Archive for August 23rd, 2009
სასწაული ყინულზე

ზუსტად იმ ღამეს, როდესაც მოხდა სასწაული და მე ჩავისახე, 1980 წლის 22 თებერვალს (1980 წლის 20 ნოემბერს დავიბადე და უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ასეა), მაშინ როცა მეორე ნახევარსფეროში ჯერ კიდევ დღე იყო, აშშ–ს ქალაქ ლეიკ–პლესიდში აშშ–ს და სსრკ–ს ჰოკეისტთა ნაკრები გუნდები უსინჯავდნენ ერთმანეთს ძალებს ზამთრის ოლიმპიადაზე. ეს არ იყო ფინალური შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრამ გადაწყვიტა ოქროს მედალოსნის ვინაობა.
საერთოდ 70–იანი წლები ამერიკის ისტორიაში წარუმატებელი ათწლედი იყო, რომელიც მოიცავდა ფიასკოს ვიეტნამის ომში, პრეზიდენტ ნიქსონის სახალხო სირცხვილს უოტერგეიტის პროცესზე და შემდეგ მის გადადგომას, ამერიკის საელჩოს დარბევას ირანში და ამერიკის მოქალაქეების მძევლად აყვანას, ნავთობის კრიზისს 1973 წელს და ა.შ. ამ თაობის ამერიკელები ყვებიან, რომ მხოლოდ სამი დაუვიწყარი მოვლენის გახსენება შეუძლიათ: პრეზიდენტ კენედის მკვლელობის, მთვარეზე ნილ არსმტრონგის დაჯდომის (1969–ში იყო მაგრამ მაინც) და ამ ხსენებულ მატჩში აშშ–ს ნაკრების გამარჯვების, ამიტომაც ერთი–ორად გასაგები ხდება ამ გამარჯვების მნიშვნელოვანება.
ეს ის დრო იყო, როდესაც საბჭოელი სპორტსმენები დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვინაიდან სსრკ–ში (სექსთან ერთად!) პროფესიონალი სპორტსმენები არ არსებობდნენ, შესაბამისად ყველა მათგანს ჰქონდა უფლება, რომ ბარონი კუბერტენის ანდერძის მიხედვით მონაწილეობა მიეღო ოლიმპიურ თამაშებში. ამერიკელ პროფესიონალ სპორტსმენებს კი ამ დროს ოლიმპიური კომიტეტი თამაშებში ხსენებული ბარონის დანაბარების გამო ასპარეზობის უფლებას არ აძლევდა. ამიტომაც არავინ ელოდა ამერიკელი სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ჰოკეისტთა ნაკრებისაგან რაიმე სახის წარმატებას.
ამ დროს საბჭოთა კავშირს ყველა ოლიმპიადა ჰქონდა მოგებული 1960 წლის გარდა (სსრკ ოლიმპიადებში 1952–დან მონაწილეობდა), რამდენჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი ამის სათვალავი მაშინ თავად ჰოკეისტებს ჰქონდათ არეული, თან ამ ნაკრებში თამაშობდნენ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი საბჭოელი ჰოკეისტები: ტრეტიაკი, ფეტისოვი, კასატონოვი, ხარლამოვი, კრუტოვი და მაკაროვი. ერთი სიტყვით, თავად ამერიკელებს არ ჰქონდათ იმედი, რომ საბჭოელ გრანდებს ახალბედა სტუდენტები რამეს დააკლებდნენ. თუმცა სასწაული მოხდა და ამერიკელებმა მოიგეს, რაც უმთავრესად მათი მწვრთნელის პროფესიით ფსიქოლოგის, ჰერბ ბრუქსის დამსახურება იყო. დღეს ის დარბაზი, ლეიკ–პლესიდში, სადაც ამერიკელებმა ფურორი მოახდინეს, ჰერბ ბრუქსის სახელობისაა. შთამბეჭდავი იყო მატჩის ფინალური ხუთი წამი, ამერიკელი კომენტატორის სიტყვები: five seconds left, four… do you believe in miracle? YES! (ხუთი წამი დარჩა, ოთხი… თქვენ გჯერათ სასწაულის? დიახ). ამიტომაც ამ მატჩს ასეც უწოდებენ – Miracle on ice, ანუ სასწაული ყინულზე, თუმცა ჩემთვის მაინც უფრო დიდი სასწაული ჩემი ჩასახვა იყო :)))))
შეგიძლიათ გადმოქაჩოთ Allshares.ge-ზე ატვირთული ამერიკული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ მატჩს ეძღვნება, თქვენი არ ვიცი და ამ ფილმის ყურების შემდეგ, ძალიან ძალიან impressed ვარ.
შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!

ამ ფოტოს ავტორი არ ვიცი, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი ფოტოა, ამიტომ იყოს აქ!

