ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for July 2nd, 2009

Нигаз vs. Niggaz

with 7 comments

გასულ კვირას დიმიტრი მედვედევი ნიგერიას ესტუმრა, სადაც იგი დაესწრო რუსულ–ნიგერიული ნავთობკომპანიის გახსნას. მან დიდი სიამაყით მოულოცა ნიგერიელებს ახალი ერის დადგომა, ახალ კომპანიასთან, “Нигаз”–თან ერთად. კომპანიის სახელწოდება აბრევიატურების სიყვარულით შთაგონებული ბანალური რუსული ტრადიციის გამოვლინება იყო, რომელშიც ჩანაფიქრში “ნიგერიული გაზი” იკითხებოდა.

გაზეთ გარდიანის განცხადებით ეს ფაქტი მარკეტინგისა და ბრენდინგის ისტორიაში დაიკავებს თვალსაჩინო ადგილს, როგორც არაპროფესიონალიზმის ნიმუში. რუსმა მარკეტოლოგებმა შევროლეს და მიცუბიშის “შედევრები” დაჩრდილეს, შეიძლება იცით კიდეც ეს ისტორია, სამხრეთ ამერიკაში შევროლე Nova–ს პირველი პარტია რომ ჩაიტანეს და რომ არ გაეყიდათ, მერე აღმოაჩინეს, რომ No va ესპანურად ითარგმნება როგორც “არ დადის”. მიცუბიში პაჯეროს ისტორიაზე კი ამ პოსტში მოგახსენეთ.

რუსების შეცდომაზე პირველად Twitter–ის მომხმარებლებმა გაამახვილეს ყურადღება. სწორად მათ შენიშნეს უწყინარ “Нигаз”–ში ის დამცინავი მეტსახელი, რომლითაც შავკანიან მოსახლეობას მოიხსენიებენ ამერიკელი თეთრკანიანები და არა მხოლოდო ისინი, საუბარი მაქვს Niggaz–ზე, რომლის ფუძეშიც ლათინური სიტყვა “niger”, ანუ შავი იწონებს თავს.

ამასწინათ ერთი ასეთი მარგალიტი ქართულ მედია სივრცეშიც დაფიქსირდა. უცნობს საკანში კახა თარგამაძე ჰყავდა სტუმრად და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

თარგამაძე: „მოზამბიკის დელეგაციებით იყო სავსე იქაურობა. ზანგები იყვნენ… ნუ, ზანგები როგორ… კარგი იმით ვამბობ, ზანგები-მეთქი.“
უცნობი: „აფროამერიკელები.“
თარგამაძე: „ჰო, აფროამერიკელები.“

არადა რუსებს შეეძლოთ სხვა კომპანიების გამოცდილება გაეთვალისწინებინათ. საამისოდ “ჟიგულის” მაგალითიც კმარა, რომელსაც ევროპულ ბაზარზე “ლადა” უწოდეს საბჭოეთის მამებმა, მიზეზი მარტივი იყო – ჟიგული ფონეტიკურად ჟიგოლოს ჰგავს, ჟიგოლო კი საძრახისი სიტყვაა ნამდვილი ევროპელი მამაკაცებისათვის. შეეძლოთ იმაზეც დაფიქრებულიყვნენ, თუ რატომ ჰქვია რუსულ ბაზარზე Daewoo Kalos–ს “Aveo” და თუ რატომ ვერ იხილავთ რუსეთში იაპონურ ავტომობილს Mazda Sassou–ს.

მარკეტინგი ზოგჯერ ზუსტი მეცნიერებაა, თუმცა სიზუსტეს სხვანაირი აზროვნება სჭირდება და არა ისეთი, როგორც მარკეტოლოგებს აქვთ…