ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ევფემიზმების შესახებ

with 23 comments

herc

ტაბუდადებული ლექსიკა ყველა ენაში არსებობს. ამას ბავშვობიდანვე გვაჩვევენ, რომ “ცუდი სიტყვების” თქმა არ შეიძლება. ჩვენც ავუკრძალავთ ჩვენს შვილებს “ცუდი სიტყვების” თქმას. ისინიც იგივეს გაიმეორებენ და ასე გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე. ამგვარად ახდენს საზოგადოება საკუთარი წევრების და ამავე დროს საკუთარი თავის ზომბირებას, საბოლოო ჯამში კი ცუდ სიტყვებს ცუდი ქმედებები ემატება და ეს ყველაფერი ეთიკის სამფლობელოში გადადის, სადაც ციციკორეები სხედან და ყოველ არასწორ ნაბიჯზე მზად არიან ჩაგვქოლონ, თუმცა ის ფაქტი, რომ ეთიკა და მორალი ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება, მათ ეს არ ადარდებთ.

ყველაფერში მთავარი რამ ზომიერებააო ამბობდნენ ძველი ბერძნები და შესაბამისად “ცუდი სიტყვების” თავის არიდებასაც აქვს საზღვარი. მაგალითად ის, რაც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ხდება ლინგვისტური დანაშაულია და მეტი არაფერი. ამის შესახებ დავწერე კიდეც პოსტში: პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას! საუბარია იმაზე, რომ შემდეგი სიტყვებიდან Shit, Piss, Fuck, Cunt, Cocksucker, Motherfucker, Tits – მხოლოდ “ძუძუებია” დაფიქსირებული ჩვენს ავტორიტეტულ გამოცემაში… აი, მაგალითად წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად სწავლობს ქართულ ენას, ჩამოდის საქართველოში და ესმის ზემოხსენებული სიტყვებიდან ერთ–ერთი “ყ”–ების პოლოფონიით. მიდის ლექსიკონთან და იწყებს შიგ მისთვის უცნობი სიტყვის ძებნას და ვერ პოულობს. მერე რა უნდა იფიქროს ამ ადამიანმა?! – რა თქმა უნდა ის, რომ ზემოხსენებული სიტყვა ქართული არ არის!

ლიტერატურაში კიდევ უფრო საშინლად არის საქმე. იგონებენ ათასგვარ ევფემიზმებს ჩვენი მწერელ–მწერალნი და ცდილობენ აირიდონ ციციკორეების რისხვა. არადა არის სიტუაციები, როდესაც ძალიან კურიოზულად ჟღერს ეს ევფემიზმები. ან ის ყბადაღებული “იმისი დედაც ჯეკ”, ან “ეშმაკმა დალახვროს” რად ღირს, ქართულად გახმოვანებულ ფილმებში ლოს–ანჯელესელ შავკანიანებს რომ ათქმევინებენ ქართულად. არადა სპეციალურად ვაკვირდები ბოლო რამდენიმე წელია ინგლისურ და ფრანგულ ფილმებს (რუსები ჩვენნაირად ტრაკში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით!). ყოველდღიური რუხი ცხოვრების ამსახველ ფილმებში ჟარგონები ისეთივე ძარღვიანი და მამაპაპურია, როგორიც ცხოვრებაში, ყოველგვარი ევფემიზმებისა და “ეშმაკმა დალახვროების” გარეშე. ვერ ნახავთ ვერც ერთ ფრანგულ ფილმს, სადაც უკიდურესად გაბრაზებული ადამიანი მეზობელს, რომელიც ამ გაბრაზების მიზეზია Degagez monsieur-s, ანუ “გამეცალეთ ბატონოს” ეუბნებოდეს. იქ აუცილებლად გაიჟღერებს სიტყვები va chier, ანუ “გააჯვი” და ეს ყველაფერი ფილმში ნატურალური და ბუნებრივი იქნება, შესაბამისად კურიოზული სიტუაციებიც არ შეიქმნება.

უფრო უარესი სიტუაციაა კლასიკური ლიტერატურის თარგმნის დროს. აკი ვთქვი ეპოქიდან ეპოქამდე ეთიკა იცვლება მეთქი, ამიტომაც თარგმნის დროს ეს ნიუანსი გასათვალისწინებელია, რათა ნათლად გადმოიცეს სათქმელი. ასე მაგალითად გუშინ ზურაბ კიკნაძის “შუამდინარული მითოლოგიის” კითხვის დროს წავაწყდი შემდეგ “მარგალიტს”, სადაც საუბარია ტიგროსისა (იდიგინას) და ევფრატის (ბურანუნას) წარმოშობის მითზე:

ამ ენ–ქის, რომლის სახელი იკითხება როგორც “მიწის უფალი”, აუვსია თავისი “ჰიდროენერგიით” ორი მდინარე, როგორც ნათქვამია მისი ღვაწლისადმი მიძღვნილ ჰიმნში: “რა მიეახლა მამა ენქი ბურანუნას, მორქინალ ზროხასავით ამაყად მიეგება ბურანუნა; ღვარით დატვირთა ბურანუნა ენქიმ, მარადმედინი წყლით აავსო. ახლა იდიგინა დაუდგა გვერდით მორქინალ ზროხასავით; ღვარით დატვირთა იდიგინა ენქიმ, საქორწინო ძღვენი მიუტანა. გაიხარა იდიგინამ მორქენალ ზროხასავით: წყალი რომ მიართვეს, მარადმედინი წყალი იყო…”

იქვე ავტორს მითითებული აქვს წყარო, საიდანაც არის თარგმნილი ეს ტექსტი. წყარო გერმანულ ენაზე გამოცემული ინეს ბერნჰარდტისა და ს. ნ. კრამერის “ძვ. შუმერული ლურსმნული დამწერლობა” გახლავთ, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძვ. შუმერული ლურსმნული  პირველწყაროების გერმანული თარგმანებია წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანულ ვარიანტში “ჰიდროენერგიის” მაგივრად წერია “სპერმა”, ან “თესლი” რომლის შემდგომაც მეტაფორები “ღვარით დატვირთა”, “მარადმედინი წყალი” და “საქორწინო ძღვენი” კონკრეტულ აზრს იძენს. არადა ძალიან უნდა მოინდომო, რომ ავტორის ევფემიზმის მნიშვნელობას მიხვდე. ვიკიპედიაში რომ არ წამეკითხა ამ მითის ინგლისური ვარიანტი, სადაც ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული, ნამდვილად ვერ მივხვდებოდი ენ–ქიმ ძროხებს წყალი დაალევინა თუ მათთან ჰარდკორ–სექსით დაკავდა.

ასეთი მაგალითები კლასიკურ ტექსტებში მრავლადაა, თუმცა მათ შორის გაიუს ვალერიუს კატულუსის მე–16 კარმინას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რომელიც უკვდავი სიტყვებით იწყება: Pedicabo ego vos et irrumabo. ამ ფრაზის უკვდავობის შესახებ არც–თუ დიდი ხანია შევიტყვე, თუმცა საკმაოდ ბევრი ინგლისური, ფრანგული და რუსული თარგმანი შემომეკითხა ამ ლექსისა, რომელიც კატულუსმა თავის მოქილიკე მეგობრებს აურელიუსს და ფურიუსს დაუწერა, რომლებიც ჰკიცხავდნენ კატულუსს ნაზი და სენტიმენტალური ლექსებისათვის, რის საპასუხოდაც კატულუსმა ხსენებული მე–16 კარმინა გამოაცხო, სადაც დაემუქრა კიდეც აურელიუსს და ფურიუსს თუ არ გჯერათ, რომ ნამდვილი მამაკაცი ვარ და მაინც გგონიათ რომ ჩემი ლექსებივით ნაზი ვარო, ასე და ასე გიზამთო. ძალიან ბევრი ვიფიქრე ქართულად როგორ შეიძლებოდა გადმოთარგმნილიყო სკაბრეზებისა და მოუკრეფავების გარეშე, თუმცა ამაოდ, არაფერი გამომივიდა, ევფემიზმების გამოყენება კი არ მსურდა. ერთი ინგლისური თარგმანი ვიპოვე, სადაც ეს ფრაზა თარგმნილია, როგორც:

I’ll sodomize and clintonize you

ძალიან მომხიბლა ბილ კლინტონის გვარის ხილვამ. მთარგმნელმა ინგლისურად დაახლოებით ასეთი რამ დაწერა: მიგასოდომებ და მიგაკლინტონებო. არ დაუვიწყა საყვარელ პრეზიდენტს მონიკა ლევინსკისთან ანცობა და კატულუსის ლექსში მიუჩინა ბინა. არადა ძალიან პოეტურია ეს მიკლინტონება, ვერაფერს იტყვი!

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე კიდე ლიჩნად მაგრა დამაინტერესა ძველმა შუმერულმა ნაწერებმა, ხაშურას უთხარით დადოს ხოლმე და თავისი კლასიკური კომენტები მიუწეროს რა ხდება ტექსტში და ვინ ვის რას უშვება, ვაფსე მსოფლიო დონის ვეშები გამოვა…

    ნუ აი მაგ ტექსტს ხაშურა თარგმნიდა როგორც:
    კაროჩე რა ხდება ეხლა: დიდი ბალაყანიანი ზანგი მიდგება კაროჩე ჯერ ერთს მო@!№ვს ჭუკივით და მიართმევს გემრიელად, მერე მეორე ქალს დაითრევს და იმასაც იმენნა გამოტენის, ჩემი კაი ეს უნდა ნახოთ დაგევასებათ უეჭველი.

    Cyborg Mcloud

    August 6, 2009 at 11:01 am

    • :)))) აააა, დაგლიჯაააააა!

      dv0rsky

      August 6, 2009 at 11:08 am

  2. ძაან მაგარი ლექსია: I’m gonna fuck you guys up the ass and shove my cock down your throats…

    დაგლიჯა.

    რაც შეეხება მარაზმატიკულ თარგმანებს, ჩვენები მაგას სამწუხაროდ კიდევ დიდხანს ვერ ისწავლიან… იმიტომ რომ… ნუ იმიტომ :)

    dv0rsky

    August 6, 2009 at 11:07 am

  3. მიკლინტონება :დ ეს თუ გავრცელდა საქართველოში, შენი “ბრალი” იქნება :დ

    ისე კი მგონია, როცა “უბრალო მოკვდავი” იუზერები ინტერნეტივრცეში ასეთი სიტყვების უცნაური სიმბოლოებით ჩანაცვლებას მოეშვებიან, ეს ყინულის დაძვრაში გარკვეულ როლს ითამაშებს.

    keti

    August 6, 2009 at 12:35 pm

  4. ჩემთვის ცოტა გაუგებარია,როგორ იცვლება ეპოქიდან ეპოქამდე ”მორალი და ეთიკა”…ის რაც ამორალურია ან არაეთიკური ის ყოველთვის ისევე დარჩება…ამორალურის მორალურ ჩარჩოებში მოქცევა დაუშვებელია!…ეპოქა არაფერშუაშია!უბრალოდ დღეს ისეთი რაღაცეების გადაფასებას აპირებენ,რომელიც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს…

    თორნიკე

    August 6, 2009 at 1:04 pm

    • მაგალითი სახეზეა, ძვ. შუმერულ ტექსტებში ძროხების აღვსება მარადმედინი “თესლით” სავსებით მისაღები რამ იყო, ისევე როგორც კატულუსისეული “პედიკაბო” და “ირუმაბო”… 30–40 წლის წინ ქალის კანჭის გამოჩენა საბჭოეთის ტელე თუ კინოეკრანებზე მითქმა–მოთქმისა და განხილვის საგანი ხდებოდა. ასევე ამ დროს იწერებოდა სტატია ქართულ გაზეთებში “უნდა ეცვას თუ არა ქალს შარვალი” და ა.შ. ვინც ვხედავთ განსხვავებას ეპოქებს შორის, გაგვატარეთ :)

      linguistuss

      August 6, 2009 at 1:22 pm

  5. მიკლინტონება არა მგონია სერიოზული გამოსავალი იყოს მაგ პრობლემიდან.
    დიდი ხანია მინდა ვიკითხო რას ფიქრობ ამერიკული მულტფილმების ქართულ თარგმანებზე , რომელსაც ჩვენთან აკეთებენ და ასე პოპულარულია. მე ძალიან არ მომწონს როცა უყურებ მულტფილმს ამერიკულ რეალობაზე და ამ დროს გესმის სიტყვები საბურთალო, სააკაშვილი,ასლან აბაშიძე და ა.შ. მე ეს დიდ არაპროფესიონალიზმად მეჩვენება, თუმცა როცა ამ საკითხზე ვკამათობ ხოლმე, ყოველთვის უმცირესობაში ვხვდები. სამწუხაროდ ყველას მოსწონს.
    გაიუს ვალერიუს კატულუსი და კლინტონიც იგივე შემთხვევაა მე მგონი და ამიტომ გამახსენდა.

    ნინო

    August 6, 2009 at 1:26 pm

    • მულტფილმების თარგმანი მეც არ მომწონს…

      keti

      August 6, 2009 at 1:34 pm

  6. ისე საბჭოთა კავშირის მაგალითად მოშველიება ყველაფრის გასამართლებლად უკვე მოძველდა.მე საბჭოთა კავშირში რას აკეთებენ სულ არ მაინტერესებს.საბჭოთა კავშირამდე რაც იყო იმაზე ვისაუბროთ.რა მორალურ-ეთიკური მრწამსით ცხოვრობდა ქართველი ხალხი!განვითარება არ ნიშნავს გადაგვარებას!

    თორნიკე

    August 6, 2009 at 5:01 pm

    • ძველ შუმერებზე ვილაპარაკოთ, დიდი სიამოვნებით… მათი ეთიკა სხვა იყო და ძვ. ბაბილონელებისა კი – სხვა, არადა ერთი და იმავე ადგილას სახლობდნენ :)

      linguistuss

      August 6, 2009 at 5:46 pm

  7. მე არ მითქვამს ძველ შუმერებზე ვილაპარაკოთო,მაგრამ ეს მაგალითი რა კავშირშია ეთიკასთან.მთავარი არა ადგილი,არამედ ხალხია(თავისი ისტორიით,რელიგიით,ენით)…”ცუდი სიტყვების(უცენზურო შეიძლება ითქვას)”ხმარება ნებისმიერ საზოგადოებაში მიუღებელია…მე ვამბობ ნორმალურ საზოგადოებაში,რომელსაც აქვს კულტურა,ისტორია,რწმენა…
    დღეს პრესა,ტელევიზია,ინტერნეტი და მთელი მსოფლიო ”უცენზურო სიტყვათა”ჭაობია…შენი სტატიის პირველივე კომენტარების წაკითხვისას საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებები შემექმნა…ყველაფერს საზღვარი აქვს…

    თორნიკე

    August 7, 2009 at 1:30 am

    • ჰო, მაგრამ დამეთანხმე რომ “უძინართა მზე” თემურ ბაბლუანს შელამაზებული ლექსიკით რომ გადაეღო ხელოვნური და ზედაპირული გამოვიდოდა… ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, კულტურა იმისთვის არ არის მხოლოდ რომ ხელაღებით უარი ვთქვათ სკაბრეზეულ ფრაზეოლოგიზმებზე, კულტურა ზუსტად ისაა, რომ განვასხვავოთ სად ჟღერს სკაბრეზი ბუნებრივად და სად – ვულგარულად. ამ თემას ეძღვნება ჩემი ეს პოსტიც, იმედია სათქმელი გასაგებად გადმოვეცი.

      linguistuss

      August 7, 2009 at 2:06 am

  8. მგონი სათქმელი გასაგებად ვერ გადმოეცი, ამას ძირითად

    ტექსტთან ერთად კომენტარებიც მაფიქრებინებს.

    ზოგიერთმა ისე გაიგო, რომ თუ სადმე, ვინმემ, ფიზიოლოგიური

    ქმედებების ზედმეტი სიზუსტით შემცველი ტექსტი წაიკითხა,

    ამიტომ თვითონც ასე უნდა წერონ და სხვასაც მოუწოდონ, რომ

    იგივე აკეთონ.

    ვფიქრობ ხაზგასმული და გამოყოფილი “ცუდი” სიტყვები

    არ შვენის ამ ბლოგს!

    Otari

    August 7, 2009 at 11:19 am

  9. მიკლინტონება – რა მაგარია!

    აუ, რას ვიცინებ ცოტა ხანში რომელიმე ქართულად დუბლირებულ თრილერში რომ გავიგონო “მიგაკლინტონებ!”
    (თან თუ ეს “მაგის დედაც ჯეკ”–ის გვერდით მოხვდება დიალოგში)

    lomski

    August 7, 2009 at 7:29 pm

  10. “ცუდი” სიტყვებიც ენის შვილებია.
    ისინი არსებობენ ენასთან ერთად, ცოცხლობენ, მოსდევენ საუკუნეების განმავლობაში. ე. ი. ხალხს მათი გამოყენების ადგილი და საჭიროებაც აქვს. თვალის დახუჭვა სირაქლემას პოზაში აღმოგვაჩენს..

    ისე ძალიან მამხიარულებს ეს მომენტი: რაკი გარკვეულ სიტყვებს ცუდებად მოვნათლავთ, კარგებიც “გვყავს” – ბეჯითები და ფრიადოსნები, კარგად აღზრდილები, გამოსაჩენები :))

    keti

    August 7, 2009 at 8:23 pm

    • , … საუცხოოებიც, …

      ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი ცივილიზებულ

      საზოგადოებაში და უადგილო სიტყვა, თუ ქმედება იწვევს

      სინანულს.

      Otari

      August 8, 2009 at 3:49 pm

  11. ესეც ჩემი საყვარელი თემა. დიდი ხანია ამ ბლოგს თვალს ვადევნებ და ამ პოსტის შემდეგ გადავწყვიტე კომენტარი გავაკეთო: ვფიქრობ გაუგებრად არაფერი წერია, ისევე როგორც სხვა პოსტებზე… დამახონჯებულ თარგმნას იხმარონ ე.წ. “ცუდი სიტყვები”, რადგან სპეციალურად შელამაზებულად თარგმნაც ეთიკის დარღვევად მიმაჩნია!… შუამდინარული მითოლოგიის გაცნობისას განსაკუთრებით დავიტანჯე: (ნერვებს მიშლიდა ის თარგმანი რაზეც ხელი მიმიწვდებოდა…”ჰიდროენერგიას”დიდი ხანი ვუკირკიტე:)… ბაბლუანის შემთხვევაში კი ნამდვილად ვეთანხმები ბლოგის ავტორს:). საჭირო დროსა და ადგილას სკაბრეზული ფრაზეოლოგიზმების გამოყენება კი ძალიან მაგარია:)

    QETI

    August 7, 2009 at 9:31 pm

  12. ლინგვისტუს, მოკლედ სულ აიღე ხელი ამ ბლოგზე.

    snci'vebnlvngu

    August 10, 2009 at 9:46 am

    • ვისვენებ, ზღვაზე ვიყავი… მაცალეთ :)

      linguistuss

      August 10, 2009 at 2:16 pm

  13. თუ საქმე “ცუდი სიტყვების” დაწერა–არდაწერას ეხებოდა, “ასე და ასე”–ს ნაცვლად ეს მაინც დაგეწერა: I will bugger you and face-fuck you.
    ასე უფრო საფუძვლიანი ჩანს პოსტი ;)

    zurriuss

    August 12, 2009 at 3:06 am

  14. აუუუუ “I’ll sodomize and clintonize you” ამაზე ძააან ვიცინეეეეეეეეე
    საღოლ რაა :))))))))))

  15. მიგაბერლუსკონებ – ესეც არ იქნება ცუდი, მაგრამ მიგაკლინტონებს ვერ გაუწევს კონკურენციას. :))
    მე ძალიან მომწონს ქალბატონი დალი ფანჯიკიძის თარგმანები, კონკრეტულად არ დავკვირვებულვარ ე.წ. “ცუდ სიტყვებს” როგორ თარგმნის, მაგრამ ჩემთვის ძალიან მისაღებია მისი მოსაზრება, იმის შესახებ რომ უცხო ენიდან ნათარგმნი ტექსტი მაქსმალურად ზუსტი უნდა იყოს,როდესაც ძალიან ამხატვრულებ ან ცდილობ ქართულ რეალობას მოარგო, ვინმე რამე რომ არ თქვას, უბრალოდ იტყუები. ჩემთვის არაზუსტი თარგმანი იგივე ტყუილია.აღარაფერს ვამბობ “ამის დედაც ჯეკ”, “ეშმაკმა დალახვროს” და ეგეთ ორუჯრედიან გამოსავალზე.

    ketusiaaa

    August 13, 2009 at 11:41 pm

  16. საინტერესოა რომ თავად ავტორიც ერიდება სიტყვა ყ–ის სრულად წერას თუ წარმოთქმას… :):) ასე არ არის… ?

    sdfffffffff

    December 23, 2009 at 9:48 pm


Leave a Reply