ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for July 27th, 2009

ამიერკავკასიის ჩემპიონატი

with 12 comments

24–26 ივლისს ბათუმში ამიერკავკასიის მორიგი ჩემპიონატი გაიმართა. პირველად ამ ჩემპიონატზე 1999 წელს ვითამაშე და მას მერე შეიძლება ითქვას წელი არ ჩამიგდია, შარშანდელის გარდა. წელს ეს შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გუნდებს შორის. ასევე სიახლე იყო ჩემთვის შეკითხვების მთავარი რედაქტორი კონსტანტინ ნაუმენკო, რომლის კითხვებზეც მანამდე არასოდეს მითამაშია. სანამ შეკითხვებს შევეხები, მანამდე ვიტყვი იმას, რომ ცუდად არ გვითამაშია, ყოველ შემთხვევაში მე პირადად უკმაყოფილების გრძნობა არ მაქვს. რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, გამოგვეცნო ის კითხვები, რომლის გამომცნობებიც ვიყავით და მაშინ საპრიზო ადგილებზე შევძლებდით ჭიდაობას. ყოველ შემთხვევაში მე–7 ადგილი სავსებით რეალურად ასახავს ჩვენს გამოსვლას ამ ჩემპიონატზე. ხუთი ქართული გუნდი მოხვდა ათეულში, მეხუთედან მეცხრის ჩათვლით ადგილები სულ მათ დაიკავეს, ჩვენი ჩათვლით.

ახლა რაც შეეხება კითხვებს. ჯერ–ჯერობით ხელთ არ მაქვს პაკეტის ვორდ–დოკუმენტი, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი მეხსიერების იმედზე ვწერ ამ ყველაფერს. სულ დაისვა 72 შეკითხვა, რომელთაგან ჩვენ 49 გამოვიცანით. ყველაზე თვალშისაცემი შეკითხვებში განსხვავებული ფორმატი იყო. ერთ რამეს მივხვდი, რომ საქართველოში სხვა ტიპის შეკითხვებზე ვთამაშობთ ამ თამაშს. ნაუმენკოს ყველა კითხვა იყო ინტუიტიური შეკითხვა მინიშნებებით, ჩვენ კი ლოგიკურ შეკითხვებზე ვთამაშობთ ფილტრებით. არც ერთი ფილტრი არ უვარგოდა მის კითხვებს. შეიძლება ითქვას, რომ მან რამდენიმე კითხვა თავისი ცუდი ფილტრებით გააფუჭა, თუმცა არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ საერთო ჯამში, ერთი სიამოვნება იყო ამ პაკეტზე თამაში. რამდენიმე შეკითხვა იყო ისეთი, რომელმაც ჩემი აღტაცება გამოიწვია, მხოლოდ ამ კითხვების მოსმენის გამო ღირდა ამ ჩემპიონატზე წასვლა. ერთი სიტყვით ამიერკავკასიის ჩემპიონატი ამ წელს შედგა და აზერბაიჯანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად ორი შეკითხვის მოკლე შინაარსს მოვყვები, რომლებიც ძალიან მომეწონა. პირველი ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს და მის ბოლოს. შეკითხვაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანი თვითმკვლელობით თვითონ უსვამს წერტილს თავის ცხოვრებასო. დაასახელეთ ქალბატონი, რომელმაც თავის ცხოვრებას ორი წერტილი დაუსვაო. ჩემამდე ახლაც ვერ დადის როგორ მივედით 50–ე წამზე სწორ პასუხამდე. კარგად ჩაწოდებული პასი გიორგი ლაშხმა დაიჭირა და კლეოპატრა დავწერეთ, როგორც ცნობილია მან გველი დაისვა კისერზე, რომელმაც სასიკვდილოდ დაგესლა, დატოვა რა ორი წერტილი… მეორე შეკითხვა ვერ გამოვიცანით, თუმცა ის ყველაზე მეტად მომეწონა. შეკითხვაში აღწერილი იყო პატარა მინიატურა, სადაც ღმერთის და ეშმაკის დიალოგი იყო წარმოდგენილი. დიალოგის დროს ღმერთი სამჯერ იძახის იქსსო, ყურადღება შეკითხვა რა სიტყვა შევცვალეთ იქსითო. პასუხი იყო – “დაიჭრა”, ანუ ამ დიალოგის დროს ღმერთი და ეშმაკი ჩაძირობანას თამაშობდნენ და მეოთხე იქსის დროს ასე ჩაუძირა ეშმაკმა ღმერთს ტიტანიკი…

P. S. ჯერ–ჯერობით სულ ეს არის, დანარჩენს მერე დავწერ.

Written by linguistuss

July 27, 2009 at 10:04 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers