IIII თუ IV ?

შეიძლება გინახავთ მექანიკური საათები, მაგალითად შვეიცარიული კომპანია “Rolex SA”-ს წარმოებული, რომლებზეც IIII აწერია IV–ის ნაცვლად. ამ ფაქტს სპეციალისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთ–ერთი მიზეზი შუა საუკუნეებში ე.წ. “შვარცმანის წესის” არარსებობა იყო, რომლის თანახმადაც სამზე მეტი ერთნაირი ასოს დაწერა გვერდიგვერდ არ შეიძლება. მექანიკური საათების გავრცელებამდე ევროპაში მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა მზის საათები, რომელზეც საათები რომაული ციფრებით იყო ჩაწერილი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ საათის ოსტატებმა შუა საუკუნეების ტრადიცია გადმოიღეს.
ესთეტიკის მოყვარულებმა ამ ფაქტს სხვა ახსნა მოუძებნეს. მათი აზრით, ციფერბლატზე IV–ის ნაცვლად IIII იმიტომ წერია, რომ IIII–მა საპირისპირო მხარეს VIII დააბალანსოს და ამით ვიზუალური სიმეტრია იქნას შენარჩუნებული. კიდევ ერთი სიმეტრია შეინიშნება IIII–ის ვერსიაში, კერძოდ ის, რომ ასე საათის ციფერბლატი სამ სექტორად იყოფა, სადაც პირველიდან ოთხამდე საათების ჩასაწერად I გამოიყენება. ხუთიდან რვის ჩათვლით საათები შეიცავს – V–იანს და ცხრიდან თორმეტის ჩათვლით საათები შეიცავს – X-იანს. პრაქტიკოსები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ სხვადასხვა კუთხიდან თუ შევხედავთ, ან თუნდაც თავდაყირა მდგომარეობაში, უფრო ადვილი გასარჩევი და საცნობია IIII, ვიდრე IV. კიდევ არის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ჯიუტ მონარქებს შეეხება, საკუთარ სახელში IV-იანის გამოყენებაზე უარი რომ თქვეს, თუმცა ისინი ნაკლებად სარწმუნო და საინტერესოა.
ყველაზე საინტერესო ვერსია ჩემი აზრით ამ პრაქტიკის ძველი რომაული ტრადიციით ახსნაა, სადაც აკრძალული იყო რიცხვი ოთხის ჩაწერა IV–ის საშუალებით, რასაც საკრალური მიზეზი ჰქონდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ძველ რომში, უფრო სწორად იმდროინდელ ლათინურში, ასოები J და U არ არსებობდა და მათ ნაცვლად I და V გამოიყენებოდა. სწორად ამ I და V საშუალებით იწერებოდა უზენაესი ღმერთის, იუპიტერის სახელიც – IVPPITER. ამ სახელის შემოკლება კი ორი სიმბოლო IV გახლდათ. ამიტომაც გასაგებია, რომ ვერ იქნებოდა მეოთხე იუპიტერი, ღმერთი რომელსაც რომაელები უპირველესად ასახელებდნენ. ეს ხომ ძვ. რომაელებისათვის მკრეხელობა იქნებოდა!


ძალიან მომწონს ეგეთ საინტერესო დეტალებზე ინფორმაციის წაკითხვა. კარგი იყო ლინგვისტუს!
უსახელო
July 1, 2009 at 3:53 pm
შვარცმანის წესი ვერ გავიგე… სამი ერთნაირი ასოს ჩაწერა რომ არ შეიძლება ამასთან IV რა შუაშია? მაშინ III ვერ უნდა დაეწერათ… თან სამი ერღად თუ არ შეიძლებოდა ოთხი დაწერეს ამიტომ? IIII???
anzora
July 1, 2009 at 11:13 pm
უი, შემშლია… შვარცმანის წესი: სამზე მეტი ერთნაირი ასოს ჩაწერა არ შეიძლება გვერდიგვერდ. ჩავასწორებ. გმადლობ :)
linguistuss
July 1, 2009 at 11:59 pm
კარგად მაინც ვერ გავიგე… ამ შვარცმანის წესმა რა გამოიწვია? რატომ არის ეს იმის ახსნა რომ IIII წერის IV–ის მაგივრად… პირიქით გასაგებია, მარა მგონი შენ სხვანაირად გინდა ახსნა… მოკლედ კიდე დავიბენი…
anzora
July 2, 2009 at 12:46 am
საუბარი იმაზეა, რომ არსებულ საათებზე ძველი ტრადიციაა გადმოღებული, როცა შვარცმანის წესი არ არსებობდა და ოთხი ცალი ერთიანის ჩაწერა შესაძლებელი იყო. შვარცმანის წესის თანახმად ოთხი ერთიანის ჩაწერა არ შეიძლება :)
linguistuss
July 2, 2009 at 1:37 am
ახლა გავიგე :) თავიდან ასეც ვიფიქრე მარა მაინც :) ისე ჩემი ლათინური ასოები როგორ გადოაქართულე? შენით აკრიფე, თუ რამე უფრო კაი გზა იცი :))))
anzora
July 2, 2009 at 5:48 am
ვაუ, მეცნიერ! მიყვარს ეგეთი ვითომ წვრილმანი რამეები: IIII თუ IV, ან პეტრე I-ის ფეხის ზომა რომ 36 იყო, სიმაღლე კი 1,96 მ. ;)
მშვენიერი პოსტია და ძალიან ნაყოფიერი ჩემთვის ;)
zurriuss
July 2, 2009 at 8:25 pm
იუპიტერის სახელი თუ ამდენჯერ მქონდა დაწერილი რას წარმოვიდგენდი
NO-Spa
November 18, 2009 at 1:53 pm