რა არის წიწიბო?

თუკი თქვენც ჩემნაირთა რიცხვს განეკუთვნებით და არ იცით რა არის წიწიბო, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენნაირები მრავლად არიან. არადა ნაჭამი მაქვს ბავშვობაში წიწიბო, აქა–იქ მზესუმზირის გამყიდვლები კვლავაც ჰყიდიან მას, თუმცა ამჯერად სულ სხვა რამეზე მსურს საუბარი: მცენარეზე, რომლის სახელის ხსენება საქართველოში ოპოზიციონერობას ნიშნავს… ჰო, “გრეჩიხა”–ზე, უფრო სწორად კი წიწიბურაზე მოგახსენებთ, რომლის სახელიც შემთხვევითი არ არის, სწორად ამ არაშემთხვევითობაზე მოგახსენებთ ქვემოთ.
წიწიბურას სამშობლო ნეპალია, იქიდან გავრცელებულა ეს მცენარე არაბების წყალობით მთელს მსოფლიოში. ევროპაში კი ჯვაროსნული ომების დროს გადმობარგებულა, რუსეთში კი ბიზანტიიდან შესულა, ამიტომაც არავის უკვირს, თუ რატომ ჰქვია მას ფრანგულში Sarrasin, რაც უშუალოდ სარკინოზებზე, ანუ არაბებზე მიუთითებს და რუსულში კი – Гречиха, ანუ ბიზანტიელი ბერძნები აქაც თავად სიტყვაში არიან დაფიქსირებულნი. თავად არაბები წიწიბურას – الحنطة السوداء (“ალ–ჰინტა ას–საუდაყ”), ანუ შავ ხორბალს უწოდებენ, ამ სახელწოდებას ფრანგულ და ინგლისურ ენებში თუ შეხვდით, არ გაგიკვირდეთ.
წიწიბურას ლათინური სახელწოდება Fagopyrum, კარლ ლინეს შეუქმნია, რაც სიტყვასიტყვით წიფლის ნაყოფისმაგვარს ნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად წიფლის ნაყოფს ქართულში ზემოხსენებული “წიწიბო” ჰქვია, რაც უწერია კიდეც სულხან–საბასაც და ნიკო ჩუბინაშვილსაც, მაგრამ წიწიბურას არ იცნობს არც ერთი. ე.ი. 1825 წლამდე (ამ წელსაა ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონი შექმნილი) საქართველოში წიწიბურა არავინ იცოდა რა იყო, თუმცა შემოტანისას ორიდან ერთი მოხდა: 1) ვიღაცა ღვთისნიერს წიფლის ხის ნაყოფისთვის, ანუ წიწიბოსთვის მიუმსგავსებია და “წიწიბურა” დაურქმევია ან 2) კარლ ლინეს კლასიფიკაციით უსარგებლია და ლათინურიდან ქართულზე პირდაპირ კალკირებით გადმოუტანია. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა იმ გონიერ ადამიანს, ვისაც ეს სიტყვა დასცდა პირველად. დიდი მადლობა იმისათვის, რომ წიწიბურას არც “სარკინოზული მარცვალი” ჰქვია და არც “ბერძნული ხორბალი”. ერთობ თვითმყოფადი და მეტყველი სიტყვაა “წიწიბურა”!


ღრმა ბავშვობაში მეც დამაინტერესა ზემოთ ხსენებული სახელის წარმოშობამ და პაპაჩემმა ზედმიწევნით, პირველი ვერსიის შესაბამისად განმიმარტა…ასე ამბობენო და თვითონაც ასე სჯერა დღემდე. პროფესიით ექიმია და რაღაც სამკურნალო თვისებებსაც ”მიაწერს” და იყენებდა კიდეც, როგორც ექიმი.
QETI
September 5, 2009 at 2:10 pm
მიყვარს ძაან. ჯერ უნდა მოხალო, დააპიწკინო კარგად და მერე დაასხა წყალი მოსახარშად. + მარილი და +მზესუმზირის ზეთი მოასხა. მმმმმმმმმმ
akunina
September 5, 2009 at 2:48 pm
მმმმმმმმმმმმმმმმმმმ, ისე მიყვარს, ხაჭაპურს და წიწიბურას შორის რომ მომიწიოს არჩევანის გაკეთება, წიწიბურას ავირჩევ :D
snci'vbnlvngu
September 5, 2009 at 7:48 pm
სხვათაშორის წიწიბურას, (ალბათ ისედაც იცით), ევროპაში საჭმელად არ იყენებენ, არაა მიღებული მათ სამზარეულოში.იტალიაში ყოფნის დროს ჩიტების მაღაზიაში მივაგენი წიწიბურას. ჩემმა ერთმა ესპანელმა ტურისტმა კი საქართველოდან წიწიბურა როგორც სუვენირი ისე წაიღო, მომზადება მე ვასწავლე.მე კი ძალიან მიყვარს, ალბათ ესპანელსაც მოეწონებოდა…
ketusiaaa
September 5, 2009 at 4:04 pm
ხო მართლა, ესპანურად წიწიბურა ასე ჟღერს: 1)trigo sarraceno, 2) alforfón; იტალიურად: grano saraceno; ანუ ამ ენებშიც, როგორც ფრანგულში არაბებისგან გადაუღიათ. მაგრამ alforfón – ესპანური წარმოშობისაა.
ketusiaaa
September 5, 2009 at 4:09 pm
მეც მინდა რაიმე სიტყვის მოფიქრება გამოგონება ან მიგნება ჩემი დამსახურება იყოს და მერე ვიღაცამ ასე შენ რომ წერ ბლოგზე დაწეროს ^_^ :ambiciasmile:
ლილიანი
September 5, 2009 at 6:39 pm
რა სამწუხარო, ლინეს ქვეყანაში წიწიბურა ვერ მიყიდია :D
Katten Försvann
September 6, 2009 at 3:03 am
აი, თურმე რა მაწუხებდა აქამდე და ვერ გამიგია! :)))
საინტერესო იყო ფრიად (ისევე, როგორც პოსტების უმრავლესობა).
zurriuss
September 6, 2009 at 5:09 pm
ჩემი, ამჟამად უკვე ყოფილი, გიორლფრიენდი მიყვებოდა რომ აღმოსავლეთ ევროპაში ასე თუ ისე იციან წიწიბურის თაობაზე (ბუდაპეშტში სწავლობდა უნივერსიტეტში სადაც უმრავლესობა ევროპის აქეთა ნაწილიდან იყო). და თუ არ ვცდები ჩეხეთში თუ პოლონეთში წიწიბურის ფაფას სიტყვა-სიტყვით ”შავ ფაფას” ეძახიან (черная каша) – ანუ ბატონ ლინგვისტუსის ნახსენებ არაბულ წყაროს ჰგავს. თვით უნგრეთში კიდევ ვერ ვიპოვე წიწიბურაო და მიწევდა სახლიდან ჩამოტანაო :)
GeorgeSpear
September 6, 2009 at 5:13 pm
მიყვარს:)
keti
September 6, 2009 at 8:55 pm
მაგარია წიწიბურა!
ნუკა
September 10, 2009 at 11:48 am
მე მგონი იმ კაცმა წიწიბოს მიამსგავსა ეგ წვრილი მოწოწობე რაღაც და ამიტომაც დაარქვა წიწიბურა წიწიბოსმგავსი :D
ან კიდე წიწიბოს კნინობითი იყო წიწიბურა :)
ყოველ შემთხვევაში, ლინეს ტერმინიდან გადაღებას არ ვეთანხმები
diki
September 22, 2009 at 4:18 am