Archive for July 10th, 2009
პითოსი – ძველბერძნული ქვევრი

1909 წელს იტალიური გაზეთის “კორიერე დელა სერას” ფურცლებზე ლუიჯი პირანდელოს ნოველა “La giara” დაიბეჭდა, რომელიც შემდგომში რეზო გაბრიაძემ ქართულ რეალობას მიუსადაგა და ასე შეიქმნა ყველასათვის საყვარელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ქვევრი”. პირანდელოს ნოველა მოგვითხრობს ორი მოხუცის, დონ ლოლო ძირაფას და ოსტატი ძი დიმას ტრაგიკომედიულ ამბავს, რომელიც ოსტატურად იქნა გადმოქართულებული, თუმცა ნაწარმოებზე საუბარი სრულებით არ მსურს, მსურველებმა შეგიძლიათ ნოველას ინგლისური თარგმანი “The oil jar” გუგლის წიგნებში წაიკითხოთ, ან პირდაპირ იტალიურ ორიგინალს შეეჭიდოთ.

ოტორინო პიანიჯანის ეტიმოლოგიური ლექსიკონის განმარტებით “giara” (ჯარა) არაბული წარმოშობის თიხის დიდი ჭურჭელია, რომელშიც კაიროში წყალს ინახავენ. ლექსიკონი 1907 წელსაა გამოცემული შესაბამისად წყლის შენახვის არაბული ყოფითი დეტალები გასაგებია და არაა საინტერესო. ამ შემთხვევაში ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ ზუსტად მოძებნა რეზო გაბრიაძემ იტალიური “giara”-ს ქართული შესატყვისი, რაც ვერ მოხდა ძვ. ბერძნული თიხის ჭურჭლის, პითოსის შემთხვევაში: ყველას სმენია ორი ძვ. ბერძნული ფრაზეოლოგიზმი – პანდორას ყუთი და დიოგენეს კასრი, თუმცა ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ძვ. ბერძნულში ამ ორივე გამონათქვამში ყუთის და კასრის ნაცვლად ერთი კონკრეტული თიხის ჭურჭელი, პითოსი ფიგურირებს, რის შესახებაც უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ.
პითოსს ძველი ბერძნების ყოფა–ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და შეიძლება იმის თქმაც, რომ პითოსზე გადიოდა ძვ. ბერძნული ცივილიზაციის შუაწერტილი. პითოსი თიხის უზარმაზარი ჭურჭელი იყო, რომლის ზომები ხშირად ადამიანის ზომებს აღემატებოდა. მასში უმთავრესად მარცვლეულს, ღვინოს და ზეითუნის ზეთს ინახავდნენ. იგი ბერძნების არამხოლოდ ძლიერი მხარე, არამედ სუსტი წერტილიც გახლდათ. მომხდურმა მტერმა კარგად იცოდა რა, რომ ბერძნები მასში უმთავრესად ზეთს ინახავდნენ, შეტევაზე გადმოსვლის დროს ამიტომაც პირველი სამიზნე ზეითუნის ზეთით სავსე პითოსები იყო ხოლმე, მას აალებულ მაშხალებს ესროდნენ, პითოსი ადვილად ტყდებოდა და შენობის გადაბუგვის მიზეზი ხდებოდა.
პითოსი რომ ძვ. ბერძნებისათვის მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტი იყო, ამას მრავალი არქეოლოგიური გათხრა და წერილობითი წყარო მოწმობს. ჰესიოდე “თეოგონიაში” პანდორას მითის თხრობისას სწორად პითოსს ახსენებს და არანაირ ყუთს. ყუთის გაჩენის მიზეზი კი ამ ფრაზეოლოგიზმში ერაზმ როტერდამელის დაუდევრობა გახლავთ, რომელმაც ჰესიოდეს თარგმნისას ძვ. ბერძნული “პითოს” ლათინური pyxis–ით თარგმნა, რაც თავის მხრივ პატარა ყუთს ნიშნავს და ასე გავრცელდა ეს ფრაზეოლოგიზმი მთელს ევროპაში.
დიოგენეს კასრის შემთხვევაში კი პირწმინდად ფრანგები არიან დამნაშავეები, რომლებმაც პითოსი tonneau–დ (კასრი) თარგმნეს და შემდეგ რუსულშიც უდრტვინველად გაჩნდა “Бочка Диогена”. ქართულში კი საიდან გვაქვს კასრი და არა ქვევრი, ამის გამოცნობა ძნელი უკვე, მე მგონი, არ უნდა იყოს. ყველანაირი ლოგიკით “პანდორას ყუთიც” და “დიოგენეს კასრიც” ქართულში “პანდორას ქვევრი” და “დიოგენეს ქვევრი” უნდა იყოს, თუმცა ამას უკვე აღარაფერი ეშველება და ამ ფაქტით მხოლოდ ცნობისმოყვარეობას თუ დავიკმაყოფილებთ, შეცვლით კი ვერაფერს შევცვლით.
