Archive for August 1st, 2009
მოვიდა ერვანდა!
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა “ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო”, შემდეგ მთელი ცხოვრება ბავშვობიდან ვერ გამოვიდა და ჰკილავდა დიდებს პატარა უფლისწულის ენით. ისე, კაცმა რომ თქვას ბოლომდე ბავშვობიდან გამოსვლა არამგონია შესაძლებელი იყოს. დღე არ გავა, რომ ჩემი მეხსიერების ბნელი კუნჭულებიდან ბავშვობამ თავი არ გამახსენოს. დღესაც ასე დამემართა… ზურაბ კიკნაძის “შუამდინარულ მითოლოგიას” ვკითხულობდი დივანზე წამოწოლილი. ვტკბებოდი დამსახურებული შვებულების პირველი დღით, ღია ფანჯრიდან მონაბერი ნიავი წამოზრდილ ქოჩორს მიჩეჩავდა და კითხვის პროცესიც ერთი–ორად სასიამოვნო იყო. წიგნში ჩემი ყურადღება ფრაზამ მიიპყრო:
მაგრამ ის არ იქნებოდა კურთხეული, ორი მდინარე რომ არა, ორი წყალუხვი მდინარე იდიგინა (ტიგროსი) და ბურანუნა (ევფრატი), რომელთაც ბიბლიურმა მითოსმა ამქვეყნიურ ედემში მიუჩინა სათავე.
ჩემთვის ნაცნობ ყველა ევროპულ ენაზე ამ ორ მდინარეს ევფრატი და ტიგროსი ჰქვია და უცებ მეუცხოვა ეს ორი სახელი და ვინებე ლეპ–ტოპთან მიჩოჩება. რამდენიმე წამიანი დაგუგვლის შემდეგ ევფრატის და ტიგროსის სახელწოდებების ეს ორი ცხრილი აღმოვაჩინე:

გამოდის, რომ ყველაფერი ძველი ბერძნების ბრალი ყოფილა, მთელი დასავლეთი სამყარო ამ მდინარეებს ტიგროსს და ევფრატს რომ უწოდებს, თუმცა პირდაპირი კავშირი იდიგინასა და ტიგროსს და ბურანუნასა და ევფრატს შორის მაინც შეინიშნება. გზად შატ–ელ–არაბზე შემომეკითხა სტატია ვიკიპედიაში და ირან–ერაყის ომზე. თურმე კი არა, პატრიოტული მიზეზების გამო, თანამედროვე ირანში შატ–ელ–არაბს, ამ მოკლე, თუმცა დიდ მდინარეს, რომელიც ტიგროსისა და ევფრატის შეერთებით მიიღება, დღემდე არვანდ რუდი, ანუ მდინარე არვანდი ეწოდება. შუა საუკუნეების ირანში “არვანდ რუდი” მდინარე ტიგროსს რქმევია, ზუსტად ასე უწოდებს მას ფირდოუსიც და ეს სიტყვა ძველ სპარსულ ენაზე, ზენდზე, რომელზედაც ზოროასტრიზმის წმინდა წიგნი “ავესტაა” დაწერილი, “სწრაფს” ნიშნავს[1]. სწრაფი მდინარისგან კი წარმომდგარა მამაკაცთა ძვ. ბერძნული სახელი ორონტესი და სომხური სახელი ერვანდი.
ბავშვობაში დეიდაჩემთან მიყვარდა ძალიან სტუმრობა ავლაბარში, უფრო კონკრეტულად კი ძაღლის უბანში. ეს ის უბანია, სადაც დღესდღეობით სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” მდებარეობს. ჰოდა, შერატონის უკანა მხარეს, გუთნისა და ნიორაძის ქუჩებს ძალიან ხშირად ვსტუმრობდი. ამ ხსენებულ ქუჩებზე ხშირად დადიოდა ნაგვის მანქანა, რომელსაც ერთობ კოლორიტული მენაგვე ერვანდა მართავდა. მოახლოებისას რაღაც გამაყრუებელ ზარს რეკავდა, არიქა ხალხო მოვედი და გამოიტანეთ ნაგავიო. გააჩერებდა ერვანდა მანქანას, მაცხოვრებლებს კი გამოჰქონდათ ნაგავი და ცლიდნენ მის მანქანაში. ერვანდას სახე ბუნებრივია არ მახსოვს, თუმცა მახსოვს დეიდაჩემის ხმა, რომელიც ახლაც ჩამესმის ყურში: “მოვიდა ერვანდა!” – ეს ორი სიტყვა ჩემი უჭმელობის დასაძლევად იყო მოფიქრებული – მეუბნებოდნენ თუ საჭმელს არ შეჭამ ნაგვის მანქანას გაგატანთო და ვინაიდან ნაგვის მანქანას ერვანდა მართავდა, ამიტომაც მთავარი შესაშინებელი სიტყვა “ერვანდა” იყო…
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის მეხსიერება. ზოგჯერ რაღაცის გასახსენებლად ორი წამი მყოფნის, ზოგჯერ კი გულითაც რომ მომინდეს ვერაფრით ვერ ვიხსენებ სასურველ სიტყვას, თუ ცნებას, არადა კარგი მეხსიერებით გამოვირჩევი, ყველას შურს ჩემი მეხსიერების. ჰოდა, ეს სიტყვა “ერვანდა”, შეიძლება ითქვას, არქივის სახელი იყო ჩემი მეხსიერების ფაილურ სისტემაში (გაფართოება ჩემთვის უცნობია), რომლის პოვნაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მასში დაცულ ინფორმაციამდე მიმეღწია და მთელი სისავსით გამეხსენებინა ბავშვობის დიდი ნაწილი, რომელიც დეიდაჩემთან, ნიორაძის ქუჩაზე მაქვს გატარებული… გულითაც რომ მდომნოდა ამ მენაგვის სახელს ვერ გავიხსენებდი, არადა, თურმე კი არა, რა სახელი რქმევია და ამავდროულად შეუსაბამო. მის ზანტ და ზლაზვნია ნაგვის მანქანას ვერაფრით უწოდებდა ადამიანი “სწრაფს”, ანუ “არვანდ”–ს – ზენდ–ავესტურად…

