Archive for August 13th, 2009
გრამატიკიკინა: კრეფს თუ კრიფავს?!

დღეს აღმაშენებლის გამზირზე უზარმაზარი ასოებით წარწერილ “კოლეზიონე”–ზე ჩავიქირქილე ბოროტად, თუ არ იცოდნენ როგორ იკითხება ეს სიტყვა იტალიურად, რას წერდნენ მეთქი! ამასთან დაკავშირებით “ზანუდა” ლინგვისტუსი მიწოდეს. მას შემდეგ, რაც დავინტერესდი ეს “ზანუდა”, ანუ აბეზარი თქვენს ენაზე რას ნიშნავს მეთქი, განმარტება მოაყოლეს – “ზანუდა” არის ადამიანი, რომელსაც როცა ეკითხები როგორ ხარ – დაწვრილებით გიყვება როგორც არისო. ჰოდა, ვინაიდან “ზანუდა” ლინგვისტუსი უკვე მიწოდეს, ამიტომ შევიფერებ ამ სტატუსს და მსურს ერთ შეცდომაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ყველას ეშლება პერო–პათეტიკოსებით დაწყებული, ძველი ბიჭებით დამთავრებული. ამასთან დაკავშირებით ამონარიდი ერთ–ერთი ბლოგის ერთ–ერთი პოსტიდან:
მერიის გადაწყვეტილებას სულაც არ უდევს საფუძვლად გეი ტურიზმის განვითარება. უბრალოდ ამ ადგილას დიდი ხანია გეები იკრიფებიან, ხოლო პარკი იმ უბანში მდებარეობს სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსულმანი ემიგრანტები არიან. ამ პანკარტების მიზანიც სწორედ ისაა რომ, ვისაც არ უნდა გეების დანახვა შეეძლოს თავი აარიდოს.
სტატიაში საუბარი იყო ამსტერდამის პარკებში განთავსებულ აბრებზე, სადაც მითითებულია თუ ძაღლით ხარ პარკის რომელ ნაწილში გასწიო სასეირნოდ, თუ ბავშვით – რომელში და თუკი გეი ხარ და ძაღლი არ გახლავს – საით წახვიდე. გეებს არაფერს ვერჩი, წინასწარ ვაცხადებ სანამ ჰომოფობს მიწოდებთ, თუმცა ძალიან ორაზროვნად ჟღერს ფრაზა “გეები იკრიფებიან”. უცებ წარმომიდგა თვალწინ აბიბინებული მინდორი, სადაც გეები ამოდიან, ან მსხმოიარე ხეხილი, რომელსაც ტკბილი გეები ასხია, მიდიხარ კრეფ ორ–სამ გეის და შენ გზას ეწევი… თავი რომ დავანებოთ იმას, რომ “მუსულმანი” არასწორი ფორმაა და ქართულად “მუსლიმის”, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში “მუსლიმანის” დაწერა ეგების, უნდა აღინინიშნოს, რომ შეკრება და აკრეფა სხვადასხვა ზმნებია. განზრახ დავგუგლე “იკრიფებიან” და ელდა მეცა, იმდენჯერ არის ნახმარი ერთი ზმნა მეორის ნაცვლად, ამიტომაც დროა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან. ჰოდა, მაშ ასე ჩემო ძვირფასო პერო–პათეტიკოსებო თუ ძველო ბიჭებო, ყური დაუგდეთ, რას გიყვებათ გრამატიკიკინა, ანუ “ზანუდა” ლინგვისტუსი:
ქართულ ენაში სულ გვაქვს ხუთი ლაბიალური, ანუ ბაგისმიერი თანხმოვანი. ესენია: ბ, ფ, პ, ვ, მ. ყველა ამ თანხმოვანს ბაგეების დახმარებით გამოვთქვამთ, თურმე კი არა ბაგეები არამხოლოდ “საზასაოდ” ყოფილა შექმნილი. ჰო, მართლა “ზასაობაზე” და წინა პოსტის ამბორ–კოცნაზე გამახსენდა – უკვე დროა ეს პროცესი “ფრენჩ კის”–ად მოვიხსენიოდ, თორემ რუსული “ზასაობა” ყურს ჭრის! ჰო, ლაბიალურ თანხმოვნებზე ვსაუბრობდი, გავაგრძელოთ… ამ ხუთი თანხმოვნიდან “ბ” არის მჟღერი ხშული თანხმოვანი, “ფ” – ფშვინვიერი ხშული, “პ” – აბრუპტიული ხშული, “ვ” – მჟღერი სპირანტი და “მ” – სონორი. ვინაიდან ქართულში გვაქვს ბედნიერება გვქონდეს სამნაირი ხშული ლაბიალური თანხმოვანი – ბ, ფ, პ – განსხვავებით სხვა ენებისაგან, მაგალითად არაბულისგან, სადაც “პ” და “ფ” არ აქვთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთი თანხმოვნის მეორით ჩანაცვლებით შეიძლება ნათქვამმა აზრი შეიცვალოს…
შეკრებასთან და აკრეფასთან დაკავშირებით ასევე ძალიან ხშირია შეცდომა, როდესაც ამბობენ “კრიფავს” ნაცვლად “კრეფს”, “კრიბავს” – ნაცვლად “კრებს” და ასე შემდეგ. გრამატიკიკინულ ენაზე რომ გადავთარგმნოთ სათქმელი: თემის ნიშანს “უპრაგონოდ” ხმარობენ. ახლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის თემის ნიშანი. ჯერ თემას მოგახსენებთ. თემა ზმნის ის ნაწილია, რომელიც საერთოა პირველი და მეორე სერიის ყველა მწკრივისათვის, ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ სერიაში გვაქვს 6 მწკრივი: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი, მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის კავშირებითი და მეორე სერიაში გვაქვს ორი მწკრივი: წყვეტილი და II კავშირებითი. ეს ყველაფერი საქმეში რომ გაჩვენოთ, მოდით ვაუღლოთ ერთ–ერთი ჩვენთვის საინტერესო ზმნათაგან, მაგალითად “კრეფს”:
აწმყო – ვკრეფ, კრეფ, კრეფს, ვკრეფთ, კრეფთ, კრეფენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრები?)
უწყვეტელი – ვკრეფდი, კრეფდი, კრეფდა, ვკრეფდით, კრეფდით, კრეფდნენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრებოდი?)
აწმყოს კავშირებითი – ვკრეფდე, კრეფდე, კრეფდეს, ვკრეფდეთ, კრეფდეთ, კრეფდნენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვშვრებოდე?)
მყოფადი – ავკრეფ, აკრეფ, აკრეფს, ავკრეფთ, აკრეფთ, აკრეფენ (პასუხობს კითხვაზე: რას ვიზამ?)
ხოლმეობითი – ავკრეფდი, აკრეფდი, აკრეფდა, ავკრეფდით, აკრეფდით, აკრეფდნენ (პასუხობს შეკითხვაზე: რას ვიზამდი?)
მყოფადის კავშირებითი – ავკრეფდე, აკრეფდე, აკრეფდეს, ავკრეფდეთ, აკრეფდეთ, აკრეფდნენ (პასუხობს შეკითხვაზე: რას ვიზამდე?)
წყვეტილი – ავკრიფე, აკრიფე, აკრიფა, ავკრიფეთ, აკრიფეთ, აკრიფეს (პასუხობს შეკითხვაზე: რა ვქენი?)
II კავშირებითი – ავკრიფო, აკრიფო, აკრიფოს, ავკრიფოთ, აკრიფოთ, აკრიფონ (პასუხობს შეკითხვაზე: რა ვქნა?)
ე.ი. თემა რა არისო? – მართალია, რომელიც საერთოა პირველი და მეორე სერიის მწკრივებისათვის, ანუ ამ შემთხვევაში თემა იქნება “კრეფ” და “კრიფ”. გვაქვს ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები. ამ შემთხვევაში ზმნა “კრეფს” ორთემიანია, თან ხმოვანმონაცვლეა, ვინაიდან მეორე სერიაში ფუძის “ე” ხმოვანი “ი”–თ იცვლება. ასევე გამოყოფენ თემის ნიშანსაც. თემის ნიშანი, ჰქვია იმ ბოლოსართს, რომელიც პირველი სერიის თემას განასხვავებს მეორე სერიის თემისგან. ქართულში გვაქვს შემდეგი თემის ნიშნები: ი, ავ, ამ, ებ, ობ, ემ, ოფ. შესაბამისად რომ გავარკვიოთ რომელია სწორი კრეფს თუ კრიფავს, უნდა ვაუღლოთ, დავადგინოთ თემა, შემდეგ თემის ნიშანი და სრული კმაყოფილებით გამოვთქვათ სწორი ფორმა!
პედრო ალმოდოვარის “დაფლეთილი ჩახუტებები”

ახალი პოსტის დაწერის შემდეგ, როდესაც საქმე პოსტის დასათაურებაზე მიდგება ხოლმე ყოველთვის საგონებელში ვვარდები. არადა წერას მუდამ სათაურით ვიწყებ, რომელიც ფინალში აუცილებლად იცვლება. “სამუშაო” სათაური კონცენტრირებისათვის მჭირდება, საბოლოო სახეს რომ მიიღებს ნაწერი ამის შემდეგ ვიწყებ ფიქრს ადამიანებზე, რომლებიც თავდაპირველად სათაურს გაეცნობიან. დარწმუნებული ვარ, რომ სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ადამიანი! ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა აწერია ყუთს, რომელშიც უგემრიელესი შაქარყინულები, ან თუნდაც მომაკვდინებელი შხამი ინახება. ამის შესახებ უმბერტო ეკო წერს კიდეც, რასაც დამახასიათებელი სერიოზულობით ხსნის “ვარდის სახელს” თანდართულ კომენტარებში. იგი ამბობს, რომ სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი/მაყურებელი, ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეკო უფრო შორსაც მიდის და ასკვნის, რომ ჯობს მწერალი უმალვე გარდაიცვალოს, როგორც კი ბოლო გვერდს დაწერს, რათა ნაწერი უსათაუროდ მივიდეს მკითხველამდეო…
კანის ფესტივალი დასრულებული არ იყო, როცა გოგი გვახარიამ მთელ ბუმბულებით შემოსილ ინწელექტუალურ ელიტას ახარა პედრო ალმოდოვარის ბოლო ნამუშევრის შესახებ. რადიო თავისუფლების ბლოგებში შეგიძლიათ ამ ფილმისადმი მიძღვნილი პოსტიც კი წაიკითხოთ. კარგად მახსოვს, როდესაც ფილმის სათაური მოვისმინე – “შეწყვეტილი ამბორი” – და შემდეგ შეგნებულად არ წავიკითხე ბატონი გოგის შემოთავაზებული სპოილერი, ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც: რა “რამანწიკა” აუტყდა ცინიკოს პედროს ამ სიბერეში მეთქი. არაფრით ჩაეწერა “შეწყვეტილი ამბორით” შექმნილი სახე, გნებავთ “ობრაზი” პედრო ალმოდოვართან მიმართებაში. რაღაც ხელოვნური და ზედაპირული იყო ეს სათაური, თუმცა აქაოდა სპოილერები არ შემომეკითხოსთქო დაგუგვლა არც მიცდია…
დღეს როგორც იქნა გამოვნახე დრო და როგორც იქნა წავედი ამ ფილმის სანახავად “ამირანში”, რომლის დირექცია თურმე აცხადებს (ამის შესახებაც რადიო თავისუფლების გვერდზე შევიტყე), რომ ალმოდოვარის ფილმების სეზონი ზაფხულში უფროა, ვინაიდან ბლოკბასტერების მოყვარული თინეიჯერები ზღვაზე არიან, პედროს დამფასებელი ინწელექტუალური ელიტა კი ამ დროს დედაქალაქშიაო… ერთი სიტყვით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ფილმს მივუბრუნდეთ მგონი ის დროა! ფილმის ესპანურმა სახელწოდებამ “Los abrazos rotos” იმწამსვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანური არ ვიცი და ფრანგულის და იტალიურის იმედზე ვიყავი ამ ენების მსგავსების კუთხით, მხოლოდ იმის დადგენა შევძელი კინოსეანსზე ჯდომის დროს, რომ სათაური მრავლობით რიცხვშია და კოცნა სათაურში არ ფიგურირებს. ოდესღაც ნათამაშები შეკითხვა გამახსენდა, სადაც ესპანურად კოცნა “ბესო” არისო იყო ნათქვამი, თუმცა სკეპტიკურმა ლოგიკამ შემომიტია და მითხრა, იქნებ abrazo–ც კოცნაა, რა იციო?! კარგი, დავუშვათ abrazo კოცნაა, მაგრამ ამ დამტვრეულ, დაფლეთილ roto–ს რაღას უშვები, იტალიურშიც ხომ არის ეს სიტყვა მეთქი, ბანკროტი გაიხსენე – banco rotto – დამტვრეული დახლი მეთქი… ჩემს თავთან ასეთ გაბაასებაში ვიყავი ჩაძირული, რომ ფილმიც დაიწყო და საამისოდ უკვე აღარ მეცალა…
ფილმი ძალიან მომეწონა. ტყუილად ნუ ელოდებით, სპოილერის დაწერას არც კი ვცდილობ, თუმცა ჩემი სათქმელის საილუსტრაციოდ მაინც მომიწევს უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილება. პედრო სიბერეში რაღაც სენტიმენტალური მეჩვენა, თუმცა მის ფილმში კვლავაც იგრძნობა ის ტკბილ–მწარე გემო, რომელიც მის წინა სურათებში ოდესღაც მომწონდა. ფილმი ავარიაში დაბრმავებულ კინორეჟისორზეა, რომელიც 50–იანი წლების კლასიკური დეტექტივივით (სინეფილები და სინეასტები ამ შემთხვევაში აუცილებლად ახსენებდნენ ტერმინ “ფილმ–ნუარს”) არის ჩახვეული. ამბავი ნელ–ნელა იხსნება და მაყურებლები 14–15 წლის წინანდელი ტრაგიკული რომანის თანამონაწილენი ხდებიან, რომელიც ავტოავარიით, მთავარი პერსონაჟი ქალბატონის სიკვდილით და კინორეჟისორის დაბრმავებით სრულდება. თუმცა ავარიამდე ერთთვიანი თაფლობისთვისმაგვარია ნაჩვენები, კანარის კუნძულების კურორტ ლანსაროტეში გატარებული, სადაც ერთმანეთით ტკობასთან ერთად შეყვარებული წყვილი სურათებსაც იღებს. აი, იმ სურათებს წამზომს რომ აყენებ აპარატზე, შემდეგ რომ გამორბიხარ, რომ მოასწრო და ჩხაკ!!! – სურათიც მზადაა. ამ სურათებში წყვილი ჩახუტების ნაირ–ნაირ პოზას გვთავაზობს და ფინალში, ავარიის შემდეგ ამ სურათებს ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟი მაგიდაზე დანაწევრებულ, დაფლეთილს პოულობს, მადრიდში ჩააქვს და “ჯიგზო პაზლივით” ცდილობს ასო–ასო აქნილი სურათებისათვის პირვანდელი სახის დაბრუნებას…
ლექსიკონამდე როგორც კი მოვაღწიე პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ სიტყვა abrazo–ს მნიშვნელობა ვნახე. თურმე კი არა abrazo იგივეა, რაც ინგლისური embrace, ფრანნგული – embrassement და იტალიური – abbraccio… ისე ამ იტალიური “აბრაჩო”–დან abrazo–მდე აშკარად უნდა მივსულიყავი, ვინაიდან ორივე “ჩახუტებას” ნიშნავს და აშკარად შეინიშნება საერთო ფუძე. abrazo–ს მნიშვნელობის დადგენის შემდეგ უკვე გასაგები გახდა რომელ დაფლეთილ ჩახუტებებზე იყო საუბარი სათაურში… ვერაფრით დავადგინე თუ სად გაჟღერდა ამ ფილმის სათაურის ქართული თარგმანი პირველად. თუმცა ფაქტია, რომ “შეწყვეტილ ამბორსა” და “დაფლეთილ ჩახუტებებს” შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხატოვანების თვალსაზრისით და ეს ალმოდოვარს, რომელიც სწორად ამ “ობრაზებით” აზროვნებს არ შეეშლებოდა. ვერანაირი კავშირი ვერ ვიპოვე ალმოდოვარის ტკბილ–მწარე სენტიმენტალურ სურათსა და “რამანწიკულ” სათაურს შორის. არადა სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათაური ფილმს ელემენტარულად არ უხდება!

