ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for September 9th, 2009

ჰამბურგის ანგარიში

with 4 comments

დღეს ერთი მეტად საინტერესო და საჭირბოროტო სტატია წავიკითხე. ია მერკვილაძე ქართველი გოდოს მოლოდინში გაშეშებულ ქართულ საზოგადოებას აღწერს და ამავდროულად არც–თუ ურიგოდ, თუმცა ვინაიდან პოლიტიკა და სოციალური ძვრები მოცემულ მომენტში ნაკლებად გვაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ამ ბლოგზე, თქვენს ყურადღებას ერთ ფრაზეოლოგიზმზე შევაჩერებ, რომელსაც თავად სტატიის ავტორი ზუსტ კონტექსტში იყენებს. საუბარი “ჰამბურგის ანგარიშზე” მაქვს. ციტატა სტატიიდან:

იმავე დასავლეთში დაბადებული ჰამბურგის ანგარიში ჯერ არც ქართულ პოლიტიკურ-პატრიოტულ რიტორიკაში ჩანს და არც – სოციალურში.

ახლა, წარმოიდგინეთ რომ თქვენ აბარებთ უნარ–ჩვევების გამოცდას და მოდის ასეთი შეკითხვა, აღწერეთ თქვენი სიტყვებით რას ნიშნავს “ჰამბურგის ანგარიში” მოცემულ ამონარიდში? რამდენი თქვენგანი გაართმევს თავს ამ დავალებას? არადა ძალიან საინტერესო იდიომაა ეს “ჰამბურგის ანგარიში”.

ყველას უნახავს ფილმებში ცირკის არენაზე ორი დიდი გოლიათის შერკინება. ერთს წითელი ტრიკო რომ აცვია და მეორეს – ლურჯი (“ტრიკო” – ნაქსოვია ფრანგულად). დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურად რომ ბღლარძუნობენ გოლიათები და ბოლოში რომელიღაცა გულაღმა რომ დასცემს ცირკის არენაზე მოწინააღმდეგეს (“არენა” კი – ქვიშაა ლათინურად). ჰოდა, ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ასეთ ასპარეზობაში მთავარი სანახაობა იყო და არა რეალური ძალა. არადა ჩვენი მოჭიდავე ფალავნებიც ადამიანები იყვნენ და მათაც აწუდებდათ ამბიციები და აინტერესებდათ ვინ ვის ერეოდა და ვინ იყო ჭეშმარიტად ყველაზე ძლიერი…

სწორად ამიტომ, მე–20 საუკუნის დასაწყისში, თურმე ჰამბურგში მთელი შემოგარენიდან იკრიბებოდნენ მოჭიდავეები და დახურულ დარაბებს მიღმა არკვევდნენ, მაყურებლების გარეშე, ვინ როგორი ბიჭი იყო და ვისი მამა უფრო დიდ თევზს იჭერდა ბავშვობაში. ამ ნამდვილ შერკინებაში ირკვეოდა ვინ იყო ყველაზე ძლიერი და ვინ – არა. ამის გამო “ჰამბურგის ანგარიში” დაერქვა მოვლენას, როდესაც რაიმე სოციალური სტრუქტურის  იერარქიის დადგენა ხდება რეალური ძალის მიხედვით და არა რაიმე სტატუსის, ან კაი ბიჭობის გამო.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 160 other followers