Archive for July 30th, 2009
პოლიგლოტი ალექსანდრე არგელესი
თქვენს წინაშეა Alexander Arguelles–ის, ერთი შეხედვით უბრალო ადამიანის, ერთი სამუშაო დღე. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს ვუყურე, მივხვდი რომ ასეთი ცხოვრება ძალიან მოსაწყენია, მაგრამ არ შემიძლია აღტაცება არ გამოვხატო ამ ადამიანის ენერგიისა და ნებისყოფის წინაშე.
ორანგუტანი, ანუ ტყის კაცი

მიხო მოსულიშვილის ლიტერატურული დებიუტი 1984 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ მისი პირველი მოთხრობა “ტყის კაცი” გამოქვეყნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთხრობა მალაურ ენაზე ჯერ თარგმნილი არ არის, თუმცა თუკი ამისი საჭიროება ოდესმე იქნება, მთარგმნელები რეალური პრობლემის წინაშე დადგებიან, ვინაიდან შეუძლებელია ის ღვთისნიერი კაცი, რომელზეც მოთხრობაშია საუბარი იმ სიტყვით მოიხსენიებოდეს, ქვემოთ რომ გვექნება საუბარი…
მალაურ ენაზე “ორანგ” ადამიანს აღნიშნავს. ადამიანები კი მალაურად “ორანგ–ორანგ”–ად იწოდებიან. ამ სიტყვის დაგუგვლა საკმარისი იქნება, იმის გასარკვევად თუ რაოდენ მრავალ რთულ კომპოზიტს ქმნის მალაურ ენაში ეს სიტყვა, თუმცა ყველაზე საინტერესო მოცემულ შემთხვევაში “ორანგ ჰუტან”–ია, რომელიც მალაურად სიტყვასიტყვით “ტყის კაცს” აღნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად მალაელები ორანგუტანს “mawa”-ს უწოდებენ, Orang hutan-ები კი მათ ენაზე მალაის არქიპელაგის უსიერ ტყეებში მობინადრე განდეგილებს ჰქვიათ.
ისტორია მოგვითხრობს ჰოლანდიელ ექიმზე და ნატურალისტზე ჯეიკობ დე ბონდტზე (ლათინურ ვარიანტში Jacobus Bontius-ზე), რომელმაც იმოგზაურა კუნძულ იავაზე, მაშინდელ ჰოლანდიურ კუნძულ ბატავიაზე და იქაური დაკვირვებები რამდენიმე წიგნად გამოსცა, მათ შორის ერთ–ერთი 1658 წელს გამოცემული Historiae naturalis იყო, სადაც მან წითურბალნიანი დიდი, ადამიანის ზომების მაიმუნები აღწერა და უწოდა მათ “ორანგუტანი”, სიტყვა რომელიც მას მალაის არქიპელაგში ჰქონდა გაგონილი. სწორად იაკობუს დე ბონტიუსის წყალობით ეძახის მთელი მსოფლიო ამ უწყინარ მხეცებს ორანგუტანებს, რაც თარგმანში როგორც ზემოთ ავღნიშნე “ტყის კაცს” ნიშნავს.
მალაურ ადამიანთან, ანუ “ორანგ”–თან კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული, რომელიც ენტონი ბერჯესის რომანს, “მექანიკურ ფორთოხალს” უკავშირდება. ზოგი ამ რომანს “დასაქოქ ფორთოხლადაც” თარგმნის, ვინაიდან თავად რომანის ინგლისური ორიგინალი იძლევა ამის საშუალებას (clockwork orange), რაც თავის მხრივ ლონდონურ ქოქნიზე არსებულ ფრაზეოლოგიზმს უკავშირდება – როცა დედაქალაქელებს სურთ უცნაური ადამიანის დახასიათება, ისინი ამბობენ ისეთი უცნაურია, როგორც მექანიკური ფორთოხალიო (as queer as a clockwork orange).
რომანის სათაურს სხვა წაკითხვაც აქვს, რომელიც ენტონი ბერჯესის სამხედრო სამსახურს უკავშირდება. იგი ახალგაზრდობაში მალაიზიაში მსახურობდა და სიტყვა “ორანგ”–ის მნიშვნელობა რომ სცოდნოდა არ არის გასაკვირი. გასაკვირი სხვა რამ არის, თუ როგორი ოსტატური კალამბური გამოაცხო ბერჯესმა, რომელიც ერთი მხრივ უცნაურ ადამიანს უკავშირდება, მეორე მხრივ კი მექანიკურ ადამიანს, ანუ ადამიან–რობოტს. თავდაპირველად ზუსტად ასე უნდოდა თურმე დაერქმია მწერალს რომანისათვის, “ადამიანი რობოტი”, თუმცა შემდგომში მალაიზიაში გატარებული წლები გაუხსენებია და clockwork orange–ში ჩაუშიფრავს როგორც ფორთოხალი, ასევე მალაური “ორანგი” – ადამიანი.
რომენ გარი, იგივე ემილ აჟარი

1975 წელს ემილ აჟარს რომანისათვის “სიცოცხლე ჩვენს წინ” საფრანგეთში ყველაზე პრესტიჟული, ძმები გონკურების სახელობის პრემია მიენიჭა. ეს პრემია სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიენიჭოს ერთ ავტორს, შესაბამისად ემილ აჟარი ვეღარასოდეს იქნებოდა ამ პრემიით დაჯილდოებული, რომ არა ერთი გარემოება: როგორც შემდგომში გაირკვა, ემილ აჟარი ფრანგი მწერლის რომენ გარის ფსევდონიმი გახლდათ, რომელსაც თავისი მხრივ გონკურების პრემია 1956 წელს ჰქონდა მოპოვებული რომანისათვის “ცის ფესვები”. ამგვარად არის რომენ გარი ერთადერთი ფრანგი მწერალი, რომელსაც გონკურების პრემია ორჯერ აქვს მოპოვებული.
