ორანგუტანი, ანუ ტყის კაცი

მიხო მოსულიშვილის ლიტერატურული დებიუტი 1984 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ მისი პირველი მოთხრობა “ტყის კაცი” გამოქვეყნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთხრობა მალაურ ენაზე ჯერ თარგმნილი არ არის, თუმცა თუკი ამისი საჭიროება ოდესმე იქნება, მთარგმნელები რეალური პრობლემის წინაშე დადგებიან, ვინაიდან შეუძლებელია ის ღვთისნიერი კაცი, რომელზეც მოთხრობაშია საუბარი იმ სიტყვით მოიხსენიებოდეს, ქვემოთ რომ გვექნება საუბარი…
მალაურ ენაზე “ორანგ” ადამიანს აღნიშნავს. ადამიანები კი მალაურად “ორანგ–ორანგ”–ად იწოდებიან. ამ სიტყვის დაგუგვლა საკმარისი იქნება, იმის გასარკვევად თუ რაოდენ მრავალ რთულ კომპოზიტს ქმნის მალაურ ენაში ეს სიტყვა, თუმცა ყველაზე საინტერესო მოცემულ შემთხვევაში “ორანგ ჰუტან”–ია, რომელიც მალაურად სიტყვასიტყვით “ტყის კაცს” აღნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად მალაელები ორანგუტანს “mawa”-ს უწოდებენ, Orang hutan-ები კი მათ ენაზე მალაის არქიპელაგის უსიერ ტყეებში მობინადრე განდეგილებს ჰქვიათ.
ისტორია მოგვითხრობს ჰოლანდიელ ექიმზე და ნატურალისტზე ჯეიკობ დე ბონდტზე (ლათინურ ვარიანტში Jacobus Bontius-ზე), რომელმაც იმოგზაურა კუნძულ იავაზე, მაშინდელ ჰოლანდიურ კუნძულ ბატავიაზე და იქაური დაკვირვებები რამდენიმე წიგნად გამოსცა, მათ შორის ერთ–ერთი 1658 წელს გამოცემული Historiae naturalis იყო, სადაც მან წითურბალნიანი დიდი, ადამიანის ზომების მაიმუნები აღწერა და უწოდა მათ “ორანგუტანი”, სიტყვა რომელიც მას მალაის არქიპელაგში ჰქონდა გაგონილი. სწორად იაკობუს დე ბონტიუსის წყალობით ეძახის მთელი მსოფლიო ამ უწყინარ მხეცებს ორანგუტანებს, რაც თარგმანში როგორც ზემოთ აღვნიშნე “ტყის კაცს” ნიშნავს.
მალაურ ადამიანთან, ანუ “ორანგ”–თან კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული, რომელიც ენტონი ბერჯესის რომანს, “მექანიკურ ფორთოხალს” უკავშირდება. ზოგი ამ რომანს “დასაქოქ ფორთოხლადაც” თარგმნის, ვინაიდან თავად რომანის ინგლისური ორიგინალი იძლევა ამის საშუალებას (clockwork orange), რაც თავის მხრივ ლონდონურ ქოქნიზე არსებულ ფრაზეოლოგიზმს უკავშირდება – როცა დედაქალაქელებს სურთ უცნაური ადამიანის დახასიათება, ისინი ამბობენ ისეთი უცნაურია, როგორც მექანიკური ფორთოხალიო (as queer as a clockwork orange).
რომანის სათაურს სხვა წაკითხვაც აქვს, რომელიც ენტონი ბერჯესის სამხედრო სამსახურს უკავშირდება. იგი ახალგაზრდობაში მალაიზიაში მსახურობდა და სიტყვა “ორანგ”–ის მნიშვნელობა რომ სცოდნოდა არ არის გასაკვირი. გასაკვირი სხვა რამ არის, თუ როგორი ოსტატური კალამბური გამოაცხო ბერჯესმა, რომელიც ერთი მხრივ უცნაურ ადამიანს უკავშირდება, მეორე მხრივ კი მექანიკურ ადამიანს, ანუ ადამიან–რობოტს. თავდაპირველად ზუსტად ასე უნდოდა თურმე დაერქმია მწერალს რომანისათვის, “ადამიანი რობოტი”, თუმცა შემდგომში მალაიზიაში გატარებული წლები გაუხსენებია და clockwork orange–ში ჩაუშიფრავს როგორც ფორთოხალი, ასევე მალაური “ორანგი” – ადამიანი.


აღარც კი ვიცი რა ვთქვა. აღფრთოვანებული ვარ.
sandro
July 30, 2009 at 5:43 pm
ოჰ, ვერა და ვერ წავიკითხე ეს “მექანიკური ფორთოხალი”. შევცდი, ჯერ ფილმისათვის არ უნდა მეყურებინა. ახლა მისი პეროსნაჟების მეხსიერებიდან ამოშლას ველოდები, რომ ხელახლა შევიდე მათს სამყაროში. ამჯერად, ლიტერატურის დახმარებით ;)
zurriuss
August 11, 2009 at 9:16 pm
როუალდ დალის ერთ-ერთი გენიარული ზღაპარი გამახსენდა – BFG (Big Friendly Giant), სადაც მოთხრობილია პატარა ობოლი გოგო სოფის და კაციჭამია გოლიათების ქვეყანაში მცხოვრები უწყინარი და არაკაციჭამია გოლიათის შესახებ. ძალიან სახალისო ამბავია, განსაკუთრებით კი – კეთილი გოლიათის მიერ გამოგონილი სიტყვები, ან სიტყვებთან მიახლოების მცდელობები, მაგალითად ადამიანს, ანუ human being-ს human bean-ს უწოდებს :))) არ დაგავიწყდეთ, რომ ამ human bean-ებს მისი თანამოძმეები გემრიელად მიირთმევდნენ :)
Jessica de Rider
August 13, 2009 at 2:34 pm
ეს მოთხრობა თხუთმეტი-ოცი წელი ითარგმნებოდა რუსულად და არ გამოსდიოდა არავის – ამისი თარგმნა არ შეიძლებაო, – ამბობდნენ… მერე მოსკოველი მწერლების დახმარებით და ჩემი ჩარევით ითარგმნა აი, ასე – http://lito.ru/text/50747
მალაურად ამისი თარგმნა – ძალიან ხალისიანი და უტოპიური აზრია… სათაური კი – მართლა შესაცვლელი იქნება… :)))
არმური
August 19, 2009 at 12:27 pm
მოთხრობა ოცდაშვიდი წლის დაძველებით – http://armuri1.blogspot.com/2009/10/blog-post_22.html
Archanda
December 30, 2010 at 10:50 am