Archive for July 1st, 2009
IIII თუ IV ?

შეიძლება გინახავთ მექანიკური საათები, მაგალითად შვეიცარიული კომპანია “Rolex SA”-ს წარმოებული, რომლებზეც IIII აწერია IV–ის ნაცვლად. ამ ფაქტს სპეციალისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთ–ერთი მიზეზი შუა საუკუნეებში ე.წ. “შვარცმანის წესის” არარსებობა იყო, რომლის თანახმადაც სამზე მეტი ერთნაირი ასოს დაწერა გვერდიგვერდ არ შეიძლება. მექანიკური საათების გავრცელებამდე ევროპაში მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა მზის საათები, რომელზეც საათები რომაული ციფრებით იყო ჩაწერილი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ საათის ოსტატებმა შუა საუკუნეების ტრადიცია გადმოიღეს.
ესთეტიკის მოყვარულებმა ამ ფაქტს სხვა ახსნა მოუძებნეს. მათი აზრით, ციფერბლატზე IV–ის ნაცვლად IIII იმიტომ წერია, რომ IIII–მა საპირისპირო მხარეს VIII დააბალანსოს და ამით ვიზუალური სიმეტრია იქნას შენარჩუნებული. კიდევ ერთი სიმეტრია შეინიშნება IIII–ის ვერსიაში, კერძოდ ის, რომ ასე საათის ციფერბლატი სამ სექტორად იყოფა, სადაც პირველიდან ოთხამდე საათების ჩასაწერად I გამოიყენება. ხუთიდან რვის ჩათვლით საათები შეიცავს – V–იანს და ცხრიდან თორმეტის ჩათვლით საათები შეიცავს – X-იანს. პრაქტიკოსები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ სხვადასხვა კუთხიდან თუ შევხედავთ, ან თუნდაც თავდაყირა მდგომარეობაში, უფრო ადვილი გასარჩევი და საცნობია IIII, ვიდრე IV. კიდევ არის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ჯიუტ მონარქებს შეეხება, საკუთარ სახელში IV-იანის გამოყენებაზე უარი რომ თქვეს, თუმცა ისინი ნაკლებად სარწმუნო და საინტერესოა.
ყველაზე საინტერესო ვერსია ჩემი აზრით ამ პრაქტიკის ძველი რომაული ტრადიციით ახსნაა, სადაც აკრძალული იყო რიცხვი ოთხის ჩაწერა IV–ის საშუალებით, რასაც საკრალური მიზეზი ჰქონდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ძველ რომში, უფრო სწორად იმდროინდელ ლათინურში, ასოები J და U არ არსებობდა და მათ ნაცვლად I და V გამოიყენებოდა. სწორად ამ I და V საშუალებით იწერებოდა უზენაესი ღმერთის, იუპიტერის სახელიც – IVPPITER. ამ სახელის შემოკლება კი ორი სიმბოლო IV გახლდათ. ამიტომაც გასაგებია, რომ ვერ იქნებოდა მეოთხე იუპიტერი, ღმერთი რომელსაც რომაელები უპირველესად ასახელებდნენ. ეს ხომ ძვ. რომაელებისათვის მკრეხელობა იქნებოდა!
თუ შეიძლება ლინგვისტუსი დამიძახეთ
ბოლო რამდენიმე დღეა ფანტასტიკაზე გადავერთე. ამას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ პრინტერი ვიყიდე და მეორე კი ის, რომ ინტერნეტის სქროლვა მომბეზრდა. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაკლდა მხატვრული ლიტერატურით მიღებული სიამოვნება, უფრო კონკრეტულად კი სამეცნიერო ფანტასტიკით, ვინაიდან მხატვრულ ლიტერატურას წიგნების სახით ასე თუ ისე მაინც ვეცნობოდი. ერთ–ერთი პირველი მოთხრობა, რომელიც მომხვდა ხელში პოლ ანდერსონის “Call me Joe”, ანუ “ჯო დამიძახეთ” იყო… სწორად ამ მოთხრობაზე მსურს საუბარი დღეს.
მოთხრობა 1957 წელსაა დაწერილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანა იდგა. სიუჟეტი იუპიტერთან ახლოს მდებარე კოსმოსურ სადგურზე ვითარდება, სადაც შეკრებილი მეცნიერთა ჯგუფი იუპიტერის კოლონიზაციას ცდილობს სიცოცხლის ხელოვნური ფორმებით. მათ შემუშავებული აქვთ ხელოვნური ინტელექტის მქონე მოდელები, რომელთა საშუალებითაც ისინი ცდილობენ იუპიტერის გარემოს შესწავლას და უფრო მეტიც პლანეტის ბინადარი “ველური” არსებების ჩანაცვლებას ხელოვნური ინდივიდებით, რომლებსაც სადგურიდან ოპერატორები მართავენ.
მოთხრობა იუპიტერის რეალიების აღწერით იწყება, სადაც პლანეტის ზედაპირზე გადასმული ხელოვნური ინდივიდი სახელად “ჯო” უმკლავდება გაუსაძლის გარემო პირობებს. იგი ფიზიკურად მუშაობს, ბუნაგს იშენებს, დაუპატიჟებელ იუპიტერელ ურჩხულებს უმკლავდება და ერთი სიტყვით იბრძვის გადარჩენისათვის. იგი მის “თანამოძმეთა” შორის ერთადერთი წარმომადგენელია. მასზეა დამოკიდებული სამეცნიერო ჯგუფის მუშაობის შედეგი. თუ ჯო გადარჩება ე.ი. შრომას ტყულ–უბრალოდ არ ჩაუვლია და პლანეტაზე სხვა ნიმუშებსაც გადასვამენ, რომლებიც პლანეტის ბატონ–პატრონები გახდებიან უახლოეს მომავალში.
სულ მალე ვიგებთ, რომ ჯო იმართება სადგურიდან, განსაკუთრებული ტელეპათიური მეთოდით, რომელსაც ფსიონიკას უწოდებენ. მისი მმართველი ოპერატორი კი დაინვალიდებული მეცნიერი ედ ენგლსია. ყველაფერს ენგლსი კარნახობს ჯოს, თუ რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორ აარიდოს თავი პრობლემებს და ა.შ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში თავად ჯოს პიროვნება ნელ–ნელა ყალიბდება გამოცდილების მატებასთან ერთად და საბოლოო ჯამში ენგლსის მთელი მეხსიერება, გამოცდილება, აზრები და ემოციები ახალი იუპიტერელის განუყოფელი ნაწილი გახდება.
მოთხრობის ფაბულა აგებულია განუწყვეტელ თავისტკივილზე, რომელიც ენგლს ჯოს მართვაში უშლის უშლის ხელს. დროთა განმავლობაში მართვადი ინდივიდის დამორჩილება უფრო და უფრო ძნელი ხდება, ამიტომაც ჩათვლიან, რომ ფსიონიკური მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა და სპეციალურად საამისოდ დედამიწიდან ამ საკითხში ექსპერტს ვინმე კორნელიუსს მოიწვევენ, რომელიც გვევლინება ამ ნაწარმოების მთავარ შერლოკ ჰოლმსად.
კორნელიუსი კოსმოსურ ლაბორატორიაში დაბანაკდება და იწყებს პროექტში მონაწილე მეცნიერ–თანამშრომლების გამოკითხვას. ბოლოს გაარკვევს, რომ სავარძელს მიჯაჭვული ენგლსი თითქმის სულ ჯოზეა გადართული და რამდენიმე კვირაა, რაც კონტაქტში არ შესულა კოლეგებთან. კორნელიუსი შემდეგ ფსიონიკის დეტალებში გვარკვევს. ვიგებთ იმასაც, რომ იუპიტერზე გადასმული ხელოვნური ინდივიდი სახელად ჯო, თავიდან ჩვილი ბავშვივით უსუსური არსება ყოფილა, რომელსაც არანაირი უნარ–ჩვევა არ ჰქონია და ეს ტაბულა რაზა უქცევია ედ ენგლს ამაყ იუპიტერელად ფსიონიკის საშუალებით…
საბოლოოდ კორნელიუსი ჯოსა და ენგლსის ფსიონიკურ კავშირში იპოვის პრობლემის მიზეზს, დაადგენს დამოკიდებულებას ენგლსის გაუცხოვებასა და ფსიონიკურ ტალღებს შორის. გაირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ჯოს ენგლსის მთლიანი მეხსიერება და უნარ–ჩვევები გადაეცემა, ჯო ხდება თავად ენგლსი და შესაბამისად ენგლსი ხდება მართვადი ახალი ენგლსის, ანუ ჯოს მიერ. ერთი სიტყვით ბოლოში ენგლსი ნებაყოფლობით იღუპება და ჯოს სახით აგრძელებს ცხოვრებას პლანეტა იუპიტერის ზედაპირზე. მოთხრობის სათაურიც ზუსტად ამას ეხმიანება, ენგლსი გადაწყვეტს, შეწყვიტოს უბადრუკი არსებობა როგორც ადამიანმა და გააგრძელოს ცხოვრება იუპიტერელი ჯოს სახით!
ყველაზე მეტად ამ მოთხრობის თემამ მომხიბლა, რაც ვირტუალური და რეალური ცხოვრების დაპირისპირებაში გამოიხატებოდა. დიდი ოსტატობითაა აღწერილი სავარძელს მიჯაჭვული ენგლსის აღტკინება, როდესაც ჯოზე ლაპარაკობს, მისი ჩაკეტილობა, გარემოსთან გაუცხოვება და ამასთან ჯოს შეუდარებლად ძნელი და ამავე დროს საინტერესო ყოფა პლანეტა იუპიტერზე. მსგავსი რამ, შეიძლება მრავალ თქვენთაგანს განუცდია, როცა Second Life-ისა და Line Age-ის ვირტუალურ სანახებში ჩაკეტილი ადამიანის ყოველგვარ ნიშან–წყალს ჰკარგავდით, თუმცა აქ მხოლოდ ქსელურ თამაშებზე არ არის საუბარი…
ეს მოთხრობა რომ წავიკითხე ჩემი თავი გამახსენდა, ამ 9 წლის წინ თუ როგორ გავხდი ოდესღაც ლინგვისტუსი. თავიდან ეს სახელი არაფერს ნიშნავდა, მოგონილი სიტყვა იყო და მეტი არაფერი. შემდგომში განზომილება შეიძინა, ხასიათი და უფრო მეტიც დამოუკიდებლად დაიწყო არსებობა ინტერნეტში. ბოლო 9 წელია, თუკი სადმე ვრეგისტრირდები ეს სახელი მქვია, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს ამ სახელით და სრული სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ინტერნეტში ვიწყებ ბოდიალს მე აღარ ვარ მე, მე ვარ ლინგვისტუსი, ამიტომაც ედ ენგლსისა არ იყოს, თუ შეიძლება ლინგვისტუსი დამიძახეთ :)
