23 აპრილის გამოშვება, ტელეკომპანია “რუსთავი 2″.
2. ყველა თქვენთაგანს მოეხსენება თუ რას აღნიშნავს რუსულ ენაში სიტყვა “Колдун”. თავად სიტყვის წარმომავლობა კი ბოლომდე შესწავლილი არ არის. არსებობს ვერსია, თითქოს ეს სიტყვა მომდინარეობდეს შორეულ წარსულში სპარსეთის ყურის ჩრდილო–დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხის სახელწოდებისაგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ხალხის სახელწოდება.
პასუხი: ქალდეველები
კომენტარი: მკვლევარები ფიქრობენ, რომ რუსული “Колдун” მომდინარეობს “ქალდეა”–დან, ყველა პასუხი სადაც “ქალდეა” არის დაფიქსირებული სწორია.
წყარო: 1. http://rousseau.livejournal.com/334837.html 2. http://en.wikipedia.org/wiki/Chaldaea
3. ეს სიმღერა 1970 წელს შეიქმნა და მისი სახელწოდება წარმოადგენს იდიომატურ ინგლისურენოვან ფრაზას. შეკითხვის ავტორის მეგობარმა ეს ინგლისური იდიომატური ფრაზა ქართულად თარგმნა როგორც “ჯანი გავარდეს”. დაასახელეთ ამ სიმღერის სახელწოდება ორიგინალში.
პასუხი: Let it be
კომენტარი: საუბარია “ბითლზის” სინგლზე.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Let_it_be
4. კულტურის თეორეტიკოსმა, სლავოი ჟიჟეკმა ამ ტრილოგიას რორშახის ტესტი უწოდა ფილოსოფოსებისათვის. მისივე აზრით, ისევე როგორც რორშახის ტესტში, სადაც გამომცდელს სთხოვენ დაასახელოს თუ რა ასოციაციებს იწვევს სურათზე გამოსახული გაურკვეველი ლაქები, ამ ტრილოგიაშიც “გაურკვეველი ლაქების” სახითაა გაბნეული სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები, სკოლები და აზრები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ტრილოგიის საერთო სახელწოდება.
პასუხი: მატრიცა
კომენტარი: ძმებმა ვაჩოვსკებმა ტრილოგიაში “მატრიცა” თავი მოუყარეს თითქმის ყველა ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რაც კი კაცობრიობამ იცის.
წყარო: The Matrix and Philosophy, edited by William Irwin, OPEN COURT, CHICAGO AND LA SALLE, ILLINOIS, 2002, Серия: Масскульт, Издательство: У-Фактория, 2007 г.
5. ამ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო აშშ–ს პრეზიდენტი და პირველი ლედი. ფოტოზე გამოსახული წყვილი ცეკვავს და ამასთან ბარაკ ობამა მოსიყვარულე თვალებით შესცქერის თავის ცოლს. ეს ფოტო ბლოგერებმა დაასათაურეს ფრანგულენოვანი ფრაზით, რომელიც ფართო მასებმა პირველად 1965 წელს მოისმინეს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ფრანგულენოვანი ფრაზა.
პასუხი: Michelle ma belle (მიშელ მა ბელ)
კომენტარი: ფრაზა ჟღერს Beatles-ის სიმღერაში „Michelle“, ბარაკ ობამას მეუღლეს მიშელი ჰქვია.
წყარო: http://drugoi.livejournal.com/2841281.html
6. ეს რებუსი 1977 წელს მილტონ გლეიზერმა შექმნა ქალაქ ნიუ–იორკში და შემდგომში ის სხვადასხვა ვარიაციის სახით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ რებუსის პირველად ვერსიაში სულ ოთხი სიმბოლოა, რომელთაგან სამი ინგლისური ანბანის ასოა. ყურადღება შეკითხვა: დახატეთ თქვენს ფურცლებზე მეოთხე სიმბოლო.
პასუხი: ♥
კომენტარი: საუბარია რებუსზე, მე მიყვარს ნიუ–იორკი – I♥NY, რომელიც ქალაქ ნიუ–იორკის პოპულარიზების მიზნითაა შექმნილი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/I_love_NY
7. ამ 110–კაციან ჯგუფში მოსახვედრად არსებობს სულ რვა მოთხოვნა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი: 1) უნდა იყოს კათოლიკე 2) უნდა გამოირჩეოდეს მორალური იმპერატივებით 3) გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4) მისი ასაკი უნდა იყოს 19–სა და 30 წელს შორის 5) უნდა იყოს 174 სმ–ზე მაღალი 6) უნდა იყოს უცოლო 7) უნდა ჰქონდეს მიღებული საშუალო განათლება და… ყველაზე მთავარი – 8) უნდა იყოს ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე… დაასახელეთ ეს სახელმწიფო.
პასუხი: შვეიცარია
კომენტარი: საუბარია რომის პაპის პირად დაცვაზე, შვეიცარიულ გვარდიაზე.
წყარო: http://www.vatican.va/roman_curia/swiss_guard/swissguard/ammissione_en.htm
8. [რიგდება ფრაზა: "ნუთუ ნამდვილად საჭიროა იქსები?!"] 2006 წელს უმბერტო ეკომ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც მან 38 რჩევას მოუყარა თავი მათთვის, ვისაც სურს რომ კარგად წეროს. ოცდამეორე რჩევას თქვენ დარიგებულ ფურცლებზე ხედავთ. კარგად დააკვირდით ამ რჩევას და მიპასუხეთ ორი სიტყვით: რა არის დაშიფრული იქსში, თუ ეს რჩევა თავად წარმოადგენს იქსს.
პასუხი: რიტორიკული შეკითხვა
კომენტარი: რჩევა ასე ჟღერს: “ნუთუ ნამდვილად საჭიროა რიტორიკული შეკითხვები?!”, რომელიც თავად წარმოადგენს რიტორიკულ შეკითხვას.
წყარო: http://sermorusticus.blogspot.com/2006/11/38-consigli-di-buona-scrittura.html
9. ამასწინათ ერთი რუსი ბლოგერი დანანებით წერდა საკუთარი ქალაქისა და ტურისტების ურთიერთობის შესახებ. იგი ამბობდა, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო ჩემი ქალაქის სილამაზის შესახებ, ტურისტები მას მაინც მახინჯ და უგვან ქალაქად აღიქვამენო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი რუსეთში, იაროსლავის ოლქში, რომლის შესახებაც ასე დანანებით საუბრობდა რუსი ბლოგერი.
პასუხი: უგლიჩი
კომენტარი: ტურისტებმა უგლიჩს ugly-ch შეარქვეს, რაც ინგლისურად “მახინჯაურს” ნიშნავს (ugly – მახინჯი, ич – დაბოლოება “ური”).
წყარო: http://philippoff.livejournal.com/2006/08/28/
10. გიორგი ლობჟანიძემ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც ერთი თქვენთვის ცნობილი, შუა საუკუნეებში მოღვაწე ადამიანის სამეცნიერო–პოპულარულ ბიოგრაფიას წარმოადგენს. წიგნი გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში აღწერილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა პირველ ქალაქში, მეორე ნაწილში კი – მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მეორე ქალაქში. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ ორივე ქალაქი.
პასუხი: მექა და მედინა
კომენტარი: წიგნს “მუჰამადის ცხოვრება” ჰქვია, მუჰამედი 622 წელს გაიქცა მექიდან მედინაში.
წყარო: გიორგი ლობჟანიძე, მუჰამადის ცხოვრება, კავშირი – “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”, თბილისი, 2008
11. ამ მომღერალს ბედნიერება 1970 წელს ეწვია, როდესაც მან ამერიკელი მსახიობის ქალიშვილზე იქორწინა, ჩვენთვის კი იგი ცნობილია სიმღერით, რომლის სახელწოდებაც მე შეკითხვაში უკვე ვახსენე, თუმცა თარგმანში. მისი ერთობ იშვიათი სახელი მას დედამისმა დაარქვა იმის გამო, რომ მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ერთ კონკრეტულ ქვეყანაში იბრძოდა. არ გეკითხებით მის ვინაობას, დაასახელეთ ევროპის ქვეყანა, საიდანაც წარმოდგება მისი სახელი.
პასუხი: ალბანეთი
კომენტარი: საუბარია იტალიელ მომღერალზე ალბანოზე, რომელმაც 1970 წელს რომინა პაუერზე იქორწინა. იგი ცნობილია სიმღერით „ფელიჩიტა“, რაც იტალიურად ბედნიერებას ნიშნავს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Al_Bano
12. ოლგა კნიპერისადმი მიწერილ წერილში ამ მხატვრული ნაწარმოების ავტორი თავისი ქმნილების შესახებ წერდა, რომ არანაირი აზრი არ აქვს მის თარგმნას სხვა ენებზე, ვინაიდან მასში აღწერილია ტიპიური რუსული სოციალური მოვლენები და ამას უცხოელები უბრალოდ ვერ გაიგებენო. საინტერესოა ისიც, რომ იაპონიაში ეს მხატვრული ნაწარმოები იმდენად პოპულარულია, რომ მაგალითისთვის 1949–1955 წლებში თერთმეტი განსხვავებული თარგმანი დაიბეჭდა. დაასახელეთ ამ მხატვრული ნაწარმოების სათაური, თუკი მისი სახელწოდება ტიპიური იაპონური ესთეტიკითაა გაჯერებული.
პასუხი: ალუბლის ბაღი
კომენტარი: საუბარია ჩეხოვის პიესაზე.
წყარო: http://ricolor.org/rz/iaponia/jr/cu/3/
13. იუდაიზმში ეს არის დედის რძის ანალოგი, ქრისტიანობაში კი –– ღვთიური წყალობის გამოხატულება. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაში მისი სახელწოდება შედგება ქალის ორი სახელისგან. ერთი წუთის შედმეგ დაასახელეთ ქალის ორივე სახელი.
პასუხი: ციური და მანანა
კომენტარი: საუბარია ციურ მანანაზე.
წყარო: http://slovari.yandex.ru/dict/encsym/article/SYM/sym-0400.htm
14. 1987 წლის 28 ივნისს პოპულარული ამერიკელი მსახიობი ჯონ კიუსაკი 21 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით მას ჟურნალმა “პრემიერმა” ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რას ნანობდა კიუზაქი ყველაზე მეტად, მან უპასუხა, რომ ერთდერთი რასაც ყველაზე მეტად ვნანობ ის არის, რომ მე ვეღარასოდეს ვითამაშებ ჩემი სათაყვანებელი პერსონაჟის როლს, ამ როლისათვის მე უკვე ძალიან ბებერი ვარო. საინტერესო კი ის არის, რომ ჯერ არც ერთ მსახიობს არ განუსახიერებია კიუსაკის სათაყვანებელი პერსონაჟის როლი არც თეატრში და არც კინოში. დაასახელეთ მისი სათაყვანებელი პერსონაჟის სახელი და გვარი.
პასუხი: ჰოლდენ კოლფილდი
კომენტარი: ავტორის, ჯერომ სელინჯერის აკრძალვის თანახმად, რომანი “თამაშ ჭვავის ყანაში” ჯერ კიდევ არ არის ეკრანიზებული, სადაც მთავარი პერსონაჟი, ჰოლდენ კოლფილდი 16 წლისაა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Catcher_in_the_Rye
15. ამ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ბლოგზე sweet.ge, ბლოგის ავტორმა დაწერა პოსტი, სადაც ასეთი რამ ეწერა: “შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ, ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა”. პოსტის სათაური წარმოადგენდა 2003 წელს დაწერილი, ლორენ ვაისბერგერის ბესტსელერის შეტრიალებულ სათაურს (“პერევიორტიშს”). არ გეკითხებით თუ რა ჰქვია ლორენ ვაისბერგერის რომანს, დაასახელეთ თუ როგორ ჟღერდა ზემოხსენებული პოსტის სათური.
პასუხი: ანგელოზს აცვია პრადა (Angel Wears Prada)
კომენტარი: ლორენ ვაისბერგერმა დაწერა რომანი “ეშმაკს აცვია პრადა” (ფილმიც არის მერილ სტრიპის და ენ ჰათაუეის მონაწილეობით), სადაც კოსმოპოლიტენის ტიპის ჟურნალში იწყებს მუშაობას რომანის გმირი რედაქტორის თანაშემწედ. რომანში რედაქტორი ძალიან მკაცრი და “სწერვა” ქალია. ბლოგერს კი რედაქტორში გაუმართლა.
წყარო: 1. http://en.wikipedia.org/wiki/The_Devil_Wears_Prada_(novel) 2. http://sweet.ge/2009/05/angel-wears-prada/
16. [დასარიგებელი მასალა: lollapalooza] მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ–ს ჩეკ–პოინტებზე ამერიკელი ჯარისკაცები იმ პირებს, რომლებსაც სურდათ აშშ–ს დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა, სთხოვდნენ გამოთქმით წაეკითხათ სიტყვა, რომელიც წერია დარიგებულ მასალაზე. ყურადღება შეკითხვა: რის გარკვევას ცდილობდნენ ასე ამერიკელი ჯარისკაცები?
პასუხი: ადამიანი იაპონელი იყო თუ არა
კომენტარი: იმის გამო რომ მრავალი იაპონელი ჯაშუში ფილიპინელობას იბრალებდა რათა შეეღწია აშშ–ს ჯარისკაცების დაცულ ტერიტორიაზე, გამსვლელ პირებს სთხოვდნენ სიტყვა “ლოლაპალუუზას” წარმოთქმას. თუკი წარმომთქმელი ამბობდა “რორაპარუუზას” ცხადი ხდებოდა, რომ იგი იაპონელი იყო, ვინაიდან იაპონურ ენაში არ არის ბგერა “ლ”.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Shibboleth
17. რომანში “მთვარის მოტაცება” კონსტანტინე გამსახურდია წერს: იქს ნამგლისთვის მიუმსგავსებია მიწის მოყვარულ ქართველ ხალხს, იგრეკი კი – ცხენის ნალისთვისო. დაასახელეთ ავტორი 1876 წელს დაწერილი წიგნისა, რომლის პირველ გვერდზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ იქსებით და იგრეკებით შედგენილი ფრაზა.
პასუხი: იაკობ გოგებაშვილი
კომენტარი: იქსი – ა, იგრეკი – ი. 1876 წელს გამოიცა “დედა ენა”, რომლის პირველ გვერდზეც შეგვიძლია წავიკითხოთ “აი ია”.
წყარო: 1. კონსტანტინე გამსახურდია მთვარის მოტაცება გვ,266-267 თბილისი “მერანი”1990 წ. 2. ქსე, ტ.3 გვ. 196
18. ბრიტანელი მეცნიერი, საიმონ სინგჰი თავის წიგნში, რომლის სათაურსაც არ დაგისახელებთ, წერს: “პირველი მსოფლიო ომი იყო ქიმიკოსების ომი, ვინაიდან მასში იარაღის სახით პირველად გამოიყენეს იპრიტი და ქლორი. მეორე მსოფლიო ომი იყო ფიზიკოსების ომი, ჰიროსიმაში და ნაგასაკიში აფეთქებული ატომური ბომბების გამო, მესამე მსოფლიო ომი კი იქნება მათემატიკოსების ომი, ვინაიდან მესამე მსოფლიო ომში უმთავრესი იარაღი იქნება…”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთი სიტყვით რა იქნება უმთავრესი იარაღი მესამე მსოფლიო ომში საიმონ სინგჰის აზრით?
პასუხი: ინფორმაცია
კომენტარი: საიმონ სინგჰის წიგნი შიფრებს, კრიპტოლოგიას, კოდებს და ზოგადად ინფორმაციის დაშიფვრისა და გადაცემის ხერხებს ეძღვნება.
წყარო: Саймон Сингх, “Книга Шифров”, Москва, “Астрель”, с. 11
19. XI საუკუნეში მოღვაწე სასულიერო მოღვაწის, კლერვოს აბატისა და ცისტერციანთა ორდენის რეფორმატორის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ მას ხშირად იწვევდნენ რჩევისათვის ევროპის მონარქები და რომის პაპები. ამისათვის მას ხშირად უხდებოდა დიპლომატიური მისიით მოგზაურობა ევროპის მასშტაბით. მის სამოგზაურო მარშრუტები ყველაზე ხშირად გადიოდა ორ საკვანძო გეოგრაფიულ პუნტქზე, რომლებსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა. არ გეკითხებით ამ კლერვოელი აბატის ვინაობას, მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ არსება, რომელსაც ამ ორმა გეოგრაფიულმა პუნქტმა დაანათლა სახელი.
პასუხი: ძაღლის ჯიში სენ–ბერნარი
კომენტარი: საუბარია ბერნარ კლერვოელზე, ცისტერციანთა ორდენის დამაარსებელზე. მისი სახელი ეწოდა უღელტეხილებს დიდ სენ–ბერნარს და პატარა სენ–ბერნარს. უღელტეხილებმა კი სახელი დაანათლეს ძაღლის ჯიშს, სენ–ბერნარს.
წყარო: История философии: Энциклопедия. — Мн.: Интерпрессервис; Книжный Дом. 2002, Составитель и главный научный редактор А.А. Грицанов, с. 108
crossword.ge
დომენი ავიღე როგორც იქნა: http://crossword.ge. კაუკასუსის სერვერზე ავტვირთე კროსვორდების გენერატორი. გამიკვირდა და საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა. ასე რომ ტყუილად ვნერვიულობდი ჭედავს მეთქი. უახლოეს დღეებში პასუხების და მინიშნებების დასამატებელი ღილაკს დავამატებ და მერე ვიფიქრებ დიზაინზე. ჯერ–ჯერობით რაც გამოვიდა უკვე მომწონს, კმაყოფილი ვარ შედეგით.
იერკს–დოდსონის კანონი
1908 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა რობერტ იერკსმა ჯონ დოდსონთან ერთად ერთი მეტად მარტივი ცდა ჩაატარა, რომელსაც უნდა დაემყარებინა რაოდენობრივი კავშირი რაიმე საქმიანობის პროდუქტიულობასა და ამ საქმიანობით დაინტერესებულობას, გნებავთ მოტივაციას შორის. დადგენილ კანონზომიერებას იერკს–დოდსონის კანონი ეწოდა და აგერ უკვე ასი წელია აღარავინ ცდილობს ეჭვი შეიტანოს ამ კანონის ჭეშმარიტებაში, იმდენჯერ დამტკიცდა ექსპერიმენტულად მისი სისწორე.
თუ ამ ფენომენს ოდნავ ჩავუღრმავდებით შეგვიძლია ორი ქვეკანონი გამოვყოთ. პირველი მათგანი ამბობს, რომ მოტივაციისა და დაინტერესების მატებასთან ერთად პროდუქტიულობის ხარისხი იცვლება ციკლოიდას ტიპის მრუდის შესაბამისად: ჯერ იზრდება, აღწევს მაქსიმუმს და შემდეგ მცირდება. მოტივაციის დონეს კი, როდესაც პროდუქტიულობა მაქსიმუმს აღწევს მოტივაციის ოპტიმუმი ეწოდება.
იერკს–დოდსონის მეორე ქვეკანონი ამბობს, რომ რაც უფრო რთულია სუბიექტისათვის შესასრულებელი სამუშაო, მით უფრო ნაკლები მოტივაციის დონეა მისთვის ოპტიმალური. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, აღტკინებულ და ეიფორიულ მდგომარეობაში შეუძლებელია ძნელი პრობლემის გადაჭრა.
იერკსი თავდაპირველად ცდებს ცხოველებზე ატარებდა. ანტროპომორფიზმი მისი სისუსტე გახლდათ და ამიტომაც ის ხშირად ავლებდა პარალელებს ადამიანებსა და ცხოველებს შორის, ხშირად ასეთი პარალელები მეტად გულუბრყვილოდ ჟღერდა, თუმცა ზემოხსენებული კანონის შემთხვევაში ეს პარალელი აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა.
ჯერ ცხოველებზე გამოცდილმა და შემდგომ ადამიანებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ცხოველები და ადამიანები იერკს–დოდსონის კანონის ფარგლებში ერთნაირები არიან. იერკსმა და დოდსონმა საექსპერიმენტო მასალის სახით თავსატეხები შეარჩიეს და ყოველ ამოხსნილ თავსატეხში გარკვეულ თანხად იხდიდნენ, ამასთან თავსატეხების სირთულის მატებასთან ერთად იზრდებოდა ფულადი ჯილდოც და აი, რა გაირკვა: სიმბოლური თანხისა და ადვილი თავსატეხების შემთხვევაში ადამიანები უინტერესოდ ეკიდებოდნენ საქმეს და შედეგი დაბალი იყო, თანხის მატებასთან ერთად იზრდებოდა ენთუზიაზმიც, შესაბამისად ეს აისახა საბოლოო შედეგზე, მაგრამ გარკვეულ მომენტში ენთუზიაზმი მასობრივ აჟიოტაჟში როცა გადაიზარდა, პროდუქტიულობამ კლება დაიწყო. ამგვარად დადგინდა, რომ დაბალი მოტივაცია არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად, ზედმეტი მოტივირებულობა კი ადამიანში ეიფორიას იწვევს, რაც ისახება კიდეც პროდუქტიულობის ხარისხზე.
იერკსმა და დოდსონმა თავისი ექსპერიმენტით დაანგრიეს მითი “ცხოვრებისეული მიზნის” შესახებ. იერკს–დოდსონის კანონის თანახმად, რაც უფრო შეპყრობილია ადამიანი და ორიენტირებულია ერთ კონკრეტულ მიზანზე, მით უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ ის ამ მიზანს მიაღწევს. ზომიერება თურმე კი არა, აქაც საჭიროა, საქმეს არამხოლოდ უინტერესოობა და ზერელეობა ვნებს, არამედ – გადამატებული აღტკინება და აჟიოტაჟიც.
ახლა დავფიქრდი და თუ ოდესმე რაღაც გამომსვლია, მხოლოდ მაშინ, როცა ამ რაღაცით ეიფორია და ცხოველი ინტერესი განელებული მქონდა ხოლმე, ანუ მიზანს ვაღწევდი მაშინ, როცა თითქმის გადაფიქრებული მქონდა ის, რისკენაც ვილტვოდი. ერთი სიტყვით რა…
მკერდის ზომის და IQ-ს ღვთაებრივი პროპორცია
ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომლებმა 2009 წლის აპრილში უნიკალური კვლევა ჩაატარეს. ისინი სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ კვლევის ფარგლებში მოწვეულ ათი ათას ქალბატონს და მათ აი–ქიუს კოეფიციენტს ზომავდნენ. შემდგომ მოწვეულ ქალბატონებს სრულიად უსასყიდლოდ მკერდს ორი ზომით უდიდებდნენ სილიკონის საშუალებით და აგრძელებდნენ დაკვირვებას მათ გონებრივ შესაძლებლობებზე. აღმოჩნდა, რომ მკერდის გადიდება უარყოფითად მოქმედებს ქალთა გონებრივ პოტენციალზე.
ფიზიოლოგი ნენსი ბეიტსი ტორონტოს უნივერსიტეტიდან მივიდა დასკვნამდე, რომ მკერდის ზომის, კერძოდ მკერდის მასის გადიდება იწვევს დამატებით დაჭიმულობას ჰიპოკამპუსზე, რაც თვის მხრივ აღგზნების კერებს აჩენს ბროკის ველში, რის შედეგადაც ლოგიკური აზროვნების უნარი ქალთა შორის იკლებს. ნენსი ბეიტსი სილიკონს ირაციონალურობის შავ ხვრელს უწოდებს, რომლის გამოკვლევაც მისი აზრით XXI საუკუნის კულტუროლოგიური ფენომენი უნდა გახდეს.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი კენეტ ირვინგი ამ ფენომენში უფრო ზოგად სურათს ხედავს და ამბობს, რომ ბუნებაში ყოველთვის დაცულია ღვთაებრივი პროპორცია (ჩვენში ოქროს კვეთის სახელით ცნობილი), რომლის რიცხვით მნიშვნელობა 0.618-ის ტოლია. მკერდის გადიდების შედეგად აი–ქიუს კლების საშუალო კვადრატული გადახრა კი 39 %–ს შეადგენს, რაც კენეტ ირვინგს აძლევს საშუალებას ივარაუდოს, რომ მკერდის ზომა და აი–ქიუ შენახვად სიდიდეებს წარმოადგენენ ადამიანის გენომში. მისი განცხადებით ეს ორი რამ ერთმანეთს აბალანსებს და ავსებს, მსგავსი კოჰერენტულობა კი ჩვენი სამყაროსათვის ძალიან დამასახიათებელი მოვლენაა. თვალსაჩინოებისათვის კანადელ მეცნიერს სოფია კოვალევსკაია, მარია სკლოდოვსკაია კიური, ბერტა კინსკი მოჰყავს, რომელთა მკერდის ზომა არ აღემატებოდა 36A–ს, ამ ქალბატონების გონებრივი მონაცემები კი დღემდე გაკვირვებას იწვევს სამეცნიერო წრეებში.
p.s. მასალა აღებულია Ni2 News–იდან.
შეკითხვა #18



flickr.com–ზე ვბოდიალობდი უსაქმურობისაგან და ხან რას ვეძებდი, ხან – რას. როდესაც შევეცადე მომეცებნა კადრები კლასიკური ჰოლივუდური ფილმიდან და ძიების ველში შევიყვანე ამ ფილმის ინგლისური სახელწოდება, მოძებნილ სურათებს შორის, ამ ფილმის კადრების გარდა, იყო წარმოდგენილი ფოტოებიც. რომელი ფილმის კადრებს ვეძებდი საიტზე?
ვაკეში და საბურთალოზე
დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, საცობში მდგომს უცბად იდეა მომივიდა და იმდენად გავერთე, რომ სულ გადამავიწყდა საკნებიც, საცობებიც, ინტერნეტში ნანახი ფარული ჩანაწერებიც და ყველაფერი ის რითაც ეს ბოლო დღეებია გაჯერებულია ჩვენი ყოველდღიურობა. უცებ წარმოვიდგინე, რომ ვარ უცხოელი და ქართულის სწავლა ახალი დაწყებული მაქვს. დავამუღამე ეს მწკრივები, სერიები, თემის ნიშნები, თანდებულები, ერთი სიტყვით გრამატიკური მასალა სრულად ავითვისე და დავსახლდი თბილისში. ბუნებრივია თბილისის ტოპონიმიკა ასევე უნდა აისახებოდეს იმ ენაზე, რომელსაც ვსწავლობ და სადაც ჯერ–ჯერობით ყველაფერი წესების მიხედვითაა. ჰოდა დამებადა შეკითხვა რატომ არის, რომ ზოგ შემთხვევაში “ზე” თანდებული გამოიყენება და ზოგში კი – “ში” თბილისის სხვადასხვა უბნებისა თუ კომპაქტური დასახელებების მიმართ?!
ამ შეკითხვამ სრულიად გააქრო გარშემო საცობიც და მანქანებიც. მანქანის მართვა ავტოპილოტურ რეჟიმში გადავრთე და დავიწყე გახსენება. ჩემი დაკვირვებით თბილისის უბნები ორ ნაწილად იყოფა – 1) “ზე”–ს ჯგუფი და “ში”–ს ჯგუფი. მაგალითად ყოველთვის ვამბობთ ვერაზე, საბურთალოზე, ზეემკაზე, პროსპექტზე, თემქაზე და არასოდეს – საბურთალოში, თემქაში და ა.შ. ასევე ვამბობთ გლდანში, ვაკეში, ავლაბარში და არა – ვაკეზე, ავალაბარზე და ა.შ. დამაინტერესა თუ რა არის ამის მიზეზი და არსებობს თუ არა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, ან წესი რომლის მიხედვითაც უბნის დასახელებით, მაგალითად თემქის, ეგრევე გავარკვევთ თემქაზე ვცხოვრობ თუ თემქაში. ასეთი ვერც წესი ვიპოვე და ვერც განმასხვავებელი ნიშანი, ჰოდა ყველაფერი ამის დასასრულს შვებით ამოვისუნთქე, რომ ქართველი ვარ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი და რომ შესაბამისად ამის გამო თბილისის უბნების სიის დაზეპირება არ მიწევს, თუ რომელ უბანს რა თანდებული შეესაბამება…
პ.ს არადა მართლა საინტერესოა რა მიზეზი განაპირობებს ამ ყველაფერს, ან თუ არსებობს ეს მიზეზი?!






