პედრო ალმოდოვარის “დაფლეთილი ჩახუტებები”

ახალი პოსტის დაწერის შემდეგ, როდესაც საქმე პოსტის დასათაურებაზე მიდგება ხოლმე ყოველთვის საგონებელში ვვარდები. არადა წერას მუდამ სათაურით ვიწყებ, რომელიც ფინალში აუცილებლად იცვლება. “სამუშაო” სათაური კონცენტრირებისათვის მჭირდება, საბოლოო სახეს რომ მიიღებს ნაწერი ამის შემდეგ ვიწყებ ფიქრს ადამიანებზე, რომლებიც თავდაპირველად სათაურს გაეცნობიან. დარწმუნებული ვარ, რომ სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ადამიანი! ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა აწერია ყუთს, რომელშიც უგემრიელესი შაქარყინულები, ან თუნდაც მომაკვდინებელი შხამი ინახება. ამის შესახებ უმბერტო ეკო წერს კიდეც, რასაც დამახასიათებელი სერიოზულობით ხსნის “ვარდის სახელს” თანდართულ კომენტარებში. იგი ამბობს, რომ სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი/მაყურებელი, ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეკო უფრო შორსაც მიდის და ასკვნის, რომ ჯობს მწერალი უმალვე გარდაიცვალოს, როგორც კი ბოლო გვერდს დაწერს, რათა ნაწერი უსათაუროდ მივიდეს მკითხველამდეო…
კანის ფესტივალი დასრულებული არ იყო, როცა გოგი გვახარიამ მთელ ბუმბულებით შემოსილ ინწელექტუალურ ელიტას ახარა პედრო ალმოდოვარის ბოლო ნამუშევრის შესახებ. რადიო თავისუფლების ბლოგებში შეგიძლიათ ამ ფილმისადმი მიძღვნილი პოსტიც კი წაიკითხოთ. კარგად მახსოვს, როდესაც ფილმის სათაური მოვისმინე – “შეწყვეტილი ამბორი” – და შემდეგ შეგნებულად არ წავიკითხე ბატონი გოგის შემოთავაზებული სპოილერი, ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც: რა “რამანწიკა” აუტყდა ცინიკოს პედროს ამ სიბერეში მეთქი. არაფრით ჩაეწერა “შეწყვეტილი ამბორით” შექმნილი სახე, გნებავთ “ობრაზი” პედრო ალმოდოვართან მიმართებაში. რაღაც ხელოვნური და ზედაპირული იყო ეს სათაური, თუმცა აქაოდა სპოილერები არ შემომეკითხოსთქო დაგუგვლა არც მიცდია…
დღეს როგორც იქნა გამოვნახე დრო და როგორც იქნა წავედი ამ ფილმის სანახავად “ამირანში”, რომლის დირექცია თურმე აცხადებს (ამის შესახებაც რადიო თავისუფლების გვერდზე შევიტყე), რომ ალმოდოვარის ფილმების სეზონი ზაფხულში უფროა, ვინაიდან ბლოკბასტერების მოყვარული თინეიჯერები ზღვაზე არიან, პედროს დამფასებელი ინწელექტუალური ელიტა კი ამ დროს დედაქალაქშიაო… ერთი სიტყვით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ფილმს მივუბრუნდეთ მგონი ის დროა! ფილმის ესპანურმა სახელწოდებამ “Los abrazos rotos” იმწამსვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანური არ ვიცი და ფრანგულის და იტალიურის იმედზე ვიყავი ამ ენების მსგავსების კუთხით, მხოლოდ იმის დადგენა შევძელი კინოსეანსზე ჯდომის დროს, რომ სათაური მრავლობით რიცხვშია და კოცნა სათაურში არ ფიგურირებს. ოდესღაც ნათამაშები შეკითხვა გამახსენდა, სადაც ესპანურად კოცნა “ბესო” არისო იყო ნათქვამი, თუმცა სკეპტიკურმა ლოგიკამ შემომიტია და მითხრა, იქნებ abrazo–ც კოცნაა, რა იციო?! კარგი, დავუშვათ abrazo კოცნაა, მაგრამ ამ დამტვრეულ, დაფლეთილ roto–ს რაღას უშვები, იტალიურშიც ხომ არის ეს სიტყვა მეთქი, ბანკროტი გაიხსენე – banco rotto – დამტვრეული დახლი მეთქი… ჩემს თავთან ასეთ გაბაასებაში ვიყავი ჩაძირული, რომ ფილმიც დაიწყო და საამისოდ უკვე აღარ მეცალა…
ფილმი ძალიან მომეწონა. ტყუილად ნუ ელოდებით, სპოილერის დაწერას არც კი ვცდილობ, თუმცა ჩემი სათქმელის საილუსტრაციოდ მაინც მომიწევს უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილება. პედრო სიბერეში რაღაც სენტიმენტალური მეჩვენა, თუმცა მის ფილმში კვლავაც იგრძნობა ის ტკბილ–მწარე გემო, რომელიც მის წინა სურათებში ოდესღაც მომწონდა. ფილმი ავარიაში დაბრმავებულ კინორეჟისორზეა, რომელიც 50–იანი წლების კლასიკური დეტექტივივით (სინეფილები და სინეასტები ამ შემთხვევაში აუცილებლად ახსენებდნენ ტერმინ “ფილმ–ნუარს”) არის ჩახვეული. ამბავი ნელ–ნელა იხსნება და მაყურებლები 14–15 წლის წინანდელი ტრაგიკული რომანის თანამონაწილენი ხდებიან, რომელიც ავტოავარიით, მთავარი პერსონაჟი ქალბატონის სიკვდილით და კინორეჟისორის დაბრმავებით სრულდება. თუმცა ავარიამდე ერთთვიანი თაფლობისთვისმაგვარია ნაჩვენები, კანარის კუნძულების კურორტ ლანსაროტეში გატარებული, სადაც ერთმანეთით ტკობასთან ერთად შეყვარებული წყვილი სურათებსაც იღებს. აი, იმ სურათებს წამზომს რომ აყენებ აპარატზე, შემდეგ რომ გამორბიხარ, რომ მოასწრო და ჩხაკ!!! – სურათიც მზადაა. ამ სურათებში წყვილი ჩახუტების ნაირ–ნაირ პოზას გვთავაზობს და ფინალში, ავარიის შემდეგ ამ სურათებს ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟი მაგიდაზე დანაწევრებულ, დაფლეთილს პოულობს, მადრიდში ჩააქვს და “ჯიგზო პაზლივით” ცდილობს ასო–ასო აქნილი სურათებისათვის პირვანდელი სახის დაბრუნებას…
ლექსიკონამდე როგორც კი მოვაღწიე პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ სიტყვა abrazo–ს მნიშვნელობა ვნახე. თურმე კი არა abrazo იგივეა, რაც ინგლისური embrace, ფრანნგული – embrassement და იტალიური – abbraccio… ისე ამ იტალიური “აბრაჩო”–დან abrazo–მდე აშკარად უნდა მივსულიყავი, ვინაიდან ორივე “ჩახუტებას” ნიშნავს და აშკარად შეინიშნება საერთო ფუძე. abrazo–ს მნიშვნელობის დადგენის შემდეგ უკვე გასაგები გახდა რომელ დაფლეთილ ჩახუტებებზე იყო საუბარი სათაურში… ვერაფრით დავადგინე თუ სად გაჟღერდა ამ ფილმის სათაურის ქართული თარგმანი პირველად. თუმცა ფაქტია, რომ “შეწყვეტილ ამბორსა” და “დაფლეთილ ჩახუტებებს” შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხატოვანების თვალსაზრისით და ეს ალმოდოვარს, რომელიც სწორად ამ “ობრაზებით” აზროვნებს არ შეეშლებოდა. ვერანაირი კავშირი ვერ ვიპოვე ალმოდოვარის ტკბილ–მწარე სენტიმენტალურ სურათსა და “რამანწიკულ” სათაურს შორის. არადა სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათაური ფილმს ელემენტარულად არ უხდება!


ფილმი არ მინახავს ჯერ. უფრო ზუსტად კი სწორედ სათაურის გამო არ გამჩენია სურვილი. ნუ როდესმე ვნახავდი, როგორც ალმოდოვარის ყველა ფილმს. ერთი სიტყვით, თითიდან გამოწოვილი ფილმის სათაურივით ჟღერს და ჩავთვალე, რომ პედროს შემოქმედებითი კრიზისის ხანა უდგას. “დაფლეთილი ჩახუტებები” კი ჭეშმარიტად მის სტილშია.
თურმე მართალი ბრძანდებით, ბატონო უმბერტო :)))
maka
August 13, 2009 at 4:06 am
მაგ ფილმს მაინც ვნახავდი , სათაურების თარგმანი მგონი ყველაზე ძნელია და მას შემდეგ რაც მოვისმინე ცნობილი ფილმის სათაურის თარგმანი ქართულად, რომელიც ასე ჟღერდა “იდიოტი მიცვალებული” (ფილმში შონ პენი და სუზან სარანდონი თამაშობენ და თქვენც მიხვდებით რომელია), გადავწყვიტე ნაკლები ყურადღება მივაქციო სათაურებს. ძირითადად რეჟისორს და მსახიობებს ვუყურებ (თუმცა არა ყოველთვის). ალმოდოვარი და ეს ქალი, ამ სურათზე რომაა, სრულიად საკმარისი ინდიკატორია ჩემთვის :)
Jessica de Rider
August 13, 2009 at 11:20 am
ლოოოოლ
ძალიან ბევრი ვიცინე.
deadman walking —> мертвец идёт —-> იდიოტი მიცვალებული
:)))))))))
მაკა
August 13, 2009 at 2:28 pm
მე სრული შოკი მქონდა :))) ამას წინებზე დედაჩემი რაღაცა ფილმს უყურებდა – რუსული თარგმანით. უცებ გაოცებულმა იკითხა, ნეტავი ეს გრუზინსკი სტულ რაღააო. ფილმი ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის ამბავზე იყო. მერე მივხვდი, გრუზინსკი სტულ არის რუსული თრგმანი Georgian chair, სავარაუდოდ, რაც გეორგიანული ეპოქის სტილის სკამს გულისხმობდა :))) მოკლედ, სახალისოა თარგმანები :)
Jessica de Rider
August 13, 2009 at 4:32 pm
ჩემი აზრით სათაურები რაც შეიძლება ზუსტად უნდა იყოს ნათარგმნი და არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა რამდენად “ლამაზად” ჟღერს. “შეწყვეტილი ამბორი”– ასეთი სათაური უფრო რომელიმე ჰოლივუდურ გულისამაჩუყებელ მელოდრამას მოუხდება. “დაფლეთილი ჩახუტებები” ან სულაც “შეწყვეტილი ჩახუტებები” ან “შეუმდგარი ჩახუტებები”,ბევრად უფრო ზუსტად გამოხატავს აზრს. მე ფილმი არ მინახავს და აუცილებლად ვაპირებ. მშვენიერი სტატიაა, როგორც ლინგვისტუსის ყველა სტატია.
ketusiaaa
August 13, 2009 at 11:34 am
ისე საინტერესოთ მითარგმა translate.ru-მ:
Los abrazos rotos – Сломанные объятия -
ანუ დამსხვრეული ჩახუტებები. :) შენს თარგმანთან უფრო ახლოსაა, ვიდრე შეწყვეტილ ამბორათან…
Natalie
August 13, 2009 at 12:05 pm
ფილმების სათაურების ქართული თარგმნები ყოველთვის გამოირჩევა “ორიგინალურობით”. სამწუხაროდ ჩვენთან ხშირ შემთხვევაში არა ორიგინალ სახელწოდებას თარგმნიან, არამედ რუსები რა სახელითაც უშვებენ გაქირავებაში ფილმს იმ სახელს.
ალმადოვარს რაც შეეხება არასოდეს მომწონდა მისი ფილმები.
Leonard Shelby
August 13, 2009 at 12:17 pm
ძირს კაცთმოძულე პედრო. ესებუასი არ იყოს მეც არასოდეს მომწონდა მისი ფილმები
Gorgiladze
August 13, 2009 at 12:28 pm
პედრო კაცთოძულე კი არა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი კაცთმოყვარეა ელტონ ჯონის მერე…
Alexander
August 13, 2009 at 5:24 pm
ვახო, შემი ბლოგი ბოლო დროს სულ უფრო ემსგავსება ლიგვისტიკურ დეტექტივს, შენ კი — ფანდორინს (იმჰო, რატომღაც).
მაკა
August 13, 2009 at 2:41 pm
მინდა ამ ფილმის ნახვა, მიინდა! რაც უნდა ერქვას, I don’t care.
თუმცა ალმოდოვარი ძალიან მიყვარს-თქო რომ ვთქვა მოვიტყუები, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს..
Natalia
August 13, 2009 at 3:16 pm
ალმოდოვარის სიყვარული არ შეიძლება, ალმოდოვარი არც ხაჭაპურია და არც გურჯაანის ნაყინი. ალმოდოვარი უნდა მიიღო ისეთი როგორიცაა. აქვს ფილმები, რომლებსაც 1000–ჯერ რომ უყურო არ მოგბეზრდება, და აქვს ისეთები, რომ მეორედ ნახვა არ მოგინდება. არ ვაპირებდი ამ ფილმის ნახვას, ცუდი რეცენზიები მოვიდა ჩემამდე, მაგრამ როგორც ეტყობა ყველას არ უნდა ენდო. ამ პოსტის შემდეგ აუცილებლად ვნახავ, მით უმეტეს, რომ მერგება :)
Alexander
August 13, 2009 at 5:28 pm
მასე ყველა რეჟისორზე/მწერალზე/მუსიკოსზე და ა.შ შეგვიძლია ვთქვათ რომ არ შეიძლება გიყვარდეს, იმიტომ რომ მათი შემოქმედებიდან ყველაფერი რომ არ გიყვარდეს ბუნებრივია, ზოგი მოგეწონება, ზოგი – არა. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს ალბათ.
ტავტოლოგიებზე მაპატიეთ, ამ ბლოგზე არ უნდა მექნა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე სხვა სიტყვები რომ ჩამესწორებინა :))
Natalia
August 14, 2009 at 4:13 pm
მაგდანას ლურჯა მაინც დაერქმია ადვილი გადმოსატარგმნი იქნებოდა, ეხლა მეც ვუკირკიტე და ვერ გადმოვთარგმნე, დაფლეთილი ჩახუტებები კიდე არაა ქართული და… კი ბატონო ლექსიკურ გრამატიკულად სწორია მაგრამ არა ბუნებრივი სიტყვათაწყობა, ძალაინ ხელოვნურია, მაგას ისევ არასწორი შეწყვეტილი ამბორი ჯობია
პს: ძალიან ბევრი სიტყვა და წინადადება უბრალოდ შეუძლებელია თარგმნო სხვა ენაზე, ასეთ შემთხვევაში ტრაგედიაა არაა თუნდაც ორიგინალური სათაურის შენარჩუნება ან სხვა სათაურის მოგონება, სიყვარული ყველას უნდა რუსულად ითარგმნა როგორც გოგონა საკერავი მანქანით :):):)
alex
August 13, 2009 at 6:19 pm
Étreintes brisées <<< ფრანგული თარგმანი
Zerrissene Umarmungen <<< გერმანული თარგმანი
Broken Embraces <<< ინგლისური თარგმანი
gli abbracci rotti <<< იტალიური თარგმანი
გაგიკვირდება და ყველა ზემოხსენებულ ენაზე დამსხვრეულ/დაფლეთილ/გატეხილი ჩახუტებებია… შენ გინდა მითხრა რომ ამ ენებზე ეს ფრაზები ბუნებრივად ჟღერს? :P
linguistuss
August 13, 2009 at 6:35 pm
საერთოდ, არც ესპანურად უნდა ჟღერდეს ბუნებრივად,
რადგან დაფლეთილი ჩახუტება (ჩახუტების დაფლეთა)წარმოსადგენად ძნელია.
მაგრამ შემოქმედი ამას არქმევს, ასე გადმოსცემს და სრულიად გასაგებ ემოციას ბადებს, როცა ვკითხულობ “დაფლეთილ ჩახუტებას”. მით უმეტეს, ფილმის ნახვის შემდეგ.
keti
August 13, 2009 at 9:15 pm
ეჰ მაგ ენებიდან ყველას არ ვფლობ? როგორ გიპასუხო :)
რომელსაც ვფლობ იმ ენაზე არანაერად არ jღერს ბუნებრივად (როგორც ქართულში) ამიტომ დავწერე ის რაც დავწერე და მგონი წინააღმდეგობაში არ მოვდივარ ჩემ დაწერილთან ,,ბევრი სიტყვა და წინადადება უბრალოდ შეუძლებელია თარგმნო სხვა ენაზე, ….”
alex
August 13, 2009 at 7:04 pm
რა თქმა უნდა, “აბრასა მე” – მომეხვიეს ნიშნავს და სათაურის თარგმანი მეც მაშინვე მეხამუშა.
საერთოდ, ძალიან ხშირად ცვლიან სათაურებს და ვერ ვიგებ ხოლმე, რატომ…
ფილმს რაც შეეხება, პედროს სხვა ფილმებზე ნაკლებად მომეწონა..
აი, პოსტის დასასურათებლად კი ის კადრი აგირჩევია, რომელიც ძალიან მომეწონა:)
keti
August 13, 2009 at 9:11 pm
სიტყვა ამბორი მე პირადად უკვე მაღიზიანებს იმდენად ყალბად ჟღერს, რაც აშკარად არაა ახლოს ალმოდოვარის ფილმების სტილთან. სათაური “დამსხვრეული ჩახუტებები”, ასე ვთაქვათ ბევრად უფრო პირდაპირ, რეალისტურად ჟღერს, უფრო უხეშად ნათქვამი ფრაზაა ვიდრე “შეწყვეტილი ამბორი”. პედროს ფილმები არცერთი არაა იაფფასიანი სენტიმენტალიზმი და მითუმეტეს სიყალბე. ამიტომ მე ეს მეორე სათაური უფრო მომწონს. მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სათაურის დონეზე ვმსჯელობ, როგორც ცისფერ მთებში :))ხვალ ვაპირებ ფილმის ნახვას…
ketusiaaa
August 13, 2009 at 10:29 pm
გარდა ამისა მე ვიცი ესპანური ენა და ABRAZO მხოლოდ დამხოლოდ ჩახუტებას ნიშნავს და არა ამბორს. თან ამის დადგენას რაღა უნდა ჩაიხედეთ ლექსიკონში.
ketusiaaa
August 13, 2009 at 10:33 pm
ეხლა გამახსენდა ადრეულ ასაკში წაკითხული შიო არაგვისპირელის რომანი “გაბზარული გული”, ანუ ROTTO შეიძლება ითარგმნოს როგორც “გაბზარული ჩახუტებები”, რას იტყოდით? ცუდია?
ketusiaaa
August 13, 2009 at 10:40 pm
ცუდი და კარგი არაფერ შუაშია. ხვალ, ფილმს რომ ნახავ, უფრო მიხვდები: ფილმში უამრავი ჩახუტების ამსახველი, დაფლეთილი ფოტოს ნახვისას. ანუ ესპანურენოვანი სათაური ძალიან კარგად ჰკრავს ფილმის სიუჟეტს.
მე მგონია, რომ ნებისმიერმა შემოქმედმა კარგად უწყის, რას გულისხმობს, როცა არქმევს.. აქ ისე ნათელია ამ ფოტოების სცენით ყველაფერი + შინაარსით, რომ “რომელი ამბორი, რა ამბორი” – მაშინვე იფიქრებთ, ესპანურ ენაზე ერთი სიტყვაც რომ არ იცოდეთ:)
keti
August 13, 2009 at 11:08 pm
ხო, გასაგებია მაშინ საკამათოც არაფერი ყოფილა, აშკარად დაფლეთილი ყოფილა.
ketusiaaa
August 13, 2009 at 11:18 pm
ფილმების სათაურების ზუსტი თარგმნა საკმაოდ ძნელია.
ხანდახან ინგლისურენოვანი ფილმების სათაურები არც ითარგმნება და პირდაპირ გადადის.
პენელოპე კრუზი თამაშობს ფილმში Elegy.ფილმის გერმანული სათაურია ელეგია ანუ სიყვარულის ხელოვნება.
Los abrazos rotos კი პირდაპირ თარგმნეს Zerrissene Umarmungen-დაფლეთილი ჩახუტებები.
ჩვენთან სამწუხაროდ პიროვნებების სახელებსაც კი თარგმნიან და ძალიან ამახინჯებენ გამოთქმებს.
likunebi
August 15, 2009 at 10:19 pm
დავაგვიანე კომენტარის დაწერა, მაგრამ ალმადოვართან დაკავშირებით ფეხგამოყოფილი კუს როლი რო არ ვითამაშო, არ შემიძლია. უპირველეს ყოვლისა, ყოჩაღ მშვენიალური სათაურისათვის. ჩემი აზრით, “ამირანი” უფრო მეტს მოიგებდა, შენი აზრი რომ სცოდნოდა. როცა პაპსავიკები ქობულეთისა და ბათუმის მაზუთიან პლაჟებზე ირუჯებიან, ალმადოვარის ფანებს (მაგათ – თბილისის ზღვა :))))) ხომ მაინც უნდა დარჩეთ ნორმალური და აზრიანი ფილმების ყურების საშუალება?
ისე, კინოს სახლს დიიიიდი მადლობა უნდა გადავუხადო. ალმადოვარი მაგან შემაყვარა. სულ რაღაც 1 ლარად :)
zurriuss
August 16, 2009 at 2:14 pm
აუუ მინდოდა ნახვა და კიდე უფრო მომინდა.
რა კარგად გითარგმნია, ნუ აღარაფერს ვიტყვი რომ სულ ასე უაზროდ ითარგმნება ფილმის სათაურებიც და ქართულად რომ ახმოვანებდნენ ფილმებს, იქ საერთოდ სასაცილო იყო ხოლმე დიალოგები :დ
ბაბისა
August 18, 2009 at 8:10 pm
some like it hot-ის არ იყოს
ნათარგმანები, იტირებ ისეთი :D
საკაიფო სტატიაა :up:
mobi_diki
August 24, 2009 at 2:08 am
კარგი იქნებოდა ფილმის დასათაურებას (და არა მხოლოდ ფილმების) ყველა თქვენნაირად შემოქმედებითად და სიღრმისეულად უდგებოდეს. ,,შეწყვეტილი ამბორი” აშკარად მთარგმნელის მიერ იოლი გამოსავალია და აბსოლუტურად არაალმოდოვარისეული…
,,დაფლეთილი ჩახუტებები”… ჰმ, კარგად ჟღერს :)
nati
September 3, 2009 at 3:33 pm
ალმადოვარი კოელიოსავით არის
ყოველთვის იცი რას უნდა ელოდე, არასოდეს არ მინდა ნახვა, ბოლოს მაინც ვნახულობ და ისევ იმედ გაცრუებული ვრჩები :)
პრინციპში პაპსაა
პაატა_შ
September 10, 2009 at 11:05 am
ალმოდოვარი თუ “პაპსაა”, მძიმე როკი ვინ არის საინტერესოა…
Alexander
September 10, 2009 at 11:32 am
ფრანგულად არის “les etreintes brisées”. ვნახე ეს ფილმი. არა უშავს, თუმცა ალმოდოვარის “hable con ella სჯობს (“ელაპარაკე მას”). სათაური კი, “დაფლეთილი ჩახუტებები რაღაც ძალიან მძიმედ ჟღერს, იმიტომ რომ ჩახუტების დაფლეთა არ შეიძლება, ვერ დაფლითავ. აი, “შეწყვეტილი” კი უფრო უხდება და “ამბორი” მოფერებასაც ნიშნავს დაჩახუტებასთანაც ახლოა. მითუმეტეს, “etreinte” და “embrassement” (ეს სიტყვა ფრანგულში მოძველებულია) სინონიმებია, ოღონდ სათაურს უფრო უხდებოდა და თანამედროვედ ჟღერდა “etreinte”. ამიტომაც მე “ამბორის” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
mari
December 25, 2009 at 5:42 pm