ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for June 15th, 2009

ქეიფიდან კაიფამდე

with 8 comments

kaif

1957 წლის 28 ივლისს მოსკოვში ახალგაზრდებისა და სტუდენტების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ამ ღონისძიებამ წარუშლელი კვალი დატოვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების კულტურაში. ფესტივალის სიმბოლო, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შექმნილი, პაბლო პიკასოს მშვიდობის მტრედი გახლდათ. ამ დროს გაიხსნა “ლუჟნიკების” სტადიონი, ქალაქის ქუჩებში პირველად გამოჩნდა უნგრული ავტობუსი “იკარუსი”, სწორად ამ ფაქტს დაუმთხვიეს გაზ–21 მარკის ავტომობილების პირველი ნაკადის გამოშვებაც. ამ ფესტივალმა გადატრიალება მოახდინა ყოფილი საბჭოელების ცნობიერებაში. გაგანია “ოტტეპელის” დროს, საბჭოთა კავშირში პირველად მოხდა ასეთი რაოდენობის უცხოელი ტურისტების შემოდინება. მოდაში შემოვიდა როკენროლი და მოსკოვის ქუჩებში 15 დღით სრულმა ეიფორიამ დაისადგურა. შემდგომში გაზეთები დაწერენ, ეს იყო 15 დღე, რომელმაც შეცვალა დედაქალაქიო. სწორად ამ დროს დამკვიდრდა რუსულ ჟარგონში სიტყვა, რომელიც ზემოხსენებულ ეიფორიულ მდგომარეობას აღწერდა. დიახ, პირველად სწორად ამ დროს, 1957 წლის ივლისში  განიცადეს კაიფი საბჭოელმა ახალგაზრდებმა და აღმოაჩინეს, რომ არსებობს სექსი, როკენროლი და ნარკოტიკები.

1821 წელს რუსმა ორიენტალისტმა და მწერალმა ოსიპ–იულიან სენკოვსკიმ ეგვიპტეში იმოგზაურა და პეტერბურგში დაბრუნებულმა თანამემამულეებს მისრეთის ქვეყნის ავან–ჩავანი მოუთხრო. სწორად ამ საგაზეთო პუბლიკაციაში გამოიყენა მან პირველად სიტყვა, რომელმაც მომდევნო 200 წლის მანძილზე საკულტო მნიშვნელობა შეიძინა. სენკოვსკი წერდა: “აღმოსავლეთში ნამყოფმა მოგზაურებმა იციან სიტყვა კეიფის მრავალი მნიშვნელობის შესახებ. ის გამოხატავს უდარდელად მხართეძოზე წამოწოლას, ყავის სმას, ნარგილეს მოწევას, მოკლედ რომ ვთქვათ სიმშვიდით ტკბობას”. ეს სიტყვა უმალ აიტაცა პეტერბურგის ფოე–ფოე ელიტამ და არ გასულა დიდი ხანი, რომ მან დოსტოევსკის, ლესკოვის, გონჩაროვისა და სხვა დიდი რუსი მწერლების შემოქმედებაში დაიდო ბინა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ამ სიტყვას წარმოთქვამდნენ, როგორც “Кейф”. რევოლუციის დროს საბჭოეთის ბელადებმა ჩათვალეს, რომ ეს სიტყვა ბურჟუაზიის მონაპოვარი იყო, რომ მას მშრომელ საბჭოთა ხალხთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და დაივიწყეს, თუმცა არც თუ დიდი ხნით. სულ რაღაც 40 წლის შემდეგ, ვიღაც ძველ “ბურჟუის” გაახსენდა, რომ რუსულში არსებობდა ასეთი სიტყვა, მასში ნებსით თუ უნებლიედ ერთი ასო შეცვალა და განაცხადა, მოსკოვში საკაიფო ფესტივალი ტარდებაო…

მაგრამ სად იყვნენ რუსები, ჩვენ რომ ეს სიტყვა ვიცოდით?! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართულში სიტყვა “ქეიფს” და რუსულში 1957 წელს დამკვიდრებულ “კაიფს” ერთი და იგივე ფესვები აქვთ. არაბულ და სპარსულ ენებში ეს სიტყვა ერთნაირად იწერება და სხვადასხვანაირად წარმოითქმის. არაბულში – “კაიფ”, სპარსულში – “ქეიფ”. ორივე ენაში ის აღნიშნავს სიამოვნებას, აღტაცებას, აღგზნებას, თრობას და ერთი სიტყვით დროის სასიამოვნოდ გატარებას, რაც როგორც ჩანს ჩვენს წინაპრებს ისე ძალიან უყვარდათ, რომ სიტყვა ქეიფი დღესდღეობით ყველა ქართველს ქართული ჰგონია. საბოლოო ჯამში ქეიფმა და კაიფმა ქართულ ენაში სიამოვნების მიღებისა და დროის გატარების ყველა ფორმა აღწერეს, ამასთან პოზიტიურ ღერძზე ქეიფია გადაზომილი, ნეგატიურზე კი – კაიფი. თუ კაიფი საძრახისი ქმედებაა, ქეიფი – პირიქით ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი აუცილებელი კომპონენტია, ამასთან ქეიფი უფრო ძველი თაობისთვისაა დამახასიათებელი, კაიფი კი – ახლისათვის.

დიდ ხანს ვეძებდი კაიფისა და ქეიფის ეტიმოლოგიას. ძებნის პროცესით ძალიან გავერთე და დასასრულ ჩემში ნაცნობმა ეიფორიამ დაისადგურა. იმედი მაქვს თქვენც დაიჭირეთ კაიფი ამ ტექსტის კითხვისას…

Written by linguistuss

June 15, 2009 at 2:37 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 170 other followers