Archive for July 12th, 2009
ქურდის ქურდი ცხონდა
ამასწინათ გიგი თევზაძის ინტერვიუს ვუყურე, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს რესტორანს ადარებენ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შემდეგ თაობაში ეს ანეკდოტად დარჩეს, რომ საქართველო რესტორანიაო. არ ვიცი შემდეგ თაობაში რა ტიპის ანეკდოტებზე გაიცინებენ ჩვენი შთამომავლები, არც ის ვიცი, რამდენად გამოუვა ბატონ გიგის ეს, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა ეთქვა, რომ “საქართველო მხოლოდ რესტორანი არ არისო”, ვინაიდან კარგი რესტორანი, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს და ამისი ხაზის გადასმა არ შეიძლება. მაგრამ ეს განცხადება ჩემი აზრით მთლად სწორი არ არის, ერთი ნიუანსი აკლია!
რესტორნები ცივილიზებულ სამყაროში არავის უკვირს, მათ შორის არც ქართული რესტორნებია სიახლე ნიუ–იორკისა თუ პარიზის ქუჩებში. ქართული რესტორანი ზუსტად სამი ცალი დავთვალე ალმა–ატაში და რაღა გასაკვირია, რომ უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში მათი რაოდენობა ერთი–ასად მეტი იყოს. მაგალითად, ალმა–ატაში ქართული ფასტ–ფუდის ქსელი არსებობს, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე წამში შეცხელებული კუპატის, ხაჭაპურის და ხინკლის დაგემოვნება. ნუ, რა საზიზღრობა იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ, თუმცა ასეთი რამ არსებობს!
ბატონ გიგის, უფრო სწორად კი ამ შედარების ავტორს, რომ საქართველო რესტორანია, მთლად არ ვეთანხმები. უპრიანი იქნებოდა სხვა შედარება გვესესხა. კერძოდ, ფანტასტის, დუგლას ადამსის რომანის სათაურიდან, რომელსაც ჰქვია “რესტორანი სამყაროს კიდეში” (The Restaurant at the End of the Universe). მართლაც დღესდღეობით საქართველოზე სხვა მეტს ვერაფერს ვიტყვით, ის რესტორანია სამყაროს კიდეში, გნებავთ ბოლოში და საკვირველი ის კი არ არის, რომ რესტორანია, არამედ ის, რომ – სამყაროს კიდეში მდებარეობს და ამავე დროს კარგი რესტორანია. ასე რომ, ჯობია უფრო იმაზე ვიზრუნოთ, რომ სამყაროს კიდეში აღარ ვიყოთ და არა იმაზე, რომ რესტორნის სტატუსი ანეკდოტად ვაქციოთ.
სხვისი არ ვიცი და მე ის უფრო მთრგუნავს, რომ სამყაროს კიდეში ვიმყოფებით და არა ის, რომ საქართველო რესტორანია. სმა–ჭამის კულტურის მაღალი ხარისხით ფრანგები დღემდე ამაყობენ და ეს არასოდეს ყოფილა საძრახისი მათთვის. შესაბამისად ჩვენ რატომღა უნდა ვიუკადრისოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში მაღალი გასტრონომიული კულტურა გვაქვს?!
მოგეხსენებათ, თუ რა პოპულარობით სარგებლობს ე.წ. “ვარეზნიკები” ჯინეტში, იქაჩავენ საავტორო უფლებებით დაცულ პროდუქტებს (ფილმებს, თამაშებს, მუსიკას, პორნოს) ჩვენი ინტერნეტ მოღვაწეები და შემდეგ საკუთარ საიტზე ალაგებენ და ელოდებიან უნიკალური იუზერების რაოდენობის ზრდას. უნიკალური იუზერების მაღალი რიცხვი რეკლამის მოზიდვის საშუალებაა და ერთი სიტყვით ქართულმა ინტერნეტმა კუს ნაბიჯებით, თუმცა მაინც, ფულის კეთებისაკენ მოძრაობა დაიწყო. მთავარი დამავიწყდა: შემდეგში ამ გზით ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი რესტორნებში და საზ. კვების ობიექტებში იხარჯება.
ამასწინათ ერთ–ერთ ქართულ საიტზე ერთ “მარგალიტს” წავაწყდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ იქ ვართ, ჰო იქ – სამყაროს კიდეში. ერთ–ერთ ზემოხსნებულ ვარეზნიკზე (რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს არ დავასახელებ რომელში), ასეთი ფრაზა ეწერა: “ამიერიდან საიტიდან სიახლის სხვა საიტზე დასადებად მომპარავის დედას **************!!!” შემდგომში ეს ფრაზა მრავალმა ვარეზნიკმა დააკოპირა და თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ეს განცხადება ყველაზე გამოსაჩენ ადგილას განეთავსებინა. მე კი რამდენჯერაც მსგავს ფრაზას ვაწყდები, იმდენჯერ მახსენდება ძველი ქართული სიბრძნე: ქურდის ქურდი ცხონდა!
60 სიმბოლო
ბლოგერობა იმიტომ მომწონს, რომ არ ვარ ჩაკეტილი თემატიკაში, არც ფორმაში, შესაბამისად შემიძლია ვწერო, იმაზე რაც გამიხარდება და თუკი ჩემს გვერდზე შემოდიან, ე.ი. ტყუილად არ ვწვალობ. ვიმედოვნებ, რომ ტყუილად არ ვწვალობ, შესაბამისად დღეიდან ერთ სიახლეს შემოგთავაზებთ: შევეცდები წარმოგიდგინოთ ყველა ის ვებ–გვერდი, ან ვებ–პროექტი, რომელიც ჩემს ყურადღებას მიიპყრობს. იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს ჩემი აღმოჩენები ინტერნეტის სამყაროში.
დღეს წარმოგიდგენთ http://www.sixtysymbols.com–ს. პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, რაზედაც წარმოგენილ სნეპ–შოტზე არსებული კითხვის ნიშნები მოწმობს. ის ეძღვნება ფიზიკასა და ასტრონომიაში ყველაზე გავრცელებულ 60 სიმბოლოს. შეგიძლიათ თითოეულ სიმბოლოს დააკლიკოთ და უყუროთ პატარა ვიდეო–ჩანახატს თქვენთვის საინტერესო სიმბოლოს შესახებ, სადაც ხალისითა და იუმორით ცდილობენ ამა თუ იმ ცნებისა თუ სიმბოლოს შინაარსის მსმენელამდე მიტანას ნოტინგჰემის უნივერსიტეტის პროფესორები.
ყველაზე მეტად ვიდეო–ჩანახატებში ამ ადამიანების უბრალოებამ მომხიბლა, ყოველგვარი ზედმეტი სამეცნიერო რიტორიკისა და სნობიზმის გარეშე ცდილობენ ისინი ახსნან სათქმელი, ამავდროულად რაც შეიძლება თვალსაჩინოდ. დაახლოებით ისე, როგორც 10 წლის ბავშვს უნდა აუხსნა, როდესაც ის გკითხავს: “მამა, რა არის ენერგია?” ჰოდა, თუ რომელიმე სიმბოლო გაინტერესებთ და ინგლისური იცით, შეგიძლიათ დაუფასოთ შრომა ნოტინგჰემის უნივერსიტეტის შემოქმედებით ჯგუფს.


