Archive for August 24th, 2009
ნაპოლეონი vs. კვარაცხელია

ძლიერთა ამა ქვეყნისათა მეხოტბეთა რიცხვი ყოველთვის საგრძნობი იყო. თუმცა ისტორიამ დღემდე შემოგვინახა ხოტბა–დიდების ისეთი მაგალითები, რომლებიც კვლავაც გვაოცებს განსხვავებული მიდგომით. ასე მაგალითად ერთმა ფრანგმა რესპუბლიკელმა “კვარაცხელია, ვა რა ცხელია… ცხელია, ხელია… ია”–ს მსგავსად ნაპოლეონის სახელი გაშალა.

შემდეგ მიღებული სიტყვები აურ–დაურია და შემდეგი რამ მიიღო:
Napoleon on o leon leon eon apoleon poleon
რაც ძვ. ბერძნულად დასრულებული აზრის მქონე წინადადებას გვაძლევს, რომლის თარგმანიც შემდეგია (ნათარგმნია ინგლისურიდან, ამიტომ ძვ. ბერძნულის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ):
ნაპოლეონი, იყო რა ლომი ხალხისა, მიუძღვებოდა მათ, ანადგურებდა რა ქალაქებს!
P.S. აი, რას უშვება ადამიანებს ინტერნეტისა და ტელევიზორის არარსებობა :)
აინშტაინის და თაგორის გაბაასება

ოდესღაც ალბერტ აინშტაინის ფენომენით რომ ვიყავი გატაცებული, თსუ–ს ფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტად ყოფნისას, აინშტაინის ცხოვრების აღმწერ ერთ ბიოგრაფიაში წავაწყდი ამბავს, თუ როგორ ესტუმრა რაბინდრანათ თაგორი მას პოტსდამის მახლობლად პატარა სახლში 1930 წლის 14 ივლისს. შემდეგ წიგნში მათ შორის გამართული დიალოგის ტრანსკრიპტი იყო მოტანილი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ სხვა დიალოგებიც ჰქონიათ მათ, იქ ისინი მუსიკაზე და მეცნიერებაზე საუბრობენ, თუმცა აქ იმ ერთ კონკრეტულ დიალოგს შევეხები, სადაც საუბრის მთავარი თემა ჭეშმარიტების რაობაა. დიალოგის მოკლე შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ინგლისურად, ან რუსულად, სულ სხვა რამეზე მსურს ყურადღების შეჩერება – ამ დიალოგის ორ განსხვავებულ წაკითხვაზე…
პირველად წაკითხვის დროს იმდენად ვიყავი მოჯადოებული აინშტაინის იდეებით და ხედვებით, რომ ვერ მივხვდი რა უნდოდა თაგორს, რატომ მიადგა და საერთოდ რისი თქმა სურდა. თითქოს ის ყველაფერი, რაც ძია ალბერტმა განაცხადა ისედაც “იასნი” იყო. არადა ახლა რომ წავიკითხე აღმოვაჩინე რომ აინშტაინი ახურებს და არაფრით განსხვავდება მისი საუბარი სკოლაში ჩემი რელიგიის ისტორიის მასწავლებლის მონათხრობისგან ცათა სასუფეველისა და სულის გადარჩენის შესახებ რომ “გვაბოლებდა” ღრმა ბავშვობაში. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ აინშტაინს სხვა რამის სწამდა და ჩემს ექსმასწავლებელს კი – სხვის.
აინშტაინი ტერმინებში ჩაკეტილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, უფრო სწორად კი არ ტოვებს არის ასეთი, რომელიც ყოველ სიტყვაზე ეკიდება თაგორს და ცდილობს ყველაფერი მკაცრი ლოგიკის ჩარჩოებში მოაქციოს, ამასობაში კი ავიწყდება, რომ ლოგიკის ჩარჩოებში თუ აქცევ რამეს, იმ ჩარჩოს გარეთ ვერ გაიხედები – აკრძალული გაქვს, აკრძალვა კი კურტ გიოდელმა აჩვენა თავის არასრულობის თეორემის დამტკიცებით. თაგორი კი თავისუფლად, ლაღად აზროვნებს, ყოველგვარი ნორმების გარეშე, ხატოვნად და მოხდენილად. ბოლოში აკი აინშტაინი ეუბნება კიდეც, გამოდის რომ მე უფრო რელიგიური ვარ, ვიდრე თქვენო. ეს თვითირონია იყო თუ არა უცნობია, თუმცა ერთი რამ ფაქტია ორი სხვადასხვა ტექსტი წავიკითხე ათი წლის შუალედით, არადა ტექსტი არ შეცვლილა, მხოლოდ მკითხველი შეიცვალა. შესაბამისად 10 წლის შემდეგ კვლავ უნდა წავიკითხო და თუ ეს ბლოგი კიდევ იარსებებს, საინტერესო იქნება რა შეიცვლება…

