@rrobase – უნივერსალური სიმბოლო

2002 წელს ფრანგულის შესწავლა რომ დავიწყე, რამდენიმე თვეში Radio France Internationale, ანუ RFI აღმოვაჩინე და დიდი ენთუზიაზმით ჩავუჯექი. თავიდან ჯერ ნაცნობ სიტყვებს ვიჭერდი, მერე ფრაზებს, ბოლოს კი, მოსმენილი სიუჟეტებიდან ნელ–ნელა შინაარსის გამოტანა დავიწყე. ეს პროცესი რამდენიმე გრძელ წელიწადს გაგრძელდა. თავიდან მიზანი ფრანგული ენისთვის ყურის მიჩვევა იყო, ბოლოს კი ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდა, ჩვევაში რომელიც დღემდე მომყვება…
რადიო სეანსების დროს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემს თავში დიდი კითხვის ნიშანი იყო დაბუდებული ფრანგული სიტყვის “აღობაზ”–ის (arrobase) სახით. ამ სიტყვას ყველა, სტუმარი იქნებოდა თუ წამყვანი, რადიოს პირდაპირ ეთერში წაღმა უკუღმა ატრიალებდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რას აღნიშნავდა ის. ბოლოს ინტუიციით მივხვდი, რომ საუბარი ელექტრონული ფოსტის მისამართში არსებულ სიმბოლოზე იყო, რომელსაც ფრანგები ამ ენიგმატური სიტყვით მოიხსენიებდნენ. პრინციპში ფრანგების თავისებურება უცხო არ იყო ჩემთვის, სადაც ელექტრონულ ფოსტას courriel დაარქვეს, კომპიუტერს – ordinateur, სოფტვერს – logiciel და ჰარდვერს – materiel, არაფრით გამკვირვებია ი–მეილის ნიშანს ასე რომ ეძახდნენ.
ამასწინათ რეი ტომლინსონზე, ელექტრონული ფოსტის შემქმნელზე ვეძებდი ინფორმაციას და მის პერსონალურ გვერდზე მოვხვდი. რეი დიდი გზნებითა და ენთუზიაზმით იხსენებს ყოველივე დეტალს, თუ რატომ და სად შეიქმნა ელექტრონული ფოსტა და როდის გაგზავნა პირველი ელექტრონული წერილი. იგი იმასაც ყვება, თუ როგორ დადგა დღის წესრიგში შორეულ 1972 წელს ე.წ. გამყოფი სიმბოლოს საჭიროება, რომელსაც ი–მეილის მფლობელის მისამართი უნდა განეცალკევებინა ე.წ. ჰოსტის, ანუ “მასპინძელი” სერვერის მისამართისგან. სწორად მაშინ შეურჩევია მას სიმბოლო – @, რომლის გარეშეც დღევანდელი ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები არ მოიაზრება. რეი ტომლინსონი ასევე იმასაც ამბობს, რომ ეს ძველი წონის ერთეულის აღმნიშვნელი სიმბოლოაო და ამით, როგორც ჩანს თვლის, რომ ამ სიმბოლოს შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა მისი პირადი ვებ–გვერდის სტუმრებს, თუმცა ვაი, რომ მას ძალიან პროგრამისტულ ფერებში, მშრალად და უინტერესოდ გამოუვიდა ამ ინფორმაციის შეფუთვა.
მოდით, თავიდან დავიწყოთ, უფრო სწორად იმ ეპოქაში გადავინაცვლოთ, როცა არაბული სამყარო ბნელი ევროპისგან განსხვავებით ზუსტ მეცნიერებებს ძალიან წყალობდა. ზუსტი მეცნიერებების ამდაგვარი დაფასება კი ვაჭრობის განვითარების შედეგი იყო. არაბები ცდილობდნენ მაქსიმალურად ზუსტები ყოფილიყვნენ, ამიტომაც ისეთ ბოდვა საზომ ერთეულებს, როგორებიც მტკაველი, ნაბიჯი, ახტომა, სულის შეგუბება და მსგავებია, არ მიმართავდნენ, ვინაიდან მტკაველი ყველა ადამიანს ერთი ზომის არ აქვს და სულის შეგუბებაც ყველას ერთი და იმავე დროის განმავლობაში არ შეუძლია. ერთი სიტყვით, არაბები მაქსიმალურ სიზუსტეს იცავდნენ მეთქი, ავღნიშნე და, ამიტომაც, ერთეულებიც შესაბამისად ევროპელებთან შედარებით ზუსტი და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანური ფაქტორისგან დამოუკიდებელი ჰქონდათ.
ერთ–ერთ ასეთ ზუსტ ერთეულს, მარცვლეულის საწყაო ერთეულს, არაბები “არ–რუბყ”–ს უწოდებდნენ, რაც მათი გათვლებით 8,25 ლიტრს უდრიდა. თავის მხრივ “არ–რუბყ”–ი წარმოებული ერთეული გახლდათ და ოთხი “ალ–ყადაჰ”–ის ტოლი იყო. ეს ოთხი კი თავად “არ–რუბყ”–ის ფუძეში ფიგურირებს და სიტყვასიტყვით “მეოთხედს” აღნიშნავს, განსხვავებით სპარსული პოეზიის სალექსო ფორმისაგან, “რობაი”–საგან, რომელიც არაბულად ითარგმნება, როგორც “ოთხეული”.
პირენეის, იგივე იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, მთელი არაბული სამყარო ესპანურ სარკეში აისახა, ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ საწყაო, ტევადობის, მანძილისა თუ მოცულობის საზომი ერთეულებიც ესპანეთში არაბებს შეეტანათ! კულტურების მიჯნაზე წარმოშობილი ერთ–ერთი ასეთი ერთეული “არობა” გახდა, რომელიც არაბული “რუბყ”–ისგან განსხვავებით, უკვე წონის ერთეული იყო და ესპანეთში 25 გირვანქას უდრიდა. “არობა” არაბული “არ–რუბყ”–იდან იყო მიღებული და მას შემოკლებით ჩვენი ნაცნობი ი–მეილის სიმბოლოს სახით წერდნენ.
გაზეთ გარდიანში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც 2001 წლის 31 მაისით თარიღდება, ლა საპიენცას უნივერსიტეტის იტალიელი პროფესორი ჯორჯო სტაბილე ამტკიცებს, რომ მან ი–მეილის ნიშნის ყველაზე ძველი წერილობით დოკუმენტი იპოვა. მის მიერ აღმოჩენილ 1536 წლის 4 მაისს დაწერილ წერილში, რომელიც სევილიიდან რომში ფრანჩესკო ლაპის მიერაა გაგზავნილი, ვკითხულობთ:
აქ არის, ერთი ამფორა @ ღვინო, რომელსაც ბარელის ერთი ოცდამეათედი უკავია და 70 ან 80 დუკატი ღირს.
ინტერნეტში მრავლად მოიძიება მე–18 საუკუნეში ესპანეთში შექმნილი წერილების ფოტოასლები, სადაც @ წონის ერთეულს აღნიშნავს, თუმცა არობას პარპაში თავადვე ესპანელებს აღუკვეთავთ 1849 წლის 19 ივლისს გამოცემულ კანონით, რომელიც ესპანეთის მაცხოვრებლებს, კომერციულ გარიგებებში მეტრული სისტემის ერთეულების გამოყენებას ავალდებულებდა. არობასგან დასვენება ერთი საუკუნე გაგრძელდა, უფრო ზუსტად 123 წელი, როცა რეი ტომლინსონმა ელექტრონული ფორსტა შექმნა, არობამ ახალი სამოსელი მოირგო და ელექტრონული ფოსტის მისამართებში განაგრძო არსებობა. უფრო მეტიც, ISO/IEC 10646–ად წოდებულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელშიც უნივერსალური კოდირების, ე.წ. “უნიკოდის” ყოველი სიმბოლოა გაწერილი, ამ სიმბოლოს ოფიციალური სახელწოდება ჟღერს როგორც “aroba sign”, ანუ “არობას ნიშანი”. სწორად აქედან აღმოჩნდა ფრანგულში “აღობაზ” – სიტყვა, რომელიც მაჯადოებდა ამდენი წლის განმავლობაში.
პ. ს. დღესდღეობით საქართველოში პროგრესული თაობა კვლავაც ვერ შეთანხმდა ი–მეილის ნიშანს “ძაღლუკა” უწოდოს, “ჭიაყელა” თუ უფრო გულისამრევი სახელი – “საბაჩკა”. ფაქტია, რომ ეს საკითხი უნიფიკაციას საჭიროებს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ახალი სიტყვების კანონიკური ფორმების დამტკიცება იმ ორგანოების მიერ, რომლებსაც ეს ევალებათ…


ამ ნიშანს რუსების გარდა ძაღლთან ვინმე აკავშირებს სალაპარაკო ენაში? რაღა მაგათგან უნდა გადმოვიღოთ!
unaamarga
July 4, 2009 at 10:35 am
რომელ ორგანოს ევალება, განმარტოს, რა სახელი უნდა ეწოდოს @-ს? საქართველოში მაგას კარგა ხანს ვერ ვეღირებით… ამერიკელები რომ “apple”-ს ეძახიან, ეგ გადმოვიტანოთ? რავი, მე ეგ არ მომწონს. რაღაც ვერ ვაიგივებ მაგასთან. თუ შენ გაქვს რაიმე ვარიანტი, იქნებ, ბლოგებზე მოგვეწყო ერთგვარი დისკუსია და ჩვენთვითონვე წამოგვეყენებინა ჩვენივე ვარიანტები.
anyway, ძალიან კარგი პოსტია. კიდევ გადავხედავ სხვა პოსტებსაც და, ალბათ, National Geographic-ისა და ასეთი შემეცნებითი ჟურნალების გვერდით დაგაყენებ ;)
zurriuss
July 4, 2009 at 11:41 am
მადლობა ყოველმხრივი მიმოხილვისთვის :)
ისე, მე კი “ძაღლუკა” მომწონს, მაგრამ რაღაც არ ჟღერს “მოგვწერეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფოსტაზე შუსუსუ-ძაღლუკა-შუსუსუ-ჯი”.
ნეტავ ქართულში არ გვაქვს მაგ წონის აღმნიშვნელი სიტყვა?
domen
July 4, 2009 at 12:27 pm
wow, ლამაზი სახელია ისე, არობა )) ძაღლუკას ნამდვილად სჯობს. ისე, ერთი–ორი წლის წინ შევიტყვე, რომ არობას , როგორც “at”–ს ისე კითხულობდნენ (მაგალითად, მაყვალა ეთ სახლი.ჯი …) ხოდა იმის მერე მეც ასე ვეძახი )
ნატოშა
July 5, 2009 at 8:29 am
რა მართალია ის გამონათქვამი – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, ვერაფრით ვიფიქრებდი თუ ეს სიმბოლო მე-20 საუკუნის გამოგონება არ იყო, მე-16 საუკუნეზე არაფერი რომ არ ვთქვა…
koshmari
July 5, 2009 at 11:41 am
მაგ სიმბოლოს პროგრამისტები უფრო “ეტად” (at) მოვიხსენიებთ..
=syd=
July 5, 2009 at 5:00 pm
წერილის დასაწყისი ისეთი იყოს მეგონა მე ვწერდი, ნუ რაღაც თარღებია შესაცვლელი და ეგრეა! ანუ RFI-ის მოსმენაზე ვამბობ, დიუმაში ავანსეზე ეს აუცილებელიცაა თუმცა მე მანამდედაც ვუსმენდი და იდეალურია კომპრეანისონ ორალისთვის! :)
არობასი ვიცოდი რომ @ იყო, თუმცა თავის დროზე მადამ ლალიმ მითხრა ოღონდ არ მკითხო რატო “აღობას”-იო,არაფერს არ ნიშნავსო და აი თურმე როგორ არ ნიშნავს! ეხლა უკვე ვიცი
და სექტემბერში დიუმაში განვანათლებ ჩემს ჯგუფს, იმედია მანამდე არ წაიკითხავენ ამას! :))))
მეღსი ფრიად განმანათლებელი პოსტისთვის :)
pelagiaa
July 5, 2009 at 6:44 pm
პოლონურად “@” ამ ნიშანს მაუპას ეძახიან, რაც მაიმუნს ნიშნავს :)
Dea
July 6, 2009 at 9:39 pm
გამარჯობა!სკოლაში ფრანგულ ენას ვსწავლობდი და საერთოდ ქართულის შემდეგ ფრანგული ენაზე ”ვგიჟდები”.ამ ნიშნის ფრანგული სახელწოდება ძალიან კარგად ჟღერს.ქართული შესატყვისი აუცილებლად უნდა მოიძებნოს.მე ასე ვიცოდი,რომ წონის ერთეულს აღნისნავდა.ფრანგულში ნასწავლი მაქვს ამ ნიშნის ისტორია.
თორნიკე
July 7, 2009 at 12:59 pm
‘ თავის მხრივ “არ–რუბყ”–ი წარმოებული ერთეული გახლდათ და ოთხი “ალ–ყადაჰ”–ის ტოლი იყო. ეს ოთხი კი თავად “არ–რუბყ”–ის ფუძეში ფიგურირებს და სიტყვასიტყვით “მეოთხედს” აღნიშნავს, განსხვავებით სპარსული პოეზიის სალექსო ფორმისაგან, “რობაი”–საგან, რომელიც არაბულად ითარგმნება, როგორც “ოთხეული” ‘
დიდი ბოდიში მაგრამ მგონი აქ რაღაც არეულია :(
1 “არ–რუბყ”–ი = 4 “ალ–ყადაჰ”–ს
თუ პირიქით
1 “ალ–ყადაჰ”–ი = 4 “არ–რუბყ”–ს ?
ოთარი
July 9, 2009 at 11:52 pm
არ არის არეული. ლექსიკონში ასე წერია. შეიძლება ამ არ–რუბყ–მა სხვა რაღაცის მეოთხედობის გამო მიიღო თავისი სახელი, რომელიც თავისი მხრივ 4 ალ–ყადაჰ–ს უდრის… მოკლედ აქ არაარსებითია, თუმცა ლექსიკონში რაც ეწერა, ის გადმოვაკოპირე… Не виновата я :D
linguistuss
July 9, 2009 at 11:55 pm
@ -ს ზოგჯერ “ეთ”-ად მოვიხსენიებ, მაგრამ თუ არ ვარ
დარწმუნებული რომ მიხვდებიან, მაშინ ყაბალახიან ა-ს,
ან სულაც ყაბალახს ვუწოდებ.
თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო შემთხვევაში მიზანი ყოველთვის
მოღწეულია. :)
იქნებ “ყაბალახი”?
ეს ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ჩავთვალოთ!
ლინგვისტუსი თუ წინააღმდეგი არ იქნება ვარიატების
საჯარო შემოთავაზებას გახსნილად ვაცხადებ!
თქვენი ჯერია :))
ოთარი
July 14, 2009 at 1:28 pm