Archive for September 2009
ჰაფანანა
უკანასკნელ ხანს ჯონ მაქსველ კუტზეეს პროზით დავინტერესდი. ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი, რომ იგი სამხრ. აფრიკელია, თუმცა ამჟამად ავსტრალიის მოქალაქეა. გამოირჩევა პოსტ–აპარტეიდის ეპოქის სამხრ. აფრიკის მწვავე პრობლემების გაშუქებით, რაც 2003 წელს დაუფასეს კიდეც ნობელის პრემიით. სულ ორი წიგნი წავიკითხე ჯერ მისი შემოქმედებიდან. კითხვის პროცესში უცნაურ და უცნობ სამყაროში ჩავიძირე, სადაც ფულს რანდა ჰქვია, შავკანიანები უცნაურ ენებზე საუბრობენ და თეთრკანიანებს მორალს უკითხავენ, სადაც რამდენი ადამიანიცაა იმდენი წეს–ჩვეულებაა და ა.შ. ერთი სიტყვით ძალიან გამიტაცა კუტზეემ. მისი ერთ–ერთი რომანის ეკრანიზაციის, Disgrace–ის (ქართულად “პატივის აყრა”) ნახვის შემდეგ ასეთი რამ დავწერე ერთ–ერთ ფორუმზე, სადაც ირმა იანტბელიძეს ვუხდიდი მადლობას ამ ფილმის რჩევისათვის:
ახლა ვუყურე Disgrace-ს. ტყუილად არ მიუციათ ჯონ მაქსველ კუტსისთვის ნობელი 2003–ში. ძალიან ღრმა მწერალი ჩანს. მისი ეს სიღრმისეულობა ფილმში ესთეტიური ხერხებითაა გადმოცემული და ზედაპირზე ერთი შეხედვით არ ჩანს. გამიკვირდა როგორ მოახერხა მწერალმა რამდენიმე ეთიკური საკითხის ორი მხარის ჩვენება, სადაც მოქმედება კარგის და ცუდის მიღმა ხდება, როცა ერთს აკვირდები მეორე არ ჩანს, როცა მეორეს უყურებ – პირველს ვერ აცნობიერებ. მიყვარს მწერლები, რომლებიც შეკითხვებს სვამენ და თავად არ პასუხობენ მათზე, უფრო მეტიც არ ცდილობენ ამის გაკეთებას. რომელი უფრო ეთიკურია ძაღლის მკვლელობა მხოლოდ იმის გულისათვის, რომ მას პატრონი არ ჰყავს, თუ საკუთარი შვილისთვის შეთავაზება აბორტი გაიკეთოს, მხოლოდ იმისათვის რომ მისი გოგოს მომავალი ბავშვის მამამ მისი გოგო გააუპატიურა. რომელი უფრო ეთიკურია ოლიმპიური სიმშვიდით გააუპატიურო შენი სტუდენტი და არ გრძნობდე დანაშაულის გრძნობას და ამ საქციელს ეროტის სამსახურს უწოდებდე, თუ უყურო როგორ აუპატიურებენ შენს საკუთარ შვილს, რომელსაც პირველი ქორწინების ნარჩენს უწოდებ და ამავდროულად არაფრის გაკეთება არ შეგეძლოს და როცა რაღაცის გაკეთება შეგიძლია იძულებული ხარ დათანხმდე იმას, რომ ეს გაუპატიურება კი არა – ვალის გადახდა იყო, იმ ვალისა რაც თეთრკანიანებს სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებისა მართებთ… რაღაც ძალიან ჩახლართული ისტორიაა ადამიანის შესახებ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მაინც არ დაკარგა უმთავრესი თავისუფლება, ამ სიტყვის ყველაზე ეგზისტენციალური გაგებით, როცა საკუთარი თავის ბატონ–პატრონი ხარ და ღირსებააყრილ მდგომარეობაში შეგიძლია უყურო ადამიანებს, რომლებსაც ეს ღირსება არასოდეს ჰქონიათ… ჰო, მძიმე მაგრამ ძალია სასარგებლო ფილმი იყო, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი წიგნს თუკი ასეთს სადმე მივაკვლიე. დიდი მადლობა ირმა კიდევ ერთხელ!
შავკანიანებისა და თეთრკანიანების ურთიერთობის თემა ლაიტმოტივად გასდევს კუტზეეს შემოქმედებას, სწორად ამ ურთიერთობაზე მსურს დღეს საუბარი ერთი კონკრეტული სიმღერის ფონზე, ამიტომ კუტზეეს მოვეშვები, თუმცა მის მშობლიურ მიწას, სადაც იგი შვეს, გაზარდეს და ისრები ასროლინეს, არ მივატოვებ…
სამხრეთ აფრიკა ისეთივე შეკოწიწებული სახელმწიფოა, როგორც მრავალი სხვა ჩვენს ცისფერ პლანეტაზე. შავი კონტინენტის სამხრეთში დასახლებულ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებს დღესდღეობით ინგლისური აკავშირებს, უწინ კი თეთრკანიანი კოლონიზატორები აერთიანებდათ. ეთნიკური სიჭრელე ენების ხვავრიელობასაც გულისხმობს, ამიტომაც არცაა გასაკვირი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 11 სახელმწიფო ენა რომ არის, რამე რომ არ შემეშალოს მათ დასახელებებს ლათინურ ანბანზე ჩამოვწერ: Pedi, Sotho, Tswana, Swazi, Venda, Tsonga, Afrikaans, English, Ndebele, Xhosa, Zulu. ერთ–ერთის შესახებ ოდესღაც დავწერე კიდეც, მირიამ მაკებაზე და წკლაპუნა თანხმოვნებზე რომ მქონდა საუბარი.
დღეს მეორე მათგანზე ცონგაზე, იგივე შანგაანზე ვისაუბროთ. გარდა სამხრ. აფრიკისა ცონგაზე საუბრობენ მოზამბიკში და სვაზილენდში. სულ ჯამში სამი მილიონი ადამიანი მოიძებნება ასეთი. ძალიან ბევრი ვეძებე და ინტერნეტში ამ ენის შესახებ ვერც ლექსიკონი მოვიძიე და ვერც თვითმასწავლებელი, ან გრამატიკის სახელმძღვანელო, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველი ჩვენთაგანი იცნობს რამდენიმე სიტყვას ამ ენაზე, რაც წარსულში ცნობილი მოზამბიკელი მომღერლის, აფრიკ სიმონის დამსახურებაა, რომლის მშობლიური ენაც გახლავთ ჩვენთვის საინტერესო შანგაანი. მის ჰიტს გაგახსენებთ, რომელსაც ჩვენთან უბანში ბიჭები “შალაკუკარელას” ეძახიან, სიმღერას კი ორიგინალში “ჰაფანანა” ჰქვია. ასეთ რამეს პირველად წავაწყდი სიმღერის ტექსტის თარგმანი ვერ მოვიძიე ვერსად. ზოგი ვერსიით “ჰაფანანა” მეთევზის მშვენიერი სატრფოა, რომელიც კონტრაბანტისტებმა კუნძულ მადაგასკარზე მოიტაცეს და მონად გაყიდეს, მეორე ვერსიით ეს სიმღერა რასობრივ თანასწორობაზეა. მიხვდებით, ალბათ, რომ მსგავსი ვერსიები მრავლადაა, რამდენიმე საიტზე ძებნაც კი გამოაცხადეს აფრიკ სიმონის მშობლიური ენის, ცონგას მცოდნესი, იქნება გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი კაცი და გვითარგმნოსო, მაგრამ დღემდე ელიან…
ვინ იცის ამასობაში, სანამ მე ამ პოსტს ვწერ, ერთი მოზამბიკელი ყმაწვილი თავის ბლოგზე წერს, იუთუბში suliko-ს მოვუსმინე ახლა და იქნება ვინმემ მითარგმნოს რა ენაზე მღერიან ეს დალოცვილები და ეს სულიკო რა არისო!
მაკდონალდსის ქსელი

ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკელთა ბლოგებზე ეს რუკა გაჩნდა, რომელიც მაკდონალდსის ქსელის განაწილებას აჩვენებს. აშშ–ს რუკაზე დატანილი 13000 წერტილი მაკდონალდსის რესტორნებს აღნიშნავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ თბილისის რუკაზე სულ სამი ასეთი წერტილია და მეტი არა!
დედაარღნიანი თუ დედაარღნილი?!

პაწა ფულის შოვნა მინდა, კრიზისია დედაარღნიანი
უცნობი იუზერი
ბოლო დროს ძალიან ფართოდ გავრცელდა ფრაზეოლოგიზმი “დედაარღნიანი”, რომელსაც მეორე ფორმაც აქვს – “დედაარღნილი”, ამასთან რომელი ჟარგონის ევფემიზმიცაა ეს “დედაარღნიანი” ყველას კარგად მოეხსენება. საინტერესო ამ შემთხვევაში ამ სიტყვის წარმოშობაა, რომელსაც ვერსად ვერ მივაკვლიე, თუმცა საკუთარი მოსაზრება გამაჩნია ამის თაობაზე. პირველად როცა ეს სიტყვა გავიგე, სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი რა შუაში იყო არღანი, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ეგრევე ეტყობა, რომ არღანი არაფერ შუაშია.
ჯერ არღანზე ვისაუბროთ და გავარკვიოთ, თუ რით განსხვავდებიან ორღანი და არღანი ერთმანეთისაგან, თუ დეტალებს გამოვტოვებთ და ზომებს მივაპყრობთ ყურადღებას, ბგერების წარმოქმნის პროცესი მათში ერთნაირია, შესაბამისად განსხვავება მხოლოდ გაბარიტებში გვაქვს, ამიტომაც არც გამკვირვებია, როცა აღმოვაჩინე, რომ არაბულად არღანს – أرغن يدوي (არღან იადუიიუ), ანუ “ხელის არღანი” ჰქვია. არღან კი – სპარსულად და არაბულად ორღანს ჰქვია, რომელზეც უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამბობს, “ორღანი” არამართებულია და “ორგანი” ნახეო, ვინაიდან ძვ. ბერძნული όργανον–იდან მომდინარეობს.
ჩემი ყოფილი ფრანგულის მასწავლებელი იძახდა ხოლმე, როცა ვინმე რაიმე უაზრობას იტყოდა, აქ “ლოღიკა” არ არისო, ამით იმის თქმა მსურს, რომ “გ” და “ღ” ერთმანეთში გარდამავალი ბგერებია, მადლობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, შესაბამისად დედაარღნიანის შემთხვევაშიც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, კეთილხმოვნებისა და არღანთან მსგავსების გამო დედაარგნიანი იქცა დედაარღნიანად. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ძვ. ქართული სიტყვა “არგანი”–დან მოდის, რომელზეც სულხან–საბა ამბობს: ჯოხთან ნახეო. თუკი ამ ჯოხის ვერსიას მივეხმრობით უმალვე ყველაფერი ცხადი ხდება, გასაგებია ეს “დედაგაჯოხილი”, ანუ “დედაარღნილი” რას ნიშნავს, უფრო სწორად ჯოხი რისი მეტაფორაცაა გასაგებია!
ყველაზე მეტად კი ის მიკვირს, ეს დედაარღნიანი სიტყვა რატომ არ ითვლება სკაბრეზობად?! მისი მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერ საზოგადოებაში და ამის გამო არავინ დაგძრახავთ, რას ამბობ ბავშვები არიან და ქალები არიან აქო! ვეთანხმები არღანი “ცუდი” სიტყვა არ არის, მაგრამ ზოგჯერ უფრო ღრმად ჩახედვა არ გვაწყენდა, ვინაიდან დედაარღნილსა და დედაგარჭობილს შორის შინაარსობლივად არანაირი სხვაობა არ არის.
დენიელ პინკის მოტივაციის გამაოგნებელი მეცნიერება
ძალიან საღ აზრებს აფრქვევს ეს კაცი. სულ ვამბობდი მათრახის და ნამცხვრის თეორია არ მუშაობს მეთქი, ჰოდა დენ პინკის არგუმენტები რომ მოვისმინე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ძალიან მსუბუქად და გასაგებად, ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე, ამბობს კიდეც, მე ამერიკელი ვარ, ფილოსოფია არ მაინტერესებსო, ეს ადამიანი ცდილობს თვალები აუხილოს მექანიკურ იერარქიულ სტრუქტურებს, სადაც გაქსუებული და არასრულფასოვანი ხელმძღვანელები ტალანტებს ახშობენ თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარად.
განსაკუთრებით ენკარტისა და ვიკიპედიის პროექტების შედარება მომეწონა. იყო დრო ენკარტაში ვცხოვრობდი. ყოველ წელს “მაიკროსოფტის” ახალ გამოცემას ველოდებოდი. ახალ სტატიებს ვეცნობოდი. ახლა კი, ვიღას ახსოვს ენკარტა? ვიკიპედიამ ყველაფერი ჩაყლაპა. არადა ენკარტას გაბღენძილი პროფესიონალები წერენ от звонка до звонка, ლანჩზე გადიან საჭირო დროს, სამუშაო დღე რომ დასრულდება დაწყებულ სტატიას შუაში მიაგდებენ და სახლში მიდიან. ვიკიპედიაში კი არის სტატიები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით, შესაშური ენთუზიაზმითაა დაწერილი. ერთი სიტყვით, კომპანია “ატლასიანში” მინდა მუშაობა!!!
პ. ს. მათ, ვისაც ინგლისური არ ესმით, ან ცუდად იციან, შეუძლიათ გაეცნონ ამ ლექციის ტრანსკრიპტს, ან უყურონ ამავე ვიდეოს რუსული სუბტიტრებით.
ლეჟანკა, ბოტასები და პანტუფლარი

ქართულ ენაში არის სიტყვები, რომელთა არწარმოთქმისას განსაკუთრებით ვლინდება მოსაუბრის სურვილი – ილაპარაკოს გამართული ქართულით. ეს სურვილი კი უპირველეს ყოვლისა სასაუბრო ენიდან რუსული სიტყვების ანიჰილაცით ხორციელდება ხოლმე. ყოველთვის მიკვირს, როცა “საროჩკას” სპარსულ “პერანგს” (ფირააჰან – სპარსულად) უწოდებენ, რატომ ჰგონიათ, რომ ზექართულად ლაპარაკობენ?! თან იმის გათვალისწინებით, რომ კლასიკურ რუსულში “საროჩკას” Рубашка ჰქვია. თუმცა არის სიტყვები, რომელთა ანალოგები ჩვენმა ყოფილმა დამპყრობლებმა არ დაგვიტოვეს და რომელთა არც ქართული ანალოგი არ გაგვაჩნია, უფრო სწორად ქართული ანალოგი გაგვაჩნია, მაგრამ მას ცხვირის აბზუებით უყურებენ. მაგალითისთვის ასეთი ორი სიტყვა – “ლეჟანკა” და “პოლისჯოხი” მახსენდება, რომელთაგან პირველს რუსულში Раскладушка ჰქვია და მეორეს – Швабра, მათი შესაბამისი სიტყვები კი არ გვაქვს, ჰოდა პერო–საზოგადოებაში ყოფნისას, არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მათზე მივანიშნოთ.
კიდევ ძალიან ვხალისობ ხოლმე “ტუფლ”–ს რომ ამბობენ და მერე ბოდიშებს რომ იხდიან, ან უგრძესი “ფეხსაცმლის” წარმოთქმით რომ იტანჯავენ თავს მაშინ, როცა ფეხსაცმელი კრებითი სახელია და თავისთავში მოიცავს ყველა სახის ფეხისამოსს, მათ შორის “ბოტებს”, “ბოტასებს”, “ტუფლებს”, “კალოშებს”, “ბასანოჩკებს”, “მოკასინებს”, “ქოშებს”, “საბოებს” და ა. შ., რომელთაგან არც ერთი სიტყვა არ არის ქართული! მე მგონი დროა, რომ ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ფეხსაცმელს ოფიციალურად ეწოდოს ის სიტყვა, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია მათი მისამართით გამოიყენება, ვინაიდან “ბოტი” და “ტუფლი” ისეთივე ქართული სიტყვებია, როგორც მურაბა (მურაბის გაკეთების ტექნოლოგიაც და თავად სიტყვაც არაბულია!), მერე რა, რომ “ბოტი” ფრანგულის გზით შევიდა რუსულში და მერე ჩვენთან და “ტუფლი” გერმანულიდან რუსულში და მერე – ჩვენთან… ბოტასებს კი საერთოდ Крассовки ჰქვია რუსულად და ქართველები მას “ბოტასებს” ჩეხური კომპანია Botas–ის გამო ეძახიან, რომლის “იმპორტულ” ნაწარმსაც გაეცნენ ჩვენი დედები და მამები შორეულ 70–იანებში.
სანამ “ბოტასებს”, “პოლისჯოხს” და “ლეჟანკას” თავს დავანებებდე და ისევ “ტუფლებს” დავუბრუნდებოდე, ერთი ისტორია გამახსენდა, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ჰყვება გიორგი ლაშხი:
მოსკოვში, ჯერ კიდევ კარგი დრო რომ იყო, როცა თვითმფრინავით შეგეძლო გადაფრენილიყავი (37 მანეთად არა, მაგრამ მაინც) და დაგესვენა “მესამე რომად” წოდებულ მოსკოვში, ჩემი მეგობრები გიორგი ლაშხი, ბესო ბუთურიშვილი და ილია რევია ბრეინ–რინგის ტურნირზე გაემგზავრნენ, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ სხვა ინტელექტუალებთან ერთად. ბესოს და ლაშხს სასტუმროში ჰქონდათ ნომერი და რევია კი სადღაც სხვაგან რჩებოდა (მგონი ნათესავთან). ჰოდა, ერთხელაც დალიეს და ჩვენს ილოს ნათესავთან წასვლის თავი და რესურსი რომ არ აღმოაჩნდა, გადაწყვიტეს, რომ მიმღებში მჯდომი ქალბატონისათვის “ლეჟანკა” ეთხოვათ რევიასთვის. ამის შემდეგ ისტორია გრძელდება ასე – ჩადის ლაშხი მიმღებში მჯდომ სიმპათიური ქალბატონთან, არ ახსენდება რა, რომ “ლეჟანკას” სხვა სიტყვით მოიხსენიებენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები და ეუბნება: Нас трое и нам нужна одна лежанка! – მიმღების ქალი თურმე უყურებს მათ, თვალებს ქაჩავს და ეკითხება, Чтооооооо??? Вас трое и вам нужна ОДНА лежанка??? – და თავისთვის ფიქრობს ვინ არიან ეს ცხოველები, სამ კაცს ერთი “ლეჟანკა” უნდათო. არადა რომ ეთხოვათ სამი “ლეჟანკა”, ხომ დაუძახებდა ის გოგო თავის ორ დაქალს და გაყვებოდნენ მათ ნომერში?! ანუ ამ ისტორიის მთავარი მოქმედი პირები ამტკიცებენ, რომ მიმღების სიმპატიურ ქალბატონს “ლეჟანკა” ქალი ეგონა, რომელთანაც დაწოლა სურდათ, მისი ვერსიით, სამ ცხოველ ქართველს, თან სამივეს ერთად!
ფეხსაცმელთან, უფრო სწორად “ტუფლთან” დაკავშირებით ერთი კარგი სიტყვა აქვთ ფრანგებს – Pantouflard! ეს ზუსტად ის სიტყვაა, გერმანელებს Pantoffel რომ აქვთ და იტალიელებს – Pantofola, საიდანაც ჩვენი “ტუფლი”, უფრო სწორად туфля წარმოდგა რუსულში. ჩემს მიერ დასახელებულ ენებში Pantoufle იგივეა, რაც სახლში ჩასაცმელი ფეხსაცმელი, ქართულში ფლოსტებს და ქოშებს რომ უწოდებენ. ჰოდა, ამ პანტუფლმა წარმოშვა სიტყვა, რომელიც ძალიან მიყვარს – Pantouflard, ანუ ადამიანი, რომელსაც მუდამ ფლოსტები აცვია, ანუ ადამიანი, რომელიც მუდამ სახლში ზის. ისე ამ Pantouflard–ის, ანუ домосед–ის შესატყვისიც არ გვაქვს ქართულში, ერთი სიტყვით რომ გამოითქმებოდეს.
კიდევ ერთი საინტერესო სიტყვა ამოვქექე. იაპონურ ენაში ჰქონიათ სიტყვა – “ოტაკუ”, რომელიც “ტაკუს” შეიცავს, რაც იაპონურად სახლს ნიშნავს. ოტაკუ ჰქვია ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფანატურადაა გატაცებული კომიქსებით (მანგა – იაპონურად), ანიმე მულტფილმებით, ვიდეოთამაშებით და ერთი სიტყვით ყველაფერი იმით, რითაც შეიძლება გაერთო სახლში ჯდომისას. რამდენჯერაც ასეთ ტევად სიტყვებს ვპოულობ ხოლმე, სადღაც ჩემში იღვიძებს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას მოვუთხრო, რაც ჩემს შემთხვევაში ბლოგზე პოსტის დაწერით და ჩემი მეგობრებისათვის მოყოლით ხორციელება.
ჰამბურგის ანგარიში
დღეს ერთი მეტად საინტერესო და საჭირბოროტო სტატია წავიკითხე. ია მერკვილაძე ქართველი გოდოს მოლოდინში გაშეშებულ ქართულ საზოგადოებას აღწერს და ამავდროულად არც–თუ ურიგოდ, თუმცა ვინაიდან პოლიტიკა და სოციალური ძვრები მოცემულ მომენტში ნაკლებად გვაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ამ ბლოგზე, თქვენს ყურადღებას ერთ ფრაზეოლოგიზმზე შევაჩერებ, რომელსაც თავად სტატიის ავტორი ზუსტ კონტექსტში იყენებს. საუბარი “ჰამბურგის ანგარიშზე” მაქვს. ციტატა სტატიიდან:
იმავე დასავლეთში დაბადებული ჰამბურგის ანგარიში ჯერ არც ქართულ პოლიტიკურ-პატრიოტულ რიტორიკაში ჩანს და არც – სოციალურში.
ახლა, წარმოიდგინეთ რომ თქვენ აბარებთ უნარ–ჩვევების გამოცდას და მოდის ასეთი შეკითხვა, აღწერეთ თქვენი სიტყვებით რას ნიშნავს “ჰამბურგის ანგარიში” მოცემულ ამონარიდში? რამდენი თქვენგანი გაართმევს თავს ამ დავალებას? არადა ძალიან საინტერესო იდიომაა ეს “ჰამბურგის ანგარიში”.
ყველას უნახავს ფილმებში ცირკის არენაზე ორი დიდი გოლიათის შერკინება. ერთს წითელი ტრიკო რომ აცვია და მეორეს – ლურჯი (“ტრიკო” – ნაქსოვია ფრანგულად). დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურად რომ ბღლარძუნობენ გოლიათები და ბოლოში რომელიღაცა გულაღმა რომ დასცემს ცირკის არენაზე მოწინააღმდეგეს (“არენა” კი – ქვიშაა ლათინურად). ჰოდა, ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ასეთ ასპარეზობაში მთავარი სანახაობა იყო და არა რეალური ძალა. არადა ჩვენი მოჭიდავე ფალავნებიც ადამიანები იყვნენ და მათაც აწუდებდათ ამბიციები და აინტერესებდათ ვინ ვის ერეოდა და ვინ იყო ჭეშმარიტად ყველაზე ძლიერი…
სწორად ამიტომ, მე–20 საუკუნის დასაწყისში, თურმე ჰამბურგში მთელი შემოგარენიდან იკრიბებოდნენ მოჭიდავეები და დახურულ დარაბებს მიღმა არკვევდნენ, მაყურებლების გარეშე, ვინ როგორი ბიჭი იყო და ვისი მამა უფრო დიდ თევზს იჭერდა ბავშვობაში. ამ ნამდვილ შერკინებაში ირკვეოდა ვინ იყო ყველაზე ძლიერი და ვინ – არა. ამის გამო “ჰამბურგის ანგარიში” დაერქვა მოვლენას, როდესაც რაიმე სოციალური სტრუქტურის იერარქიის დადგენა ხდება რეალური ძალის მიხედვით და არა რაიმე სტატუსის, ან კაი ბიჭობის გამო.
შავი იუმორი: ტურ დე ფრანსი–1940

ვინ თქვა ტურ–დე–ფრანსი მეორე მსოფლიო ომის დროს არ ტარდებოდაო?! ტარდებოდა, ოღონდ მასში ფრანგები მონაწილეობას არ იღებდნენ…
გახსოვდეთ აფხაზეთი!

დღეს ჩემს ძველ ფაილებს ვათვალიერებდი და აი, რა აღმოვაჩინე! რა? სად? როდის?–ის აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ეს სურათი აზერბაიჯან–საქართველოს საზღვარზე გადავიღე. სურათი 2006 წლის სექტემბრის ბოლოსაა გადაღებული ჩემი ძველი მობილურით. ეს ის ადგილია, აზერბაიჯანი რომ მთავრდება და საქართველო რომ იწყება წითელ ხიდზე. მეტ კომენტარს არ დავურთავ, დანარჩენი თავად განსაჯეთ…
რა არის წიწიბო?

თუკი თქვენც ჩემნაირთა რიცხვს განეკუთვნებით და არ იცით რა არის წიწიბო, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენნაირები მრავლად არიან. არადა ნაჭამი მაქვს ბავშვობაში წიწიბო, აქა–იქ მზესუმზირის გამყიდვლები კვლავაც ჰყიდიან მას, თუმცა ამჯერად სულ სხვა რამეზე მსურს საუბარი: მცენარეზე, რომლის სახელის ხსენება საქართველოში ოპოზიციონერობას ნიშნავს… ჰო, “გრეჩიხა”–ზე, უფრო სწორად კი წიწიბურაზე მოგახსენებთ, რომლის სახელიც შემთხვევითი არ არის, სწორად ამ არაშემთხვევითობაზე მოგახსენებთ ქვემოთ.
წიწიბურას სამშობლო ნეპალია, იქიდან გავრცელებულა ეს მცენარე არაბების წყალობით მთელს მსოფლიოში. ევროპაში კი ჯვაროსნული ომების დროს გადმობარგებულა, რუსეთში კი ბიზანტიიდან შესულა, ამიტომაც არავის უკვირს, თუ რატომ ჰქვია მას ფრანგულში Sarrasin, რაც უშუალოდ სარკინოზებზე, ანუ არაბებზე მიუთითებს და რუსულში კი – Гречиха, ანუ ბიზანტიელი ბერძნები აქაც თავად სიტყვაში არიან დაფიქსირებულნი. თავად არაბები წიწიბურას – الحنطة السوداء (“ალ–ჰინტა ას–საუდაყ”), ანუ შავ ხორბალს უწოდებენ, ამ სახელწოდებას ფრანგულ და ინგლისურ ენებში თუ შეხვდით, არ გაგიკვირდეთ.
წიწიბურას ლათინური სახელწოდება Fagopyrum, კარლ ლინეს შეუქმნია, რაც სიტყვასიტყვით წიფლის ნაყოფისმაგვარს ნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად წიფლის ნაყოფს ქართულში ზემოხსენებული “წიწიბო” ჰქვია, რაც უწერია კიდეც სულხან–საბასაც და ნიკო ჩუბინაშვილსაც, მაგრამ წიწიბურას არ იცნობს არც ერთი. ე.ი. 1825 წლამდე (ამ წელსაა ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონი შექმნილი) საქართველოში წიწიბურა არავინ იცოდა რა იყო, თუმცა შემოტანისას ორიდან ერთი მოხდა: 1) ვიღაცა ღვთისნიერს წიფლის ხის ნაყოფისთვის, ანუ წიწიბოსთვის მიუმსგავსებია და “წიწიბურა” დაურქმევია ან 2) კარლ ლინეს კლასიფიკაციით უსარგებლია და ლათინურიდან ქართულზე პირდაპირ კალკირებით გადმოუტანია. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა იმ გონიერ ადამიანს, ვისაც ეს სიტყვა დასცდა პირველად. დიდი მადლობა იმისათვის, რომ წიწიბურას არც “სარკინოზული მარცვალი” ჰქვია და არც “ბერძნული ხორბალი”. ერთობ თვითმყოფადი და მეტყველი სიტყვაა “წიწიბურა”!
შეკითხვა: შავი იუმორი

ეს საფლავის ქვა მდებარეობს მონრეალის ერთ–ერთ სასაფლაოზე, სადაც ჯონ ლეიარდ მაკკაფერია (1940–1995) დასაფლავებული. მისი ეპიტაფია ერთი შეხედვით ამაღლებული და გულისამაჩუყებელია, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ამ ეპიტაფიის დამწერს ჩვენი ჯონი არ უყვარდა… სად ჩანს, ეს არსიყვარული?



