Archive for July 8th, 2009
კრაკოვული წვეტუნები

XIV საუკუნის დასავლეთ ევროპაში ახალი ტიპის ფეხსაცმელები შემოვიდა მოდაში, რომლებსაც ინგლისურად დღემდე crackowes ჰქვია, იმის აღსანიშნავად, რომ პოლონეთის იმდროინდელი დედაქალაქი, კრაკოვი იყო ამ მოდის შემქმნელი. კრაკოვულმა წვეტუნებმა ყველას აუბნია თავგზა, დიდგვაროვნებიდან დაწყებული კეთილშობილი რაინდებით დამთავრებული. მათ წვეტუნების ტარების კოდექსიც კი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც ხდებოდა რანგირება და რაც უფრო მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი იყო პიროვნება, მით უფრო გრძელი წვეტუნების ტარების უფლება ჰქონდა მას.
საინტერესოა ისიც, რომ კათოლიკური ეკლესია და სამღვდელოება მთელი არსებით ებრძოდა ამ ეშმაკეულ გამოგონებას და თურმე კი არა, არც–თუ უსაფუძვლოდ. წვეტუნებს დიდგვაროვნები წვეულებებზე იცვამდნენ და სწორად ამ წვეულებებზე ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა წვეტუნების სიგრძეს. კრაკოვული წვეტუნები უმთავრეს საფლირტაო საშუალებას წარმოადგენდა, რომელთა დახმარებითაც სულ უპრობლემოდ შეიძლებოდა მაგიდის ქვეშ კაბის ქვეშ შეძრომა და თვალში მოსული მდედრის ფეხებშორისის ჩიჩხინი, სადაც საქმეში წვეტუნების წვეტში ჩამაგრებული ვეშაპის ულვაში ერთვებოდა საქმეში, ვინაიდან სწორად მისი სიმტკიცე და სხვა არაფერი განაპირობებდა საეკლესიო მოღვაწეთა რისხვას, ისინი წვეტუნებს ცოდვისა და ავხორცობის გამოგონებას უწოდებდნენ.
გარდა იმისა რომ წვეტუნებით მაგიდის ქვეშ შეიძლებოდა ღლაბუცი რომელიმე მდედრთან, ამავდროულად ეკლესია იმასაც აპროტესტებდა, რომ ლოცვის დროს ამ ფეხსაცმლით მუხლებზე დგომა შეუძლებელიაო. ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწე უფრო შორს წავიდა და წვეტუნებს დააბრალა ევროპის მაშინდელი გასაჭირი, შავი ჭირი. მათი განმარტებით, შავი ჭირი იყო სასჯელი, რომელიც ღმერთმა წვეტუნებით ავხორცობის გამო გამოუგზავნა ხალხს. ასევე კიდევ ერთი ისტორიული ფაქტია ცნობილი: 1396 წელს ნიკოპოლის ბრძოლის დროს ფრანგ ჯვაროსნებს თავიანთი წვეტუნებისთვის წვეტები დაუჭრიათ, რომ გაქცევის დროს ფეხებში არ აბლანდვოდათ ისინი…

